ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე იმსჯელა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 17:52

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ თავმჯდომარე გიორგი ძნელაძის სამუშაო შეხვედრაზე.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის სამთავრობო სამოქმედო გეგმას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს, მათ მდგომარეობას და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამებში მათი ჩართულობის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა იტალიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 16:13

იტალიის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრის მთავარი თემა  საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ცნობისთვის, ანტონიო ენრიკო ბარტოლი საქართველოში იტალიის ელჩია 2015 წლის 1 სექტემბრიდან. წლების განმავლობაში იგი იყო ვაშინგტონში იტალიის საელჩოს პრესსპიკერი, პრესასთან ურთიერთობის, საზოგადოებრივი საქმეების და კულტურის  სამსახურის უფროსი; პეკინში, იტალიის საელჩოში ასრულებდა საელჩოს მრჩევლის მოვალეობებს კულტურის საკითხებში, პოლიტიკური მრჩევლის რანგში კურირებდა ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებს; ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მსახურობდა მინისტრის აპარატში, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურში, ხოლო დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, პროფესიულ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა.

გიორგი პაპუაშვილი პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 15:40

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მათ მოუწოდებს, კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება და მიიღონ სათანადო ზომები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად.

"ამგვარმა ქმედებებმა განსაკუთრებით ორგანიზებული, კოორდინირებული და პერმანენტული ხასიათი მიიღო ბოლო პერიოდის განმავლობაში. 2014 წლის 11 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართული აქციის ფარგლებში, გაკეთდა მუქარის შემცველი განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა უშუალოდ სასამართლოს საქმიანობას, აქციის მონაწილენი მოითხოვდნენ მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, რა დროსაც, ზიანი მიაყენეს სასამართლოს საკუთრებას. აღნიშნულზე, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რაიმე ფორმით რეაგირება არ მომხდარა.

შემაშფოთებელია 2015 წლის 6 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზე ზოგიერთი პირის მიერ სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ გაკეთებული მუქარისა და ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები. „ზემოთ ხსენებული კანონდარღვევის ფაქტზე რეაგირების მოხდენის მოთხოვნით, 2015 წლის 7 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ, წერილობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რაიმე ფორმით რეაგირება ამ შემთხვევაშიც არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი მიმართვიდან უკვე გასულია 6 თვეზე მეტი", - აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.  

წერილში აღნიშნულია იმ შემაშფოთებელი კანონსაწინააღმდეგო რეაქციების შესახებაც, რომელიც მოჰყვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან, განხორციელდა მიზანმიმართული ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე. მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებთან საპროტესტო აქციებს აწყობდნენ ადამიანთა ჯგუფები, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი საცხოვრებლების მიმართულებით, მოსამართლეთა მიმართ გაკეთდა მუქარის შემცველი განცხადებები და ფიზიკური ანგარიშსწორების პირდაპირი მოწოდებები.

"აღნიშნულ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბევრჯერ გაკეთდა განცხადება, მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტები დაგმეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა. ყოველივე ამის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა", -  ხაზგასმით აღნიშნავს წერილში გიორგი პაპუაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეახსენებს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელ უმაღლეს სასამართლო ორგანოს და, ამდენად, მისი თითოეული მოსამართლის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველყოფა სასამართლოსადმი ნდობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და, შესაბამისად, მისი საქმიანობის ეფექტურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

"სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობაა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ განხორციელებული კანონდარღვევების ფაქტებზე, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, აშკარა გულგრილობა და უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან აღნიშნული საკითხის რეაგირების გარეშე დატოვება ქმნის განცდას, რომ  საქართველოს სახელმწიფო არღვევს მასზე დაკისრებულ მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვის კანონისმიერ ვალდებულებას. ყოველივე ეს ართულებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ და უსაფრთხო პირობებში საქმიანობას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სრულყოფილ განხორციელებას",-  აცხადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე დაასახელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 15:51

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერად ოფიციალურად დასახელდა. პროცედურების მიხედვით, დარჩენილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც გადაწყდება, გახდება თუ არა ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერი.

„პოლიტსაბჭომ განიხილა კანდიდატურა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფრაქციის წინაშე კანდიდატურა წარადგინონ დასამტკიცებლად. შემდეგ შედგა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის სხდომა, რომელმაც ერთსულოვნად დამიჭირა მხარი, რომ წარდგენილი ვიყო უმრავლესობის ლიდერის პოზიციის დასაკავებლად. დარჩენილია საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა და პირველივე შეხვედრაზე საკითხი საბოლოოდ გადაწყდება“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

სხდომას ასევე ესწრებოდა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც.

პრემიერი და თბილისის მერი "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 18 ოქტომბერი 2015 17:45

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.

პრემიერთან და თბილისის მერთან ერთად, დღეს რიყეზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

„მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე, თბილისობა ძალიან კარგი ტრადიციაა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. თბილისი არის მართლაც განსაკუთრებული, უნიკალური ქალაქი და სწორედ ამიტომ არის, რომ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან თბილისში და გაოცებული არიან სილამაზით, რომელიც ამ ქალაქშია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის მერის თქმით, წელს თბილისობა ყველა ასაკობრივ ჯგუფზე იყო გათვლილი და წლევანდელი ღონისძიებებიც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

„ძალიან ბევრი სტუმარია თბილისობის დღესასწაულზე, რომლებიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობენ. წლევანდელ თბილისობაზე პატარებისთვის ბევრი გასართობი და სპორტული ღონისძიებები იმართება. წელს ასევე კულინარიის ფესტივალის ტრადიცია დავნერგეთ, სადაც სტუმრებს, ქართულ ტრადიციულ სამზარეულოსთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გაცნობა შეუძლია. თბილისობის ღონისძიება დღეს საღამოს კონცერტით დასრულდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარს ალბათ ვერ გავაკეთებ“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 18 ოქტომბერი 2015 16:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნების დღეს გამოჩნდება, თუ ვის ენდობა ხალხი და ვის ანდობს ქვეყანას.

"NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარს ალბათ ვერ გავაკეთებ. მრავალი წელია, ამ ორგანიზაციის მიმართ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმოდა. მე აქვე მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამ ინსტიტუტის მიმართ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაოდნენ და უშუალოდ ახორციელებდნენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებულები "ნაციონალურ მოძრაობასთან". ეს ჩვენი მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის, მოსახლეობას აინტერესებს, თუ რას ჰპირდება და აკეთებს მთავრობა. ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობაზე აისახება და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი კვლევა, ეს არის არჩევნების დღე. იქ გამოჩნდება, ვის ენდობა ხალხი და ვის ანდობს ქვეყანას",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერ-მინისტრი გაუპატიურების ამსახველი კადრების გავრცელების ერთ-ერთ ვერსიას ასახელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 18 ოქტომბერი 2015 16:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინულ საიტზე, წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე, მრავალი ვერსია არსებობს. მისი განცხადებით, ერთ_ერთი ვერსია ის არის, რომ აღნიშნული ფირების ნაწილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინაში გაყიდეს.

"რაც შეეხება კადრებს, როგორც ვიცი, უკრაინულ მედიაში გავრცელდა. მრავალი ვერსია განიხილება, რომ იგივე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უკრაინელ მოქალაქეებს მიჰყიდეს. არ მინდა დეტალებში შევიდე, ამას გამოძიება დაადგენს. ჩვენ გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები, ამ კადრების გაუქმების უფლება მე არ მქონდა, ეს ინახება პროკურატურაში. ძალიან გთხოვთ, მოსახლეობა შეცდომაში ნუ შეგყავთ. ის, რომ ეს კადრები განადგურდა, ტყუილია",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის Exim Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 17:16

საქართველოში მიმდინარე და განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სლოვაკეთის Exim Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Exim Bank-ს, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 30 მილიონ ევრომდე ღირებულების პროექტები აქვს დაფინანსებული.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომელიც ბაკურიანში აკვაპარკისა და სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს და აღინიშნა, რომ Exim Bank-ის დაფინანსებით, საქართველოში 500 მილიონ ევრომდე ღირებულების საინვესტიციო პროექტების განხორციელება იგეგმება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე, კომპანია Green City-ს დირექტორი რამაზ მიქაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.

უკრაინულ ვებ-გვერდზე საქართველოში წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრები გავრცელდა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 16:38

უკრაინულმა ვებ-გვერდმა tube.ua-მ სკანდალური ვიდეოკადრები გამოაქვეყნდა, რომელზეც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს აწამებენ და აუპატიურებენ, რის შემეგაც მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ.

ვიდეოს დასასრულს კი ჩნდება მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის, ახალაიებისა და გივი თარგამაძის ფოტოები შემდეგი წარწერით: "სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი".

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში უკანონო ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ვიდეომასალებიც აღმოაჩინა, რომლებიც ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტიკის სფეროს წარმომადგენლებს გააცნო.  ამის შემდეგ, აღნიშნული მასალები, სპეციალური დანადგარის მეშვეობით, საჯაროდ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა.

დღეს გავრცელებული წამების ამსახველი მასალის წარმომავლობა ჯერ-ჯერობით უცნობია, ასევე არაა ცნობილი არის თუ არა ეს მასალები სამეგრელოში აღმოჩენილი საცავებიდან. 

პრემიერ-მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე CNN-ის ეთერში ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 14:17

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა CNN-ის ეთერში აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი საუკეთესო ხიდია, და ეს ყოველთვის საქართველოს ისტორიული როლი იყო და საქართველოს, ამ ორი კონტინენტის დაკავშირებისა და დაახლოების საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

 „ჩვენს ქვეყანას ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა აქვს ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რისი წყალობითაც შეგვიძლია, უზრუნველვყოთ უმოკლესი მარშრუტი ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის ევროპაში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური