ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015 10:00

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ფრანს ტიმერმანსს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასოცირების შეთანხმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია, ამიტომ ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილება იყო, წარმატებით და დროულად განხორციელებულიყო ყველა ის რეფორმა, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
საუბარი ასევე შეეხო დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ახალ მიდგომას სამეზობლო პოლიტიკისადმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიფერენციაციის მნიშვნელობას მაღალი ამბიციების მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.

ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესებში მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზე და ტერორიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის მნიშვნელობაზე. მხარეებმა მწუხარება გამოთქვეს საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 16:17

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს რეზიდენციაში. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.

ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა და გამოითქვა რესურსების ამოქმედებისა და თანამშრომლობის სრული პოტენციალის გამოყენების იმედი.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დასაფასებელია სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის ურყევი მხარდაჭერა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პირადი წვლილი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.

რობერტ ფიცომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ხაზი გაუსვა ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროული დასრულების მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების თემებზე. ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის, მნიშვნელობასა და მისი მანდატის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

რობერტ ფიცომ, სლოვაკეთის მთავრობის სახელით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 15:00

საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერის, პეტერ პელეგრინის შეხვედრაზე.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
ყურადღება გამახვილდა პარლამენტთაშორის ურთიერთობებზე, სხვადასხვა სტრუქტურებს შორის სექტორული თანამშრომლობის განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციის პროცესებს. აღინიშნა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება და საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი.
მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ითქვა, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა აქტიურადაა ჩართული „ვიშეგრადის ოთხეულის“ ფორმატში მუშაობის პროცესში, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პეტერ პელეგრინს, სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთში ალექსანდრე ნალბანდოვი დაესწრნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 13:51

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს დელეგაციას ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტში ორი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დახვდნენ. 
დღესვე საქართველოს მთავრობის მეთაური სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და ეროვნული საბჭოს სპიკერს პეტერ პელეგრინს შეხვდება. 
დაგეგმილია საქართველოსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

გაეროს განვითარების პროგრამა დგას ქართველი ხალხის გვერდით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 15:06

დასრულდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილისა და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის - ჯიჰან სულთანოღლუს სამდღიანი ვიზიტი საქართველოში.
11 ნოემბერს, საქართველოდან გამგზავრების წინ ჯიჰან სულთანოღლუმ შეაჯამა ვიზიტის შედეგები და აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამა განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული გარდაქმნებისა და მდგრადი განვითარების გზაზე:
„ჩემი ვიზიტი დაემთხვა მნიშვნელოვან პერიოდს, როდესაც მსოფლიო ემზადება განვითარების ახალი 15-წლიანი ციკლის დასაწყებად. 2016 წლის იანვრიდან ჩვენ შევუდგებით ახალი გლობალური დღის წესრიგის - მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. საქართველოში ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, შესაბამისობაში მოვიყვანოთ მდგრადი განვითარების მიზნები ეროვნულ პრიორიტეტებთან. ეს დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას კეთილდღეობისა და ინკლუზიური საზოგადოებისკენ და შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ღირსეულად გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს. გაეროს განვითარების პროგრამა მხარში უდგას საქართველოს მთავრობასა და ხალხს ქვეყნის განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში“.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯიჰან სულთანოღლუ შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს - დავით უსუფაშვილს, და გაეროს განვითარების პროგრამის ძირითად პარტნიორებს საქართველოში - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს.
ჯიჰან სულთანოღლუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობა, რომელიც ეყრდნობა გაეროსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებასა და გაეროს განვითარების პროგრამის საპროგრამო დოკუმენტს 2016-2020 წლებისთვის.
მან ასევე აღნიშნა საქართველოს მიღწევები დემოკრატიული გარდაქმნების გზაზე, მათ შორის ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მეტი ჩართულობის სფეროში, და ხაზი გაუსვა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა დასაქმების გაზრდა, სოფლის მეურნეობის განვითარება, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სტანდარტის ამაღლება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა.       
10 ნოემბერს, ჯიჰან სულთანოღლუმ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობისათვის - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით ევროკავშირთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი ღარიბაშვილთან, და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში - ფედერიკა მოგერინისთან ერთად მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს.
ჯიჰან სულთანოღლუმ აღნიშნა:
„გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა დაცვის ქვაკუთხედია. მაგრამ ის ასევე იმ მდგრადი განვითარების წინაპირობაა, რომლის აუცილებლობის შესახებ ასე მკაფიოდ განაცხადა ქართველმა ხალხმა. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების ყველა წევრი შეძლებს თანასწორი მონაწილეობა მიიღოს განვითარების პროცესში, ეს ერთობლივი ძალისხმევა შთმბეჭდავ გავლენას იქონიებს როგორც მთელი საზოგადოების, ასევე ცალკეული ოჯახების კეთილდღეობაზე. საქართველოში ამჟამად განიხილება სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების შესაძლებლობა მომავალი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის. გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს და აქტიურად ჩართულია ამ პროცესში, რათა ერთად მოვნახოთ არსებული უთანასწორობის აღმოფხვრის გზები“.  
11 ნოემბერს, ჯიჰან სულთანოღლუ გაემგზავრა დუშეთის რეგიონში, სადაც გაეცნო გაეროს განვითარების პროგრამის, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის შედეგებს საქართველოში რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდასაჭერად.
ჯიჰან სულთანოღლუ შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
ოფიციალურ დელეგაციაში ასევე შედიოდნენ გაეროს შტაბ-ბინის წარმომადგენლები და გაეროს მუდმივი კოორდინატორი/გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ნილს სკოტი.   
ამავე დღეს, ჯიჰან სულთანოღლუმ დაასრულა თავისი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 17:00

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის პირისპირ შეხვედრაზე. 

მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესასრულებლად.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და კონფლიქტურ რეგიონებში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინს განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა, როგორც ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურება.

ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 12:12

ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ანტიდისკრიმინაციული კანონი «ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ» ევროპის საბჭოს კონვენციის ხელმოწერა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით - გენდერული თანასწორობის კუთხით ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯიჰან სულთანოღლუსთან ერთად გახსნა.
პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის ორგანიზატორებს, იდეის ინიციატორს-თამარ ბერუჩაშვილს და კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ გაეროს წევრი ქვეყნების მიზნის მიღწევა - „პლანეტა 50/50-ზე" სავსებით შესაძლებელია.

„ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, პირადად მე ამ ტრადიციებით გავიზარდე. მეგობრებო, თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის ყველაზე დიდმა მოაზროვნემ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვა, რომ ქალი და კაცი თანასწორია. ამიტომაც არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული ქალების მიმართ ის დისკრიმინაცია და ის ძალადობა, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ამის გამართლება,"-აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს და მიღწეულ შედეგებს გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში უფრო მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი.

„ბოლო წლებში ჩვენ არსებითი პროგრესი გვაქვს - შარშან მივიღეთ ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, აგრეთვე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი; ჩვენ ხელი მოვაწერეთ ,,ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციას; გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ძალისხმევა აისახება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორობას ევროპის კავშირთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას ატარებენ. ეს პარტნიორობა ემყარება საერთო ღირებულებებს და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის არსებით ინსტრუმენტებს,"-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს უდიდესი მხარდაჭერა ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში, ხოლო დიდ ევროპულ ოჯახთან თანამშრომლობა კი არის საუკეთესო გზა როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებათა რეალიზაციისკენ, ისე რეგიონალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ.

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ტარდება. ღონისძიებას ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან 250-მდე წარმომადგენელი ესწრება.

გაეროს სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად იღვწის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 12:47

ამ კვირას საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სოფლის მეურნეობის განვითარების  საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტი ბატონი კანაიო ნოანზე. ვიზიტის ფარგლებში ბატონი კანაიო ნოანზე შეხვედება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს  სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ოთარ დანელიას და განიხილავს გაეროს სააგენტოს მიერ ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სიღარიბის დაძლევაში დასახულ ღონისძიებებს.
განხილვის მთავარი საგანი იქნება  სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარებისათვის ისეთი ინოვაციური მიდგომების გამოყენება, როგორიცაა კლიმატზე ადაპტირებული (კლიმატგონივრული) სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარება;   ფერმერებისა და აგრობიზნესის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება; სოფლის მეურნეობაში წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვის შემდგომი  მოდერნიზაცია  და ახალგაზრდებისათვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რაც უზრუნველყოფს  სიღარიბის დაძლევას და   მცირემიწიან ფერმერთა კეთილდღეობას.
საქართველოს ახალგაზრდების ქალაქებში შრომითი მიგრაციის საპირწონედ,  სოფლის მეურნეობის განვითარების  საერთაშორისო ფონდი გეგმავს საქართველოს მთავრობასთან ერთად ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგის აღორძინებას, რომელიც ამჟამად მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის 43 პროცენტს.
"საქართველომ მძლავრ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში", –  განაცხადა ბატონმა კანაიო ნოანზემ,  – ,,მაგრამ საჭიროა ახალი მიდგომა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რათა მოხდეს სოფლად გარდაქმნა და  სიღარიბის მნიშვნელოვნად დაძლევა".
ვიზიტის ფარგლებში ბატონი კანაიო ნოანზე  ეწვევა სოფლის მეურნეობის განვითარების  საერთაშორისო ფონდის  მიერ დაფინანსებულ  სოფლის
მეურნეობის მხარდაჭერ პროექტს და საშუალება ექნება გაეცნოს პროექტის ფარგლებში აღდგენილ საირიგაციო სისტემას. იგი ასევე შეხვდება მცირემიწიან ფერმერებს, რომლებიც სარგებლობენ წყლის უწყვეტი მომარაგებით.
1997 წლიდან სოფლის მეურნეობის განვითარების  საერთაშორისო ფონდმა საქართველოში განახორციელა  118.9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია  ხუთი პროგრამისა და  პროექტების საშუალებით.  შედეგად მოხერხდა დამატებით 51.6 მლნ აშშ დოლარის  ინვესტიციის მოზიდვა, რომლითაც ისარგებლა 82.850 ოჯახმა.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ძირითადი მიზანია სოფლად მცხოვრებთა სიღარიბის დონის შემცირება,  სურსათის უსაფრთხოება, უკეთესი კვების უზრუნველყოფა და უკეთესი ცხოვრების მშენებლობა. 1978 წლიდან ფონდმა   17 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება  აღმოუჩინა დაახლოებით 453 მილიონ ადამიანს გრანტების, დაბალპროცენტიანი სესხებისა და პროექტების  საშუალებით. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური  სააგენტო   – მდებარეობს რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მთავარ ცენტრში.

საქართველოს პრემიერის განცხადება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 14:39

"ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არის კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა და ბუნებრივია, რომ ორივე მხარე იყენებს ყველა არსებულ იურიდიულ ბერკეტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად", ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "რუსთავი 2"-ს გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სურს მკაფიოდ და ნათლად დააფიქსიროს ხელისუფლების პოზიცია. "ჩვენი, ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სრულად იქნება დაცული სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვენლოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას ჩვენი სახელმწიფოს განვითარება", - მიაჩნია პრემიერს.

მისივე თქმით, საქართველო აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს, ასეთ სახელმწიფოში კი კერძო სასამართლო დავას და მით უფრო, მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. "ასეთი საქმეები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ".

როგორც სახელმწიფოს მეთაური აცხადებს, ამ საქმესთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა. პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

"ხელისუფლებამ, მედიამ, სასამართლომ და საზოგადოებამ - ყველამ უნდა უზრუნველვყოთ როგორც მედიის, ისე სასამართლოს დამოუკიდიებლობა, რათა არავის მხრიდან არ მოხდეს ამ ინსტიტუტების გამოყენება ვინმეს პარტიული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის," - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 16:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაური მისალოც წერილს ავრცელებს.
“ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ ჩვენს დიპლომატებს! მათ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ერგოთ ქვეყნისთვის სამსახური. იმ წარმატებაში, რომელსაც საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია, უდიდესი წვლილი სწორედ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ეკუთვნით. მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველა ქართველი დიპლომატის მიმართ და მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს ქვეყნის სამსახურისა და პროფესიული ერთგულებისათვის. მჯერა, რომ ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული, პრინციპული, პროაქტიული და მაღალკვალიფიციური დიპლომატიის მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს, ვუსურვებ მათ წარმატებებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს პრემიერი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური