ISIS-ი მორიგი ტერაქტებისთვის ემზადება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 29 იანვარი 2016 15:23

ისლამური სახელმწიფოს ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს ახმედ ჩეტაევი ხელმძღვანელობს, - განცხადება ამის შესახებ რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ხელმძღვანელის მრჩეველმა გააკეთა.

რუსი მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურებითვის ცნობილი გახდა, რომ ისლამური სახელმწიფოს (ISIS) კავკასიურ ბატალიონს აჰმედ ჩეტაევი – მეტსახელად "ცალხელა" მეთაურობს. მისივე განცხადებით, ეს ბატალიონი ტერაქტებს რუსეთისა და ევროპის ტერიტორიაზე გეგმავს.

ახმედ ჩეტაევის ტერორისტული მოღვაწეობის შესახებ განცხადება რამდენიმე თვის წინ ვაშინგტონშიც გაკეთდა. შეერთებულმა შტატებმა ის ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩეტაევი ე.წ. ხალიფატის, ანუ ისლამური სახელმწიფოს ფუძემდებელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია.

ჩეტაევი, რომელიც ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთია. ის საპატიმროდან 2012 წელს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩეტაევი უდანაშაულოდ 2012 წლის დეკემბერში ცნო.

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები წვრთნებს პანკისის ხეობაში გადიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 14:38

"ტერორისტული საფრთხეები პანკისის ხეობაში არ გამქრალა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციაში აკრძალული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები წვრთნებს პანკისის ხეობაში გადიან.

ლავროვის განცხადებით, რუსეთი იძულებული იყო გაემკაცრებინა სავიზრო რეჟიმი საქართველოსთან იმის გამო, რომ პანკისის ხეობიდან მომავალი ტერორისტული საფრთხეები არ არის განეიტრალებული.

ISIS-ის მორიგი მუქარა და ევროპის პასუხი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 11:53

„ისლამური სახელმწიფოს“ მორიგი მუქარისშემცველი ვიდეომიმართვა ევროპას - გახდება თუ არა ტერორისტების შემდეგი სამიზნე დიდი ბრიტანეთი. ISIS-ის სახელით გავრცელებულ კადრებში ბრიტანელი დეპუტატები ფიგურირებენ. 

მუქარის მიუხედავად, საფრანგეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას მაინც გეგმავს. ჰააგაში კი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ცენტრი იხსნება, სადაც 800-მდე თანამშრომელი შეეცდება, კოალიცია მოსალოდნელი თავდასხმებისგან დაიცვას.

"ჯიჰადი ჯონის" გარდაცვალება ისლამურმა სახელმწიფომ დაადასტურა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 12:03

ისლამურმა სახელმწიფომ ჯიჰადი ჯონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. საუბარია ბრიტანელ ტერორისტზე, რომელიც აისისის მძევლების სიკვდილით დასჯის ვიდეო მასალებში ფიგურირებს.

დაჯგუფებამ მოჰამედ ემვაზის, მეტსახელად "ჯიჰადი ჯონის" ნეკროლოგი ონლაინ ჟურნალში გამოაქვეყნა. მისი ლიკვიდაციის შესახებ განცხადება პენტაგონმა ჯერ კიდევ ნოემბერში გააკეთა.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ემვაზი აისის პოზიციებზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა კი მისი პიროვნების შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადეს.

მოჰამედ ემვაზი, რომელიც წარმოშობით ქუვეითელი და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო სირიაში 2013 წელს გაემგზავრა და ისლამური სახელმწიფოს რიგებს შეუერთდა.

ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირი ისევ პატიმრობაში რჩება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 16:31

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული სამი პანკისელის საქმის განხილვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პროცესზე პროკურატურამ ბორჩაშვილის პირად კომპიუტერში შენახული მასალები წარადგინა, მათ შორის აუდიომასალები და მიმოწერა, რითაც ბრალდების მხარე დაკავებულების ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს ამტკიცებს.

დაცვის მხარის მტკიცებით კი საქმეში არ არსებობს პირდაპიდი მტკიცებულებები, რომლებიც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებს.

ISIS-ის მებრძოლმა საკუთარ დედას თავი მოჰკვეთა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 08 იანვარი 2016 15:30

ქალაქ რაქაში , რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას საკუთარ დედაქალაქად აქვს გამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლმა საკუთარ დედას თავი მოჰკვეთა. ინფორმაციას რეგიონში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველები ავრცელებენ.

 

გავრცელებული ცნობით, 40 წლის ქალი საკუთარ შვილს სთხოვდა, დაეტოვებინა ტერორისტების რიგები, რის შესახებაც 21 წლის ახალგაზრდამ საკუთარ ლიდერებს შეატყობინა.

ქალი საფოსტო განყოფილებაში, სამუშაო ადგილზე დააკავეს და ქალაქის მოედანზე გამოიყვანეს.

მას საჯაროდ თავი საკუთარმა შვილმა მოჰკვეთა.

ერაყში ISIS-ის პოზიციები დაბომბეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 17:29

კანადის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბეს. ოფიციალური მონაცემებით, ავიაციის სამიზნე ქალაქ რამადის სიახლოვეს არსებული ობიექტები გახდა. 

სამხედრო ავიაციამ ავიაიერიში ქალაქ მოსულის აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე დასახლებულ პუნქტებზე განახორციელა. სამხედრო ოპერაციაში ,,ეფ 18” ტიპის გამანადგურებლები  მონაწილეობდა. 

,,ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად კანადის მთავრობამ 6 გამანადგურებელი თვითმფრინავი, ორი მზვერავი შვეულმფრენი და საწვავის ერთი მიმწოდებელი გაგზავნა.

ისლამური სახელმწიფო ახალ ვიდეო რგოლს ავრცელებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 13:07

ისლამური სახელმწიფო ახალ ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელშიც 5 ადამიანის სიკვდილით დასჯაა ასახული. მებრძოლები მათ დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.

10-წუთიან ჩანაწერში ფიგურირებს ისლამური სახელმწიფოს წევრი მოზარდიც, რომელიც ბრიტანული აქცენტით საუბრობს.

ვიდეო რგოლში რადიკალები დიდ ბრიტანეთში თავდასხმების მოწყობით იმუქრებიან და ქვეყნის პრემიერმინისტრს მიმართავენ. ისინი დეივიდ კამერონს "თეთრი სახლის მონად" და "ჭკუასუსტად" მოიხსენიებენ.

ვიდეომასალას უკვე სწავლობენ სპეცსამსახურები.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ მუქარის ახალი ჩანაწერი გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 18:03

ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაკრ ალ ბაღდადიმ ახალი აუდიომიმართვა გამოაქვეყნა. ბაღდადი მომხრეებს შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ბაღდადიმ ეს ჩანაწერი იმის დასადასტურებლად გამოაქვეყნა, რომ ის ცოცხალია და ბრძოლის გასაგრძელებლად კვლავ მზად არის.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეში ისლამისტებმა ერაყში რამდენიმე მარცხი განიცადეს. კერძოდ, მათ ქალაქი ერ-რამადი დაკარგეს. ახლა ერაყის სამთავრობო ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარ ქალაქზე, მოსულზე შეტევას ამზადებენ.

"ისლამური სახელმწიფო" სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნებს ტოვებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 13:23

"ისლამური სახელმწიფო" სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნებს ტოვებს. გადაწყვეტილებას გაეროს შუამდგომლობით მიაღწიეს. 

ტერორისტული ორგანიზაცია "იარმუკის" პალესტინელი ლტოლვილების ბანაკიდანაც გავა. სირიული მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებას, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და "ალ-ქაიდას" ფრთა ,,ალ-ნუსრას’’ ფრონტის მებრძოლებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ჯიჰადისტები და ამბოხებულები სირიის ჩრდილოეთით, იდლიბისა და რაყის პროვინციებში გადაინაცვლებენ. 

უსაფრთხო გადაადგილების გარანტი კი გაერო იქნება. რაყა ისლამისტების დე ფაქტო დედაქალაქადაა გამოცხადებული, იდლიბს კი ამბოხებულთა ჯგუფები აკონტროლებენ.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური