კამპანია „სამართალი ითხოვს“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 15:15

„სამართალი ითხოვს“ - ამ სლოგანით 34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიციის კამპანიის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ში" გაიმართა. 

კამპანიის  „სამართალი ითხოვს“ ფარგლებში სპეციალური პეტიცია ვრცელდება.

„ჩვენ პეტიციაზე ხელმომწერები მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება; ასევე მივმართავთ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში მოსამართლის დანიშვნის, გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის შესაქმნელად. დღეს საზოგადოება მომსწრეა სასამართლო სისტემაში მიმდინარე კრიზისული მოვლენების, რაც უპირველესად უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებას არაჯანსაღი და ხარვეზიანი პროცესის გზით. მოსამართლეების დანიშვნის, დაწინაურების, დისციპლინური დევნის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არაობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, არამედ ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფის ინეტერესების შესაბამისად, მათი ერთმანეთთან კულუარული გარიგებების გზით. განვითარებულ კრიზისს, მოსამართლეებზე არაჯანსაღი გავლენის მოხდენა და კონკრეტული ჯგუფების მიერ კონტროლის გამყარებას ხელს უწყობს ხარვეზიანი კანონმდებლობა, რის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს მოსამართლის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე; საბჭო გვერდს უვლის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კრიტერიუმების შემოწმებას და არ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს საუკეთესო კანდიდატურების შესარჩევად; მოსამართლის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. არსებული კანონმდებლობა, ისევე როგორც საბჭოს გადაწყვეტილებები, საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს შექმნას და თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას და ინტერესს, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ. არსებულ პირობებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დაგვაშორებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის იდეისგან. ამდენად, აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის დაუყოვნებლივ შეცვლა. მოსამართლეთა კორპუსის მნიშვნელოვან ნაწილს უფლებამოსილების სწორედ ამ პერიოდში ამოეწურა, ან უახლოეს თვეებში ეწურება. ვაკანტური ადგილების არსებული უსამართლო და არაკონსტიტუციური პროცესის გზით შევსება კი აზრს უკარგავს შემდეგში კანონმდებლობის გაუმჯობესებას, რასაც პოზიტიური გავლენა ვეღარ ექნება სასამართლოს სათანადო კადრებით დაკომპლექტებაზე. სწორედ ამიტომ დღეს პეტიციაზე ხელმომწერების მთავარი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეჩერდეს არაკონსტიტუციური გზით მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო სისტემაში და პროცესი გაგრძელდეს მხოლოდ სათანადო კანონმდებლობის შექმნის შემდეგ; ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის რეალური რეფორმა,“ - ნათქვამია პეტიციაში. 

„წამმზომი ჩართულია“ - კამპანია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 28 მარტი 2016 12:03

საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგსაინფორმაციო კამპანია „წამმზომი ჩართულია“.

კამპანიის მიზანია საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, ვინც უკანონოდ შექმნეს/მოიპოვეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2016 წლის 11 მარტს, ხოლო საზოგადოებამ მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. 

საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს - ვინ მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ უნდა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევის განმეორების რისკი, რაც საზოგადოების ცალკეული წევრის შანტაჟის და მანიპულაციის წარმატებულ პრაქტიკად უკვე ყალიბდება. ამ საფრთხის განცდა სახელმწიფოს აიძულებს, გამოავლინოს ის დამნაშავე პირები, რომლებმაც შექმნეს/მოიპოვეს კადრები და ინტერნეტში გაავრცელეს. 

იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და აღმოიფხვრას დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი, აუცილებელია თითოეული მსგავსი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ. სწორედ უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი ფაქტების გამოუძიებლობამ განაპირობა მნიშვნელოვნად პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის პრაქტიკის დანერგვა.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის და ლეგიტიმური აუცილებლობის გათვალისწინებით სახალხო დამცველი იწყებს  დღის, საათის და წუთის ათვლას დანაშაულის ჩადენიდან - 2016 წლის 11 მარტიდან, დამნაშავე პირების გამოვლენამდე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს - 2016 წლის 11 მარტს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვინ შექმნა და გაავრცელა და როგორ მიმდინარეობს ამ დანაშაულის გამოძიება.

სახალხო დამცველი კამპანიის ფარგლებში, პერიოდულად შეახსენებს საზოგადოებას და საგამოძიებო ორგანოებს ამ დანაშაულის თაობაზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

"ტოლერანტობა თავისუფლებაა" - სოციალური კამპანია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 12:38

"მხოლოდ მრავალფეროვან სამყაროშია შესაძლებელი ინდივიდუალური უნიკალურობის გამოვლენა და აღმოჩენა. ამიტომაც, იყავით ტოლერანტები და ნუ დაიმსგავსებთ ადამიანებს. ტოლერანტობა ხომ თავისუფლებაა, ეს უკანასკნელი კი ყველაზე მეტად სჭირდება როგორც კაცობრიობას, ასევე ინდივიდს განვითარებისთვის,"- ამის შესახებ newsday.ge-თან კამპანიის "ტოლერანტობა თავისუფლებაა"  კოორდინატორმა მარიამ ხუროშვილმა ისაუბრა.

სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა სოციალური კამპანია "ტოლერანტობა თავისუფლებაა" მიმდინარეობს.  კამპანიას საქართველოს უნივერსიტეტი წარმოადგენს.

 

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური