"ვემიჯნებით გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს"-ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის სახელით განცხადებას ავრცელებს და თანაკოალიციელი გოგი თოფაძის განცხადებებს ემიჯნება"ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტის წევრის - ბატონ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით. ასევე, ვემიჯნებით დეპუტატის პოზიციას სტალინთან დაკავშირებით.კოალიციას აქვს მტკიცე პოზიციები ასეთ ფუნდამენტურ თემებთან მიმართებით და ჩვენ ეს პოზიციები საჯაროდ გვაქვს გაცხადებული.ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ „რუსთავი-2-თან“ დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული საბჭოთა წარსული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი - ეს არის სწორი გზა და იგი პრინციპულად განსხვავდება იმ რეჟიმისგან, რომელშიც ათეული წლების განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება.ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისკენ, ევროპული ოჯახისკენ."- აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნესსექტორში დასაქმება 61 000-ით გაიზარდა - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 11:25

დასაქმება და სამუშაო ადგილების გაზრდა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესსექტორის ხელშეწყობა და ამიტომ, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას.

„2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორი განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია, როგორც მოთხოვნის ზრდა, ისე ზოგადად ბიზნესაქტივობის გამოცოცხლება. თითქმის 61 ათასით არის გაზრდილი დასაქმება ბიზნესსექტორში - ეს არის 12-პროცენტიანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ წამოვიწყეთ არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემსახურება ბიზნესის ხელშეწყობას და ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას. მთავრობისა და საფინანსო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შევძელით მეწარმეების ხელშეწყობა, ახალი საწარმოების შექმნა და არსებულის განვითარება, რამაც შედეგი გამოიღო და მეტი მოქალაქის დასაქმება შევძელით“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დღეს წარმატებით მუშაობს ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორებიცაა ,,აწარმოე საქართველოში“, „იაფი აგროკრედიტი“, ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში მთავრობის მიერ დაწყებული პროგრამებით - მათ შორის ახალი საწარმოების შექმნის მიმართულებით, დამატებით 10 000 ადამიანი დასაქმდა.

პრემიერის შეფასებით, სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, მარტივდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ხდება უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და სამუშაო ადგილების შექმნა.

„ჩვენ ბიზნესს სამი წლის განმავლობაში მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმენით. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელია. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და ყველა ბიზნესდავა წყდება აბსოლუტურად სამართლიან გარემოში, იქნება ეს სასამართლო თუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფლად ოპერირებს საქართველოში, თავს გრძნობს სრულიად დაცულად და ინვესტორი აბსოლუტურად თავდაჯერებულია. შედეგად, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 87%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა. ჩვენ გვაქვს ძალიან მოქნილი პროგრამები, 10%-ით ვასუბსიდირებთ ბიზნესის სესხს და მათ უწევთ მხოლოდ 1-2%-ის გადახდა; უფასოდ ვაძლევთ მიწებს, ქონებას, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, რათა მეტად იყოს წახალისებული ბიზნესი და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, პირველად შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა განხორციელდა.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა განწყობები; გამოვლინდა თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და გადამზადების აუცილებლობა; მოხდა სამუშაო ადგილების შექმნაზე გავლენის მქონე ფაქტორების იდენტიფიცირება; გამოვლინდა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ განათლებას, რადგან კარგად გვესმის, რომ განათლების მიმართულებით მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების გარეშე, ვერ შევძლებთ ვერც სამუშაო ადგილების შექმნას, ვერც ეკონომიკის განვითარებას. ამავე დროს, ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ განათლების მიმართულებით. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, გვყავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური კადრები, განათლებული თაობა, რომლებიც დააკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს და იქნებიან კონკურენტუნარიანი თანამედროვე მსოფლიოში”, - განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციაზე, მსჯელობის შედეგად, ჩამოყალიბდება საერთო მიდგომა სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

დასაქმების რეგიონული ფორუმი თბილისში გაეროს, მსოფლიო ბანკის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლობების ორგანიზებით იმართება. ღონისძიებაში სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის მთავრობების წევრები, კერძო სექტორისა და ბიზნესპალატების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საერთაშორისო კონფერენცია: სამუშაო ადგილების შექმნა თანასწორობისა და კეთილდღეობისათვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 19:37

2015 წლის 28-29 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება ღირსეული დასაქმების, სოციალური თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხებს აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო დელეგაციები ექვსივე ქვეყნიდან და რეგიონში მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

კონფერენციას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფი, რომელშიც შედიან: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).  

ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის-ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 12:15

მიმდინარე ოკუპაციის ფონზე ჩემი მთავრობა მაინც არაორაზროვნად აცხადებს, რომ აუცილებელია პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში“, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, რუსეთთან ურთიერთობები ვერ დალაგდება.
“მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო რუსეთის საკითხს, რადგანაც დარწმუნებული ვარ, მის მიერ ბოლო დროს უკრაინასა და არა მხოლოდ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯები ამ კონფერენციაზე მსჯელობის უმნიშვნელოვანესი საკითხი გახდება. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ. ინტეგრაციის შეთანხმებებს სოხუმსა და ცხინვალთან, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე თავისი უკანონო კონტროლის განვრცობას.
მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას. ასევე შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მიმდინარე ოკუპაციის ფონზე ჩემი მთავრობა მაინც არაორაზროვნად აცხადებს, რომ აუცილებელია პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ამ მიზნით ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები რუსეთთან ვაჭრობის, სატრანსპორტო კომუნიკაციების, ადამიანებს შორის კონტაქტებისა და ტურიზმის ხელშესაწყობად იქ და მაშინ, როცა ეს შესაძლებელია. ამ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ კეთილგონივრულ მიდგომას. მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებ, რომ ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს,რომ ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას არ ებრძვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 10:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიასივრცე არის გაჯერებული მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციით. 
როგორც ღარიბაშვილმა გუშინ საგარეჯოში, მოსახლეობასთნ შეხვედრაზე განაცხადა, ტელევიზიები მოსახლეობას ძირითადად მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას აწვდიან. 
"მოდით შევხედოთ დღეს რა ხდება მედიის მიმართულებით. დღეს ტელევიზიები არიან აბსოლუტურად თავისუფალი. მოსახლეობას ესმის მხოლოდ ნეგატივი, პრობლემები. ისედაც დაძაბულ მოსახლეობას ყოველდღიურად ძაბავენ. იმ სიკეთეებზე, რომელიც ახლა აქ ჩამოგითვალეთ, პრაქტიკულად არ არის საუბარი მედიაში. ყოველდღე საუბარია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა ავტოავარიაში, სად რა ინციდენტი მოხდა. მთელი დღე მედიასივრცე არის გაჯერებული მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციით. 
ჩვენზე, ჩვენს მთავრობაზე ამბობენ, რომ ვებრძვით სიტყვის თავისუფლებას. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება დააბრალო ადამიანს? ერთადერთი ტელევიზია, რომელიც მთავრობასთან იყო ასოცირებული, ეს იყო "მე-9 არხი", რომელიც ეკუთვნოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ბატონმა ბიძინამ დახურა ეს არხი პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სანამ პოლიტიკიდან წავიდოდა. მას შემდეგ, გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას, არის მხოლოდ ოპოზიციური", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 
მისივე თქმით, ევროპაშიც, ამერიკაშიც, ყოველთვის არის მეორე, დამაბალანსებელი, ალტერნატიული წყარო ინფორმაციის მიღების და ხალხს აქვს საშუალება, რომ მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია. 
"სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მედიასაშულებები მუშაობას გააუმჯობესებენ, მოსახლეობას სწორად მიაწვდიან ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ოჯახმა დაგეგმოს სწორად საკუთარი მომავალი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

“ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტური იქნება”

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 12:10

ყოფილი პრემიერი,ახლანდელი პრემიერის მუშაობას დადებითად აფასებს .

მისი განცხადებით, ის დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება.

„ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს და დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება. რაც შეეხება საუბრებს მის არაფორმალურობასთან დაკავშირებით,  ჯერ მე არ ვაკადრებ ჩემს თავს ზედმეტად რამე მივანიშნო ან მივუთითო. მისი ბოლო ემოციური გამოსვლა არც მე მომეწონა.

ემოციები ახლდა, როგორც მოქალაქეს აქვს ამის უფლება, მაგრამ ის არის მთავრობის მეთაური და მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ეს რამდენჯერმე მითხოვნია კიდეც მისთვის, მაგრამ გაითვალისწინა? აი, არ გაითვალისწინა. ნუ, ახალგაზრდაა. მე არ ვფიქრობ, რომ ის არ არის თვითკმარი, პირიქით, საკმაოდ ჩამოყალიბებული ლიდერია. სააკაშვილისნაირი ლიდერისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს. ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტური იქნება. თანამდებობაზე სწავლა, ეს არ არის სირცხვილი, თანამდებობაზე დიდი ხანი ხარ და იზრდები და სწავლობ. გამზადებულ მინისტრებს და პრემიერებს ჩვენ ვერსაიდან ვერ მოვიყვანთ”, – განაცხადა ივანიშვილმა. მან ეს განცხადება ტელეკომპანია "იმედთან"საუბრისას გააკეთა. 

"ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული"-ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 16:44

ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში განაცხადა , სადაც მან შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარადგინა.
ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში არავითარ დესტაბილიზაციას.
"არსახსენებლებს" ვეძახი წინა მთავრობის წარმომადგენლებს და სააკაშვილს, რომელიც არის სახე იმ ნიღბიანი ჯალათის, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა. პირდაპირ ხდება მოწოდება, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაამხონ, ასე უნდა გავაკეთოთ და ისე უნდა გავაკეთოთო. მე მათ ვპირდები და გპირდებით თქვენ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ დესტაბილიზაციას. ჩვენ ვართ დღეს იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე ვიყავით 3 წლის წინ. ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული. ჩვენ მათ, ვინც ხალხს დაურღვევს მშვიდობას და სტაბილურობას, რა თქმა უნდა, გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ იქნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას უარყოფითად აფასებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 17:23

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის წამების ამსახველი კადრების გავრცელებაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს, კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ქვეყნის დესტრაბილიზაციისთვის საფრთხის შემცველია. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ:

"ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ უკანასკნელ ხანებში მიმდინარე მოვლენების გამო, რომლებიც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და სტაბილურობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მოვლენებს დადებითად აფასებენ და აქეზებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე, ის, რომ მათში აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები. კატეგორიულად მიუღებელია და ქვეყნაში დესტაბილიზაციის შექმნის საფრთხის მატარებლად მივიჩნევთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ ძალადობის მაპროვოცირებელ განცხადებას: "ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ კანონს გადავლენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რაც ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს" აღნიშნული განცხადება, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან ერთობლიობაში, ადასტურებს ხელისუფლების კავშირს ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე განხორციელებულ მიზანმიმართულ და ვანდალურ თავდასხმებთან.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებითაც, ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. პრეზიდენტმა აქცენტი კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობების არსებობაზე გააკეთა.

ასევე, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის მოსაზრებით, პრემიერის განცხადებები ყოველგვარი დემოკრატიული წესიერების მიღმაა. ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლებისთვის აპრობირებულ მეთოდად იქცა ე.წ. წამების კადრების გასაჯაროება, მათ შორის, საჯარო მოხელეების მიერ (გურიის გუბერნატორი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე) სხვადასხვა საშუალებით, (სოციალური ქსელი, ვებგვერდი, დემონსტრაციული ჩვენება ცალკეული ქალაქების საჯარო შეკრების ადგილებში) და ამის საფუძველზე, ორგანიზებულად, "ქართული ოცნების" აქტივისტების ხელმძღვანელობით, ძალადობრივი იერიშის მიტანა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" თუ "თავისუფალი ზონის" ოფისებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს სცენარი მოვლენათა ზემოხსენებული თანმიმდევრობით განვითარდა 2015 წლის 21-22 ოქტომბერს. კერძოდ, სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ვებგვერდზე კვლავ გამოქვეყნდა ე.წ. წამების კადრების ახალი ეპიზოდი. ამის პარალელურად, ფეისბუკის საშუალებით, ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის", "ევრაზიის ინსტიტუტის" და "ქართული ოცნების" სხვა მხარდამჭერები ავრცელებდნენ მუქარას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების, მხარდამჭერების და მათი ოჯახების მიმართ, თუმცა ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი მათგანის წინააღმდეგ არის დაწყებული გამოძიება. ყოველივე ზემოაღნიშნულს კი მოყვა პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე თავდასხმები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში: გურჯაანში, ახალციხეში, ასპინძაში, ქუთაისში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ბათუმში, წალენჯიხაში, ლანჩხუთში, გორში, ზუგდიდში, ხობში და სხვა. მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედებები ორგანიზებულია და მათი შინაარსი მსგავსია ყველა რეგიონში. თავდამსხმელთა საერთო ლოზუნგებია: "შOშ ლიკვიდირებული ენმ", "გაქრით მწამებლებო", "ნაციონალებო გადაშენდით". თავდამსხმელები არბევენ ენმ-ის ოფისებს, ესვრიან ქვებს და წითელი საღებავით შენობაზე ტოვებენ წარწერებს: "ქათმებო, მკვლელებო", "აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა". გარდა ენმ-ის ოფისებისა, ვანდალური ქმედება განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მიმართაც. მათ დააზიანეს ინფრასტრუქტურა და წითელი საღებავით დატოვეს წარწერა - "მწამებლის ბიბლიოთეკა". აღსანიშნავია, რომ დარბევებში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი აქტივისტების განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების საჯარო მოხელეები და პარტია "ქართული ოცნების" წევრები მონაწილეობენ, რის ფონზეც თუ რა მიზეზითაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღინიშნება სრული უმოქმედობა აღნიშნული კანონდარღვევების აღკვეთის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული არ ხვდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, როგორც ამას პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, არამედ წარმოადგენს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ თავდასხმას პოლიტიკურ ოპონენტებზე. შესაბამისად, ირღვევა ეროვნული კანონმდებლობა, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საჭიროებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, კავშირი "საფარი", მედიის განვითარების ფონდი MDF, იდენტობა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI, ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი BBSA.

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს რევოლუციის 59-ე წლისთავს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 11:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უნგრეთის რევოლუციის 59-ე წლისთავს ულოცავს და უნგრელ ხალხს წარმატებასა და მშვიდობას უსურვებს.

“საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და უნგრელ ხალხს 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 59-ე წლისთავს, რომელმაც ცხადყო უნგრელი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო უნგრეთისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება ჩვენივე ქვეყნების სასიკეთოდ. გისურვებთ თქვენ და მეგობარ უნგრელ ხალხს წარმატებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას,”- ნათქვამია მისალოც ბარათში.

„ჩვენ რომ სააკაშვილის მეთოდებით გვინდოდეს მართვა, ვარწმუნებ ყველას, გაცილებით ადრე წაერთმეოდათ ამ ადამიანებს ყველანაირი უფლება“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 12:39

ჩვენ რომ სააკაშვილის მეთოდებით გვინდოდეს მართვა, ვარწმუნებ ყველას, გაცილებით ადრე წაერთმეოდათ ამ ადამიანებს ყველანაირი უფლება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, “რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებებისას განაცხადა. პრემიერი “რუსთავი 2“-ის საქმეში მთავრობის ჩართულობას გამორიცხავს.
“ეს არ არის ჩვენს ინტერესებში. ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ჩვენ არ ვართ ჩართული “რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ პროცესებში. ჩვენ რომ ასეთი, ანუ სააკაშვილის მეთოდებით გვინდოდეს მართვა, ვარწმუნებ ყველას, ამდენი დრო არ დაგვჭირდებოდა და გაცილებით ადრე წაერთმეოდათ ამ ადამიანებს ყველანაირი უფლება – საუბრის, გამოხატვის და ა.შ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ დააფასონ ის დემოკრატიული სივრცე და გარემო, რომელიც ჩვენ შევქმენით და უზრუნველყავით ყველასთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ შეხედულებისა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა მთავრობის წევრებს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისა და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების დავალება მისცა.
“ჩვენ დავაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს იგივე “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველას, საზოგადოებას ნუ შევიყვანთ შეცდომაში და ნუ დავაბნევთ არასწორი აქცენტების გაკეთებით. ამაში მთავრობის როლიც განსაკუთრებელია – მინისტრებს გაქვთ ყველანაირი უნარი, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, დღეს მედიასივრცე გაჯერებულია მხოლოდ ტყუილით. ჩვენი როლი აქ არის გამოკვეთილი და ჩვენ პროაქტიურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია”, – მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური