რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს გონივრული პოლიტიკა, - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 11:37

ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრი ქართული მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.  მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ღარიბაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებბზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკის წარმოება მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან:

"რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს, სწორი, გონივრული პოლიტიკა, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ყველა სახელმწიფოს მიერ არის დაფასებული.  ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.  ჩვენ ვრჩებით და დავრჩებით ყოველთვის პრინციპულნი ისეთ საკითხებში, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ამ პრობლემას სჭირდება გონივრული მიდგომა და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი  მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი," - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე სიტყვით წარსდგა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 10:03

ნატოს გადაწყვეტილებით საქართველო შეუერთდა სწრაფი რეაგირების ძალებს; მასში ქართული ასეული მიიღებს მონაწილეობას,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამას და მსოფლიოს სხვა ლიდერებს გლობალური უსაფრთხოებისადმი ერთგულებისთვის და სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვიქნებით მეოთხე, ნატოს არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც მიუთითებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქართული შეიარაღებული ძალების შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონეზე. დღეს სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი მებრძოლია. გარდა ამისა, საქართველო ჩაერთო კრიზისის მართვის ოპერაციებში ევროკავშირის ხელმძღვანელობით. 2014 წელს ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საფრანგეთის შემდეგ ჩვენ ვიყავით ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიაში, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისა და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. წელსაც საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის მიმდინარე მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და უკრაინაში ,"-აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში.

"ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა და ჩვენ რეგულარულად შეგვაქვს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო ძალებში: ჩვენ ვიყავით საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის. ქართველი სამხედრო ძალები მსახურობდნენ ნატოს ჯარების გვერდი-გვერდ ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის საიმედო პარტნიორია.

"დღეს საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არის მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი ძალა.კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტ ობამას და სხვა ლიდერებს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულებისთვის. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დღევანდელ დღის წესრიგს და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მრავალწლიან ტრადიციას - წვლილს შევიტანთ სახელმწიფოთაშორის სამშვიდობო ძალებში. ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ვალდებულების შესრულებას. საქართველოს მებრძოლები ყოველთვის იდგებიან მოკავშირეების გვერდით ყველგან, სადაც ჩვენი ყოფნა საჭიროა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიუ იორკში გენერალური ასამბლეის 70- ე სესიის დაწყებამდე სამი საათი რჩება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 14:00

სამ საათში ნიუ იორკში გენერალური ასამბლეის 70- ე სესიის გენარალური დებატები დაიწყება. ფორუმის მონაწილეებს დღეს ბარაკ ობამა ვლადიმერ პუტინი ფრანსუა ოლანდი ასევე ჩინეთის, ბრაზილიის , ირანის და პოლონეთის ლიდერები მიმართავენ. სესიის გახსნას საქართველოს პრემიერ მინისტრიც დაესწრება ხოლო სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი ტრიბუნაზე 1 ოქტომბერს გამოვა . ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს თურქეთის პრემიერ მინისტრთთან ასევე სენტვინსენტის და გრენადინების მთავრობის მეთაურთან გამართავს, ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა ბარაკ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ  გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე  და დაესწრება ბარაკ და მიშელ ობამას სახელით დაგეგმილ მიღებას. 

ღარიბაშვილი მერკელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 12:32

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერმა საქართველოს მთავრობის მეთაური მოიკითხა და წარმატება უსურვა.
მათივე ცნობით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს თეოდორო ნგუემა ობიან მანუესს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე დაესწრნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს სამიტზე სიტყვით წარდგება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 17:08

2015 წლის შემდგომი განვითარება -ამ თემით საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს სიტყვით გაეროს სამიტზე წარდგება. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას  საქართველოს დელეგაცია და საქართველოს ელჩი აშშ–ში დაესწრებიან. კონფერენცია საქართველოს დროით , 19 საათზე გაიხსნება. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს დღეს თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.„დაველოდოთ  პრემიერის გამოსვლას, მას ძალიან საინტერესო მოხსენება ექნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც. შედეგზე ორიენტირებული იქნება სამიტი, რომელიც მეორე დღეს ტარდება და რომელიც გაეროს სამშვიდობო ოპერაციებთან დაკავშირებით ტარდება. ის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ კონფლიქტის, ომის თუ კრიზისებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს რეგიონშია. საქართველო ვერ დარჩება განყენებულად იმ სივრციდან, რომელშიც ცხოვრობს,“ - აცხადებს თინა ხიდაშელი.

გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე კი პრემიერის მოხსენება 1 ოქტომბერს, დილის სესიაზეა დაგეგმილი.გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან აქვს შეხვედრები.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 10:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების და ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ლიდერთა სამიტზე. ირაკლი ღარიბაშვილი მიწვეულია პრეზიდენტ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზეც.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გაეროს სამიტზე, თემაზე - 2015 წლის შემდგომი განვითარება, ასევე, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების შეხვედრაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე, SDG სამიტის ინტერაქტიულ დიალოგში, თემაზე - დედამიწის დაცვა და ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური, კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, კლინტონის გლობალური მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ–მინისტრი სიტყვით გამოვა ეკონომიკურ ფორუმზე Georgia-Making Business Easy, ასევე შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დაათვალიერებს გამოფენას - Discover Georgia.

ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2015 16:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს თანადგომა აღუთქვა.
„ვუსამძიმრებ შეიარაღებულ ძალებს და მთელს საქართველოს, ჩვენს ერს, ვინაიდან, ვასილი არის ჩვენი გმირი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად დაიღუპა ავღანეთში. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მისი სულის წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს ფინანსთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, ხოლო გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს. ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ  ყულჯანიშვილი ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს  დაიღუპა.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დავით საგანელიძე დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 18:10

საპარტნიორო ფონდს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს. დავით საგანელიძე მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა. 

„ბატონი დავითი გარდა იმისა, რომ არის ექიმი, აქვს ეკონომისტის და იურისტის განათლება. ასევე მას აქვს მენეჯმენტის გამოცდილება. იმედია, იგი საკუთარ გამოცდილებას ახალ სამსახურს მოახმარს. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კოვზანაძეს გაწეული სამუშაოსთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კოვზანაძე შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი საზედამხედველო სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცდა. 

ჩინეთში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 16:32

პირველი მსხვილი ქართულ-ჩინური პროექტი - ჩინეთის სავაჭრო ჰაბში, ქალაქ ივუში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერის პრეს-სამსახური იტყობინება.
პროექტის დეტალები „სუოლუნ ჯგუფის" წარმომადგენლებმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გააცნეს. ქართული კულტურის სახლი მსოფლიოში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და ის 3 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ხუთსართულიანი შენობის სხვადასხვა სართულზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა, ტრადიციული ქართული სამზარეულო, ქართული ღვინის საგამოფენო დარბაზი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტურიზმის კულტურა და საინვესტიციო პოტენციალი.
„ქართული კულტურის სახლი, რომლის გახსნასაც ჩვენ ვგეგმავთ ქალაქ ივუში, წარმოადგენს მთლიანად ქართულ კულტურას - ღვინიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებით დამთავრებული. მოხარული ვართ, რომ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ყველა საკითხში მხარდაჭერა აღგვითქვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული კულტურის სახლი იქნება საქართველოს ფანჯარა მსოფლიოში", - განაცხადა „სუოლუნ ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა შიაოჯინ იიმ, რომელმაც ქართული სახელი, სანდრო დაირქვა.
კომპანიას, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ჩინეთში უკვე გახსნილი აქვს ქართული ღვინის სახლი, რომელიც წარმატებით მუშაობს. ხორციელდება ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი ჩინეთში.
ქართული კულტურის სახლის პროექტს „სუოლუნ ჯგუფი" ჩინეთში „თბილინვესტ ჯგუფთან" თანამშრომლობით განახორციელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ჩინეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში ინვესტირებით, ასევე - სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით არიან დაინტერესებულნი.

გაცვლითი კურსის გამყარებას ველოდებით , - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 09:53

კრიზისული პერიოდი უკვე გადავლილია და საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით სიტუაციას მაქსიმალურად გააკონტროლებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებსაც გამოიყენებს, ხოლო ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის პარამეტრებს გადახედავს.
„ბოლო რამდენიმე კვირაა, უშუალოდ ვხელმძღვანელობ ამ საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრებს. მოვისმინე ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის მოსაზრებები და ხედვები ლართან მიმართებაში. ორივეს პოზიცია არის ერთი და იგივე მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. ისინი თანხმდებიან, რომ ლარის კურსი უკვე პიკშია. მათი პროგნოზებით ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში. ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო კოორდინაცია აქვს ეროვნულ ბანკთან და პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციაც,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მანვე აღნიშნა, რომ სიტუაციას მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მართავს და საზოგადოებასთან მაქსიმალური კომუნიკაციის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
სამუშაო შეხვედრას მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრნენ.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური