ირაკლი სესიაშვილი არასამთავრობოთა წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 14:20

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს, გენდერულ საკითხებს და ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ სასიკეთო ცვლილებებს.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ირაკლი სესიაშვილი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:07

თელავსა და ყვარელში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. მორიგი შეხვედრა სესიაშვილმა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს, კერძოდ, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, უნივერსიტეტებში დაიწყო პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება და 21 ფაკულტეტი უფასო გახდა. ასევე, იგეგმება პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა, რომელიც ორიენტირებულია დასაქმებაზე. ახალგაზრდა, რომელსაც სურს, მიიღოს პროფესიული განათლება, სახელმწიფოსგან მიიღებს ვაუჩერს, რომლითაც შეძლებს შესაბამისი განათლების მიღებას. გარდა ამისა, სესიაშვილმა სტუდენტებთან ისაუბრა ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

"ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს მომავალ თაობას. სულ მალე თელავში დაიწყება სპორტკომპლექსის მშენებლობა. სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა და ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

მოგვიანებით, ირაკლი სესიაშვილის მხარდასაჭერად თელავში ღონსიძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, „ქართული ხმები“, ანსამბლი „შვიდკაცა“, „ალილო“, სოფო ბედია, ანსამბლი „წინანდალი“, დათუნა სირბილაძე, ნათია ქოროღლიშვილი, დავით როსტომაშვილი და სხვები.

ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 17:59

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა N9 უბნის ამომრჩეველთან გაიმართება. შეხვედრაზე საუბარი იყო ენერგეტიკის სექტორში სულ მცირე 3 მილიარდი ლარის ინვესტიციაზე, რაც, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას.

გარდა ამისა, დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის პროგრამებზე. „სახელმწიფოს მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რაოდენობა სამჯერ გაიზრდება და 5 ათასს გადააჭარბებს, აგროდაზღვევას მიიღებს ორჯერ მეტი ადამიანი და ბენეფიციართა რიცხვი 50 ათასს მიაღწევს“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონებში ახალი სტადიონების მშენებლოავსაც. "მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ქალაქებში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების ახალი სპორტის სასახლეები, აგრეთვე, საერთაშორისო სტანდარტების ფეხბურთისა და რაგბის მოედნები, ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა ღია სატრენაჟორო სივრცეები.ვისაუბრე ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე და გეგმებზე“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 13:04

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა თელავის N5 საარჩევნო უბნის ამომრჩეველთან გაიმართა.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო  სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მათ შორის განიხილეს  მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

"მაქვს თელავის განვითარების ჩემეული ხედვა. მინდა, რომ ჩემი ქალაქი, რომელიც არის დიდი კულტურის და ისტორიის მქონე, გახდეს თბილისისა და ბათუმის მსგავსი ტურისტული კერა, თანამედროვე პარკებით, ღია კინოთეატრებით, სკეიდბორდისა და ველო მოედნებით, მოხდეს ცივის მთის ათვისება, სადაც მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აშენდება თანამედროვე სასტუმროები", - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

 საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებს.  აღსანიშნავია, რომ იგეგმება სწავლების ახალი მოდელის შექმნა, რომლის საფუძველზეც აქცენტი პრაქტიკაზე დაფუძნებულ და დასაქმებაზე ორიენტირებულ განათლებაზე გაკეთდება.

დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ბიზნესისა და მცირე მეწარმეობის განვითარებას; ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, 2016 წლიდან დაიწყო ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“. იგეგმება ორასი ათასი სამუშაო ადგილის შექმნა.

 "ჩემი სურვილია, თელავში შეიქმნას რამდენიმე საწარმო, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და ვაწარმოებთ მაღალხარისხიან პროდუქციას, რომელიც მთლიანად გაუწევს კონკურენციას უცხოურ ნაწარმს", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი კურდღელაურის ამომრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 14:31

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად იგი სოფელ კურდღელაურის N25 საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

 საუბარი  სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტებს, რომლითაც სარგებლობა ბოლო წლების განმავლობაში კახეთის მოსახლეობამ აქტიურად შეძლო. კერძოდ, იაფი აგროკრედიტები და აგროდაზღვევა.

საუბარი შეეხო ასევე საყოველთაო ჯანდაცვასა და განათლებას.

 ამომრჩეველს ირაკლი სესიაშვილმა გააცანო ის გეგმები, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია სამომავლოდ.

 "სოციალური დახმარების მოხსნასთან დაკავშირებით არის პრობლემები. მე ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა არის დასახვეწი და ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი სოფელ შალაურის ამომრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 13:14

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი სოფელ შალაურის N40 უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ხელისუფლების მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ  სიკეთეებზე ისაუბრა.

„აღსანიშნავია ის, რომ ჯანდაცვის მიმართულებით 3 მილიარდი ლარი იხარჯება, 2015 წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას გულისხმობს,თითოეული პაციენტის მკურნალობა დაახლოებით 94 000 დოლარი ღირს.ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელმაც მისცა საშუალება ადამიანებს დაემარცხებინათ C ჰეპატიტი“, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა  ასევე ხაზი გაუსვა განათლების სფეროში განხორციელებულ პროექტებს- სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სასწავლო პროგრამები უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოები.

მან ასევე ისაუბრა ქვეყნისთვის  უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

 „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს ვცხოვრობთ უსაფრთხო და სტაბილურ ქვეყანაში, რაც განაპირობებს ტურიზმის განვითარებას არამარტო კახეთში, არამედ მთელს საქართველოში“,- აღნიშნა მან.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოსახლეობის მხრიდან  სოფელში არსებული პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზები დასახა.

გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი სესიაშვილი მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 04 სექტემბერი 2016 15:28

,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების-განჯალა,უზუნთალა, ყარაჯალა, მაწიმი და ქალაქ ლაგოდეხში, კავკასიონის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

 კანდიდატმა მათთან შეხვედრისას ბოსტნეული კულტურის  ექსპორტისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა.

 მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა უცხოელ ბიზნესმენებთან ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის საკითხებზე, რაც ადგილობრივებს მეტ შემოსავალსა და კეთილდღეობას მოუტანს.

ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი. ამჯერად იგი კისისხევის N21 და N53 საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

 ირაკლი სესიაშვილმა შეკრებილ მოსახლეობასთან განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სოფლის მეურნეობაში არსებულ პროექტებზე, პროფესიულ განათლებასა და სხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

 "სულ მალე თქვენ შეგეძლებათ ადგილობრივი წარმოების ტრაქტორების შეძენა სახელმწიფოს თანადაფინანსებით და შეღავათიან ფასად. წელსვე დაიწყება შხამქიმიკატების ხარისხის მონიტორინგიც, ყოველივე კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებს სოფლის მეურნეობისგან თქვენთვის მიღებულ სარგებელს ",- განახაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

,,ჩვენ უნდა დავამშვიდოთ საზოგადოება, აღარ უნდა იყოს კონფრონტაცია“ - პრემიერმა ყვარელში სესიაშვილი წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 04 სექტემბერი 2016 15:24

ჩვენ უნდა დავამშვიდოთ საზოგადოება, აღარ უნდა იყოს კონფრონტაცია, ერთმანეთთან დაპირისპირება; შეიძლება, ყველა ერთ აზრზე არ ვიყოთ, მაგრამ უნდა არსებობდეს სულისკვეთება საზოგადოებაში, რომ ყველანი ერთად ერთ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყვარელში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ყვარლისა და თელავის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, ირაკლი სესიაშვილი წარადგინა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყვარელი არის საქართველოს მარგალიტი, უმშვენიერესი ადგილი, რომელსაც ყოველთვის გამორჩეული ინტელიგენცია ჰყავდა. გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს პედაგოგი უფრო დაფასებულია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებს, არსებობს „მთის კანონი“, რომლის მიხედვითაც პედაგოგები, ექიმები, ექთნები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეღავათებით სარგებლობენ. „დღეს ჩაყრილია საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოში ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ვმოგზაურობთ საქართველოს ყველა რეგიონში, ვხვდებით ადამიანებს და ჩანს რამხელა განსხვავებაა ქალაქსა და სოფელს შორის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეგიონებში, რაიონებში, სოფლებში იყოს ყველა ინფრასტრუქტურა და ცხოვრების ის კომპონენტები, რომელიც პრაქტიკულად მოშლის განსხვავებას. რა თქმა უნდა, ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავება იქნება, მაგრამ ინფრასტრუქტურულად, ყველაფერი ის, რაც არის ქალაქში, უნდა იყოს ხელმისაწვდომის სოფლად. ჩვენ წამოვიწყეთ უპრეცედენტოდ ამბიციური პროექტი, რომ საქართველოს 2000 დასახლებულ პუნქტში მივიდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი, სწრაფი ინტერნეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემისთვის, როდესაც შესაძლებელი გახდება სოფლის სკოლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, ტელეხიდების მეშვეობით, სასწავლო გაკვეთილების ჩატარება. ეს ყველაფერი რეალობაა, დაწყებულია და გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე დღიდან ოთხი წლის თავზე, ჩვენ თვისობრივად ახალი საქართველო უნდა მივიღოთ - საქართველო, რომელშიც იქნება თვისობრივად განსხვავებული განათლების სისტემა, როდესაც პედაგოგი იქნება კიდევ უფრო დაფასებული. ნამდვილად დაიმსახურეს ჩვენმა პედაგოგებმა, რომ ჩვენ ისინი მუდმივად არ ვატეროროთ გამოცდებით, არამედ აქცენტი გადავიტანოთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდება უმაღლესი განათლების სისტემაში, რათა ახალგაზრდებმა ოთხი წელი არ დახარჯონ იმ სპეციალობებზე, რომლებიც ნაკლებად მოთხოვნადია; არამედ, ყურადღება გამახვილდება და სახელმწიფო რესურსი დაიხარჯება უფრო მოთხოვნად სპეციალობებზე, რათა ადამიანი, უმაღლესი განათლების მიღებისთანავე დასაქმდეს.

 

„ჩვენ გვექნება პროფესიული გადამზადების პროგრამები არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველასთვის. ჩვენ არც ერთი ადამიანის რესურსი არ უნდა დავკარგოთ, არც ახალგაზრდის, არც შუახნის ადამიანების და არც ხნიერების“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, მთავრობას ასევე კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ უნდა შეუწყოს ხელი კერძო სექტორს. გიორგი კვირიკაშვილმა გამოყო მცირე სასტუმროების წასახალისებელი პროგრამა - „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იქნება, თუ მოგებული თანხა ბიზნესში ჩაბრუნდება; ასევე, 2017 წლის ბოლოდან ამოქმედდება თვისობრივად განსხვავებული საპენსიო სისტემა, ხოლო არსებული პენსიონრების უზრუნველყოფას, მთავრობა ეკონომიკურ ზრდას შეუსაბამებს.

თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი სესიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სხვადასხვა მიმართულებით რეგიონის პოტენციალზე გაამახვილა.

„ჩვენ დღეს, პირველი რაც შეგვიძლია თქვენ შეგპირდეთ და სიტყვა ვთქვათ, არის ის, რომ უნდა გავერთიანდეთ სიკეთის გარშემო. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საერთო ქვეყნის, უსაფრთხოების, მშვიდობის, სტაბილურობის გარშემო და რა თქმა უნდა, ამ სიკეთემ უნდა მოუტანოს თითოეულ ჩვენთაგანს კეთილდღეობა. ამ რეგიონს და მთლიანად კახეთს აქვს გამორჩეული პოტენციალი თავისი სოფლის მეურნეობის შესაძლებლობებით, ტურისტული შესაძლებლობებით. ყველაფერს თავი დავანებოთ - ეს არის მშრომელი ხალხი და არცერთს არ გვეპარება ეჭვი, რომ ამ რეგიონს, ჩვენს რეგიონებს აქვს ძალიან სერიოზული პერსპექტივები. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მეც თქვენთან ერთად მინდა ვიყო მაქსიმალურად ჩართული ჩემი ენერგიით, ჩემი ძალღონით, ჩემი შესაძლებლობებით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მაქვს და იმაზე მეტს უნდა ელოდეთ, ვიდრე თითოეულ თქვენთაგან წარმოგიდგენიათ“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისივე თქმით, პატრიოტიზმი ერთგულების გარეშე არ შეიძლება. „ ერთგულება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი, თუმცა სიყვარული პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს და აი ამ პასუხისმგებლობით მოვდივარ. თითოეულ თქვენთაგანს, პირველი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებს. ჩემი პასუხისმგებლობით ვეცდები და გავაკეთებ კიდევაც იმას, რომ, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, ყველა ის სიკეთე, რასაც „ქართული ოცნება“ მთელ ქვეყანას შესთავაზებს, რა თქმა უნდა,ამას მე თქვენთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, ამ ყველაფერს ჩვენს საყვარელ თელავსა და ყვარელს მოვუტან“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი სოფელ კონდოლის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 სექტემბერი 2016 14:58

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი სოფელ კონდოლის N23 და N48 საარჩევნო უბნის ამომრჩევლებს შეხვდა. ირაკლი სესიაშვილმა შეკრებილ მოსახლეობასთან „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გეგმების შესახებ ისაუბრა.

 ყურადღება გამახვილდა ასევე საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნების პროგრამაზე, განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ფერმერთა მომსახურების პროგრამაზე. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა  მიწის  რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ და აღნიშნა, რომ სულ მალე სახელმწიფოს თანადაფინანსებით, შეღავათიან ფასებში, ადგილობრივი წარმოების ტრაქტორების შეძენა შეეძლებათ.

 გარდა ამისა, ირაკლი სესიაშვილმა, შეხვედრაზე მოსახლეობასთან ერთად განიხილა სოფელში ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზებზე ადგილობრივებთან  ერთად იმსჯელა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ყველა საკითხი მოსახლეობის ჩართულობით გადაწყდება.

ირაკლი სესიაშვილი კახეთის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2016 14:44

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი  სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი  ქვემო ხოდაშენის, ნასამხრალისა და ვანთას სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

 ირაკლი სესიაშვილი ადგილობრივებს „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გეგმების შესახებ ესაუბრა.ამასთან, მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.  

 „მნიშვნელოვანია, სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. აქტიურად მიმდინარეობს ქვემო ხოდაშენში წყლის სისტემის რეაბილიტაცია,მომავალ წელს მთლიანად მოწესრიგდება წყალმომარაგება. გარდა ამისა, აღდგება სოფლის გზაც და დაიგება ასფალტი. სულ მალე სოფელ ვანთაში დაიწყება მინი სტადიონის მშენებლობა. ასევე, ვგეგმავთ სოფლებში არსებული სკოლების რეაბილიტაციასაც“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება რთველის საკითხზე გაამახვილა და პირობა დადო, რომ მის მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში დააკვირდება.

  „ვიცი, რომ რთველის საკითხი თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. გპირდებით, რომ მისი დაწყების დღიდან, 24 საათიან რეჟიმში, მუდმივად თვალს მივადევნებ რთველის მიმდინარეობას და მზად ვიქნებით პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ", - განაცხადა  ირაკლი სესიაშვილმა.

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური