ქართული მხარე ევროკავშირთან 2021-2027 წლების ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2021 17:37

2021 წლის 9 – 11 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, იმართება მოლაპარაკებები ევროკავშირის მხარესთან, მომავალი 7 წლის განმალობაში  ფინანსური დახმარების ჩარჩოსთან დაკავშირებით.

9 თებერვალს გაიმართა მოლაპარაკებების გახსნითი შეხვედრა, რომელსაც  საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროპული მხრიდან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი.
აღნიშნული კონსულტაციების ფარგლებში განიხილება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მომავალი (2021 - 2027) პრიორიტეტები, რომლებიც საფუძვლად დაედება მომავალში ევროკავშირის დაფინანსებით  კონკრეტული პროექტების და პროგრამების განხორცილებას.
თემატური სესიების დროს ყურადღება გამახვილდება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა  ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება (DCFTA), ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია, მომსახურება, მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერა, მომხმარებელთა დაცვა და ქალთა ჩართულობა ბიზნესში. კავშირები (ტრანსპორტი, ენერგეტიკა და გაციფრულება), მწვანე ეკონომიკა და საგზაო უსაფრთხოება; განათლების ხარისხის გაზრდა და საერთაშორისო განათლებასთან ხელმისაწვდომობა; ციფრული ინფრასტრუქტურა და ციფრული ეკონომიკა; კანონის უზენაესობა და მდგრადი  ინსტიტუტები; გარემო და კლიმატი; საზოგადოების ჩართულობა და დემოკრატია.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი გამოყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად. აღნიშნული დახმარების  ფარგლებში  2014-2020 წლებში, ორმხრივ ფორმატში ფინანსური დახმარების ოდენობამ 750 მილიონი ევრო შეადგინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის განცხადება ევროპის საბჭოს დაფუძნების 71–ე წლისთავთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 მაისი 2020 10:38

5 მაისს, აღინიშნა ევროპის საბჭოს ათი წევრი ქვეყნის მიერ, ქ. ლონდონში ევროპის საბჭოს დამფუძნებელი წესდების ხელმოწერის 71–ე წლისთავი.
 
ეს ისტორიული მოვლენა წარმოადგენს პირველ საერთო ევროპულ მცდელობას, მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობის, კონფლიქტების თავიდან აცილების და ევროპის მკვიდრი უკლებლივ ყველა ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. 
 
ევროპის საბჭო, 47 წევრ ქვეყანასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საერთო სტანდარტების დამკვიდრებაში შვიდი ათწლეულის მანძილზე. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ როლს, რომელიც 70 წლის წინ, 1950 წელს, ახლად შექმნილი ევროპის საბჭოს მიერ შემუშავდა და რამაც საშუალება მისცა ადამიანის უფლებათა დაცვის უნიკალური სისტემის შექმნას, რაც, თავის მხრივ, ევროპული თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ ახალი ათწლეული მოგვიტანს ადამიანის უფლებების დასაცავად ისეთივე სიმტკიცეს, როგორიც 70 წლის წინ კონვენციის ავტორებს გააჩნდათ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს საერთო ევროპულ სივრცეში 800 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.    
 
ეს მნიშვნელოვანი წლისთავი დაემთხვა COVID-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეულ უპრეცედენტო გლობალურ კრიზისს. გულწრფელ მწუხარებას ვუცხადებთ მათ, ვინც დაკარგა ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები. ამ კრიტიკულ გზაჯვარედინზე, ჩვენ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი იმისთვის, რომ მალე დავძლიოთ ეს კრიზისი.

70 წელზე მეტია ევროპის საბჭო ემსახურება მშვიდობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას, ამ ხნის მანძილზე მან არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის განსახორციელებელი. ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წლებში, გაორმაგდეს ჩვენი ძალისხმევა ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის გასაძლიერებლად.

IDFI ევროკომისიის შემფასებელი მისიისთვის მიმართვის გაგზავნის მიზნით ხელმოწერებს აგროვებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 17:58

IDFI ევროკომისიის შემფასებელი მისიისთვის მიმართვის გაგზავნის მიზნით ხელმოწერებს აგროვებს. IDFI-მ მიმართვა მოამზადა, რომელიც სურს, სამოქალაქო საზოგადოების სახელით ევროკომისიის შემფასებელ მისიას გაუგზავნოს და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მონიჭებაში მხარდაჭერა სთხოვოს.

"საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო მიმოსვლის გამარტივების შესაძლებლობის თაობაზე პირველად აღნიშნული იქნა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმაში 2006 წელს (ENP AP). 2010 წლის 17 ივნისს ხელი მოეწერა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას. ამავე წლის 22 ნოემბერს ხელი მოეწერა რეადმისიის შესახებ შეთანხმებას. სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში წარმატებული რეფორმების გატარების შედეგად 2012 წლის 4 ივნისს, საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი ოფიციალურად გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები და რეფორმები, რომელმაც ხელი შეუწყო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით წარმართვას, რის შედეგად, 2013 წლის 25 თებერვალს, ქ. ბრიუსელში საქართველოს მთავრობას გადაეცა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, განახორციელა მთელი რიგი რეფორმებისა, რათა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი, საკანონმდებლო ფაზის შესრულება წარმატებით დასრულდეს. ამასთან ერთად, სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, გადაიდგა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს საქართველოს წარმატებები ღია მმართველობის განვითარების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოში შექმნილია და ფუნქციონირებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. სწორედ აღნიშული საბჭოს მხარდაჭერითა და მის საქმიანობაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის შედეგად ბოლო წლების განმავლობაში გატარდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობას.

გლობალური მმართველობის ინდიკატორებში (რომელიც მსოფლიო ბანკის ინიციატივას წარმოადგენს) მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია განვლილი პროგრესის მხრივ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეფექტური მმართველობა და კანონის უზენაესობა. აუცილებელია ხაზი გაესვას იმასაც, რომ რიგ ინდიკატორებში საქართველო არ ჩამოუვარდება ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ისეთი ქვეყნების შეფასებებს, როგორიცაა ჩეხეთი, სლოვენია, იტალია, საბერძნეთი, მაკედონია, უნგრეთი, ბულგარეთი და სხვა. საქართველოს ასევე მოწინავე პოზიცია უკავია ისეთ საერთაშორისო შეფასებებში, როგორიცაა მსოფლიო სამართლის ინიციატივის მიერ 2015 წლის მარტში გამოქვეყნებული ღია მმართველობის ინდექსი. აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველოს მინიჭებული აქვს 0.61 შეფასება უმაღლესი 1 ქულიდან. მოცემული რეიტინგით, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის პირველი პოზიცია უკავია, ხოლო მსოფლიო მასშტაბით კი 102 ქვეყანას შორის 28-29-ე ადგილებს ინაწილებს იტალიასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში (OGP). აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება აღებული და შესრულებული ვალდებულებების მხრივ, განსაკუთრებით კი პარტნიორობის ფარგლებში სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყანას წარმოადგენს ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოებს შორის, რისთვისაც 2014 წელს საქართველო არჩეულ იქნა OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად. ამასთან ერთდ, 2013 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საჯარო სამსახურის რეფორმირების საკითხზე. ამ მიზნით, 2014 წელს, სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით, შემუშავებულ და დამტკიცებულ იქნა "საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია". ამის შედეგად, დაიგეგმა და ხორციელდება მთელი რიგი რეფორმებისა. სახელდობრ, 2015 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი, შესაბამისად, მასში რაიმე სახის შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებები და დამატებები აღარ განხორციელდება. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს, რომლებზეც ევროკომისია "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედი გეგმის" განხორციელების შესახებ ანგარიშებში აკეთებდა მითითებებს. შედეგად, შეიქმნა მყარი საკანონმდებლო საფუძველი საქართველოში აპოლიტიკური, კარიერული ზრდის პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისთვის.

გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროკომისიის "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმის" ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების გულდასმით შესრულებას. ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისიის მისიის მიერ დადებითად შეფასდება ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორცილებული ცვლილებები და 2015 წლის ბოლომდე საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უფლებას ისარგებლონ უვიზო რეჟიმით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან", - ნათქვამია IDFI-ის მიმართვაში.

IDFI მოუწოდებს ყველას, ვინც ემხრობა განცხადების შინაარს, ორგანიზაციას 17 ოქტომბრამდე მისწერონ და მიმართვას ხელი მოაწერონ.

„კანონის უზენაესობის ინდექსში“ საქართველოს პოზიცია დამოუკიდებელმა სასამართლომ გააუმჯობესა“

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 12:59

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ 2015 წელს გამოქვეყნებულ „კანონის უზენაესობის ინდექსში“ საქართველოს დაწინაურება დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობამ განაპირობა.

 „აღსანიშნავია, რომ მოცემულ ჩამონათვალში, საქართველო ისეთ ევროპულ სახელმწიფოებს უსწრებს, როგორებიც არიან:იტალია, რუმინეთი და საბერძნეთი. სავარაუდოდ, დამოუკიდებელი სასამართლოს ხელისუფლების გაძლიერება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ ამ რეიტინგში საქართველოს დაწინაურება მოხდა“,- აღნიშნა გიორგი გოცირიძემ „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ საუბრისას.

2015 წელს გამოქვეყნებულ „კანონის უზენაესობის ინდექსში“ სულ 102 ქვეყანაა და მათ შორის საქართველო - 0.65 ქულით - 21-ე ადგილს იკავებს. შარშან ქვეყანა ამ ჩამონათვალში 0.60 ქულით 31 პოზიციაზე იმყოფებოდა.

"კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება", - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 12:18

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკის სოჰო გრანდ ოტელში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად ჩატარდა.

შეხვედრას საქართველოში უკვე მოქმედი უცხოური ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და პოტენციური ინვესტორები ესწრეოდნენ.

პრემიერმინისტრმა შეხვედრის ონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, თუ რატომ არის საქართელო მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისთვის.

"ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა. კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც სტაბილურს და პოზიტიურს. კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება. ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე. მე ვთვლი რომ ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორად ეს არის. და სასამართლო სრულად თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრა ჰქონდა სარეიტინგო კომპანიების, მუსის,სტანდარტ ენდ ფაუერის და ფიტჩის  წარმომადგენლებთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური