პრემიერი განვლილ 3 წელს აჯამებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 14:22

"ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს," - ეს ერთ-ერთი მთავარი მესიჯია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა 3 წლის შეფასების დროს გააჟღერა. პრემიერმინისტრი კონკრეტულად საუბრობს ამ თემაზე და აცხადებს, რომ იმისათვის, რომ იყოს ინსტიტუტი ძლიერი, აუცილებელია მას სწორი ადამიანები მართავდნენ. 

"ინსტიტუტები ძლიერია, თუ მას ძლიერი ლიდერები, სწორი და პასუხისმგებლიანი
ადამიანები მართავენ. ჩვენ 3 წლის განმავლობაში გვყავს გამჭვირვალე ანგარიშვალდებული მთავრობა და მმართველობის სისტემა,"- აცხადებს ღარიბაშვილი. 

ამასთან ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის მუშაობაში ხელისუფლება არ ერევა. მისივე თქმით ჩარევისგან თავისუფალია მედია და დეპოლიტიზირებულია პოლიციაც. 

"შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია ადამიანები განთავისუფლდნენ შიშისგან. დეპოლიტიზირებულია პოლიცია შექმნილია უმთავრესი წინაპირობა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებისთვის. უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, მედიის საქმიანობაში ხელისუფლება არ ერევა, თავისუფალია სასამართლო ჩარევისგან," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრმა მთავრობის წევრებს და მოქალაქეებს რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის გადაწყვეტილება მიულოცა, რომლის მიხედვითაც უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ. 

"2012 წელს ჩვენ მიზნად დავისახეთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. ანუ ისეთი საქართველოს რომელშიც ხორცს შეისხამდა ჩვენი წინაპრების მუდმივი მისწრაფება, ვყოფილიყავით ერთიანი, ძლიერი განვითარებული ქვეყანა.

ამ მანდატით მოვედით ხელისუფლებაში და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისათვის რომ ვიყოთ ხელისუფლება რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს.

ჩვენი შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეა. ევროპა უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენს წარმატებებს. ევროკავშირი ფართოდ გვიხსნის საზღვრებს. ეს ჩვენი შრომის უმაღლესი
შეფასებაა. ყველას გილოცავთ ამ მიღწევას. ამიერიდან საქართველოს წინაშე ახალი შესაძლებლობები ისახება.

საზეიმო განწყობამ არ უნდა დაგვავიწყოს ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემები. თვალი უნდა გავუსწოროთ იმ პრობლემებს რაც გაგვაჩნია. ჩვენ ხალხს უნდა ვაჩვენოთ რომ ქვეყანას
სწორად ვმართავთ,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლებისთვის ფუნდამენტური ღირებულებაა ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლება. 

ევროპა ამბობს, რომ ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 21:18

პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე და ისტორიული დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განხორციელდა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ დღეს, ევროინტეგრაციის გზაზე, გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში.

„წარმატებული რეფორმების შედეგად ჩვენ უკვე მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ამის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთიანი საქართველოს შენების ურყევ საფუძველს კიდევ უფრო განამტკიცებს. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან. საბოლოო გადაწყვეტილებამდე გასავლელია ეტაპები, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებით, რამდენიმე თვეს მოიცავს. თუმცა, დღეს ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა საქართველოს განუხრელი ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი, წინსვლა ევროპული თანამეგობრობისკენ სწრაფვის გზაზე და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ, რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების გზაზე, ევროპელი კოლეგების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

„საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერია. პასუხად ევროპა ამბობს, რომ ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეს ჩვენ თანამედროვეთა და მრავალი თაობის ოცნება ახდა. მიუხედავად მრავალი შიდა თუ გარე წინააღმდეგობისა, ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით - შედეგი მიღწეულია. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. საქართველოს წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობები ისახება. ევროპელებთან ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ყველა დონეზე ურთიერთობათა გაღრმავება, ქალაქების დაძმობილება, სტუდენტური და სამოქალაქო გაცვლითი პროგრამები, ევროპის ასოციაციებში გაწევრიანება, თავისუფალი ვაჭრობა - სულ მალე ეს ყველაფერი სრულიად ახალ, უფრო ღრმა და შინაარსიან განზომილებას შეიძენს. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში ნახევარი წლის განმავლობაში 90 დღის მანძილზე უვიზოდ შესვლას. შეგეძლებათ ევროპაში იმოგზაუროთ ოჯახთან ერთად, დაგეგმოთ საქმიანი ვიზიტი, ეწვიოთ მეგობრებს, ნათესავებს, ჩაერთოთ საზაფხულო სკოლებში, მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციებსა თუ გამოფენებში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპასა და საქართველოს შორის შთამბეჭდავი თანამშრომლობის ამ მაგალითის უკან დგას მრავალი ადამიანის ძალისხმევა, ქვეყნის ყველა საჯარო სტრუქტურის პროფესიონალიზმი, ასევე, უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ევროპელი პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან წლების განმავლობაში იღებს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ყველას, ვინც თავი არ დაზოგა, რომ ეს მიზანი რეალობად ქცეულიყო.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ვისაც ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი არასოდეს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ევროპა - მისი ფასეულობები და ცხოვრების წესი - არა უბრალოდ რაციონალური არჩევანია, არამედ ჩვენი ისტორიული სახლი.

ამ სიტყვაში - ევროპა, განსახიერებულია ყველაფერი, რისკენაც მივისწრაფვით: თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა და თანასწორობა, მშვიდობა და ნათელი მომავალი ჩვენი შვილებისათვის, განვითარების პირობები ყველასთვის. რაც მთავარია - ესაა ჩვენი უნიკალურობის, თვითმყოფადობის სრულად რეალიზების სივრცე. და ესაა გზა საქართველოს ერთიანობისკენ! მხოლოდ თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენებით გავხდით ჩვენ ქვეყანას მიმზიდველს აფხაზი და ოსი ძმებისთვის. დადგება დღე, როცა ისინიც სრულად ისარგებლებენ სიკეთეებით, რაც ევროპულ ინტეგრაციას მოაქვს. ეს წარმატება არის ახალი გზის დასაწყისი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ქვეყნის ამ გამარჯვებას!", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი «მეტრო ატლას ჯორჯიას» დამფუძნებელს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 17:38

თურქი ბიზნესმენი და მეცენატი გალიფ ოზთურქი "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" მეორე მსხვილ დონაციას განახორციელებს-აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და "მეტრო ატლას ჯორჯიას" დამფუძნებლის, გალიფ ოზთურქის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები, მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და „საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობა განიხილეს. თურქმა მეცენატმა გამოთქვა სურვილი, ქველმოქმების მიზნით, გადარიცხოს დამატებით 500 000 ლარი „სოლიდარობის ფონდში". პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გალიფ ოზთურქს საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისა და ქველმოქმედებისთვის. მისი თქმით, აღნიშნული დონაცია დაეხმარება „სოლიდარობის ფონდს" 22 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უწყვეტ დაფინანსებაში. პრემიერის ინფორმაციით, „სოლიდარობის ფონდი," ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კოორდინაციას უწევს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობას, რათა მომდევნო 2 წლის მანძილზე საქართველოში შეიქმნას მძლავრი პედიატრიული ონკოლოგიის სამსახური.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ გასულ წელს დაწყებულ პროექტებზე, რომლებიც გრძელდება. ვისაუბრეთ ახალ პროექტზე. ეს იქნება ყველაზე დიდი სასტუმრო საქართველოში, 1200 ნომრიანი სასტუმრო. შევეხეთ სამომავლო გეგმებს, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ თბილისში. საუბარი შეეხო ტურისტულ პოტენციალს, საქართველომ შეიძინა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დატვირთვა და ამ დატვირთვის მაქსიმალური გამოყენების გზებს შევეხეთ. შევთანხმდით იმაზე, რომ ბათუმში გავაკეთებთ ტურისტულ კოლეჯს, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ განათლებას ტურიზმის მიმართულებით. დღეს ჩვენ გადავეცით პრემიერ-მინისტრს სიმბოლური ჩეკი. ჩვენი მეორე დონაცია ითვალისწინებს 500 000 ლარის გადარიცხვას „სოლიდარობის ფონდში". ვულოცავთ საქართველოს, რომ ჰყავს ასეთი ახალგაზრდა, ენერგიული, პოზიტიური პრემიერი,"- განაცხადა ბიზნესმენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალიფ ოზთურქის ჰოლდინგს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პროექტების დასასრულს კი ინვესტირებული იქნება 200 მილიონი დოლარი და დასაქმდება 2500-3000 ადამიანი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „საქართველოს სოლიდარობის ფონდის" ხელმძღვანელი მარიამ ჯაში დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 15:21

საქართველო-ბულგარეთის წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და ქვეყნებს შორის არსებული კავშირები იყო საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.

ირაკლი ღარიბაშვილს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში უმასპინძლა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორებში არსებულ თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალს. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების განვითარებას ხელს შეუწყობს ეკონომიკური კომისია, რომლის სხდომაც 2016 წლის იანვარში გაიმართება.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ნატოს არსებითი პაკეტის ცალკეული კომპონენტების განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას ყურადღება რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსაც დაეთმო.

სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 12:55

საჯარო სექტორის თანამშრომლების დაახლოებით 20 პროცენტი, 55 ათასზე მეტი საჯარო მოხელე და 23 კერძო კომპანია „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა" სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად გააერთიანა - ფონდის საქმიანობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმზე შეაჯამა.

პრემიერის ინფორმაციით, დაფუძნებიდან დღემდე, ფონდმა 4 მილიონ 700 ათასი ლარის მობილიზება მოახდინა და უკვე 182 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება შეძლო. 182 ბავშვიდან 94-ს დაუფინანსდა ძვირად ღირებული მკურნალობა საზღვარგარეთ.

„მინდა რამდენიმე სიტყვით გიამბოთ, თუ საიდან გაჩნდა სოლიდარობის ფონდის დაფუძნების იდეა. ყველა ჩვენგანი ფიქრობს და ზრუნავს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად სოლიდარულები ვიყოთ. ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც სულ რაღაც სამი წლის წინ ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა იყო ჯანდაცვის მიმართულებით და სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ დაგვეწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ეს არის უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, წარმატებული პროექტია. დღეის მდგომარეობით, საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული, მათი მკურნალობის, ოპერაციების და სხვა ხარჯებს სახელმწიფო იხდის, სამი წლის წინ კი, ჩვენ რადიკალურად განსხვავებული სურათი გვქონდა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ამ საკითხს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამი წლის წინ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1 800 000 000 ლარი იყო, მომავალ წელს კი სამინისტროს ბიუჯეტი 3,1 მილიარდი ლარი იქნება. მანვე ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს 200 000 მოქალაქე სრულად განიკურნება დაავადებისგან.

„ეს პროგრამა უნიკალურია მსოფლიოში, ვინაიდან არც ერთი სხვა ქვეყანა არ ზრუნავს ისე, როგორც ჩვენ საქართველოში ვზრუნავთ. მე მინდა დავაკონკრეტო, რომ ჩვენი ქვეყანა არის უნიკალური, ვინაიდან ჩვენ გვაქვს აღნიშნული პროგრამა და რაც მთავარია, ეს არის აბსოლუტურად უფასო. თითოეული პაციენტის მკურნალობის ხარჯი დაახლოებით 85 000 დოლარს შეადგენს. ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვუმკურნალოთ უფასოდ და ჯამში ვვარაუდობთ, რომ უახლოეს წლებში 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ და ეს სრულიად უფასოდ მოხდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა აშშ-სა და კომპანია "გილეადს" გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა სოლიდარობის ფონდის თითოეულ შემომწირველს და საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურების იმედი გამოთქვა.

მთავრობს მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისის პირველი ფორუმი გაეროს სოლიდაობის საერთაშორისო დღეს იმართება და ფორუმში გაეროს წარმომადგენელთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ თბილისის პირველ ფორუმზე ვმასპინძლობთ ბატონ ფილიპ დუსტე-ბლაზის - გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და საგანგებო მრჩეველს. ბატონი დუსტე-ბლაზი გახლავთ მსოფლიოში აღიარებული ლიდერი ინოვაციური დაფინანსების სფეროში, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითა და ძალისხმევით ამოქმედდა UNITAID, UNITLIFE და კიდევ არაერთი ისტორიული ინიციატივა. ასევე მივესალმები ბატონ იანიკ გლემარეკს, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, როგორც გაეროს სისტემაში ინოვაციური დაფინანსების, ისე გენდერული თანასწორობისა და გარემოს დაცვის კუთხით,"- განაცხადა პრემიერმა.

თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ფილიპ დუსტე-ბლაზი. მისი თქმით, „საქართველოს სოლიდარობის ფონდი" უნიკალური პროექტია და მიესალმება საქართველოს გაწევრიანებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე მოქმედ ინოვაციური დაფინანსების წამყვან ჯგუფში.

„საქართველოს სოლიდარობის ფონდი უნიკალური პროექტია. ეს არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელი და მე ვულოცავ საქართველოს ამ ინიციატივის განხორციელებას. პარიზის სამდივნოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველო აქტიური მონაწილე გახდა გლობალურ დონეზე მიმდინარე დიალოგის და თბილისის ფორუმი ძალიან დროული ინიციატივაა გაეროს ახალი სამოქმედო პლატფორმისთვის, ინოვაციური დაფინანსების ცოდნის კონსოლიდაციისა და თანამშრომლობითი პროგრამის გაფართოებაში,"-აღნიშნა ფილიპ დუსტე-ბლაზიმ.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი შეიქმნა საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით 2014 წელს, როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 11:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და საგანგებო მრჩეველს ფილიპ დუსტე-ბლაზის შეხვდა. შეხვედრა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობა განიხილეს. საუბარი შეეხო ინოვაციური დაფინანსების გლობალურ ჯგუფში ფონდის მოღვაწეობას, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საშუალებას აძლევს საქართველოს უფრო აქტიური როლი შეასრულოს საერთაშორისო დონეზე წამყვან პარტნიორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საქმეში.

მანვე მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ფორუმში მონაწილეობისთვის. 
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და საგანგებო მრჩეველი ფილიპ დუსტე-ბლაზის ხელმძღვანელობით და ძალისხმევით ამოქმედდა UNITAID, UNITLIFE და კიდევ არაერთი ისტორიული ინიციატივა.

ბარაკ ობამამ ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში მიიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 11:11

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იწვევს, რომელიც ვაშინგტონში 2016 წლის 31 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ღონისძიების ფარგლებში უმასპინძლებს თავისუფალ და ღია დიალოგს იმ ზომების შესახებ, რომელთა მიღება შესაძლებელია გლობალური ბირთვული უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

„ვიმედოვნებ, შემომიერთდებით მუშაობაში ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, მე განვიხილავ ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებითი ვალდებულებების საკითხს, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები განაცხადებს 2016 წლის სამიტზე. საქართველომ ცხადყო გლობალური ბირთვული უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერა, რაც აისახა კიდეც ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის კონვენციის შესწორებული ვარიანტისა და ბირთვული ტერორისტული აქტების აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებასა და ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის წევრობაში. სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ჩვენ დავამტკიცებთ სამიტზე, ასახულია კონკრეტული ზომები, რომლებსაც ჩვენ, როგორც შესაბამისი ინსტიტუტებისა და ინიციატივების წევრები, მივიღებთ, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ბირთვული უსაფრთხოების სტრუქტურა. მივესალმები თქვენ მოსაზრებებს იმ გზების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარება 2016 წელსა და მის შემდგომ სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებაში. ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლა დღესაც მნიშვნელოვანი საკითხია ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში. გამოვთქვამ იმედს, საქართველო მომავალშიც განსაკუთრებულ ძალისხმევას გამოიჩენს, რათა წინ აღუდგეს მარეგულირებელი კონტროლის მიღმა ბირთვული და რადიოლოგიური მასალების არსებობას და პარტნიორ ქვეყნებს გაუზიარებს თავის მდიდარ გამოცდილებას ამ სფეროში. ისევე, როგორც მისი წინამორბედები, 2016 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოს მასშტაბით ბირთვული ტერორიზმისგან თავდაცვის განმტკიცების მხრივ. იმედის თვალით შევყურებ თქვენს ვიზიტს ვაშინგტონში მომავალი წლის გაზაფხულზე, რათა ერთად აღვნიშნოთ მიღწეული პროგრესი და დავსახოთ უსაფრთხო და მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველყოფის გზები", - ნათქვამია ბარაკ ობამას მიწვევის წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლახან მიიღო ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის კონვენციის შესწორებული ვარიანტი და ბირთვული ტერორისტული აქტების აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენცია, რომლებიც ძალაში წლის ბოლომდე შევა.

„რადგან ეს იქნება ამ ფორმატის ბოლო სამიტი, ჩვენ გვეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა, გავაძლიეროთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტები და ინიციატივები, რომლებიც შეადგენენ ბირთვული უსაფრთხოების ქვაკუთხედს. ჩვენი, როგორც ლიდერების, ვალდებულებაა სამიტის მიერ უზრუნველყოფილი მუხტის შენარჩუნება, რათა მზარდი საფრთხეების ფონზე განვაგრძოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებული ბირთვული მასალების უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ბირთვული მასალების კონტრაბანდის პრევენციისკენ. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე, არ მოვადუნოთ ყურადღება და შევამციროთ საფრთხეები, სანამ ისინი არსებობენ", - ნათქვამია ბარაკ ობამას მიწვევის წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 06 დეკემბერი 2015 17:20

კასპიის ზღვაში “გიუნეშლის” პლატფორმაზე მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს.
ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად აზერბაიჯანელ ხალხს. “აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაში ნავთობის პლატფორმაზე მომხდარმა ტრაგედიამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაკარგულები. ეს დიდი განსაცდელია ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხისათვის.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მინდა გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა ჩვენს მოძმე ხალხს, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დღეებში ჩვენ ვდგავართ თითოეული აზერბაიჯანელის გვერდით და ვიზიარებთ მათ მწუხარებას“, -აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.
კასპიის ზღვაში მდებარე აზერბაიჯანის ნავთობის პლატფორმაზე ხანძარი ოთხ დეკემბერს გაჩნდა. მწყობრიდან გამოვიდა მილსადენი, რამაც გაზის გაჟონვა და ხანძარი გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი, 32-ის გადარჩენა მოხერხდა. 30 მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 20:45

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, თუმცა მას პრემიერმინისტრი არ დაეწრება. ინფორმაცია "ნიუსდეიმ " ღარიბაშვილის პრესსამსახურში გადაამოწმა  და დაუდასტურეს. ადმინისტრაციამ სხდომის შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს მიაწოდა, მათ შორის იყო პრემიერმინისტრიც. 

ვინ დაესწრება საბჭოს სხდომას ზუსტი ინფორმაცია უცნობია. შეგახსენებთ, რომ სხდომა ხვალ ავლაბრის რეზიდენციაში 16:00 საათზე დაიწყება. 

ირაკლი ღარიბაშვილმა იოჰანეს ჰანს სამუშაო ვახშამზე მცხეთაში უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 12:35

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს მცხეთაში სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. მხარეებმა ევროკავშირ–საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის მთავარი საკითხები არაფორმალურ გარემოში კიდევ ერთხელ განიხილეს.სამუშაო ვახშამს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ. ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში კი იოჰანეს ჰანი ქვეყნის პირველ პირს, პრემიერ მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური