იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 10:30

მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა გრძელდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. 
კანდიდატების მორიგ ნაკადთან გასაუბრება ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

მათ რიცხვში ამჯერად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეც. ის საბჭოში უკვე იმყოფება. მან შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

გასაუბრების პარალელურად, საბჭოსთან საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან ადვოკატთა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ლევან მურუსიძის სასამართლოში დანიშვნა არის სამოქალაქო საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, ეს არის სამართლიანი სასამართლოს ოცნებაზე ფიქრის დასამარებაც კი, რადგან ყველა ის უბედურება, რაც ბოლო წლებში სასამართლო სისტემიდან მომდინარეობდა, დაკავშირებული იყო ლევან მურუსიძესთანაც," - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.    

 

იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 10:23

უშიშროების საბჭო არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო, სადაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირები მსჯელობენ თავდაცვისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ არის ცნობილი პრემიერის არდასწრების მიზეზი.
"სხვა კონსტიტუციურ ფორმატს, სადაც ასეთი მაღალი გადაწყვეტილებები არის მიღებული, ჩვენ არ ვიცნობთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებზე ჩვენ ერთიან პოზიციებზე ვიყოთ და ეს ერთიანი პოზიცია აძლიერებდეს და ამტკიცებდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც განიხილეს ქვეყნის თავდაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი საკითხები. მისივე თქმით, რამდენიმე გეგმა დამტკიცდა, ასევე შეთანხმდნენ კოორდინირებულ მუშაობაზე.
"ამასთან ერთად, განსახილველი საკითხები ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და კიდევ თავდაცვითი რამდენიმე გეგმასთან დაკავშირებით, გადავიტანეთ შემდეგი სხდომისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კითხვას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებითაც უპასუხა , მისი განცხადებით "სასამართლოს თვალსაზრისით მოვდივართ იმ მძიმე წარსულიდან, რომელიც სტრასბურგში შეფასებული იყო, როგორც გამაოგნებელი და დასაგმობი" , პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხსაც შეეოხი  "მიხეილ სააკაშვილს დღეს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და სამართლებრივად ეს არის ერთადერთი პროცედურა, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა იცნობს. პოლიტიკურად კი - ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ამით ყოფილმა პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 15:43

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცახდებას ავრცელებს.

ამ განცხადების საფუძვლად საბჭო ამ საქმის ირგვლივ მაღალ საზოგადებრივ ინტერესსა და რეზონანსულობას ასახელებს. 

"ყველას აქვს უფლება გამოხატოს, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრება, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭო ყოვლად დაუშვებელად მიიჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს და შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს ან/და მოსამართლის დაშინების, ზეწოლის ან, მათზე რაიმე ფორმით გავლენის მოხდენის მცდელობა. ასეთმა განცხადებამ, შეიძლება ასევე დააზარალოს ზემდგომ, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციებში საქმის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა და მართლმსაჯულების აღსრულება.

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის, ასევე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, ხოლო მე-8 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

"სასამართლოს გადაწყვეტილებები ემყარება კანონსა და მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც მოსამართლის მიერ შეფასებულია შინაგანი რწმენის საფუძველზე და ამასთან, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უმთავრესი პრინციპის განუხრელი დაცვით.

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს სახელისუფლო თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს, ინტერესთა ჯგუფებს, ისევე მასმედიას, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს და იწვევს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვას," - ნათქვამია იუსტიციის უმაღელსი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კამათი იუსტიციის საბჭოს სხდომაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 16:27

ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დაბარებასთან დაკავშირებით, დღეს ერთადერთი საკითხი არ იყო, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. 

საბჭოს წევრის, მოსამართლე ლევან თევზაძის გაღიზიანება მოჰყვა „მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარის, მაია ბაქრაძის განცხადებას მოსამართლეთა დაცვისა და ამ პროცესში საბჭოს როლის საკითხზე.

ურთმელიძისგან განმარტების მოთხოვნის უფლება არ მაქვს, მე საბჭოს პოზიცია მაინტერესებს - წულუკიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 12:34

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაბარებას თეა წულუკიანი გამოეხმაურა, მისი თქმით აღნიშნულ თემაზე განმარტებები იუსტიციის საბჭომ უნდა გააკეთოს.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულების სისტემის მენეჯერი ორგანოა და თუკი მართლმსაჯულებაში რაიმე ხარვეზია მან პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებას, თუ როგორ ხდება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა, არის თუ არა რაიმე პრაქტიკული ხარვეზი, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება და მეორე მხარე ამას საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების შედეგად გებულობს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ალბათ, ასევე უნდა აჩვენოს, რომ მას შესწევს რომ მოსამართლე შეურაცხყოფისა და მუქარისგან დაიცვას. განმარტების მოთხოვნის უფლება არავის აქვს მოსამართლისგან, მაგრამ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებას თავისი მოსაზრებები და მომავლის ხედვაც უნდა უთხრას.

მე ამასთან დაკავშირებით მქონდა კითხვები, როგორ ხდება მართლმსაჯულების ადმინისტრირება ისე, რომ მეორე მხარემ გადაწყვეტილების შესახებ არ იცის, არის ეს მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემა თუ არა. ხარვეზია ისიც, როდესაც მოსამართლეს აგინებენ, ლანძღავენ, ემუქრებიან, ის უნდა იყოს დაცული თავისი მენეჯერი ორგანოსგან, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო", - განაცხადა თეა წულუკიანმა

ურთმელიძე იუსტიიციის უმაღლესი საბჭოს, სხდომაზე არდასწრების მიზეზს განმარტავს.

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 10:54

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ნინო გვენეტაძეს, ლევან მურუსიძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს წერილით მიმართავს. ურთმელიძე წერილში საბჭოს სხდომაზე არდასწრების მიზეზს განმარტავს.

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს, 2015 წლის 6 ნოემბრის საჯაროდ გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებთ, რომლითაც ქალბატონი ნინო გვენეტაძე მთავაზობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფორმატში შეხვედრას, მოგახსენებთ:

„2015 წლის 4 აგვისტოდან ჩემ წარმოებაშია სამოქალაქო საქმე ქიბარ ხალვაშის შპს პანორამას სარჩელთან დაკავშირებით, რომელშიც ერთერთი მოპასუხეა შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილია 2015 წლის 3 ნოემბერს, ხოლო განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მიღებულია 2015 ელის 5 ნოემბერს, მოპასუხეების საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი გაასაჩივრებენ აღნიშულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის განჩინება, შესაბამისად, ჩემი როგორც მოსამართლის ვალდებულებაა, რომ განვიხილო აღნიშული საჩივარი.

საქართველოს კონსტიტუცია, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი ნათლად მიუთითებს, რომ აკრძალულია ანგარიშის მოთხოვნა მოსამართლისთვის კონკრეტულ საქმეზე, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ მაღალი უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესი, ნებისმიერი პირი ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე ნებისმიერი მოსამართლე ვალდებულია იზრუნოს სასამართლოს რეპუტაციაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლის წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა პირდაპირ თუ არაპირდაპირ დატოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშს ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო პრეცედენტს, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ჩემი როგორც საქმის განმხილველი მოსამართლის შეხედულებები საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე გადმოცემულია შუალედურ გადაწყვეტილებებში (განჩინებებში), რაც შეეხება საქმის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებულ არგუმენტებს ისინი აისახებიან საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში.

მასმედიის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციები ცხადყოფს საზოგადოების დიდ მოლოდინს დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით,. იმედია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულყოფილად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას სხდომაზე ჩემი გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე,“ - ნათქვამია საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე ჩაივლის

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 10:34

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე ჩაივლის. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი მოსამართლე ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებას აპროტესტებენ.

უკვე გაირკვა, რომ თავად ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას არ დაესწრება. საბჭოს წევრებმა ამ დროისთვის შეკრება უკვე დაიწყეს. ადგილზე იმყოფება უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც, რომელიც სხდომას უხელმძღვანელებს. სხდომაზე დასასწრებად ასევე დილიდან მივიდნენ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები.

საბჭომ 10 საკითხი უნდა განიხილოს, მათ შორის პირველი საკითხია ნინო გვენეტაძის მიერ 6 ნოემბერს გავრცელებული განცხადება, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას არ დაესწრება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 10:32

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.

საბჭოს წევრებს მან წერილით მიმართა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სხდომაზე წაიკითხა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ ურთმელიძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე არსებულ კითხვებზე პასუხს დღევანდელ სხდომაზე უპასუხებდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სულ 10 საკითხს განიხილავენ. სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს.

თამაზ ურთმელიძე სავარაუდოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრება

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 08 ნოემბერი 2015 11:01

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელსაც სავარაუდოდ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეც დაესწრება, 9 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იმედოვნებს, რომ თამაზ ურთმელიძე ამ სხდომას დაესწრება. 
"ჩვენ ორშაბათს გვექნება სხდომა და იმ ნაწილში, სადაც ინფორმაციულად მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვები გაჩნდა, ჩვენ მივცემთ ინფორმაციას საზოგადოებას. სხვა მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შევეცდებით ჩვენ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პროცესის ორგანიზაციული და სხვა მიმართულებების მხრივ, ასევე უზრუნველვყოთ მოსამართლის მაღალი ინდივიდუალური დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები ამ პროცესში. განცხადების გაკეთების შემდეგ ბატონმა თამაზ ურთმელიძემ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ვიმედოვნებთ, რომ ის ორშაბათს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. 

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები "რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 07 ნოემბერი 2015 16:22

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები "რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოხელეების, მაღალი თანამდებობის პირების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლების, საქართველოში აკრედიტებული ელჩებისა თუ სხვათა მხრიდან საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ყოველმხრივ შეტევა, მოსამართლის მრავალგზის შეურაცხყოფა, გადაწყვეტილების სამართლებრივი ღირსებების ხშირად არაკვალიფიციური კრიტიკა ხორციელდება.

განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ სინამდვილის განზრახ დამახინჯებული წარმოდგენა შეუფასებლად დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ დემოკრატიის სხვა ძირითად პრინციპებს და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობას.

„ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთი განცხადებისა თუ მოქმედებისგან, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს დისკრედიტაციასა და პოლიტიზაციას, მოსამართლეების დათრგუნვას, სამართლებრივი ჩიხების წარმოქმნას, საზოგადოების დესტაბილიზაციასა და ქაოსს, რასაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვასთან“ - ნათქვამია განცხადებაში .

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური