შერჩეულია საპროკურორო საბჭოს 6 წევრი, 2 წევრს კი დღეს აირჩევენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 10:24

პროკურორთა კონფერენციაზე პროკურორთა საბჭოს 6 წევრი შეარჩიეს, დანარჩენ ორს კი, დღეს აირჩევენ.

ნომერ პირველ კვოტაზე, დასახელებული ორი კანდიდატიდან, პროკურორმა გიგა ძნელაძემ 391 ხმით გაიმარჯვა, მე-2 კვოტაზე ნათია სონღულაშვილმა გაიმარჯვა 378 ხმით, მე-3 კვოტაზე გოჩა ფარულავამ 381 ხმა მიიღო, ნომერ მე-5 კვოტაზე კონსტანტინე სირაძემ გაიმარჯვა 337 ხმით, ნომერ მე-6 კვოტაზე წარდგენილი ორი კანდიდატიდან 362 ხმა მიიღო ანა კალანდაძემ, მე-7 კვოტაზე კი, _ გიორგი გაბოძემ 359 ხმით.

მე-4 და მე-8 კვოტებზე წარდგენილ პროკურორებს კი, ხვალ აირჩევენ. პროკურორთა საბჭოს 8 წევრის შერჩევაში 438 პროკურორი იღებდა მონაწილეობას.

სულ პროკურორთა საბჭო 15 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. მათგან 8 პროკურორი იქნება, ორი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ორი დეპუტატი უმცირესობიდან და უმრავლესობიდან, ორი მოსამართლე, ერთი კი, თავად იუსტიციის მინისტრი.

მთავარი პროკურორის კანიდიდატურის შერჩევა 12 ნოემბრამდე გაგრძელდება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 13:05

მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი 12 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

"იუსტიციის მინისტრს დაწყებული აქვს კონსულტაციები ამ თემაზე. პროცესი გაგრძელდება დაახლოებით 12 ნოემბრამდე და უკვე ამის შემდეგ მოხდება კანდიდატების კენჭისყრა საბჭოზე, შემდეგ მისი მთავრობისთვის წარდგენა და პარლამენტის მიერ დამტკიცება", - განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.

ახალი მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით აირჩევა. გარდა ახალი პროკურორის არჩევისა, დღეს მიმდინარეობს კონფერენცია, სადაც პროკურორთა საბჭოს რვა წევრი უნდა აირჩიონ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეს პროცესი პროკურატურის გამჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

"როგორც ცნობილია, "საქართველოს პროკურატურის შესახებ" კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭომ უნდა აირჩიოს. საბჭო 15 წევრისგან შედგება, საიდანც 8 უნდა იყოს პროკურორი. შესაბამისად, პროკურატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა. სამი დღის განმავლობაში კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საბჭოს წევრობის კანდიდატი პროკურორები და უკვე კვოტების მიხედვით მოხდება კენჭისყრა. პროცესი არის პროკურატურის გაჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში პროკურატურა თავისუფალი იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კონფერენციას 438 პროკურორი ესწრება. საბჭოს წევრობის კანდიდატები სწორედ მათგან დასახელდება, საიდანაც 8 აირჩევა.

პროკურატურის ინფორმაციით, კონფერენციაზე საბჭოს წევრების არჩევა ხდება პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, შემდეგი კვოტების მიხედვით;

• 3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან;

• 1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან;

• 3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან;

• 1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.

• საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

პროკურორებისაგან და პროკურატურის გამომძიებლებისაგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით;

საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა

საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 12:30

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება გუშინ, 28 სექტემბერს გამართულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში 68 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა დანიშვნა/გადანიშვნის საკითხი.

მიღებული გადაწყვეტილებით, ისევე როგორც მისი წინმსწრები პროცესით, ნათელი გახდა, რომ იუსტიციის საბჭოს მუშაობა არის არაეფექტური; აღნიშნული არაეფექტურობით საბჭო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთა მოგვარებასაც საბჭო ფრაგმენტული, დაუსაბუთებელი, სუბიექტური და საეჭვო მოტივების მქონე გადაწყვეტილებებით ცდილობს და არა სისტემური, კარგად გააზრებული და დასაბუთებული მიდგომებით.

კერძოდ, 28 სექტემბრის სხდომაზე, საბჭოს მოსამართლე წევრებმა დააყენეს საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 10 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა პირველი ინსტანციის სასამართლოებიდან გადანიშვნის (რაც პრაქტიკულად წარმოადგენს დაწინაურებას) თაობაზე, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე მუხლზე დაყრდნობით. ხოლო დანარჩენ 58 ადგილთან დაკავშირებით, მათი მოსაზრებით, უნდა გამოცხადდეს კონკურსი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს 11-მა წევრმა, მათ შორის რამდენიმე არამოსამართლე წევრმაც; გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა საბჭოს თავმჯდომარემ.

მიღებულ გადაწყვეტილებასა და მისი მიღების წინმსწრებ პროცესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურს საზოგადოებას გაუზიაროს შემდეგი ფაქტები და მოსაზრებები: 

-         ორგანული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს საგამონაკლისო ნორმას და ითვალისწინებს მოსამართლის დანიშვნას ან დაწინაურებას კონკურსის გარეშე. თუმცა, ამგვარი დანიშვნის/დაწინაურების კონკრეტული წესი და პროცედურა კანონმდებლობით გაწერილი არ არის, რაც საბჭოს წევრებს აძლევს ფაქტიურად შეუზღუდავ დისკრეციას აღნიშნული მოქმედების განხორციელებისას და სუბიექტური, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა დაწინაურების შესაძლებლობას. აღნიშნული არ წარმოადგენს მხოლოდ კანონის მართლმსაჯულების ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენების თეორიულ შესაძლებლობას; ამ მუხლის გამოყენებით შექმნილ მანკიერ პრაქტიკაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გასულ წლებში სისტემატურად მივუთითებდით; თუმცა, დღემდე არ მოხდა აღნიშნული მუხლის გადასინჯვა კანონმდებლის მხრიდან და არც დამატებითი რეგულაციების შემოტანა საბჭოს მიერ, მის ხელთ არსებული განუსაზღვრელი დისკრეციის შესაბოჭად. მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების არარსებობა წარმოშობს კითხვებს იმის შესახებ თუ როგორ აპირებს საბჭო შეარჩიოს ის კონკრეტული მოსამართლეები, რომელთაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკონკურსოდ დანიშნავს, რაც ამ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის აშკარა საფრთხის შემცველია.  

-         სხდომაზე დამსწრე სამოქალაქო საზოგადოების, მოსამართლეებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის რეკომენდაციების მიუხედავად, საბჭოს წევრებმა უარი არ განაცხადეს აღნიშნული მუხლის გამოყენებაზე. ამასთან, იმ მძიმე ბრალდების ფონზე, როდესაც რამდენიმე არამოსამართლე წევრმა ღიად განაცხადა, რომ მოსამართლე წევრებს უკვე ჰქონდათ კონკრეტული პირების სია, ვისაც ისინი დანიშნავდნენ 37-ე მუხლის გამოყენებით, ვფიქრობთ, გადაწყვეტილების მომხრე საბჭოს წევრებს კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, მყარი, კანონზე და მართლმსაჯულების ინტერესებზე დაფუძნებული არგუმენტებით დაესაბუთებინათ თავიანთი პოზიცია. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთების მიზნით მოყვანილი არგუმენტები ცალსახად მოკლებულია დამაჯერებლობას. ასევე, კითხვებს აჩენს საბჭოს რამდენიმე არამოსამართლე წევრის მიერ მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის საკითხის მხარდაჭერა მაშინ, როცა რამდენიმე წუთის წინ მათ აღნიშნული ვაკანსიების კონკურსის წესით შევსებას დაუჭირეს მხარი (თუმცა გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადების თაობაზე ვერ იქნა მიღებული ხმების არასკმარისი რაოდენობის გამო.)

-         აღსანიშნავია, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას - სისტემაში არსებული ვაკანტური ადგილების ხელოვნურად დაყოფას და მათ დასაკავებლად ორი პრინციპულად განსხვავებული წესის გამოყენებას  - არ გააჩნია ნორმატიული საფუძველი. მეტიც, გადაწყვეტილების მიღებისას მის მხარდამჭერებს არ გაუმყარებიათ საკუთარი პოზიცია კონკრეტულ სასამართლოებში არსებული ვითარებისა და მათი საჭიროებების კვლევებით, ან რაიმე ემპირიულ მასალაზე თუ ობიეტურ მონაცემებზე დაყრდნობით. გადაწყვეტილების დაუსაბუთებელ და თვითნებურ  ხასიათზე ასევე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოში საბჭოს წევრებისვე განცხადებით, დღეის მდგომარეობით 10-ზე მეტი ვაკანსია არსებობს, თუმცა, საბჭოს წევრებმა მხოლოდ 10 ვაკანსიასთან დაკავშირებით მოითხოვეს უკონკურსოდ დაწინაურების პროცედურის გამოყენება, საბოლოოდ კი დასთანხმდნენ ამ ციფრის 7-მდე შემცირებას. ყოველივე ზემოაღნიშნული სერიოზულ კითხვებს აჩენს მიღებული გადაწყვეტილების რეალურ მოტივაციებთან დაკავშირებით.

ამასთან, ჩვენთვის გაუგებარია მოსამართლე წევრების მიერ მოყვანილი არგუმენტები, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლოში არსებული გადატვირთულობისა და საქმეთა სიმრავლის გამო სააპელაციო სასამართლო სასწრაფოდ უნდა შეივსოს საქალაქო სასამართლოდან გადმოყვანილი (დაწინაურებული) მოსამართლეებით. მათი განმარტებით, კონკრუსის გამოცხადება აღნიშნულ ვაკანსიებზე საჭიროებს გარკვეულ დროს,  რაც სააპელაციო სასამართლოში არსებულ პრობლემას სწრაფად ვერ მოაგვარებს. გარდა ამისა, საბჭომ სულ ცოტა ხნის წინ კონკურსის წესით დანიშნა ახალი მოსამართლეები როგორც პირველი ინსტანციის ისე სააპელაციო სასამართლოებში, რაც სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა სიმცირით გამოწვეული პრობლემების შემსუბქებას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ აღმოფხვრის საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა ნაკლებობის პრობლემას ერთი ინსტანციის სასამართლოდან მოსამართლეთა სხვა ინსტანციაში დაწინაურება და რატომ არის აღნიშნული პრობლემის მოგვარება პრიორიტეტული სააპელაციო სასამართლოს შემთხვევაში. 

-         გადატვირთულობის პრობლემა მართლაც წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას არა მხოლოდ სააპელაციო, არამედ უპირველესად, პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის; პრობლემის მოგვარებაც, ვფიქრობთ, სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოებით უნდა დაიწყოს.

-         გვსურს ასევე ავღნიშნოთ, რომ გადატვირთულობის პრობლემა სასამართლო სისტემაში დიდი ხანია არსებობს, რის შესახებაც კარგად იყო ცნობილი საბჭოსთვისაც. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, საბჭომ ვერ შეასრულა მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება - უზრუნველყოს სასამართლო სისტემის ეფექტურობა - და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სისტემური, გრძელვადიანი ხედვის შემუშავება, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე და არა ბუნდოვან, შეუზღუდავი დისკრეციის მიმნიჭებელ პროცედურებზე. საბჭოს არაეფექტურობას აჩვენებს ისიც, რომ საბჭო თითქმის ორი წელია მუშაობს სასამრთლოში მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობის დადგენის საკითხზე, თუმცა, აღნიშნულზე არანაირი კვლევა ან გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის. ასევე წლებია, საბჭომ ვერ მოახერხა შეემუშავებინა მოსამართლეთა შეფასების სისტემაზე დაფუძნებული დაწინაურების სისტემა, რაც კანონით, საბჭოს კომპეტენციას, და ვალდებულებასაც წარმოადგენს.

-         დაბოლოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 28 სექტემბრის საბჭოს სხდომაზე რამდენჯერმე გაიჟღერა მოსამართლე წევრების პირდაპირმა მოწოდებამ, რომ თუ საბჭოს წევრები დასთანხმდებოდნენ 37-ე მუხლის გამოყენებას სააპელაციო სასამართლოში არსებული ვაკანსიების შესავსებად,  მაშინ საერთო სასამართლოებში დარჩენილ სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით კონკურსების დროს მოსამართლე წევრების მხრიდან იქნებოდა უფრო კონსტრუქციული მიდგომა; [შენიშვნა: მოქმედი კანონმდებლობით, კონკურსის წესით მოსამართლის დანიშვნას სჭირდება საბჭოს 10 წევრის ხმა, რასაც ცალკე აღებული ვერც მოსამართლე და ვერც არამოსამართლე წევრები ვერ უზრუნველყოფენ]; აღნიშნული მოსამართლე წევრების მხრიდან  არამოსამართლე წევრებისათვის პრაქტიკულად გარიგების შეთავაზებას წარმოადგენდა. ამგვარი მიდგომა მოსამართლეთა დანიშვნის/დაწინაურების საკითხისადმი ყოვლად მიუღებელი და შემაშფოთებელია. გაუმართლებელია, ასე  შეირჩეოდნენ ადამიანები, ვინც მართლმსაჯულების სადავეები უნდა ჩაიბარონ და მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად ემსახურონ საზოგადოებას.

-         საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის  ასევე მიუღებელია ის კონფრონტაციული ტონი და ფორმები, რომლითაც საბჭოს რიგი წევრები აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს და მიმართავდნენ კოლეგებს. აღნიშნული ცალსახად შეუსაბამო იყო როგორც მოსამართლის, ასევე იუსტიციის საბჭოს წევრის მაღალ სტატუსთან.

მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს:

-         ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, უმოკლეს დროში, შეიმუშავოს ორგანული კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების იმგვარი წესი და პროცედურა, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და რეალურად მოემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს; ამგვარი წესის შემუშავებამდე უარი თქვას 37-ე მუხლის გამოყენებაზე;

-         ნებისმიერი გადაწყვეტილებების მიღების დროს განუხრელად იხელმძღვანელონ  კანონმდებლობის მოთხოვნებითა და მართლმსაჯულების ინტერესებით, უზრუნველყონ მიღებული გადაწყვეტილების დამაჯერებლად დასაბუთება;

-         უახლოეს სხდომაზე მიიღონ გადაწყვეტილება მედიისათვის საბჭოს სხდომების სრულად გაშუქების უფლების მინიჭების თაობაზე. ვფიქრობთ, მეტი საჯაროობა და საზოგადოებრივი კონტროლი არსებითი იქნება საბჭოში არაჯანსაღი პროცესების პრევენციისათვის;

-         მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და უზრუნველყოს საბჭოს თითოეული სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ხელმისაწვდომობა არამახოლოდ მოსამართლეთა კორპუსის, არამედ სრულიად დაინტერესებული საზოგადოებისათვის, საბჭოს ვებ-გვერდის მეშვეობით;

-         შეინარჩუნონ კონსტრუქციული, ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული მიდგომა კოლეგების მიმართ და ხელი შეუწყონ საბჭოს სხდომების მშვიდ, საქმიან გარემოში ჩატარებას.

მოვუწოდებთ მედიას და საერთაშორისო საზოგადოებას:

-         განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ საბჭოს საქმიანობას და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ  საბჭოს ეფექტურ, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულ საქმიანობას.

 

ნინო გვენეტაძეს ლევან მურუსიძე და ლევან თევზაძე დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 16:35

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და საბჭოს წევრი ლევან თევზაძე დაუპირისპირდნენმურუსიძის თქმით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები გვენეტაძემ იმ სახით არ წარადგინა, რაზეც იყვნენ შეთანხმებული.

საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ეს ეხება სადისციპლინო კოლეგიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმათა რაოდენობაში ცვლილებებს, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ინსპექტორის ჩართვას და მენეჯმენტურ საკითხებს.

ლევან თევზაძემ კი ნინო გვენეტაძეს უთხრა, რომ როდესაც რაიმე პოზიციას აფიქსირებს, თუ ეს არ არის ყველასთან შეთანხმებული, ნუ ისაუბრებს ყველა მოსამართლის სახელით.

გვენეტაძის განცხადებით, მან ყველა შეთანხმებული საკითხი მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს არა ის, არამედ ინიციატორი - იუსტიციის სამინისტრო.

სხდომაზე გვენეტაძემ მურუსიძეს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

გვერდი 5/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური