გაცვლითი კურსის გამყარებას ველოდებით , - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 09:53

კრიზისული პერიოდი უკვე გადავლილია და საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით სიტუაციას მაქსიმალურად გააკონტროლებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებსაც გამოიყენებს, ხოლო ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის პარამეტრებს გადახედავს.
„ბოლო რამდენიმე კვირაა, უშუალოდ ვხელმძღვანელობ ამ საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრებს. მოვისმინე ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის მოსაზრებები და ხედვები ლართან მიმართებაში. ორივეს პოზიცია არის ერთი და იგივე მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. ისინი თანხმდებიან, რომ ლარის კურსი უკვე პიკშია. მათი პროგნოზებით ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში. ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო კოორდინაცია აქვს ეროვნულ ბანკთან და პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციაც,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მანვე აღნიშნა, რომ სიტუაციას მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მართავს და საზოგადოებასთან მაქსიმალური კომუნიკაციის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
სამუშაო შეხვედრას მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრნენ.

 

"ნენსკრა ჰესი" არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში'

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 15:26

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნენსკრა ჰესი" არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი, ისეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი იქნება ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვანეთში, "ნენსკრა ჰესის" მშენებლობისთვის საფუძველის ჩაყრისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 
"ამ პროექტს ვახორციელებთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან, სამხრეთ კორეულ სახელმწიფო კომპანია K Water-სთან ერთად, რომლის პარტნიორიც საქართველოს მხრიდან საპარტნიორო ფონდი იქნება. მშენებლობას ისეთი ცნობილი იტალიური კომპანია აწარმოებს, როგორიც არის Salini Impregilo. 
დღეს ჩვენ ვიწყებთ წინა მოსამზადებელ სამუშაოებს. ჩვენ აქ შევიკრიბეთ სიმბოლურად, რომ დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოები.
პირველ რიგში ეს კომპანია ააშენებს და რეაბილიტაციას ჩაუტარებს სამშენებლო მოედანთან მისასვლელ გზებს და მობილიზებას გაუკეთებს სამშენებლო ტექნიკას", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 
მისივე თქმით, "ნენსკრა ჰესის" პროექტის ჯამური ინვესტიცია არის 1 მილიარდი ამერიკული დოლარი. 
"ეს ჰესი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰესი იქნება, რომლის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი და მისი პოტენციური წლიური გამომუშავება იქნება 1.2 მლრდ კვტ/სთ.
სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას დაიწყებს 2019 წლიდან და 2021 წელს პროექტი საბოლოოდ დასრულდება. რაც ყველაზე მთავარია - ეს უზრუნველყოფს ზამთარში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას და ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემა გახდება ბევრად უფრო მდგრადი და დამოუკიდებელი", - განაცხადა პრემიერმა. 
მისივე თქმით, ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰესი, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. 

თუ გვსურს ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, პირველ რიგში ჩვენს განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ, - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 10:59

"თუ გვაქვს პრეტენზია, რომ გვსურს ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, პირველ რიგში ჩვენს განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ, - ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ახალი სასწავლო წლის დაწყეაე მოსწავლეებს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის სკოლას ესტუმრა.

პრემიერმა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სიტყვით მიმართა. 

"განათლებული თაობის გარეშე ყოველგვარი წინსვლა და განვითარება შეუძლებელია. ვერც ეკონომიკას, ვერც სოფლის მეურეობას, ვერც მეცნიერებას განვავითრებთ, ვერც ახალ ტექნოლოგიებს დავნერგავთ, თუ შესაბამისი განათლებული თაობა არ გვეყოლება. ჩვენი პრიორიტეტია სათანადო განათლების მიცემა ჩვენი მომავალი თაობისთვის. მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. მჯერა, რომ გვეყოლება ძლიერი განათლებული თაობა, რომელიც ნებისმიერი სახელმწიფოს განათლებულ თაობას კონკურენციას გაუწევს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ჩინური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 12 სექტემბერი 2015 17:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში სამუშაო ვიზიტი დატვირთული იყო ჩინურ მედიასთან შეხვედრებითაც.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია CCTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერმა საქართველოს გეოპოლიტიკურ მიმზიდველობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და ახალი აბრეშუმის გზის პერსპექტივაზე ისაუბრა.
ეკონომიკურ თემებზე გაგრძელდა საუბარი გადაცემაში ,,Global Watch"-ი. პროგრამა, რომელიც აქტუალურ საერთაშორისო თემებს აშუქებს, ახალი აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს მონაწილეობით დაინტერესდა. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ,,თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება.
საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე, შავი ზღვის პორტების პოტენციალზე და რკინიგზის მზარდ როლზე იყო საუბარი გამოცემა China Daily-სთან.
,,საქართველო არის მშვიდობის, მოლაპარაკებების, კონსენსუსის ადგილი, სადაც ვაჭრობისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი"- განაცხადა ,,China Daily"-სთან ინტერვიუს დროს პრემიერ-მინისტრმა

შეხვედრა POWERCHINA-ს წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 12 სექტემბერი 2015 17:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საინვესტიციო კომპანია ,,POWERCHINA-ს" ვიცე-პრეზიდენტს, დიუ ჩუნგუას შეხვდა. უმსხვილესი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში ინვესტიციებს ახორციელებს და ოპერირებას ახდენს, საქართველოში არსებულ პოზიტიურ ბიზნესგარემოს კარგად იცნობს. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ,,POWERCHINA-ს" საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კონკრეტული გეგმა აქვს. კომპანია ანაკლიის პორტითაა დაინტერესებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უცხოური კომპანიების საქმიანობისთვის ქვეყანაში თავისუფალი, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი.

სერგი კაპანაძე საკადრო ცვლილებებსა და ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2015 18:06

საქართველოს რეფორმაბის ასოციაციის დირექტორი სერგი კაპანაძე საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებსა და ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობაზე წერს.

"ნიუსდეი" Facebook-ზე გავცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
1. ნამდვილად არაფერია ცუდი იმაში, რომ ეკონომიკური დიპლომატია იყოს პრიორიტეტი. პირიქით, 2008-2012 წლებში ასეც იყო: ეკონომიკური დიპლომატია მუდმივად იყო პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკისთვის. უფრო მეტად, ვიდრე 2008 წლამდე. 2012-2015 წლებში, ჩემი აზრით, ეს მიმართულება არ იყო მთავარი, ამიტომ ამოწევა სულაც არაა პრობლემატური. რამდენად ამოწევს, ეს სხვა საკითხია... 
2. პრობლემა, როგორც წესი, ის არის, რომ საელჩო მხოლოდ თავისით ვერ იზიდავს ინვესტორს. ამას ვინც ასე თვლის - მიამიტია. საელჩომ შეიძლება პირველ ეტაპზე დააინტერესოს ინვესტორი, მაგრამ მერე უნდა ჩაერთოს ეკონომიკის სამინისტრო, სხვა შესაბამისი უწყებები და ა.შ. ჩვენი პრობლემა ამ ბოლო წლებში სწორედ ეს სხვა უწყებები უფრო იყო, ვიდრე საელჩოები. 
3. თავისი არსით, საელჩოები არ არიან ეკონომიკურ დიპლომატიაზე ორიენტირებულნი. რამდენიმე ელჩის გარდა, ამისი არც გამოცდილება, არც ცოდნა და არც მოტივაცია გააჩნიათ. ამ უკანასკნელს შეიძლება უშველოს მინისტრის პრირიტეტებმა, მაგრამ პირველ ორს ვერ უშველის. ამიტომ, გამოსავალი, როგორც წესი არის სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნა და ბიზნესი-ბიზნესზე ურთიერთობების წახალისება და აწყობა. ასევე ქვეყნის შიგნით ხელსაყრელი გარემო. როცა ინვესტორები "რიგში დგანან" და გართულებულ რეგულაციებს და ბიუროკრატიას უყურებენ, როცა სავიზო რეგულაციები ხელს უშლის ყველას, როცა მიწა არ იყიდება და ა.შ. მიამიტურია დიპლომატებს მიანდო ინვესტიციების მოზიდვა. 
4. როცა ახალი პრიორიტეტი ჩნდება საგარეო უწყებაში, ასევე ჩნდება საფრთხე, რომ რამდენიმე არსებული, მაგრამ "გაცვეთილი" პრიორიტეტი იქნას მივიწყებული. კვირიკავშილის დილემა ის იქნება, რომ არ მოადუნოს ყურადღება არ-აღიარების, დეოკუპაციის, ევროინტეგრაციის, ნატოს და ა.შ. მიმართულებით. ამის ცდუნება იქნება. თუ ეს მოხდა, მაშინ უნდა სერიოზულად "ავყვირდეთ"! 
5. ევრაზიული კავშირი, მე მგონია, რომ ამ კაცს არ უგულისხმია. მე გავიგე, როგორც ევრაზიაში მიმდინარე პროცესები და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩინეთი, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ირანში და ასე შემდეგ მიმდინარე პროცესები იგულისხმა. შთაბეჭდილება სწორედ ასეთი დამრჩა. თუ საგარეო იქნება ირანთან ვიზების გაუქმების ინიციატორი, მხოლოდ მივესალმები! ევრაზიაზე აქცენტი, ჩემი აზრით, გამოუცდელობა უფრო იყო, ვიდრე ევრაზიული კავშირზე აქცენტი. თან ნატოს და ევროკავშირის მერე თქვა. :) ამ მიმართულებით თუ რამე ცუდად ქნეს, მერწმუნეთ, ერთ-ერთი პირველი დავიწყებ ყვირილს :)
6. კადრები წყვეტენ ყველაფერს, მათ შორის, საგარეოში. მე მგონი, ეს უნდა გაითვალისწინოს. ბოლო წლებში საგარეო ძალიან დასუსტებულია კადრების მუდმივი გადინების გამო, მათ შორის, და განსაკუთრებით პოლიტიკური მოტივით. 
7. გამოცდილება არ აქვს კვირიკაშვილს და ეს მისი უდავოდ დიდი მინუსია. გამოსწორებადი არის, მაგრამ საკმაოდ რთულია თავის დამკვიდრება კოლეგა მინისტრებში, თუ ლიდერობის, ეშხის, პროფესიონალიზმის და ა.შ. დეფიციტი გაქვს. მოახერხებს თუ არა ამას, მალე ვნახავთ. წინ გაეროს მაღალი დონის დებატებია და ეუთოს და ნატოს მინისტერიალები. 
8. კარგ მინისტრს, ჩემი აზრით უნდა ჰქონდეს სამი თვისება: უნდა იყოს კარგი მენეჯერი, კარგი მომლაპარაკებელი და ჰქონდეს ქარიზმა. აქედან რომელი აქვს და რომელი არა, სულ მალე გამოჩნდება. 
9. ცვლილებების დრო: მე მგონი, ამბასადორიალამდე ცვლილება სწორია. ძალიან უცნაური და ამ მთავრობისთვისაც კი არაპროფესიონალური იქნებოდა, ჯერ ამბასადორიალი ჩაეტარებინათ და მერე ორ დღეში ახალი მინისტრი დაენიშნათ. 
10. ბერუჩაშვილს ცუდად მოექცნენ. მაგრამ, არა მგონია ვინმეს გაგვკვირვებოდა ეს ამბავი. what goes around, comes around.

პ.ს. ჯობს.გე-ზე რომ ოცნებამ გამოაცხადა მიუკერძოებელი ექსპერტების, მათი ანალიზი მაინტერესებს ამ საკადრო ცვლილებების. მინდა დავეტოლო :) - წერს სერგი კაპანაძე საკუთარ გვერდზე.

 

NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 17:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გახსნეს დღეს NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გახსნეს. გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 

ცენტრი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა. აქ მომზადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები გაივლიან. 

ცენტრის გახსნის შესახებ საქართველოსა და ნატოს შორის შეთანხმება უელსის სამიტის შემდეგ გადაწყდა. 

ცენტრის საზეიმო გახსნაზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრობის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

ცენტრის გახსნის ცერემონიალს უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილიც, დაესწრო. 

სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 14:03

ნატოს გენერალურმა მდივანმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. 

"ჩვენი თანამშრომლობა უკვე რამდენ წელს ითვლის. ჩვენ დახმარებას ვუწევთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რათა აამაღლოს თავისი კვალიფიკაცია და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით. დღეს ჩვენ ვაორმაგებთ თანამშრომლობას. წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დამატებით გააღრმავებს ჩვენს ძალზედ მჭიდრო თანამშრომლობას. იგი საქართველოს და საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს და უფრო თანამედროვეს გახდის. ის ასევე გააძლიერებს ნატო-სთან თანამშრომლობას, რათა ერთად შევიტანოთ წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

"დღეს უკვე მეტად ვხედავთ საქართველოს ნატოში და ნატოს საქართველოში" - იენს სტოლტენბერგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 13:58

"დღეს უკვე მეტად ვხედავთ საქართველოს ნატოში და ნატოს საქართველოში" - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციი დროს გააკეთა. 

გენერალურმა მდივანმა საქართველოს წინსვლაზე ისაუბრა. 

"საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეფომებს და ჩვენ ვხედავთ პროგრესს. ჩვენ ყოველწლიური სამოქმედო გეგმა გვაქვს, ასევე ნატო-საქართველოს კომისია, ნატოს გაზრდილი დასწრება საქართველოში და სწორედ დღეს ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ წვრთნისა და შეფასების გაერთიანებული ცენტრი, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ისტორიაში. ამ ცენტრის ამოქმედება მრავალი ქვეყნაზე იქონიებს გავლენას და ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად."

იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 12:31
ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში მორიგი შეხვედრა გამართა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ შეხვდა.
ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება , - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
მათივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე", - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში. 
პირისპირ გამართული შეხვედრიდან მხარეებმა გაფართოებულ შეხვედრაზე გადაინაცვლეს, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური