დამოუკიდებლობა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდამ იყო ქართველების საზრისი, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 10:15

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს პარლამენტში  1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.  

იუნკრები სობოროს ტაძრის ეზოში (ახლანდელი საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის შიდა ეზო) არიან დაკრძალულები და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი  პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში აღევლინა.

დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა,  დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე  იუნკრების შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ.

იუნკრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებთან ერთად  საკანონმდებლო ორგანოს ეზოში არსებული იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინებით შეამკეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა ქართველებისთვის მუდამ იყო მთავარი ღირებულება და ეს სულისკვეთება უწყებაში გატარებული წარმატებული,  მნიშვნელოვანი და დემოკრატიული რეფორმების სახით დღესაც გრძელდება.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ გმირების წინაშე, რომლებმაც მაგალითი გვიჩვენეს თუ რა არის ქართული და ეროვნული ღირებულებები.  საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდამ იყო ქართველების საზრისი, რისთვისაც თავი გაწირეს იუნკრებმა და ეს თავგანწირვა ჩვენ დღესაც გვაძლიერებს. სწორედ ამ სულისკვეთებამ მოგვიყვანა ქართველი ერი დღეს აქამდე. მათ სულისკვეთებას ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარებით, იმ რეფორმებით ვაძლიერებთ, რასაც დემოკრატიული რეფორმები ჰქვია,  რადგან საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს თავისუფლად და  მისი ღირსეული არსებობა ოპტიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.  ვაძლიერებთ ამ სულისკვეთებას და თავდაცვის უწყებაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ  საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, გორის ეროვნული აკადემია იუნკერთა გამორჩეული სასწავლებელია და  მის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ კარგი იქნება თუ მსგავსი დონის სასწავლებელი დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნება. 

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ახალგაზრდა გოგოებმა და ბიჭებმა შეგნებულად გაწირეს თავი ქვეყნისთვის. 186 იუნკერი, რომელსაც თავიდანვე გააზრებული ჰქონდა რომ თავისი ქვეყნის დასაცავად სიკვდილზე მიდიოდა, ეს ჩვენთვის გენეტიკური გაკვეთილია იმისა, რომ ქვეყნის ერთიანობა, თავდაცვა მხოლოდ ჩვენს პროფესიონალიზმზე და თავგანწირვაზე გადის.  რა თქმა უნდა, ეს დიდი მაგალითია ჩვენი თანამედროვე ისტორიისთვის და ვაფასებთ ამას“ - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა.  

ღონისძიებას მარო მაყაშვილის შთამომავალი, ლეიტენანტი გიორგი როსტომაშვილი დაესწრო, რომელიც  საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადაში მსახურობს. მისი  თქმით, მთავარი მოტივაცია რომ ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო სწორედ მისი წინაპარი, მარო მაყაშვილი იყო.

პარლამენტის ეზოში იუნკრების ფოტოგამოფენაც გაიმართა, რომელიც მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. 

თინათინ ხიდაშელმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 14:49
წითელი არმიის საქართველოში შემოჭრიდან 95 წელი გავიდა. დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მივიდნენ. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები. „ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება. ჩვენ ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ,“ - ამ სიტყვებით შეაფასა დღევანდელი დღე საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა. თავდაცვის მინისტრმა კი 25 თებერვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს დღე ყველას უნდა გვახსოვდეს, რათა აღარასდროს დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშები. „დღეს ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე და მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ძალიან სერიოზული შანსი აქვს საქართველოს, დაბრუნდეს საკუთარ ევროპულ ოჯახში. ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ასეთი დღეები, როდესაც უნდა გვახსოვდეს, აღარ დავუშვათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხოლოდ ისტორიის ტრაგიკული კუთვნილება იყოს 25 თებერვალი,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. „ძალიან მიხარია, რომ ის პატივი, რაც ეკუთვნით ჩვენ გმირებს, ხალხში უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ იუნკრების სახელის ქვეშ, ზოგადად, უნდა იგულისხმებოდეს, ის ეროვნული გვარდიელი, შეიარაღებული ძალების მებრძოლიც და მოხალისეც, რომლებმაც თავი დადეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. მიხარია, რომ ქართველებს გვაქვს ასეთი ადგილი ტაბახმელაში, სადაც შეგვიძლია მოვიდეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი გმირები,“ - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის პატივსაცემად გმირთა მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც იმყოფებოდნენ. ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიების დასასრულს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონმა დავით გაბიზაშვილმა იუნკერთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს ოკუპაციის 95-ე წლისთავს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 13:39
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 95-ე წლისთავს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი მარო მაყაშვილის წერილით ეხმაურება: „საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთ პოზიციიდან ნახევარ ვერსზე ვართ, მეორისგან - 5 თუ 7-ზე. ძალიან სცხებენ ჩვენები. ყველანი ძალიან მადლიერნი არიან ჩემით. ცოტა თხილი და რამე ტკბილი გამომიგზავნეთ, თუ რასაკვირველია შესაძლებელია. თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. შენი მარო. ...ისე არა სცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ ამ სევდიან დღეს ვიხსენებთ მარო მაყაშვილის გაუტეხელ და იმედიან სიტყვებს და გვიხარია, რომ საბოლოოდ, საქართველომ მაინც გაიმარჯვა. აშშ ამაყობს, რომ საქართველოს მოკავშირეა და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას."- აღნიშნულია საელჩოს ფეისბუკგვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტი იუნკერთა მემორიალთან მივიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 12:40

საქართველოს პრეზიდენტი იუნკერთა მემორიალთან მივიდა. ქვეყნის პირველმა პირმა უშიშროების საბჭოს მდივანთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მრჩევლებთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

"95 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად საბჭოთა იმპერიისგან. 70 წლის შემდეგ ჩვენმა თაობამ შეძლო ამ ბრძოლის მოგება და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა. დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება და ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

დილიდან ხალხმრავლობაა იუნკერთა მემორიალთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 12:17

დილიდან ხალხმრავლობაა იუნკერთა მემორიალთან. 
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 

921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.

თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 18:06

თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.მისი განცხადებით ყველა ადამიანის ვალია პატივი მიაგოს იუნკერთა ხსოვნას. 
„ყოველთვის უნდა გავიხსენოთ 23 თებერვალი, ის დღე როცა 1921 წელს განსაკუთრებული გმირობა და თავდადება გამოიჩინეს ჩვენმა თანამებრძოლებმა და თანამემამულეებმა, რომლებსაც მხოლოდ ერთდაერთი რამ ამოძრავებდათ, რომ თავიანთი სამშობლო ყოფილიყო ერთიანი, დამოუკიდებელი და მშვიდობიანი. შესაბამისად ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. თითოეული ჩვენთაგანის ვალია გავიხსენოთ ისინი, პატივი მივაგოთ მათ ღირსეულად და გადავცეთ მომავალ თაობას ის საგმირო საქმეები, რაც მათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ჩაიდინეს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა რეგიონებიდან დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 16:08

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა რეგიონებიდან დაიწყო. 9 რეგიონში სტუდენტები დილიან იკრიბებოდნენ. ისინი დაღუპული გიმრების საფლავებთან, მემორიალებთან და ადმინისტრაციულ შენობებთან შეიკრიბნენ და სახელმწიფო დროშა აღმართეს.

სპეციალურად ამ დღისათვის  სახელმწიფო დროშის ორიგინალი დამზადდა, რომელიც სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღიმართა.

ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური