საქართველოში ისრაელის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 01 ივნისი 2019 12:41

ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 31 მაისს სასტუმრო „ბილტმორში" მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.

“ებრაელ და ქართველ ერებს 26–საუკუნოვანი მტკიცე მეგობრობა აკავშირებს, რომელიც დღესდღეობით ორი სუვერენული სახელმწიფოს შესანიშნავ, უკვე ოცწლიან ურთიერთობაშია გადაზრდილი, – განაცხადა ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა იცხაკ გერბერგმა, – ამ მეგობრობის მიზეზი ორ ქვეყანას შორის არსებული მსგავსებაა. მძიმე ისტორიის  მიუხედავად, საქართველომ და ისრაელმა ფენიქსის მსგავსად მოახერხეს ფერფლიდან აღდგომა და დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ.  რაც შეეხება ისრაელს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ისტორია ბიბლიიდან იღებს სათავეს და, სამწუხაროდ, ჰოლოკოსტის ტრაგედიაც ახსოვს. ისრაელს დღემდე უწევს ყოველდღიურ საფრთხეებთან გამკლავება და ამავდროულად, თანამედროვე, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოდ რჩება.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ისრაელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საზეიმო მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ მეგობრობას გაუსვა ხაზი. „მინდა, რომ დავლოცო დღევანდელ დღეს ისრაელის ყველა მეგობარი, ისრაელის მაცხოვრებლები. ისრაელის დამოუკიდებლობა არის საქართველოს დამოუკიდებლობა, ისრაელის თავისუფლება არის საქართველოს თავისუფლება. თქვეს რეგიონში მშვიდობა და ჩვენს რეგიონში მშვიდობა არის მსოფლიოს მშვიდობა, ამიტომ მინდა, დაგლოცოთ ყველანი, ღმერთი გფარავდეთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საზეიმო მიღებაზე ბევრი ისაუბრეს იმ რთულ გზებზე, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მიღებამდე გაიარა.საზეიმო გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა ქართულ-ებრაულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზეც, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს.

ებრაელი ხალხისთვის ქართველი მომღერლების კონცერტიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა : ნინო ჩხეიძემ, მერაბ სეფაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, თემურ წიკლაურმა, ლელა წურწუმიამ, მორის ჯანაშვილმა და თემურ ყვითელაშვილმა მიიღეს. 

 

თავდაცვის სამინისტროში ისრაელის დელეგაციას უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 09 ივლისი 2018 13:09

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციის წევრებს, ადამიანური რესურსების დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსის, ბრიგადის გენერალ ერან შანის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა უმასპინძლეს.

ვიზიტის მიზანს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვა, კონკრეტულად რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის მიმართულებით ისრაელის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეროვნულ გვარდიაში ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეზერვისა და მობილიზაციის სისტემას გააცნობენ, რომელიც საპილოტე რეჟიმში აგვისტოდან ამოქმედდება.

ისრაელის დელეგაციის წევრები გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს შეხვდებიან და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ესტუმრებიან.

საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 02 მაისი 2018 12:07

საქართველო და ისრაელი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროს, განსაკუთრებით კი სამხედრო განათლების, რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის მიმართულებებს ითვალისწინებს. სწორედ, ამ მიზნით, ლევან იზორიას თელავივში ოფიციალური ვაზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.

ქართველ კოლეგას ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე ისრაელისგან რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ასევე საშუალო განათლების დაწესებულებებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლების მეთოდების შესახებ გამოცდილებას გაიზიარებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების შესწავლის ინსტიტუტშიც იმყოფებოდა. ვიზიტის დროს ასევე, იგეგმება შეხვედრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან მეირ შაბათთან, ასევე იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმის მონახულება.

"ისრაელში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი ვიზიტი, რომელსაც აუცილებლად ექნება კონკრეტული შედეგები"- პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017 12:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ რუვენ რივლინსა და ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან, ასევე - იერუსალიმისა და პალესტინის პატრიარქ თეოფილოს III-თან გამართულ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის არაერთი მიმართულება.

 

"ისრაელში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი ვიზიტი, რომელსაც აუცილებლად ექნება კონკრეტული შედეგები. ისრაელმა, რომელსაც გააჩნია ძალიან მსგავსი გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, დროის მოკლე მონაკვეთში შეძლო, აეშენებინა ნამდვილად ძლიერი სახელმწიფო. ვფიქრობთ, გამოცდილება, რომელიც არსებობს, გამოსაყენებელია აუცილებლად. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების, ინოვაციების განვითარების კუთხით. თითოეული ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, შემოდგომისთვის დაიგეგმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა საქართველოში. ასევე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია.

„მოგეხსენებათ, დღევანდელ მსოფლიოში ბატონი ნეთანიაჰუ გახლავთ ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი და მისი ჩამოსვლა ბიზნესდელეგაციასთან ერთად, ვფიქრობთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით. დაპატიჟება იქნა მიღებული და ჩვენ უნდა ველოდოთ ამ ვიზიტს, რომელიც, ვფიქრობთ, სრულიად ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ ებრაელებთან გამართულ „ძალიან თბილ და საქმიან შეხვედრაზეც“ ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს ადამიანები, რომლებსაც საქართველოსთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით. გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას მათ გამოთქვეს სურვილი, ჩაერთონ ინვესტიციების თუ სხვა კუთხით თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ისრაელის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 15:47

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შაბთაი ცურთან.
მხარეებმა ყურადღება გაამხვილეს საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე და პარტნიორობის სამომავლო გეგმებზე, ასევე  ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორობას სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში. მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების აუცილებლობაზე.
 განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ტრადიციულად არსებული კარგი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა, როგორც მომავალი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავების წინაპირობა.

პრემიერ-მინისტრი ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 მაისი 2016 10:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა ქართველ და ებრაელ ერებს შორის არსებულ მტკიცე კავშირს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ორი ერის მეგობრობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ისრაელი მაგალითია თითოეული ქართველისთვის , თუ როგორ შეიძლება მთელი საზოგადოება გაერთიანდეს პოზიტიური, განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების გარშემო და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო.

"ჩვენც სწორედ იმავეს ვაკეთებთ. 25 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ, ალბათ,ამ პროცესის დასაწყისში ვართ. წელს აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 25-ე წლისთავს. ჩვენ ვამაყობთ იმ შესანიშნავი შედეგებით, რომლებსაც ამ წლების მანძილზე მივაღწიეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის სახელმწიფოს, რომელიც უდიდეს დახმარებას გვიწევდა ამ პროცესში. ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი. აქედან 700 მეტრის მოშორებით, მშვენიერ ნაძვნარში ებრაელი ექსპერტების დახმარების შედეგად ჩვენ დავაარსეთ პირველი ტექნოპარკი საქართველოში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელს, როგორც სახელმწიფოს და ებრაელ ხალხს. მოხარული ვარ, რომ ისრაელიდან ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჩვენი ებრაელი მეგობრების ასეთ აქტივობას," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მანვე ქართველი და ებრაელი ერების დაახლოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს, რომელსაც მისიის ვადა ეწურება.

იციკ მოშე ისრაელის წარმომადგენლობით დელეგაციას ქართველი მშენებლების ისრაელში დასაქმების ინიციატივით მიმართავს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 09:21

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მოწვევით, დღეს თბილისს ისრაელიდან 22-კაციანი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან ისრაელის ქნესეთის წევრები, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიის, “ლიკუდის” ხელმძღვანელი პირები, ქნესეთის თავმჯდომარის კანცელარიის ხელმძღვანელი, ისრაელის სხვადასხვა ქალაქის მერიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები.
დელეგაცია პირველ შეხვედრას თბილისში, ისრაელის სახლში გამართავს, სადაც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე სტუმრებს ისრაელის სახლის საქმიანობას გააცნობს და დელეგაციის წევრ ოფიციალურ პირებს მიმართავს ბიზნეს პალატის ინიციატივით, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით, ქართველ მშენებლებს გამოეყოთ სპეციალური კვოტა, რათა გარკვეული დროის განმავლობაში ისრაელში მოხდეს მათი ოფიციალურად დასაქმება. ვინაიდან ამჟამად სხვადასხვა შუამავლების წყალობით, ქართველ მშენებლებს ისრაელში სამუშაოდ წასვლა, თანაც არალეგალურად, სოლიდური თანხა უჯდებათ. როგორც იციკ მოშე აღნიშნავს, თუ ისრაელი საქართველოს გამოუყოფს 500-კაციან კვოტას, ეს ქართული ოჯახებისთვის სერიოზული ფინანსური წყარო იქნება, ხოლო საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს 500 მაღალკვალიფიციურ მშენებელს.
ამ ინიციატივას იციკ მოშე გააცნობს საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, დაგეგმილია მისი და ისრაელის დელეგაციის შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, სადაც საუბარი შეეხება აგრეთვე ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
შეხვედრა გაიმართება აგრეთვე კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან. ისრაელის წარმომადგენლობითი დელეგაცია ხვალვე ეწვევა თბილისის ცენტრში ებრაული ინვესტიციით მშენებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „რიქსოსს“, როგორც ისრაელური ინვესტიციის სიმბოლოს. აღნიშნული სასტუმრო დელეგაციის წევრებისათვის იქნება იმის ნათელი დადასტურება, თუ რაოდენ კვალიფიციურად შეუძლიათ მუშაობა ქართველ მშენებლებს.
სტუმრებს დაგეგმილი აქვთ თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა.

შს მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 მარტი 2016 10:16

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა. შეხვედრაზე შს მინისტრმა ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და ახალი ინიციატივები გააცნო.

მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში ისრაელის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე, სამინისტროს რეფორმირების პროცესში ისრაელის პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს მნიშვნელოვან როლს.

ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა გიორგი მღებრიშვილს ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, გოლად ერდანის წერილი პირადად გადასცა და მისი სახელით, საქართველოს შს მინისტრი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ისრაელში კორპორაციის Elbit Cyclone-ის საწარმოები დაათვალიერა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 08 მარტი 2016 14:16

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ისრაელის წამყვანი მაღალტექნოლოგიური კორპორაციის „Elbit Cyclone“-ის საწარმოები დაათვალიერა.

ანალოგიური პროფილის ქარხანას ისრაელის კომპანია საქართველოშიც აშენებს, სადაც დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური მასალისგან დამზადებული დეტალები, მისი მომხმარებლები კი სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის წამყვანი წამომადგენლები Boeing, Airbus, Bombardier და სხვები იქნებიან. მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

 

აღნიშნულ პროექტს „Elbit Cyclone“-ი საქართველოს საპარტნიორო ფონდთან“ პარტნიორობით ახორციელებს. ისრაელში ასევე იმყოფება ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა.

 

საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქარხანა საქართველოში 2017 წლის ბოლოს უნდა ამოქმედდეს. პირველ ეტაპზე, ის 60 სპეციალისტს დაასაქმებს, თუმცა საბოლოოდ დაგეგმილია, რომ 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი 300 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, სადაც ადგილობრივი პერსონალი დასაქმდება. მათ გადაამზადებენ ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტები. ქარხანაში თანამშრომლების სამუშაოდ აყვანა მოხდება გამჭვირვალედ, კონკურსის წესით. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის „Elbit Cyclone“-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოში საწარმოს მშენებლობის პროექტი წინასწარი შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამჟამად უკვე დასრულებულია ქარხნის ტექნიკური დიზაინი და აღჭურვილობის სპეციფიკაცია. უახლოეს მომავალში საწარმოსთვის მანქანა-დანადგარების მიწოდების პროცესი დაიწყება. აღინიშნა ისიც, რომ სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის ერთერთმა მსხვილმა კომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, შეუკვეთოს ქართულ საწარმოს პირველი პროდუქცია.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდს გაწეული მუშაობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ, მშენებარე მაღალტექნოლოგიური საწარმო დადგენილ ვადებში ამოქმედდება.

 

 

 

ისრაელის თავდაცვის მინისტრი თურქეთს ისლამურ სახელმწიფოსთან ნავთობით ვაჭრობაში ადანაშულებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 12:01

ისრაელის თავდაცვის მინისტრი თურქეთს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსთან ნავთობით ვაჭრობაში ადანაშულებს.

მოშე იაალონის განცხადებით, დიდი ხანია თურქეთში ისლამისტების მიერ კონტროლირებადი ნავთობ–ობიექტებიდან საწვავს ყიდულობენ და შესაბამისად ფინანსურ შემოსავალს იღებენ.

მსგავსი ბრალდება ოფიციალურ ანკარას რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმაც წაუყენა, თუმცა თურქეთი ისლამურ სახელმწიფოსთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ ნავთობის კონტრაბანდის საშუალებას არასდროს მისცემს.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური