საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 18 თებერვალი 2020 16:03

საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა, ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

ოპოზიცია კენჭისყრას არ დასწრებია.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.

ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადება გადადგომის შესახებ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 18:53
პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.
ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების  მნიშვნელოვანი რგოლის - პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.
ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება. 
დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას.  პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.
ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.
მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით.  როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ  ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.
რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.
აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს  გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან. 
ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში  მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. 

დღეს მთავარი პროკურორის საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 12:15

დღეს, 14:00 საათზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ამ დროისთვის ბრიფინგის თემა უცნობია. სავარაუდოდ, საუბარი  საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის, მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე იქნება.

ფარული ჩანაწერების საქმეზე ალასანია შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 14:31

"პროკურატურამ უნდა აგოს პასუხი"-განცხადებას ირაკლი ალასანია აკეთებს. 

ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით „თავიუსფალი დემოკრატების“ ლიდერი მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და აცახდებს, რომ მისი პარტია კამპანია "ეს შენ გეხებას" მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება.

„როგორც მოქალაქეები ჩვენ შევუერთდებით საზოგადოებრივი ორგანიზაციების ამ დაძახილს. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ხელისუფლებამ დაინახოს და ამ საშინელების ორგანიზატორებმა დაინახონ, რომ საზოგადოება ერთსულოვანია, საზოგადოებას ვერ შეაშინებ და ვერ ამოაგდებ იმ მიზნიდან, რომ ლიბერალური დემოკრატიული ქვეყანა შევქმნათ. აუცილებლად უნდა დაიკითხოს ყველა მონაწილე. რაც მთავარია პროკურატურამ უნდა აგოს პასუხი. მე მახსოვს მაშინდელი პროკურორის მოადგილე, ბატონი შოთაძე როგორ იძახდა, რომ 5 თვეში გამოიძიებდა ამ საქმეს. როგორც სხვა საქმეები დარჩა გამოუძიებელი, ისევე ეს საქმეა გამოუძიებელი. პირდაპირ პროკურატურის და ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს." განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 08 მარტი 2016 16:56

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე  სამხრეთ კავკასიაში ეუთოს  თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს მის აღმატებულებას გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი გივი ბაღდავაძე. გიუნტერ ბეხლერი საქართველოს პროკურატურის რეფორმით და  უწყების შიგნით მომავალში დაგეგმილი  ღონისძიებებით დაინტერესდა, რაზეც მთავარმა პროკურორმა სტუმარს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.   შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ეუთოსა და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს  და   მომავალში ამ მიმართულებით ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.    
 
 

ირაკლი შოთაძე ევროსაბჭოს ანგარიშზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 14:42

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.
მისი თქმით, პროკურატურა ანგარიშვალდებულია საპროკურორო საბჭოს წინაშე, ასევე პარლამენტის წინაშეც და ის ანგარიშვალდებულებას არ გაურბის.
,,მთავარი პროკურატურა ანგარიშვალდებულია საპროკურორო საბჭოს წინაშე. მის წინაშე მე მიწევს წარდგომა ყოველ 6 თვეში ერთხელ ჩვენი სტრუქტურის ანგარიშის შესახებ. ასევე, ჩვენი ანგარიშვალდებულება არსებობს პარლამენტის წინაშეც და ჩვენ ამ ანგარიშვალდებულებას არ გავურბივართ“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2015 14:07

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარ პროკურატურაში, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა. 
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი. 
ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურორად არჩევა პირადად მიულოცა და თანამშროლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. 
შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროპის საბჭოს ოფისის დახმარებით საქართველოს პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება დისკრიმინაციულ ნიადაგზე და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, ასევე პროკურორებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების გაცნობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. 
საქართველოს მთავარმა პროკურორმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ოფისის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის გაწეული დახმარებისთვის და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა. 

მთავარი პროკურორი ევროკავშირის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 17:47

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და „Human Dynamics“-ის მიერ განხორციელებული პროექტის – „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ – შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.  ირაკლი შოთაძემ  იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რაც პროკურატურაში ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდა.
მთავარი პროკურორის განცხადებით  „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში “ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და ნაყოფიერი პროექტია.
„ევროკავშირი არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ უშუალოდ პროკურატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, რომელიც საკუთარი პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს ჩვენს უწყებას რეფორმირებაში, ამისთვის  განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო  პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
პროექტი „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელებმა და ბენეფიციარი უწყებების წარმომადგენლებმა გაწეული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინეს. პრეზენტაციას, პროექტის ხელმძღვანელების გარდა, ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და  ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 

ირაკლი შოთაძე საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 17:05

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მის აღმატებულება შანდორ საბოს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურორად არჩევასთან დაკავშირებით,  უნგრეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის პეტერ პოლტის მისალოცი წერილი გადასცა. შეხვედრაზე ასევე  განიხილეს ორი ქვეყნის პროკურატურის ორგანოებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ამ მიზნით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა გამოთქვა მზადყოფნა მისი უნგრელი კოლეგის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოწვევასთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრ პროკურორს და იმედი გამოთქვა მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. 

ყოფილი მთავარი პროკურორი თანამშრომლებს დაემშვიდობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 29 ნოემბერი 2015 16:38

ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი დღეს პროკურატურის თანამშრომლებს დაემშვიდობა. პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბადაშვილმა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს პროკურატურის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მან პროკურატურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს წარმატება უსურვა. 
ბადაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურის ყველა თანამშრომელთან ერთად ისტორიული მოვლენის მონაწილე გახდა, რადგან საქართველოს ისტორიაში პირველად, თითოეულ პროკურორსა და გამომძიებელს შესაძლებლობა მიეცა, ახალი მთავარი პროკურორის არჩევაში უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა. 
მისი თქმით, ახალი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შემდგომი 6 წელი სტაბილურობის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი იქნება.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა და ახალმა მთავარმა პროკურორმა ბადაშვილს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური