პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება, პირველი მოსმენით მიიღო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 22 ივნისი 2020 11:04

პარლამენტმა, 136 ხმით, 5 -ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" პარლამენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

მათი თქმით, პარლამენტის 85 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი ახლებურად არეგულირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს.

კანონპროექტის განხილვამდე, რეგლამენტის თანახმად, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს კომისიის შემაჯამებელი ოქმი გააცნო. 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალა გლობალურმა პანდემიამ, საქართველომ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის აღდგენა, მისი ჩატარება ოპტიმალურ ვადებში, მისი დასრულება და ეს პროცესი არის კანონმდებლობის თანახმად, დასრულებული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს სხდომაში მონაწილეობისთვის და შეახსენა, რომ სწორედ მე-9 მოწვევის პარლამენტმა განახორციელა 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმა და მიიღო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

„ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა სრულად პროპორციული საარჩევნო მოდელით. დღეს ჩვენი ქვეყნის - საქართველოს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი უკვე არსებობს და ეს უკვე არის ისტორია. 2024 წელს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს პროპორციული სისტემით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეს იყო საკმაოდ გრძელი პოლიტიკური პროცესის შედეგი და აღნიშნული საკითხი არაერთი მოწვევის პარლამენტის, არაერთი პოლიტიკური თაობის კამათისა და განხილვის საგანი იყო.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პირველად პოლიტიკურ ისტორიაში მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. არცერთ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარსულში იყო ხელისუფლებაში, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა, მისასალმებელია, რომ მათი მხარდაჭერაც ჰქონდა ამ ცვლილებებს უკვე ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში როგორც მმართველი გუნდის, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის როლსა და მონაწილეობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური დებატების აქტიური გაშუქებისთვის მედიის წარმომადგენლებს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების მასპინძლობისთვის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობა გადაუხადა. მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ფასილიტატორი დიპლომატების - აშშ-ის, ევროკავშირის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს ელჩების მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკური დიალოგის გამართვისა და ფართო კონსენსუსის ჩამოყალიბებაში.

„სწორედ ამ შეთანხმების გამო, დღეს შესაძლებელი გახდება, რომ ჩვენ მივიღოთ მრავალპარტიული გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციური კანონის პროექტის ძირითადი არსის შესახებ განმარტებები გააკეთა და იმ მთავარ საკითხებზეც ისაუბრა, რაზეც საჯარო განხილვების დროს მოქალაქეებმა გაამახვილეს ყურადღება.

მისი თქმით, თემები, რომელთა ირგვლივაც საზოგადოების წევრების მხრიდან კითხვები დაისვა, ძირითადად, ოლქების ფორმირებას, არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობასთან, გლობალური პანდემიის დროს საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარებას უკავშირდებოდა. მან ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2018 წელს მიღებულ რედაქციაში დაკონკრეტებულია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი - 31 ოქტომბერი.

„კომისიის მუშაობის ფარგლებში არც ერთხელ არჩევნების თარიღის ცვლილებებთან დაკავშირებით საკითხი არ ყოფილა დასმული. არ ყოფილა არც ასეთი ინიციატივა, და არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რამე სიახლე, მით უმეტეს, რაიმე გადაწყვეტილება.

შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.
ვიმეორებ, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და მოგმართავთ ყველას, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება. ამით ჩვენ მივიღებთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ სისტემას, რაც დაგვეხმარება სტაბილური, საქმიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველო ამტკიცებს ენერგოეფექტურობის ორ ძირითად კანონს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 27 მაისი 2020 15:03

21 მაისს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო აქტების ძირითადი კომპლექტის დამტკიცებას. ამ ორ კანონს - კანონს “ენერგოეფექტურობის შესახებ” და კანონს “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ” კანონმდებლობაში გადააქვს ევროკავშირის ამ სფეროს დირექტივები.
ამ ორი კანონის მიღებით საქართველოს მთავრობას მიეცა საშუალება მიიღოს მნიშვნელოვანი ინვესტიციები საჯარო შენობების რეაბილიტაციის პროგრამებისთვის, რაც დაახლოებით 80 მილიონ ევროს შეადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) და გერმანული ბანკიდან KfW, ასევე 26 მილიონ ევროს საინვესტიციო გრანტების და 8.5 მილიონ ევროს ტექნიკური დახმარების სახით - ევროკავშირიდან.

წყარო: https://euneighbours.eu/en/east/stay-informed/news/eu4energy-georgia-adopts-two-key-energy-efficiency-laws

ამოქმედდა კანონი, რომელიც გერმანიაში ლეგალურად დასაქმების უფლებას იძლევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 მარტი 2020 15:15

გერმანიაში დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების უფლებას აძლევს.

ახალი კანონის თანახმად, კვალიფიციურ მუშახელს მესამე ქვეყნებიდან ეძლევა უფლება, გერმანიაში შრომითი ხელშეკრულების გარეშე ექვსი თვით ჩავიდეს და ადგილზევე მოიძიოს სამსახური.

საჭიროა კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად.

მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პირის კვალიფიკაცია აღიარებული იყოს გერმანიაში, ასევე სამსახურის მაძიებელს ჰქონდეს დაზღვევის პოლისი და დროებითი საცხოვრებელი.

არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში, მესამე ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება 24-თვიანი ვიზის აღება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ახალი კანონი მსურველებს გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობასაც სთავაზობს, ამისათვის პრეტენდენტი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონე).

იმ პირებს, ვისაც გერმანიაში კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება აქვთ, შეუძლიათ მიიღონ ოთხწლიანი ვიზა ან იმ ხანგრძლივობის, რაც მითითებულია შრომით ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ოთხი წლის შემდეგ, დასაქმებულს ბინადრობის მიღების უფლება ექნება.

ბოლო კვლევების მიხედვით, გერმანიაში ამჟამად 1.2 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილია. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობაზე კანცლერმა ანგელა მერკელმა 2018 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა.

როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.

გერმანიაში ლეგალური დასაქმებისთვის გერმანიის შრომის სამინისტრომ სპეციალური საინფორმაციო პორტალი შექმნა, სადაც დაინტერესებულ პირს საკუთარი კვალიფიკაციის შემოწმება და სხვა ამატებითი ინფორმაციის მოძიება შეუძლია.

წყარო: https://1tv.ge/news/amoqmedda-kanoni-romelic-evrokavshiris-arawevri-qveynebis-moqalaqeebs-germaniashi-legaluri-dasaqmebis-uflebas-adzlevs/

"ნიუს დეი საქართველოს" განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 22 ივნისი 2019 11:15

საინფორმაციო სააგენტო "ნიუს დეი საქართველო" უერთდება და სრულად უჭერს მხარს „პალიტრა მედიის“ განცხადებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ზოგადად ძალადობა და განსაკუთრებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესია აღმაშფოთებელი და საგანგაშოა. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სამართალდამცავი უწყებები კი, პირველ რიგში, თავად უნდა იცავდნენ კანონის მოთხოვნებს.

აქვე უცვლელად გთავაზობთ მედია-ჰოლდინგ „პალიტრა მედიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას და ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საქართველოს საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. 

"თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაშავდა 250-მდე ადამიანი, მათ შორის 33 ჟურნალისტი,რომელთაც დაზიანებები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს. სხვადასხვა მედიასაშუალებების რეპორტიორებთან ერთად, დაშავებულები არიან „პალიტრამედიის“ შემადგენლობაში შემავალი „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტებიც. ჟურნალისტებს ძირითადად, რეზინის ტყვიებით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებათ, რომელსაც შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი იყენებდა საპროტესტო აქციის დაშლისას.

დაზიანებების ხასიათი და ხარისხი მეტყველებს იმაზე, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას ჟურნალისტების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა და შესაძლოა, დამდგარიყო უფრო მძიმე შედეგიც.

არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ჟურნალისტები ნებისმიერი მწვავე და სახიფათო სიტუაციის გაშუქებისას იმყოფებიან მოვლენების ეპიცენტრში, რათა ზუსტად და შეუფერხებლად ასახონ და საზოგადოებას მიაწოდონ მათ წინაშე განვითარებული მოვლენები. შესაბამისად, მათ მუშაობა უწევთ ყველაზე ექსტრემალურ პირობებში.

მიგვაჩნია, რომ ზოგადად ძალადობა და განსაკუთრებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესია აღმაშფოთებელი და საგანგაშოა. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სამართალდამცავი უწყებები კი, პირველ რიგში, თავად უნდა იცავდნენ კანონის მოთხოვნებს.

მოვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ყველა ფაქტი და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი დანაშაულის ჩამდენი პირები. გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა არ გაჩნდეს კითხვები მის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება კანონის ნორმების დაცვა თავად სამართალდამცავი უწყებების მხრიდან და ხელისუფლების დეკლარირებული დამოკიდებულება დემოკრატიის ნორმებისადმი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეუხებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარს უჭერს დაუყოვნებლივ ქმედებას საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისათვის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 01 მაისი 2017 17:41

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აწყობენ პრეს-კონფერენციას საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების მხარდასაჭერად. პრეს-კონფერენცია გაიმართება სამშაბათს, 2017 წლის 2 მაისს, 09:30 საათზე, გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი).
გაეროს წარმომადგენლები გააცნობენ მედიას ახლახანს ჩატარებული კლევის შედეგებს, რომლის მიზანია საქართველოში თამბაქოს მოხმარების ტვირთის შეფასება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) განხორციელების ხელშეწყობა.
გაეროს წარმომადგენლები ასევე ისაუბრებენ თამბაქოს მოხმარების ეკონომიკურ ტვირთზე, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მნიშვნელობაზე წევრი ქვეყნებისათვის, კონვენციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე და იმ პრაქტიკულ ზომებზე, რომელთა გატარება აუცილებელია თამბაქოს მოხმარების კონტროლისათვის.
პრეს-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:
• მარიან ივანუშა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგებელი საქართველოში
• შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
• ენდრიუ ბლექი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) სამდივნოს ჯგუფის ხელმძღვანელი
• ქრისტინა მაუერ სტენდერი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის პროგრამის მენეჯერი

კანონში ცვლილებები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 მარტი 2017 11:41
5 საათზე მეტხანს გაგრძელდა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დეპუტატებმა ათზე მეტი საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი ბოლო კანონპროექტი, რაზეც კანონმდებლებმა იმსჯელეს და პირველი მოსმენითაც მიიღეს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებია. საუბარია არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლისთვის სანქციების გაზრდასა და უკონტაქტო პატრულირებაზე.ინიციატივა მისაღებია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვისაც.რაც შეეხება ახალი პოლიტიკური ცენტრის ინიციატივას მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, ის კომიტეტმა ჩააგდო. სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია.

შეხვედრა კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების საკითხებზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 13:28

სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სისხლის სამართლის კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმები, პროკურატურის სისტემისა და სასამართლო სისტემის რეფორმები განიხილეს დონორთა თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

შეხვედრის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების შესახებ დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება, ასევე, საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენდა.

საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად აწყობს. უკვე გაიმართა ორი თემატური შეხვედრა, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

შეხვედრები ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ივნისი 2016 12:34

 

 აკონსტიტუციო სასამართლოს, შესაძლოა, კიდევ ერთი სარჩელი წარედგინოს. არასამთავრობო ორგანიზაციები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე პარლამენტის გადაწყვეტილებას ლოდებიან, რის შემდეგადაც მესამე სექტორმა, შესაძლოა, სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ვეტოში ვენეციის კომსიის შენიშვნები სრულად არ არის ასახული.

პარიზში კანონი შრომის შესახებ გაპროტესტეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 29 აპრილი 2016 16:58

პარიზში შრომის შესახებ კანონმდებლობის გაპროტესტების მიზნით დემონსტრაცია გაიმართა. დაფიქსირდა დაპირისპირებები აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის. სამასამდე ნიღბიანმა დემონსტრანტმა პოლიციას ბოთლები და ქვები დაუშინა. დაშავდა რვა ოფიცერი. სამართალდამცველებმა კი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. საპროტესტო აქცია მასშტაბურია. მასში მონაწილეობას 15 000-მდე ადგილობრივი იღებს. დემოსნტრაციები იმართება არა მხოლოდ პარიზში, არამედ ქალაქ მარსელშიც. ფრანგები გამოდიან კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომელიც კომპანიებს წაახალისებს, თუმცა როგორც ოპონენტები აცხადებენ, ინიციატივა გააუარესებს სამუშაო პირობებს და გაზრდის უმუშევრობის დონეს. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 17:46

თბილისი. 12 აპრილი 2016 - 12 აპრილს, იუსტიციის სახლში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის სფეროში.

შემდგომი სამი წლის მანძილზე გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დაეხმარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში, რომელთა შორისაა: თანამშრომელთა გადამზადება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული ბიზნეს პრაქტიკის რისკების ანალიზი, ცვლილებების შეტანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებში “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ინფორმაციის გავრცელება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, როგორც ქვეყანაში მოსახლეობის უმსხვილესი მონაცემთა ბაზის მფლობელი და საქართველოში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამცემი ორგანო, სრულად აცნობიერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობაზე“,- განაცხადა შეხვედრის გახსნაზე სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თავმჯდომარემ,  გიორგი პატარიძემ.

2016 წლისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით შეასრულა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული, და  ამჯერად განაგრძობს სააგენტოში მიმდინარე პროცესების დახვეწას.

„გაეროს დახმარების მიზანია საქართველოს ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სფეროებში,  რომლებიც განისაზღვრა ევროკავშირისა და საქართველოს შეთანხმებით. პირადი ცხოვრებისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა ამ დახმარების მნიშვნელოვანი შემადგენელია“, - თქვა ნათია ნაცვლიშვილმა, UNDP-ის პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელმა.  

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“  ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF),  ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური