იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 10:31

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე .  ერთ-ერთი საკითხი მოსამართლეთა ტესტირების მეორე ეტაპი იქნება. ჯერჯერობით უცნობია განიხილავენ თუ რა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების სკადალთან დაკავშირებულ საკითხებს. სხდომას ესწრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

„მე არ მაქვს უფლება წინასწარ რაიმე განცხადებები ამ საკითხზე გავაკეთო. მიმდინარეობს შესწავლა და გაცნობებთ ყველაფერს,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ სხდომის დაწყებამდე.

შეჩერდება თუ არა მოსამართლეთა დანიშვნების პროცესი, ამაზე პასუხის გაცემა უჭირს ლევან თევზაძეს.

"უნდა ამოქმედდეს მოწმეთა დაკითხვის წესი, რის გამოც სასწრაფოდ გვესაჭიროება, რომ კონკრეტულ სასამართლოებში დაინიშნონ მოსამართლეები, რომლებიც შეასრულებენ ამ ფუნქცია-მოვალეობებს,“ - განმარტა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახლთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 17:40

"მურუსიძე გადადექი"-ამ შინაარსის პლაკატებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია სიმბოლურად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 10 წლისთავს დაამთხვიეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოსამართლე ლევან მურუსიძის გადადგომა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ შემადგენლობის დაშლა მოითხოვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი იუსტიციის საბჭოს რეფორმირების კანონპროექტს პარლამენტს წარუდგნენ.

„მოხდა დაკანონება იმგვარი სასამართლოს, რომელზეც უარი თქვა ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლის არჩევნებზე,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა დღესვე საბჭოს იმ წევრების სახლებთანაც დააანონსეს საპროტესტო აქციები, ვინც ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელახლა არჩევას მხარი დაუჭირა.

„სიმბოლურია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 10 წლისთავზე რომ ვიკრიბებით ლევან მურუსიძის სახლთან,“ - აღნიშნა ბეჟან გუნავამ.

იუსტიციის საბჭოს წევრები საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ხვდებიან

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 17:57

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები,თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ხვდებიან.
შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ესწრებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა აღნიშნეს, მათთვის გაუგებარია მამუკა ახვლედიანის გარკვეული ტიპის განცხადებები, მათ შორის მოსამართლე წევრები არ ეთანხმებიან სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ე.წ. კლანებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
"პირველ რიგში მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რა პრეტენზიები აქვს მამუკა ახვლედიანს. ცოტა არ იყოს ბუნდოვანია მისი განცხადებები. მოსამართლეების ნაკლებობის პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ საქალაქო სასამართლოს პრობლემა არ არის. ასევე საინტერესოა რას გულისხმობს ბატონი მამუკა ახვლედიანი, როდესაც კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებებს. ჩვენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა ვისაუბროთ. შესაბამისად, კარგი იქნება დღეს მისი დასაბუთებული არგუმენტაცია მოვისმინოთ", - განაცხადა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა თამარ ალანიამ.
არგუმენტების მოსმენას ელოდება იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი მოსამართლე წევრი შოთა გეწაძეც.
შეხვედრა იუსტიციის საბჭოს წევრებისა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შორის ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოზე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 15:23

მოსამართლეთა ერთობის დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. მას მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა არჩევისა და შეცვლის წესი და პროცესებში იუსტიციის საბჭოს წევრების რეგულაციებითა და წესებით შეზღუდვა უნდა მოხდეს. 

"სერიოზული პრობლემებია, ბევრ კითხვას აჩენს. მათ შორის, მთავარს - რატომ დაინიშნა, ან არ დაინიშნა ესა თუ ის მოსამართლე. ჩვენ აქცენტი ინდივიდებზე არ უნდა გავაკეთოთ. უნდა შეიცვალოს შერჩევა-დანიშვნის სისტემა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა იყვნენ შეზღუდულები გარკვეული რეგულაციებით, რომ მათ არ მიიღონ სუბიექტური გადაწყვეტილება," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

სახალხო დამცველი იუსტიციის საბჭოს აკრიტიკებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 26 დეკემბერი 2015 12:37

სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს ეხმაურება.მისი განცხადებით "მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენები საფრთხის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიმდინარეობის პროცესს და საზოგადოებაში საბჭოს ობიექტურობის შესახებ სერიოზულ კითხვებს აჩენს,"- სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, როგორც ომბუდსმნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისე შეაჯამა კონკურსის შედეგები, რომ სახალხო დამცველის მიმართვა არც ერთ ეტაპზე არ განუხილია.

ამასთან, აქვე ნათქვამია, რომ "მოსამართლეების შერჩევა/დანიშვნის პროცესი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მკაცრი კრიტიკის ფონზე წარიმართა. არაერთი საფუძვლიანი შენიშვნა იქნა გამოთქმული კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე, თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან არ მომხდარა ადეკვატური რეაგირება დასმულ პრობლემებზე.

"საყურადღებოა შენიშვნები, რომლებიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიების არგამოქვეყნებას, კონკურსის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე არასათანადო რეაგირებას, გასაუბრების პროცესში კანდიდატების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, საბჭოს ცალკეული წევრების სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევებს და ა.შ," - ნათქვამია განცხადებაში. 

ეს კი, ომბუდსმენის შეფასებით, სასამართლო სისტემის და საერთოდ ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს. 

"სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმართული პროცესის მიმართ საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში არსებული ლეგიტიმური კითხვები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, დროულად განაახლოს სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტების განხილვა, რათა მოსამართლეთა დანიშვნის შემდგომი პროცესი სრულყოფილად წარიმართოს," - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევას ეკა ბესელია ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 14:32

მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ეკა ბესელია "მძიმე გადაწყვეტილებად" აფასებს და ამბობს, რომ ამ საკითხში არანაირი პოლიტიკური ჩარევა არ ყოფილა.

"გულწრფელად გეტყვით ჩემს პოზიციას და ჩემს აზრს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ჩვენგანი არ ჩაერეოდა და არ ჩარეულა ამ პროცესში და იუსტიციის საბჭომ თავად მიიღო ეს, ვფიქრობ, საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან ამ პროცესში არავინ ჩარეულა. იმიტომაც ვთქვით უარი, რომ იუსტიციის საბჭოში არ უნდა ყოფილიყო არც ერთი პოლიტიკოსი, რათა მათ დამოუკიდებლად მიეღოთ ეს გადაწყვეტილებები. თუ გავითვალისწინებთ წინა ისტორიებს, საზოგადოების განწყობას, ჩვენი ქვეყნისთვის და ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ საქმეს - გირგვლიანის საქმეს, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება", - განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია აქციებით იმუქრება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 12:27

 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ახალი ვადით დანიშნა, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა აქციაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მურუსიძის დანიშვნას აპროტესტებდა.

"ეს გადაწყვეტილება მიიღო შუშის სასახლის ბინადარმა. ივანიშვილის გარდა ასეთ ბინძურ გადაწყვეტილებას საბჭო ვერ მიიღებდა," - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. 

ოპოზიცია იუსტიციის საბჭოს დაშლის მოთხოვნით პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს.

"დღეს ჩვენმა მოსამართლეთა კორპუსმა განაცხადა, რომ ისინი არიან კოლექტიური მურუსიძეები. ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წელიწადს ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაასამარა ოცნება თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე,"- აღნიშნა ახალი მემარჯვენეების პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ. 

აქციაზე მყოფმა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ბანდიტები და განგსტერები უწოდა.

"თავის დროზე 26 წლის სანდრომ გადაიყოლა წინა რეჟიმი და თუ ბიძინა ივანიშვილს თვალში ეპატარავება სანდრო გირგვლიანის საქმე, ჩვენ ვაჩვენებთ რა მასშტაბებს მიიღებს საპროტესო აქციები. ეს არის 12 ბანდიტი, რომელიც აქ ზის - ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს", - განაცხადა კახა კუკავამ. 

 

ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 10:49

ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.სამართალდამცავების განმარტებით მათი დაკავება დმინისტრაციული წესით მოხდა.კაკაბაძე და გუნავა სავარაუდოდ ოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია ისევ მიმდინარეობს. შეგახსენებთ,რომ სააპელაციო სასამართლოს მოსართლედ ლევან მურუსიძე აირჩიეს.





იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 10:20

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. როგორც ცნობილია, დღეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

აქციას პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ. ისინი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ შესაძლო არჩევას აპროტესტებენ.

"იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი პარლამენტის მიერ არიან დანიშნულნი, პარლამენტი ხალხის მიერ არის არჩეული და ხალხის სურვილი არ არის, რომ ლევან მურუსიძე დაწინაურდეს და მუდმივად იყოს წამყვან თანამდებობებზე," - განაცხადა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მანანა ნაჭყებიამ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით 100-დან 61 მოსამართლე უნდა შეარჩიონ ვაკანტურ თანამდებობებზე. ლევან მურუსიძეს განაცხადი ორ პოზიციაზე აქვს შეტანილი. მას სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო, ან ადმინისტრაციულ კოლეგიაში დანიშვნა სურს. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არასამთავრობოებმა აქცია გამართეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 12:35

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძუის მოსმენა მიმდინარეობდა, არასამთავრობოებმა აქცია გამართეს. ისინი მურუსიძის მეორე ვადით შესაძლო არჩევას აპროტესტებდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, იუსტიციის საბჭომ უნდა განახორციელოს საკუთარი ფუნქციები და მოსამართლეებად დანიშნოს შეუბღალავი რეპუტაციის მქონე პირები.

„ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოტანილი გირგვლიანის საქმის მსგავსი განაჩენები, ქვეყანას ვერ მოუტანენ მართლმსაჯულებას. მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემა ფუნდამენტურად შესაცვლელია, რადგან ის დღეს ჩვენ ვერ გვიცავს,“ - განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განმარტებით, თუ იქნება გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცესი და ყველა შეფასდება საკუთარი საქმიანობისა თუ გამოცდილების  მიხედვით მოხდება, მხოლოდ ღირსეულები დარჩებიან სისტემაში.

„ლევან მურუსიძე გადაიქცა იმ უკანონობის ბერკეტად, რაც ხდება სასამართლო სისტემაში,“ - აღნიშნაადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური