ირაკლი ღარიბაშვილი OECD-ის დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 15:14

საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) თანამშრომლობას აფართოებს, - ორგანიზაციის დირექტორს გლობალურ ურთიერთობებში მარკოს ბონტურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

OECD საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტი ყველა იმ პრინციპს მოიცავს, რომლებიც მოხსენიებულია ევროპის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს და ხელისუფლების მიერ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

„პრემიერ-მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. OECD და საქართველო, მრავალი წელია, თანამშრომლობენ. ჩვენ გავეცანით მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტებს და ვიმსჯელეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ თანამშრომლობა. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე - საჯარო მმართველობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ახსენა სხვა სფეროებიც, რომლებიც პრიორიტეტულია და განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა - განათლება, ჯანდაცვა და გადასახადები", - განაცხადა OECD-ის დირექტორმა გლობალურ ურთიერთობებში, მარკოს ბონტურმა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკას, რომელიც მსოფლიოში მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება. OECD-ის ექსპერტები მუშაობენ მთავრობებთან, სწავლობენ მსოფლიოში წარმოების, ვაჭრობისა და ინვესტიციის ნაკადებს, ანალიზს უკეთებენ მონაცემებს, რათა განსაზღვრონ სამომავლი ტენდენციები, ასევე, ადგენენ საერთაშორისო ნორმებს სხვადასხვა სფეროში. ფაქტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია მთავრობებს, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციებს აძლევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის ხელმძღვანელი ანტონიო სომა, ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის პროექტების მენეჯერი დანიელ ქუადბექი, ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის ეკონომისტი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ფრანჩესკო ალფონსო; ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 13:10

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, თურქეთის მთავრობას და მთელ თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

„სასტიკად ვგმობთ მომხდარ საზარელ ქმედებას, რადგან ტერორიზმს არ შეიძლება მოეძებნოს გამართლება. ვიზიარებთ თქვენს დიდ მწუხარებას. გთხოვთ, კიდევ ერთხელ მიიღოთ ჩვენი ღრმა სამძიმარი და თანადგომა", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

თბილისს საერთაშორისო სტანდარტების აეროპორტი ექნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 15:19

წარმატებული მოლაპარაკებები, რომლის შედეგად შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება, - ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ინვესტორთან ხელშეკრულების განახლება და ეკონომიკის ყოფილ და მოქმედ მინისტრებს მადლობა გადაუხადა.„მნიშვნელოვანია, ჩვენი აეროპორტი გახდეს კიდევ უფრო საინტერესო სხვა ავიაკომპანიებისთვის. მგზავრთნაკადი წელს განსაკუთრებით გაზრდილია, ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ. სექტემბრის მონაცემებით, მგზავრთნაკადი, გასულ წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ინტერესი ჩვენი აეროპორტის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და მომავალი წლის ივნისში, ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს ექნებათ კომფორტულად მგზავრობის საშუალება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურმა საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის TAV-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს” შორის 2015 წლის 28 მაისს განახლებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება. სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების და ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების დაცვით შესრულდება და მას როგორც ადგილობრივი, ასევე - IATA Consulting-ის ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდებიან. აეროდრომის რეაბილიტაცია 2016 წლის ივნისში დასრულდება.

იეშიმ ელჰან-კაიალართან შეხვედრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 12:45

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ახალ დირექტორთან, იეშიმ ელჰან-კაიალართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს.
ხაზი გაესვა 2014-2018 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის (CPS) მნიშვნელობას, რომლის მიხედვით, საქართველო ADB-სგან მხარდაჭერას მიიღებს შემდეგ სფეროებში: ენერგო სექტორის, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება; საჯარო სექტორის მართვა; კერძო სექტორის განვითარება; ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა; მმართველობა; გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება. 
საქართველოს მთავრობის მეთაურმა იეშიმ ელჰან-კაიალარს წარმატებები უსურვა. იეშიმ ელჰან-კაიალარი აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას 2015 წლის 30 სექტემბერიდან შეუდგა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, იგი ADB-ს საჯარო მართვის პორტფელს ხელმძღვანელობდა ცენტრალური და დასავლეთ აზიის 10 ქვეყანაში. მას გააჩნია მსოფლიოს 25 ქვეყანაში განვითარების სააგენტოებში, კერძო სექტორსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მუშაობის 25 წლის გამოცდილება. ელჰან- კაიალარი არის კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და გააჩნია ჰარვარდისა და მიჩიგანის უნივერსიტეტების კვალიფიკაცია ფინანსებისა და მართვის სფეროში.

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 12:55
ბატონო პრემიერო, არალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები კატეგორიულად ვგმობთ 2015 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონი ნოდარ ხადურის მიერ ჩატარებულ აქციას მარკირების თემაზე. ვფიქრობთ, მინისტრი ამ სახის კამპანიით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მისი გზავნილი, „მარკირება ხალხის საკეთილდღეოდ“ აბსოლუტურად ცინიკურია, მით უფრო მაშინ, როცა საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან. მეტიც, უცხოური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ანაზაღაურება არაალკოჰოლური პროდუქციის ელექტრონული მარკირების სერვისისათვის ამ მომსახურების თვითღირებულებაზე 100-ჯერ მეტია. მაშინ, როცა ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ ხელისუფლებას გადამოწმების მიზნით აღრიცხვიანობის წარმოების უდანახარჯო საშუალებას. ჩვენ მრავალი ათეული წელია ვცდილობთ მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციას, მათი კეთილგანწყობის დამსახურებულად მოპოვებას. დაგვერწმუნეთ, სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა გვამოძრავებს როცა ვაპროტესტებთ ელექტრონული მარკირების სერვისისთვის სახელმწიფოს მიერ არაადექვატურად მაღალი საფასურის გადახდას, რაც დააზარალებს მომხმარებელსაც, ბიზნესსაც, ბიუჯეტსაც. სახელმწიფოს და ბიუჯეტს კი შემოსავლის მოტანის ნაცვლად, მძიმე ტვირად დააწვება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს კვლავ დავადასტუროთ ჩვენი მზაობა თქვენთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა უშუალოდ და ამომწურავად გაგაცნოთ ჩვენი არგუმენტები და წინადადებები ამ საკითხის გარშემო. მიგვაჩნია, რომ ელექტრონული მარკირების ახალი რეგულაცია არც სამართლიანია და არც ეფექტიანი. ამასთან, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პოზიცია ფინანსთა მინისტრმა არ მოისმინა და გადაწყვეტილება ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღო. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება თქვენს დაპირებას, რომ მთავრობა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე რეგულაციებს არ შეცვლიდა და/ან ახალს არ დააწესებდა. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ თქვენთან შეხვედრის ფარგლებში არის შესაძლებელი.

გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 10:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ქართველი სტუდენტები დაესწრნენ. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები, გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მოსასმენად, ნიუ იორკში სპეციალურად ჩამოვიდნენ.


გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ სტუდენტებს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებთან ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმოიხილა. საუბარი ასევე შეეხო მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებს.

"ძალიან ენერგიული გამოსვლა იყო. დადებითად ვაფასებ პრემიერის გამოსვლას, რადგან გაახმოვანა საქართველოს წინსვლის პოზიტიური მესიჯები - ეკონომიკური ზრდა, მსოფლიო ბანკის ანგარიში და სხვა. გამოსვლის შემდეგ პრემიერმა გვიმასპინძლა და ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც გვაინტერესებდა სტუდენტებს,"-განაცხადა ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტმა ირაკლი ელიაშვილმა.
"გაეროში გამოსვლისას პრემიერმა საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა. შემდეგ გვქონდა პირისპირ შეხვედრა, სადაც საქართველოს საშინაო და საგარეო საკითხებზე ვიმსჯელეთ. იყო საინტერესო ხედვა როგორც ეკონომიკის, ისე კულტურის და სოციალური განვითარების კუთხით,"-აღნიშნა ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ლევან სონღულაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ბარაქ ობამას სახელით გამართულ მიღებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 10:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და მისი მეუღლის, მიშელ ობამას სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.

"კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება", - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 12:18

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკის სოჰო გრანდ ოტელში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად ჩატარდა.

შეხვედრას საქართველოში უკვე მოქმედი უცხოური ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და პოტენციური ინვესტორები ესწრეოდნენ.

პრემიერმინისტრმა შეხვედრის ონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, თუ რატომ არის საქართელო მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისთვის.

"ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა. კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც სტაბილურს და პოზიტიურს. კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება. ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე. მე ვთვლი რომ ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორად ეს არის. და სასამართლო სრულად თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრა ჰქონდა სარეიტინგო კომპანიების, მუსის,სტანდარტ ენდ ფაუერის და ფიტჩის  წარმომადგენლებთან.

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს: Moody's, Standard and Poor's და Fitch-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

ქართულმა მხარემ სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების პოზიტიური ტენდენციების შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ლიბერალურ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და მოცულობის გაზრდის შესახებ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია Moody's, Standard and Poor's და Fitch-ის მიერ რეიტინგების მინიჭების საკითხში.

პრემიერ-მინისტრი მიღებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 10:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსისა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური