ხელისუფლების ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება გაიხსნას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 17:25

პრემიერი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დგას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესების უკან.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რომელ ხელისუფალს შეიძლება აწყობდეს სამი წლის თავზე ამგვარი ქმედების განხორციელება, ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ამაში რაციონალურ აზრს ვერ დაინახავს. რა აზრი აქვს თეორიულად, რომ ვინმეს ჰქონდეს მიზანი რომ რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს, როცა ხვალ შეიძლება გაიხსნას ძალიან მარტივად რუსთავი 5“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება გაიხსნას, რათა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია და გაიგოს სიმართლე.

„მოგვწონს თუ არა რომელიმე სიუჟეტი, ეს მეასეხარისხოვანია. მეც და მთავრობის წევრებსაც არაერთხელ გამოგვითქვამს კრიტიკა ამა თუ იმ ტელევიზიის მუშაობასთან დაკავშირებით, ეს ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიის დამახასიათებელი პროცესია, მაგრამ თუ ეს კრიტიკული აზრი გარდაისახება ქმედებაში, ეს საგანგაშოა. დამისახელოს რომელიმე ქართველმა ან უცხოელმა, როდის გარდაისახა ჩვენი კრიტიკული აზრი შესაბამის ქმედებაში მედიასაშუალებებთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში?! საქართველოში ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად თავისუფალი გარემო მედიასაშუელებებისთვის, სამოქალაქო სექტორისთვის და ყველასთვის. დღეს ყველა მოქალაქე, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აბსოლუტურად თავისუფალია. ნებისმიერი არხი, იქნება ეს „რუსთავი 2“, „მაესტრო“ თუ „იმედი“, იმუშავებს ყოველთვის და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ რომელიმე არხი ხელოვნურად დაიხუროს, თუმცა უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი დავა“, - განაცხადა პრემიერმა

"2007 წელს "იმედი" პირდაპირ დაარბიეს...დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მივიღებთ"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 16:58

დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც ჩვენი მეგობრებისგან, ვერც პარტნიორებისგან და მითუმეტეს, ჩვენი მტრებისგან , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან მედიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და 2007 წელს "იმედის" დარბევის ფაქტი გაიხსენა. 
"შევახსენებთ მოსახლეობას და იმ სკეპტიკოსებს, რომლებიც ჯერ კიდევ არიან და რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ დააფასეს ეტყობა ის სიკეთეები და დემოკრატიული ფასეულობა, რომელიც ჩვენ შევქმენით ამ სამი წლის განმავლობაში. 2007 წელს "იმედი" პირდაპირ დაარბიეს, ჟურნალისტები სცემეს და გამოყარეს, ასე ვთქვათ დაიპყრეს მთელი კომპანია და ამის შემდეგ თვითონ მართავდნენ "იმედს" 2012 წლის ოქტომბრამდე. ეს არც თუ ისე შორეული წარსულია ჩვენი ქვეყნის, ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, მათ შორის უცხოელებს, ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენთვის ძალიან ფასეულია ის განცხადებები, რომელიც კეთდება, საინტერესოა მოვისმინოთ კრიტიკა, ოღონდ ჯანსაღი და ობიექტური კრიტიკა. დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მივიღებთ, ვერც ჩვენი მეგობრებისგან, ვერც პარტნიორებისგან და მითუმეტეს, ჩვენი მტრებისგან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ მთავრობა რა თქმა უნდა, მოწოდებულია გააუმჯობესოს ის შედეგები, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დაფასება და სწორი შეფასება. 

ჩინეთში ექსპორტზე მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინო და 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი გავა - ი. ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 16:14

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინო და 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი გავა, – შესაბამის ხელშეკრულებებს ხელი დღეს მოეწერა. საქართველოსა და ჩინეთს შორის სულ უფრო მზარდი ურთიერთობების შედეგი – ასე შეაფასა ახლად გაფორმებული ხელშეკრულებები საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საერთო მომავალში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა „საქართველო– ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაზე“, რომელიც, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ჰუალინგის საგამოფენო ცენტრში იმართება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ფორუმის მზადება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს მთავრობასთან ერთად, არის ჩინეთის მთავრობა.
„ჩინეთის გარდა, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მართავს ფორუმს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით – „ერთი გზა ერთი სარტყელი“, ახალი აბრეშუმის გზა, რომელიც უზარმაზარ პოტენციალს უხსნის სახელმწიფოებს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ გამოფენა ჩინურ და ქართულ კომპანიებს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საშუალებას მისცემს.
საქართველო–ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაში სინძიანის, პეკინის, ხეპეის, ხენანის, ხუნანის , შანსის და ჩინეთის სხვა პროვინციების 175 კომპანია და 300 –მდე ბიზნესმენი მონაწილეობს.
გამოფენაში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორები: მაღალი ტექნოლოგიები, სამშენებლო ტექნიკა, ენერგეტიკა, ტექსტილი, ავეჯი, ავეჯის აქსესუარები, საოჯახო ტექნიკა, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და სხვა.

ირაკლი ღარიბაშვილი ლინკოლნ მიტჩელსა და პოლ ჯონსონს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 16:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური განვითარებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტს, ლინკოლნ მიტჩელს და ორგანიზაცია "სტრატეგიული პარტნიორობის" (SP) აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჯონსონს შეხვდა. 
  მხარეებმა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. 
მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ პროექტებზე.

"ვემიჯნებით გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს"-ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის სახელით განცხადებას ავრცელებს და თანაკოალიციელი გოგი თოფაძის განცხადებებს ემიჯნება"ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტის წევრის - ბატონ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით. ასევე, ვემიჯნებით დეპუტატის პოზიციას სტალინთან დაკავშირებით.კოალიციას აქვს მტკიცე პოზიციები ასეთ ფუნდამენტურ თემებთან მიმართებით და ჩვენ ეს პოზიციები საჯაროდ გვაქვს გაცხადებული.ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ „რუსთავი-2-თან“ დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული საბჭოთა წარსული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი - ეს არის სწორი გზა და იგი პრინციპულად განსხვავდება იმ რეჟიმისგან, რომელშიც ათეული წლების განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება.ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისკენ, ევროპული ოჯახისკენ."- აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნესსექტორში დასაქმება 61 000-ით გაიზარდა - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 11:25

დასაქმება და სამუშაო ადგილების გაზრდა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესსექტორის ხელშეწყობა და ამიტომ, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას.

„2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორი განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია, როგორც მოთხოვნის ზრდა, ისე ზოგადად ბიზნესაქტივობის გამოცოცხლება. თითქმის 61 ათასით არის გაზრდილი დასაქმება ბიზნესსექტორში - ეს არის 12-პროცენტიანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ წამოვიწყეთ არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემსახურება ბიზნესის ხელშეწყობას და ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას. მთავრობისა და საფინანსო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შევძელით მეწარმეების ხელშეწყობა, ახალი საწარმოების შექმნა და არსებულის განვითარება, რამაც შედეგი გამოიღო და მეტი მოქალაქის დასაქმება შევძელით“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დღეს წარმატებით მუშაობს ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორებიცაა ,,აწარმოე საქართველოში“, „იაფი აგროკრედიტი“, ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში მთავრობის მიერ დაწყებული პროგრამებით - მათ შორის ახალი საწარმოების შექმნის მიმართულებით, დამატებით 10 000 ადამიანი დასაქმდა.

პრემიერის შეფასებით, სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, მარტივდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ხდება უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და სამუშაო ადგილების შექმნა.

„ჩვენ ბიზნესს სამი წლის განმავლობაში მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმენით. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელია. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და ყველა ბიზნესდავა წყდება აბსოლუტურად სამართლიან გარემოში, იქნება ეს სასამართლო თუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფლად ოპერირებს საქართველოში, თავს გრძნობს სრულიად დაცულად და ინვესტორი აბსოლუტურად თავდაჯერებულია. შედეგად, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 87%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა. ჩვენ გვაქვს ძალიან მოქნილი პროგრამები, 10%-ით ვასუბსიდირებთ ბიზნესის სესხს და მათ უწევთ მხოლოდ 1-2%-ის გადახდა; უფასოდ ვაძლევთ მიწებს, ქონებას, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, რათა მეტად იყოს წახალისებული ბიზნესი და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, პირველად შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა განხორციელდა.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა განწყობები; გამოვლინდა თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და გადამზადების აუცილებლობა; მოხდა სამუშაო ადგილების შექმნაზე გავლენის მქონე ფაქტორების იდენტიფიცირება; გამოვლინდა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ განათლებას, რადგან კარგად გვესმის, რომ განათლების მიმართულებით მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების გარეშე, ვერ შევძლებთ ვერც სამუშაო ადგილების შექმნას, ვერც ეკონომიკის განვითარებას. ამავე დროს, ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ განათლების მიმართულებით. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, გვყავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური კადრები, განათლებული თაობა, რომლებიც დააკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს და იქნებიან კონკურენტუნარიანი თანამედროვე მსოფლიოში”, - განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციაზე, მსჯელობის შედეგად, ჩამოყალიბდება საერთო მიდგომა სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

დასაქმების რეგიონული ფორუმი თბილისში გაეროს, მსოფლიო ბანკის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლობების ორგანიზებით იმართება. ღონისძიებაში სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის მთავრობების წევრები, კერძო სექტორისა და ბიზნესპალატების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საერთაშორისო კონფერენცია: სამუშაო ადგილების შექმნა თანასწორობისა და კეთილდღეობისათვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 19:37

2015 წლის 28-29 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება ღირსეული დასაქმების, სოციალური თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხებს აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო დელეგაციები ექვსივე ქვეყნიდან და რეგიონში მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

კონფერენციას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფი, რომელშიც შედიან: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).  

ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის-ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 12:15

მიმდინარე ოკუპაციის ფონზე ჩემი მთავრობა მაინც არაორაზროვნად აცხადებს, რომ აუცილებელია პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში“, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, რუსეთთან ურთიერთობები ვერ დალაგდება.
“მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო რუსეთის საკითხს, რადგანაც დარწმუნებული ვარ, მის მიერ ბოლო დროს უკრაინასა და არა მხოლოდ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯები ამ კონფერენციაზე მსჯელობის უმნიშვნელოვანესი საკითხი გახდება. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ. ინტეგრაციის შეთანხმებებს სოხუმსა და ცხინვალთან, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე თავისი უკანონო კონტროლის განვრცობას.
მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას. ასევე შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მიმდინარე ოკუპაციის ფონზე ჩემი მთავრობა მაინც არაორაზროვნად აცხადებს, რომ აუცილებელია პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ამ მიზნით ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები რუსეთთან ვაჭრობის, სატრანსპორტო კომუნიკაციების, ადამიანებს შორის კონტაქტებისა და ტურიზმის ხელშესაწყობად იქ და მაშინ, როცა ეს შესაძლებელია. ამ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ კეთილგონივრულ მიდგომას. მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებ, რომ ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს,რომ ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას არ ებრძვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 10:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიასივრცე არის გაჯერებული მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციით. 
როგორც ღარიბაშვილმა გუშინ საგარეჯოში, მოსახლეობასთნ შეხვედრაზე განაცხადა, ტელევიზიები მოსახლეობას ძირითადად მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას აწვდიან. 
"მოდით შევხედოთ დღეს რა ხდება მედიის მიმართულებით. დღეს ტელევიზიები არიან აბსოლუტურად თავისუფალი. მოსახლეობას ესმის მხოლოდ ნეგატივი, პრობლემები. ისედაც დაძაბულ მოსახლეობას ყოველდღიურად ძაბავენ. იმ სიკეთეებზე, რომელიც ახლა აქ ჩამოგითვალეთ, პრაქტიკულად არ არის საუბარი მედიაში. ყოველდღე საუბარია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა ავტოავარიაში, სად რა ინციდენტი მოხდა. მთელი დღე მედიასივრცე არის გაჯერებული მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციით. 
ჩვენზე, ჩვენს მთავრობაზე ამბობენ, რომ ვებრძვით სიტყვის თავისუფლებას. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება დააბრალო ადამიანს? ერთადერთი ტელევიზია, რომელიც მთავრობასთან იყო ასოცირებული, ეს იყო "მე-9 არხი", რომელიც ეკუთვნოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ბატონმა ბიძინამ დახურა ეს არხი პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სანამ პოლიტიკიდან წავიდოდა. მას შემდეგ, გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას, არის მხოლოდ ოპოზიციური", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 
მისივე თქმით, ევროპაშიც, ამერიკაშიც, ყოველთვის არის მეორე, დამაბალანსებელი, ალტერნატიული წყარო ინფორმაციის მიღების და ხალხს აქვს საშუალება, რომ მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია. 
"სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მედიასაშულებები მუშაობას გააუმჯობესებენ, მოსახლეობას სწორად მიაწვდიან ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ოჯახმა დაგეგმოს სწორად საკუთარი მომავალი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

“ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტური იქნება”

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 12:10

ყოფილი პრემიერი,ახლანდელი პრემიერის მუშაობას დადებითად აფასებს .

მისი განცხადებით, ის დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება.

„ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს და დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება. რაც შეეხება საუბრებს მის არაფორმალურობასთან დაკავშირებით,  ჯერ მე არ ვაკადრებ ჩემს თავს ზედმეტად რამე მივანიშნო ან მივუთითო. მისი ბოლო ემოციური გამოსვლა არც მე მომეწონა.

ემოციები ახლდა, როგორც მოქალაქეს აქვს ამის უფლება, მაგრამ ის არის მთავრობის მეთაური და მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ეს რამდენჯერმე მითხოვნია კიდეც მისთვის, მაგრამ გაითვალისწინა? აი, არ გაითვალისწინა. ნუ, ახალგაზრდაა. მე არ ვფიქრობ, რომ ის არ არის თვითკმარი, პირიქით, საკმაოდ ჩამოყალიბებული ლიდერია. სააკაშვილისნაირი ლიდერისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს. ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტური იქნება. თანამდებობაზე სწავლა, ეს არ არის სირცხვილი, თანამდებობაზე დიდი ხანი ხარ და იზრდები და სწავლობ. გამზადებულ მინისტრებს და პრემიერებს ჩვენ ვერსაიდან ვერ მოვიყვანთ”, – განაცხადა ივანიშვილმა. მან ეს განცხადება ტელეკომპანია "იმედთან"საუბრისას გააკეთა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური