"მორალური ტერორი" - კალაძე ფარულ ვიდეოჩანაწერებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 15:15

 "მორალურ ტერორი" ასე აფასებს ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე .

"მე ვიცი, რომ გამოძიება დაწყებულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან სწრაფად გამოვლინდება დამნაშავე, თუ დამნაშავეები და კანონის ფარგლებში აუცილებლად დაისჯებიან ეს ადამიანები. ეს არის პირდაპირი დარტყმა მთავრობაზე, სახელმწიფოზე, ევროპულ კურსზე, რომელიც არჩეული აქვს ქართველ ხალხს, ჩვენს მთავრობას. დარწმუნებული ვარ, ისინი აუცილებლად დაისჯებიან. ვერ გეტყვით, თუ ვინ მართავს ამ პროცესებს, თუმცა ცხადია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ასეთი ჩანაწერები როდის კეთდებოდა, მას ვინ აკეთებდა. ეს იყო ძალიან ბინძური მეთოდები", - განაცხადა კალაძემ

"ძირითად შეთანხმებაზე მივედით"-კალაძის ვიზიტი ბაქოში დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 10:21

ენერგეტიკის მინისტრმა ბაქოში სამუშაო ვიზიტი  დაასრულა.  კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების წამოღებასთან დაკავშირებით ძირითადი შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. მისი თქმით, არის იმის შესაძლებლობა, რომ შაჰ დენიზის მილსადენიდან გაზის დამატებითი მოცულობები წამოვიღოთ.კალაძე ვიზიტის ფარგლებში  აზერბაიჯანის პრეზიდენტს და "სოკარის" პრეზიდენტს შეხვდა.

"მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ალეიევთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ასევე, საუბარი იყო იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტზე, როგორიცაა შაჰ დენიზის პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარეობს. ასევე, მქონდა შეხვედრა "სოკარის" პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობებზე, დამატებითი მოცულობების წამოღებაზე, რაც ნამდვილად დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის. ფაქტობრივად, ძირითად შეთანხმებაზე მივედით და ამის შესაძლებლობა იქნება, რომ შაჰ დენიზის მილსადენიდან წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება "გაზპრომს", კახა კალაძის თქმით, მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში დასრულდება- "ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ, ალბათ, რამდენიმე დღეში დავასრულებთ მოლაპარეკებებს და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

გაზპრომთან მოლაპარაკებები გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 11:42

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, "გაზპრომთან" შეხვედრა კვლავ შედგება, რადგან წინა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, შეხვედრები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება შეთანხმება.

"ჩვენ პრინციპულად არ ვართ წინააღმდეგი გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა. ჩვენი გამონაკლისი შემთხვევა იყო, თუმცა კარგი შემთხვევა იყო ჩვენთვის. ჩვენ, პრინციპულად წინააღმდეგი არ ვართ თანხობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის, მაგრამ გააჩნია რამდენი იქნება ეს თანხა", - განაცხადა ვალიშვილმა. 

რაც შეეხება აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, მისი თქმით, 29 თებერვალს იმართება "სამხრეთის გაზის" დერეფნის მინისტერიალი, რომელსაც დაესწრება ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მარიამ ვალიშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდება ქართულ-აზერბაიჯანული მხარე იმ პრინციპებზე რა პრინციპებითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა. 

"აზერბაიჯანთან მიდის მუშაობა ხელშეკრულების გარკვეულ პირობებზე, რომელიც უნდა გადაიხედოს და ეს შეეხება ფასებს, საფასო პოლიტიკას, გარკვეულ მოცულობებს, ასევე ტექნიკურ დეტალებს. გაჟღერებულიც იყო, რომ ოპტიმიზაციაზე სამუშაო ჯგუფები მუშაობენ და გარკვეული შედეგებიც გვაქვს. 29 თებარვალს იგეგმება ვიცე-პრემიერის ვიზიტი "სამხრეთის გაზის" დერეფნის მინისტერიალზე. იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდება ქართულ-აზერბაიჯანული მხარე იმ პრინციპებზე, რა პრინციპებითაც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა ვალიშვილმა. 

ენერგეტიკის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ვენაში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 10:18

კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. ენერგეტიკის მინისტრი გვიან ღამით ვენაში გაემგზავრა.

ამ დროისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა მოლაპარაკებების პროცესს გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი. უცნობია ისიც, კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება საუბარი ავსტრიის დედაქალაქში.

ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ გაზპრომის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრა 21 იანვარსაც გამართა, თუმცა გამართულ შეხვედრას გაზპრომის ხელმძღვანელი არ დასწრებია. როგორც მაშინ ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული.

საქართველო და ირანი ელექტროენერგიას გაცვლიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 11:42

საქართველო და ირანი ელექტროენერგიას გაცვლიან, - ამ შეთანხმებით დასრულდა თეირანში კახა კალაძის 2 დღიანი ვიზიტი. რაც შეეხება გაზის საკითხს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობებს შეისწავლის. ირანიდან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება. „ენერგეტიკულ სექტორში ძალიან დიდია ინტერესი. ჩვენ ასევე გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა ირანულ კომპანიასთან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების. ნავთობის მინისტრთან საუბარი იყო სამომავლოდ იმის შესაძლებლობაზე, რომ ბუნებრივი აირი წამოვიღოთ საქართველოში. კონკრეტიკაზე საუბარი არ ყოფილა, ვისაუბრეთ მხოლოდ ამის შესაძლებლობაზე, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მოცემულობებზე, ფასებზე უკვე დეტალურად დაიწყებენ საუბარს“, - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

კომპანია "ფრონტერა"-ს ხელმძღვანელი კალაძის წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 15:02

კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა კახა კალაძეს მიმართავს და მის განცხადებებს მცდარს უწოდებს. წერილში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 5 თებერვლის ინტერვიუში მინისტრმა არასწორი განცხადებები გააკეთა ატლანტიკური საბჭოს ანგარიშთან და საქართველოში გაზის მარაგთან დაკავშირებით. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მინისტრის განცხადება არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებულ სამუშაოებზე. 

"თქვენ კომენტარი გააკეთეთ ზემოხსენებული ანგარიშში ასახულ იმ დადებით გამოხმაურებაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში, კახეთის რეგიონში, ფრონტერას მიმდინარე საძიებო სამუშოების შედეგად გამოვლენილი ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი რესურსების შეფასებას. ვინაიდან თქვენ აღჭურვილი ხართ მინისტრის თანამდებობით, რომელიც დიდ საზოგადოებრივი ნდობას განაპირობებს, თქვენი ეს არასწორი განცხადებები უამრავმა საინფორმაციო სააგენტომ და სოციალურმა მედიამ გააშუქა და არაერთგზის გაიმეორა. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას გავაცნოთ სწორი ფაქტები საქართველოში ბუნებრივი გაზის მზარდ სექტორში ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის წარმომადგენლები კალაძეს მიუთითებენ, რომ მისი ფრაზა „ისეთ მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია“, არ შეესაბამება სიმართლეს.

„თურქმენეთის ბუნებრივი გაზის დადასტურებული მარაგები შეადგენს 626 ტრილიონ კუბურ ფუტს (17.5 ტრილიონ კუბურ მეტრს). საწყისი პერსპექტიული რესურსების მოცულობა კი თავისთავად გაცილებით დიდია. თურქმენეთის მთავრობა უფრო მაღალ შეფასებას ასახელებს. ორივე შეფასება ბევრად აღემატება კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად შეფასებულ 187 ტრილიონ კუბურ ფუტ (5.31 ტრილიონ კუბურ მეტრ) საწყის პერსპექტიულ რესურსებს“, - აღნიშნულია წერილში.

ენერგეტიკის მინისტრი ირანში მოლაპარაკებებზე მიდის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 10:11

ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია - ეს ის მთავარი საკითხებია, რასაც კახა კალაძე ირანში ვიზიტის დროს განიხილავს. 

არსებული ინფორმაციით, ვიზიტის დროს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა შედგება, სადაც ბუნებრივ აირთან და ელექტროენერგიასთან ერთად განხილული იქნება საქართველოდან წყლის რესურსების ირანში ექსპორტის საკითხი. 

კალაძის ირანში ვიზიტის დროს იგეგმება რამდენიმე შეთანხმების გაფორმებაც. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირანში უახლოეს პერიოდში ვიზიტს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც გეგმავს. 

რატომ გადასცეს სუს-ს ავტომობილები - კალაძის განმარტება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 14:36

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ავტომობილების გადაცემას ქვეყანაში უსფრთხოების დაცვის მიზნით ხსნის და აღნიშნავს, რომ ავტომობილების შესყიდვის საჭიროება იმ გარემოებებიდან გამომდინარე დადგა, რაც ზოგადად, დღეს მსოფლიოში ხდება. "თქვენ იცით, რომ დიდია საშიშროება ტერაქტების სხვადასხვა მიმართულებით და ქვეყანაში რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამის გამო იქნა შესყიდული ავტომობილები, რომ შესაბამისი მონიტორინგი განხორციელდეს", - განაცხადა კალაძემ.

გიგა ბედინეიშვილი "გაზპრომის" ულტიმატუმზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 18:30

ვენაში, გაზპრომთან გამართული მოლაპარაკებებიდან დაბრუნებულმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ,  დღეს პირველი ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენელს მიაწოდა.

ექსპერტების შეფასებით, პროცესი თავიდანვე არასწორად წარიმართა, რადგან ქართული მხარე გაზპრომთან მოლაპარაკებებზე არ უნდა დათანხმებულიყო.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ გაზპრომის მიერ წამოყენებული ულტიმატუმი "ბლეფია" და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს.

„მოკლე ვადაში, რომ ეს გააკეთოს რუსეთმა ძალიან სწრაფად, ამის ტექნიკურ შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ, თუმცა შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ეს რუსეთს იმდენი დაუჯდება, რომ მგონი გაზპრომის მხრიდან უბრალოდ ბლეფია. ამას მყარად უნდა დავუპირისპირდეთ,“ - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

 

 

მე გადავწყვეტ, როდის უნდა მივიდე პარლამენტში-კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 17:32

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფიქრობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში მისი მისვლით შოუს დადგმა სურს. კალაძე ამბობს, რომ ის თანახმაა, ამ შოუში მიიღოს მონაწილეობა, როდესაც ამისი დრო ექნება.
“პარლამენტში მისვლაზე გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანთან, ექსპერტები იქნებიან ესენი, არასამთავრობოები თუ სხვა, ამ კონკრეტულ თემაზე შესახვედრად. ასევე პარლამენტში აუცილებლად მივალ. ცხადია, მათ უნდათ შოუს დადგმა. მე თანხმა ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ შოუში, თუმცა, როდესაც დრო მექნება, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვაცნობებ მათ და არა მაშინ, როდესაც ბატონი წიკლაური ნაბახუსევზე გაიღვიძებს და მოინდომებს კალაძის მისვლას პარლამენტში. ამას მე გადავწყვეტ, როდის უნდა მივიდე”, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან “ნაციონალურ მოძრაობას” წერილობით აცნობა პარლამენტში მისვლის თაობაზე უარი, კალაძე აცხადებს, რომ იმ პერიოდში ვენაში იყო და ამიტომ პარლამენტში მისვლას ვერ მოახერხებდა. კალაძის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და აღნიშნული თემის უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც პარტიამ ენერგეტიკის სამინისტროს 15 იანვარს მიმართა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობისთვის” სამინისტროს მიერ გაგზავნილ საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ კახა კალაძე პარლამენტში მისვლას გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ შეძლებს.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური