"ქართველი ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება" - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 14:06

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ არის აღიარებული.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გასული 26 წლის განმავლობაში, საქართველოში თვისებრივად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, გაძლიერდა დემოკრატიული ინსტიტუტები. „ამ პროცესში განუზომელია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების როლი, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ. საქართველო და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ერთგული არიან დემოკრატიული ფასეულობების მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფოებრიობის 26-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, ქვეყანა დემოკრატიული კონსოლიდაციის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის და საქართველოში ამჟამად მიმდინარე ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება.

„საქართველოში ამჟამად მიმდინარე ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება. მისი მიზანია, ქვეყნის ძირითადი კანონის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებთან, სახელმწიფო მმართველობის ფორმის დახვეწა, საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და შედეგად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილის დამკვიდრება. კონსტიტუციური დემოკრატია არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო მმართველობა რეგიონული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად ყველაზე ნაკლებად ირჩევენ ომსა და ძალადობას.

„დემოკრატიული სახელმწიფოები საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტისათვის ყველაზე ნაკლებად ირჩევენ ომსა და ძალადობას. მათ სჯერათ, რომ ურთიერთთანამშრომლობის გზით მოქმედება უფრო წარმატებული და შედეგიანია. „ისინი, ვისაც არ ახსოვთ წარსული, განწირული არიან მისი გამეორებისთვის“ - ესპანელი ფილოსოფოსის ჯორჯ სანტაიანას ეს ფრაზა, ალბათ, არასდროს ყოფილა ასეთი აქტუალური. „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ თანამშრომლობის პირობებში უსაფრთხოების ხარისხი იზრდება და პირიქით, თანამშრომლობაზე უარის თქმას ყოველთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ ისტორიული გამოცდილებით შეიარაღებულებს ჩვენ მყარად გვწამს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ თანამშრომლობით, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის უზრუნველყოფით. ამრიგად, რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი განზომილება რეგიონული თანამშრომლობაა. გულწრფელი, მჭიდრო და კონსენსუსზე ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობა იძლევა ერთმანეთის ინტერესების გაზიარების, პოზიციების დაახლოებისა და კონფლიქტების პრევენციის საუკეთესო საშუალებას. ევროკავშირი ამ მიდგომის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიღწევაში ევროკავშირის დამსახურებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიღწევას გაფრთხილება სჭირდება და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში კონფლიქტების დეესკალაციას.

„ევროპულმა პროექტმა ბევრ ისტორიულ ქარტეხილს, გამოწვევასა და სირთულეს გაუძლო და უკვე მრავალი წელია, წარმატებით ვითარდება. სწორედ ევროკავშირის დამსახურებაა ევროპაში უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ამ მიღწევას განსაკუთრებული გაფრთხილება ესაჭროება. ამისათვის, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში კონფლიქტების დეესკალაციას და ახალი კონფლიქტების პრევენციას. მართალია, საქართველოში ამჟამად არ გვაქვს კონფლიქტების ე.წ. ცხელი ფაზა, თუმცა, როგორც თანამედროვე ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ კოლი იტყოდა - „მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე ომის არარსებობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში კვლავ მიმდინარეობს ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ხელისუფლების ისტორიული მისიაა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს ეზღუდება ფუნდამენტური უფლება - არ ცხოვრობდეს დევნილობაში საკუთარ სამშობლოში. მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე მის ევროპულ გზაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება. ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენი ხელისუფლების ისტორიული მისია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე 13-14 ივლისს ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ იღებს მონაწილეობას. 

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე გუშინ ერთი საათი დავკარგე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 12:58

გუშინ დაახლოებით, ერთი საათი დავკარგე მე პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა. 

კობახიძის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, თუ რატომ არიდებს პრეზიდენტი თავს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ღია ეთერში დისკუსიაში მონაწილეობას.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ვესაუბროთ ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას შეექმნება ნათელი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის შესახებ. ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. ჩვენ პრეზიდენტს ძალიან კარგ ფორმატს ვთავაზობთ. ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე და ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე. ჩვენი შეთავაზება ძალაშია და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ფორმატი შედგება“, - განაცხადა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მიმართულებით ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 16:13

ჩვენი ამბიციური მიზანი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გულისხმობს იმას, რომ მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გენერალურ მდივან ვოიცეხ სავიცკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტსა და PACE-ს შორის თანამშრომლობას, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას.

„ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე საქართველოს პარლამენტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის, ასევე, განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საკონსტიტუციო რეფორმას, დეტალებში მიმოვიხილეთ ეს საკითხი. ასევე, გვქონდა საუბარი სხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომელიც დაკავშირებულია ევროპის საბჭოსთან ჩვენს თანამშრომლობასთან და ეს ამბიციური გეგმა გულისხმობს იმას, რომ გვინდა, მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადავიდეთ. ამისთვის ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ამასაც ემსახურება ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო რეფორმა არის წარმატებული და წარმატებით იქნება მიყვანილი ბოლომდე შემოდგომაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 14:34

საკონსტიტუციო რეფორმა არის წარმატებული და წარმატებული რეფორმის შეჩერება იქნება არასწორი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიცეკ სავიცკისთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრები გაგრძელდება ხვალაც საპარლამენტო და პოლიტიკურ ჯგუფებთან, სადაც დეტალურად განიხილავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებს. 

”ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხები იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობს ძალიან წარმატებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და ამ ყველაფერზე გვექნება დეტალური საუბარი ჩვენ ევროპელ მეგობრებთან”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის წარმატებული და მისი შეჩერება იქნება არასწორი. 

”შეჩერება წარმატებული რეფორმის იქნება არასწორი. ეს არის წარმატებული რეფორმა, რომელიც ხორციელდება წარმატებით და რომელიც წარმატებით იქნება მიყვანილი ბოლომდე შემდგომაზე”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე - გადაწყდა, რომ ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 12:07

გადაწყდა, რომ წარმოდგენილი იყოს ჩანაწერი, რომ ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ადამიანის უფლბათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ცვლილების მთავარი ამოცანა არის, რომ გარკვეულ ჯგუფებს არ მიეცეთ საშუალება ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობის გაღვივებისთვის. 

"იურიდიული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ქორწინების დეფინიცია უნდა შეესაბამებოდეს სოციალურ აღქმას და სოციალური აღმქა ზუსტად არის ასახული პირველ პუნქტში. ეს არ ნიშნავს დისკრიმინაციის რაიმე ფორმით წახალისებას, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჯგუფის, მათ შორის უმცირესობების ულებებს და ინტერესებს. შესაბამისად, ეს ჩანაწერი ვერ გახდება დისკრიმინაციის საფუძველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომიტეტის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ მონაკვეთს აცნობს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება.

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის პოზიციები სუსტია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 11:53

პრეზიდენტის პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის უაღრესად სუსტი, ასე, რომ მე არ მიკვირის, რომ ის თავს არიდებს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას იტყვის იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის სხდომაზე დასასწრებად არ წავა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. კობახიძის თქმით, კომისიის პლენარულ სხდომაზე თავად და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აუცილებლად წავლენ. 

”პრეზიდენტის პოზიციის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი. გუშინ თავდაცვის საკითხებზე გვესმოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ძალიან დრამატული შეფასებები. პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებაში, ასე რომ, მე არ მიკვრის, რომ ის თავს არიდებს პლენარულ სხდომაში მონაწილეობას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 მაისი 2017 10:32

ვარშავაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ თანამემამულეებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, მართლმსაჯულების გაძლიერების და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ და დიასპორის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პოლონეთში მცხოვრები ქართველები საკონსტიტუციო ცვლილებებით-მათ შორის, ორმაგ მოქალაქეობასთან და მიწის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს პოლონეთში საქართველოს კულტურის ცენტრის დაარსებაში დახმარება სთხოვეს.

„განვიხილეთ ქვეყნის განვითარების ჩვენი ხედვა. ვისაუბრეთ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ასევე, საუბარი გვქონდა საგარეო პრიორიტეტებსა და დემოკრატიულ განვითარებაზე.თითოეული საკითხი საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ. იყო ძალიან საინტერესო შეკითხვები,მათ შორის, კითხვები ეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც ამჟამად აქტუალური საკითხია. ასევე, კითხვები დაისვა დიასპორის ინტერესებთან დაკავშირებით“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 17-20 მაისს, ვარშავაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.

 

ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 მაისი 2017 15:17

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებამდე მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეს დღე განსაკუთრებით მიულოცა დარბაზში მყოფ, 95 წლის ომის ვეტერან, გოჩა თოდუას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთადერთ ვეტერანს, რომელიც დღემდე საჯარო სამსახურშია დასაქმებული.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, 9 მაისი, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის დამარცხების დღე. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ბატონ გოჩა თოდუას, რომელიც ესწრება დღევანდელ შეხვედრას. ბატონი გოჩა არის 95 წლის, ომის ვეტერანი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბატონი გოჩა დღემდე ემსახურება თავის სამშობლოს, დღემდე მუშაობს და მინდა გისურვოთ ასეთივე მხნეობა, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე თქვენი ქვეყნის სამსახურში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის დონეზე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა იზრდება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 05 მაისი 2017 18:08

პარლამენტის თავმჯდომარემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობას კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის ახალი რედაქცია გააცნო და ფუნდამენტურ ცვლილებებზე და ახალ საკონსტიტუციო რეგულაციებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება სასამართლო ხელისუფლების მიმართ განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა.

„კონსტიტუციური პროექტის ახალ რედაქციაში სასამართლო სისტემის მიმართ უამრავი ნორმაა ჩადებული, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას განაპირობებს. მაგალითად, დგინდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა და იგი 28 მოსამართლით განისაზღვრება. ასევე, მკვიდრდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიაა. ახალ რედაქციაში პირდაპირ აღინიშნება, რომ სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი. გასული წლების განმავლობაში, გახსოვთ, როგორ გამოიყენებოდა ეს ბერკეტი სასამართლოზე ზეწოლის მოსახდენად. 2004 წელს, პრაქტიკულად მთელი სასამართლო კორპუსი დაიშალა იმის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა. ახალი რედაქცია სასამართლო სისტემის მიმართ მთლიანად გამორიცხავს ასეთ მანიპულაციას. ასევე ძალიან მკაფიოდ დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, პროკურატურა გამოიყოფა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან და ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველობის სისტემაში მთავრობის ქმედით როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა არის და რჩება იმ კონსტიტუციურ ორგანოდ, რომელიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს. „დღესაც მთავრობა არის ერთადერთი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის უშუალოდ მმართვას უზრუნველყოფს და ახალი რედაქციის საფუძველზეც ასეთად დარჩება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: "კონსტიტუციიის პირველი თავი ოთხ ძირითად პრინციპს დაეთმობა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 05 მაისი 2017 14:25

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიიის პირველ სხდომაზე, რომელიც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარემ იმერეთის მოსახლეობას კონსტიტუციური პროექტის ახალი რედაქცია თავების მიხედვით გააცნო და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ოთხთვიანი მუსაობის შედეგად მოამზადა.

„კონსტიტუციის პირველ თავში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი და ოთხი ფუნდამენტური პრინციპი გამოტანილი. ეს არის დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრინციპები, ერთგავარად, ჩაკარგული იყო კონსტიტუციის პრეამბულაში და დღეს ხდება ამ ოთხი პრინციპის გაცოცხლება. თვითოეული პრინციპს დაეთმობა სპეციალური მუხლი, რაც კონსტიტუციის დონეზე თვითოეული პრინციპის გამყარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური