„საქართველოში ინვესტირება ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში" - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 11:14

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მეორე დღეს პრემიერმა  საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.

„საქართველოში ინვესტირება ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენ ნამდვილად უნდა ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რასაც აბრეშუმის გზა ქვია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ინვესტიცია მიმართულია იმაზე, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას.

„ძალიან ბევრი ინვესტორია ამ თვალსაზრისით დაინტერესებული. ბოლო 11 წლის განმავლობაში 18-ჯერ გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. მათი რაოდენობა 2014 წელს იყო 5 მილიონ 500 ათასი. გასული წელი იყო მეორე, რომელის განმავლობაშიც შემოსული ტურისტების რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა სრულად დაგიჭერთ მხარს თქვენს ინიციატივებში, ვიქნებით თქვენი ეფექტური პარტნიორი.

საქართველო არის ღია, სტაბილური ერი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მივაღწევთ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

ფორუმის მეორე დღეს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობებია. 

"აბრეშუმის გზის" ფორუმის მეორე დღე - მონაწილეებს პრემიერმინისტრმა მიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 10:35

თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება. ღონისძიების მეორე დღე პრემიერმინისტრმა გახსნა. მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური პოტენციალის მიმოიხილა. 

"ჩვენ მცირე მაგრამ სტრატეგიული მდებარეობის ქვეყანა ვართ. ქვეყანას შესანიშნავი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. გვჯერა, რომ ბიზნესგარემო გამჭვირვალე და ღია უნდა იყოს. მსოფლიო ბანკის მიხედვით, ჩვენ მე-15 ადგილას ვართ, მე-4 ადგილას ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის თვალსაზრისით. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ კორუფცია პრაქტიკულად ყველა დონეზე აღმოვფხვარით. ბოლო 5 წლის განმავლობაში მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ. ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა გვქონდა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საქართველოს პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა ჩინეთისა მთავრობის წარმომადგენლებს გადაუხადა. 

ბათუმი კიდევ ერთ ქალაქთან დამეგობრდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 18:32

თბილისში გამართული ფორუმის  „აბრეშუმის გზა“ ფარგლებში ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის უიღურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმჩის შორის დამეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა.

გადაწყვეტილება მეგობრული კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში კონტაქტების გაღრმავებას, მეგობრობის განმტკიცებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მხარეები ითანამშრომლებენ ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის  მიმართულებით, რათა ხელი შეუწყოს საერთო კეთილდღეობასა და განვითარებას. შენარჩუნდება ხშირი კონტაქტები ლიდერებსა და სხვადასხვა  მიმართულებით ხელმძღვანელ პირებს შორის, რათა ხელი შეეწყოს კონსულტაციების გამართვასა და თანამშრომლობას საერთო საკითხებზე.

მემორანდუმს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ურუმჩის მერმა ილჰამ საბირმა მოაწერეს ხელი. ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სინძიანის პროვინციის ხელმძღვანელი ქსეკერატ ზაკირი დაესწრნენ.

 

პრემიერ-მინისტრმა ბრიუს ენდრიუსს უმასპინლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 16:59

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი იმყოფება.

მაღალი რანგის სტუმარს, აშშ-ის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დეტალურად ისაუბრეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც წარმოადგენს, საუკეთესო პლატფორმას არა მხოლოდ ბიზნესებს შორის კონტაქტების დამყარებისთვის, არამედ რეგიონალური თანამშრომლობის ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი/ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა.

„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოსთვის. ვისაუბრეთ ახალ აბრეშუმის გზაზე და მისი წარმატების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები. ვისაუბრეთ იმის შესახებაც, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მეტმა ამერიკულმა კომპანიამ აღმოაჩინოს საქართველო. ვისაუბრეთ რეგიონული მნიშვნელობის თემებზე, რომლებიც ასევე ეხება საქართველოსა და აშშ-ს. ძალიან პოზიტიური და სასარგებლო შეხვედრა იყო", - განაცხადა ბრიუს ენდრიუსმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ფორუმის თანასპონსორობისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შემდეგ საუბარი არაოფიციალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა. სტუმრებმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად, თბილისის ხედები დაათვალიერეს.

ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ ვართ აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტის ნაწილი“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 11:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "აბრეშუმის გზის" ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას.“

"ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლობა ხაზს უსვამს იმას, რომ ბევრი მივიდა ერთსა და იმავე დასკვნამდე: ბოლო 25 წლის განმავლობაში განხორციელებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინვესტიციებს დღეს შედეგი მოაქვს, ხოლო ცივილიზაციის ჩვენი ისტორიული გზაჯვარედინი მზად არის, დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი როგორც გლობალური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთმა მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ.

ეს არის ჩვენი პირველი ფორუმი. ჩემი მიზანია, ყველამ შევიმუშაოთ აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ინტეგრაციის გაღრმავების სამუშაო გეგმა, რათა მომავალ წელს წარვადგინოთ ანგარიშები ამ გეგმის შესრულების კუთხით მიღწეული წინსვლის შესახებ.

ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას. წინ დიდი სამუშაო გველის. იმედით შევყურებ შემდგომ ფორუმებს, რომლებზეც ხაზგასმული იქნება ჩვენი ერთობლივი წინსვლა ნათელი მომავლისკენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, "არც ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალი და არც ამ ფორუმის მასშტაბი არ არის მოკრძალებული. ჩვენ განვიხილავთ რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა სექტორში: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი/ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა. ჩვენთვის სასარგებლო იქნება გამოცდილი მოდერატორებისა და სადისკუსიო ჯგუფების მონაწილეთა მოსაზრებები და რეკომენდაციები.

ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ აბრეშუმის გზის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, თუმცა მინდა გამოვყო ერთი საკითხი.

დღეს ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის უმეტესობის გადაზიდვა ხორციელდება ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა კი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს ჩვენს თანამშრომლობას სატარიფო და საბაჟო სტრატეგიების გამარტივებისა და აგრეთვე ჩვენი ინფრასტრუქტურის ინტეგრაციისა და მოდერნიზაციის მიმართულებით. მოვუწოდებ ამ კონფერენციის ყველა მონაწილეს თანამშრომლობისკენ და ჩვენი პოტენციალის ხორცშესასხმელად ახალი გზების მოძიებისკენ. ამ ორი დღის განმავლობაში ველი თქვენს გამოხმაურებებს და მოსაზრებებს აბრეშუმის გზის მომავლის ხედვასთან დაკავშირებით", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს.

"განსაკუთრებით მინდა მივესალმო აქ მყოფ ყველა ბიზნესლიდერს როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. ზოგი თქვენგანი მონაწილეობას მიიღებს ჯგუფურ დისკუსიებში და, დარწმუნებული ვარ, თქვენი აქ ყოფნის მიზანია საინვესტიციო შესაძლებლობების მოსინჯვა. სულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 1 000 ადამიანი, რაც ძალიან შთამბეჭდავია ამ ტიპის პირველი ღონისძიებისათვის. კიდევ ერთხელ, მადლობა მობრძანებისთვის.

ის, რომ ამ ფორუმს ესწრება ასობით ბიზნესმენი, ცხადყოფს აბრეშუმის გზის დიდ პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, რომ ვაჭრობა და კომერცია ხელს შეუწყობს მშვიდობიან თანამშრომლობას.

თავს უფლებას მივცემ, დღეს აქ წარმოდგენილი ყველა სახელმწიფოს სახელით განვაცხადო, რომ ჩვენი ბიზნესლიდერები ჩვენი ქვეყნების შესანიშნავი ელჩები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს საერთო კეთილდღეობას.

გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ დაწვრილებით განიხილავთ ერთმანეთთან თანამშრომლობის გზებს. მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ ბიზნესებს შორის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელთა მოსაწყობად ჩვენმა ეკონომიკის სამინისტრომ ძალ-ღონე არ დაიშურა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

15-16 სექტემბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 09:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, 15-16 ოქტომბერს თბილისში პირველად "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ჩატარდება.

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, მხარდამჭერი კი აზიის განვითარების ბანკი (ADB). ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის (ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, თურქეთი, სამხრეთ კორეა, აზერბაიჯანი, ავღანეთი, სლოვენია, უნგრეთი, იტალია, სომხეთი, ჩეხეთი, ყაზახეთი და ა.შ.) მთავრობის წარმომადგენელი, მათ შორის - ვიცე პრემიერები და მინისტრები. ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 700-ზე მეტი სტუმარი ეწვევა.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 15 ოქტომბერს, 10:00 საათზე, რუსთაველის აკადემიურ თეატრში გაიხსნება. ღონისძიებას გახსნის და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფორუმის ფარგლებში მიღებულ იქნება თანამშრომლობის დეკლარაცია. ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტი, დოქტორი ჰერნანდო დე სოტო.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართება შემდეგ სადისკუსიო თემებზე: "აბრეშუმის გზის ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად";

"ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა: ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოთხოვნების თანადროული გათვალისწინება";

"ვაჭრობის ხელშეწყობა აბრეშუმის გზის გასწვრივ: ჰარმონიზაციის მიზნით ძირითადი დაბრკოლებების გადალახვა";

"ენერგეტიკის აბრეშუმის გზა: მილსადენები და ელექტროენერგიით ვაჭრობა საზღვრების გარეშე";

"საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება";

ღონისძიების ფარგლებში პარალელურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები - თემატური პრეზენტაციები, კომპანიების პირისპირ შეხვედრები (B2B).

"როდესაც ამ ტაძარში შემოვდივარ განსაკუთრებული განცდა მეუფლება",-ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 16:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. 
პრემიერ-მინისტრმა მრევლს, პატრიარქსა და სასულიერო პირებს უწმინდესის ქადაგების შემდეგ მიმართა. 
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს არის განსაკუთრებული დღე თითოეული ქრისტიანისთვის, თითოეული მართლმადიდებლისთვის და ეს ტაძარი არის მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული.
"ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას. დღეს არის განსაკუთრებული დღე თითოეული ქრისტიანისთვის, მართლმადიდებლისთვის და ეს ტაძარი არის მართლაც გამორჩეული, განსაკუთრებული. არ მეგულება ქართველი, რომელიც ამ ტაძარში შემოდის განსაკუთრებული მოწიწების და განცდის გარეშე. მე პირადად, როდესაც ამ ტაძარში შემოვდივარ, ეს განცდა მეუფლება", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 
მისივე თქმით, სვეტიცხოვლოვბა არის განსაკუთებული დღე, ეროვნული დღესასწაული. 
" ამ დღეს თითოეული ქართველი არის შეკრებილი და ყველანი ვზეიმობთ. სვეტიცხოვლობა არის სიმბოლო, სიმბოლო სარწმუნოებისა და ქართველი კაცის სულიერი სიმტკიცის. მინდა, ყველას გისურვოთ სულიერი სიმტკიცე, სიმშვიდე და როგორც ჩვენმა უწმინდესმა აღნიშნა, გამთლიანება ჩვენი ქვეყნის და, პირველ რიგში, ჩვენი ერის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლო", - აღნიშნა პრემიერმა. 
მანვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიმართა და აღნიშნა, რომ პატრიარქი აერთიანებს და ამთლიანებს მთელ ერს. 
"მინდა, პირველ რიგში, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს უწმინდესს მივულოცო დღევანდელი დღე. გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა. თქვენ აერთიანებთ და ამთლიანებთ მთელს ერს, ჩვენს გამორჩეულ ერს. თქვენ ხართ მართლაც მაგალითის მიმცემი ჩვენთვის თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას", - მიმართა ღარიბაშვილმა პატრიარქს. 

მამა გაბრიელის საფლავის მოწყობისთვის მთავრობამ 65 000 ლარი გამოყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 12:27

პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ფინანსთა სამინისტრომ მამა გაბრიელის საფლავის მოწყობისთვის 65 ათასი ლარი გამოყო. ამის შესახებ #2176 ბრძანება , 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა:

„სამთავროს მონასტერში, ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლის და სალოსის წმინდა ცხედრის საბოლოო განსასვენებლის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი“- ნათქვამია პრემიერის ბრძანებაში.

„მივმართავ მედიას თხოვნით, „აბრეშუმის გზის“ ფორუმი აქტიურად გააშუქოს“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 17:29

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

 „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ წამოვიღეთ ეს ინიციატივა და საქართველოში პირველად „აბრეშუმის გზის“ ფორუმი იმართება. მასზე დაახლოებით 300 ჩინელ სტუმარს ველოდებით. საქართველოში ძალიან დიდი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ასევე, პოლიტიკური პარტიების და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები ჩამოდიან. ჩვენ ველოდებით 30-ზე მეტ ქვეყანას და დაახლოებით 1000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს ამ ფორუმში მონაწილეობას. იქნება ძალიან საინტერესო ღონისძიებები და პანელები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 „მინდა ხაზგასმით დავაფიქსირო, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი, გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს და საჭიროა ამ ადგილმდებარეობის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება. ვფიქრობ, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ფორუმის ორგანიზების პროცესში იყო ჩართული.

„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული დასაწყისი. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მედიას თხოვნით, რომ აქტიურად გააშუქოს აღნიშნული ფორუმი, ვინაიდან, ის მხოლოდ ჩვენი მთავრობისთვის არ არის მნიშვნელოვანი. არამედ, ის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა რთველის შესახებ ანგარიში მოისმინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 16:33

რთველის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, რეგიონებში 91 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, ხოლო უკვე ჩაბარებულია ყურძნის რეკორდული რაოდენობა - 133 000 ტონაზე მეტი, - ანგარიში რთველის შესახებ პრემიერ-მინისტრს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარუდგინა.

ოთარ დანელიას ინფორმაციით, რთველი კახეთში დასასრულს უახლოვდება და შტაბი რამდენიმე დღეში დაიხურება, ხოლო რაჭაში, სადაც რთველი წარმატებით მიმდინარეობს, უკვე ჩაბარებულია 400 ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის საშუალო ფასი რაჭაში 5 ლარია.

მინისტრის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, კახეთის რეგიონში წელს, რთველის შედეგად, 80 მილიონ ლარამდე შევიდა.

პრემიერი ციტრუსის მოსავლითაც დაინტერესდა. ოთარ დანელიას განმარტებით, გასულ წელთან შედარებით, წელს ციტრუსის მოსავალი გაცილებით დიდია და ვითარების შესასწავლად რეგიონში მომავალ კვირას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაემგზავრებიან.

მინისტრის ინფორმაციით, უკვე არსებობს მოთხოვნა რამდენიმე ათეულ ტონა ციტრუსზე დსთ-ს ქვეყნებიდან და მოსავლის შეუფერხებელი რეალიზაციის მიზნით, უახლოეს მომავალში სპეციალური შტაბიც ამოქმედდება.

რაც შეეხება ვაშლის მოსავალს შიდა ქართლში, მინისტრის თქმით, სტიქიური წლის მიუხედავად, მოთხოვნა გაზრდილია და ფასი 2 ლარის ფარგლებშია, რაც გასულ წელთან შედარებით მეტია.

ოთარ დანელიას ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ასევე გაორმაგებულია კონცენტრატის ფასი, რის გამოც სამრეწველო გადამუშავებაზე სახელმწიფო სუბსიდიის აუცილებლობა აღარ არსებობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური