ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019 16:22

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო. 

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრემიერმინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართა. 
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მათეუშ მორავიეცკის თქმით, პოლონეთი ევროკავშირთან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე ისაუბრებს. პრემიერმინისტრი, ასევე, ქვეყნებს შორის ბიზნესთანამშრომლობის გააქტიურების ინიციატივით გამოვიდა.

მხარეებმა ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და ამ კონტექსტში, საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

მათი შეფასებით, ასამბლეა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

საუბარი შეეხო საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას.

მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019 16:49

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდა.

 შეხვედრაზე საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება განათლებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე გამახვილდა.

ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას შორის აქტიური კავშირისა და ინტენსიური გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დიმიტრი ამილახვარის პოლიტიკური დიალოგის ფორმატსაც, სადაც ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, კონკრეტული ინიციატივები იქნება განხილული.

„საუბარი გვქონდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკურ განზომილებაზე, ასევე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. გვქონდა ძალიან თბილი, საინტერესო შეხვედრა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეხვედრა დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ვისაუბრეთ დიმიტრი ამილახვარის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას და ამ ფორმატში განიხილება ყველა კონკრეტული ინიციატივა, რომლითაც ჩვენ გავამყარებთ ურთიერთობებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის და ეს ხელს შეუწყობს ასევე, პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარებასაც",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, დავით სონღულაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრით, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

 

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 იანვარი 2019 15:45

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში სენატის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო.

ირაკლი კობახიძემ და ჟერარ ლარშემ ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და საქართველოსა და საფრანგეთს შორის დინამიკური და აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ყურადღება გამახვილდა მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო კავშირებისა და ხშირი გაცვლითი ვიზიტების, ასევე მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა იმსჯელეს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საუბარი ასევე შეეხო დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატსა და მის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.

„შევეხეთ თანამშრომლობის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ასევე, ვისაუბრეთ დიმიტრი ამილახვრის სახელობის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც დაიწყება და რომელიც ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ ურთიერთობებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის. ვისაუბრეთ, ასევე, პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საფრანგეთის სენატის პრეზიდენტის თქმით, ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესი და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი განიხილეს.

„პირველ რიგში, ხაზი გავუსვით იმ ინტენსივობას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს ახასიათებს და ასევე, ჩემს კოლეგასთან ერთად აღვნიშნეთ, რომ ორივემ ჩვენი ძალისხმევით ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ეს ურთიერთობა უფრო ინტენსიური და ღრმა გახდეს. ასევე ვისაუბრეთ ორი სენატორის ახლახან დასრულებულ მოხსენებაზე, სადაც აღნიშნულია თუ რაოდენ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში. 
ვისაუბრეთ იმ კომპლექსურ და ძალიან რთულ ურთიერთობაზე, რომელიც რეგიონშია. ერთი მხრივ, ევროპული ინტეგრაციისადმი ოპტიმიზმით და იმედით გამსჭვალული საქართველოს მოსახლეობა და ასევე, ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებობს. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული დღევანდელი სიტუაცია, ფაქტობრივად, ფონად გასდევს ამ ოპტიმისტურად განწყობილი მოსახლეობის სვლას ევროპისკენ. ასევე, საუბარი შეეხო იმ ძალიან პოზიტიურ შედეგებს, რომელიც შეიძლება ხელისუფლების მიერ წარმოებულ პრაგმატულ პოლიტიკას მოჰყვეს. ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებულ უდიდეს პოტენციალზე, მის განვითარებაზე. ამ სფეროს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან კარგად ვაცნობიერებთ თქვენი ქვეყნისა და მისი ისტორიის მნიშვნელობას. რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს ისტორიის სიძველეზე და სიმდიდრეზე, თქვენი ქვეყნის პირველი რესპუბლიკის მთავრობა პარიზიდან სულ ახლოს ცხოვრობდა. ეს ისტორიული ფაქტორიც, ასევე, ჩვენს ურთიერთობებში უნდა გამოვიყენოთ ძალიან პოზიტიურად, მათ შორის, ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც“, - განაცხადა ჟერარ ლარშემ.

შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, დავით სონღულაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 იანვარი 2019 12:01

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 14-16 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ პარლამენტის პრეს-სამსახური იუწყება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტს, ჟერარ ლარშეს და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტში.

ირაკლი კობახიძე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს და ფრანგი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ლევილის სასაფლაოსა და მამულს მოინახულებს.

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეიძის შთამომავლებს შეხვდება და პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ქართველი სახელმწიფო მოღვაწის საფლავს გვირგვინით შეამკობს.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: სოფიო ქაცარავაგიორგი კახიანიდავით სონღულაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

"მოხდება კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევა"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ნოემბერი 2018 14:17

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა შეასრულა პირობა, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის საფუძველზე იქნებოდა მიღებული. 

„მინდა მადლობა გადავუხადო უწმინდესს, წმინდა სინოდის წევრებს, მეუფეებს შეხვედრისთვის, თბილი მიღებისთვის, დალოცვისთვის. ჩვენ გვქონდა საუბარი მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც არის, რა თქმა უნდა, საინტერესო ეკლესიისთვის. მთავარი საკითხი იყო, რა თქმა უნდა, კანონპრპოექტი, რომელიც ეხება კანაფის კულტივაციას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში. გვქონდა მსჯელობა, ასევე, უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ჩვენ აქ მივიღეთ გადაწყვეტილება, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა. როგორც მოგეხსენებათ, იყო განსხვავებული პოზიციები გუნდის შიგნით. ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მიღებული იქნებოდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე. იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მიღებული ეკლესიასთან შეთანხმებით საზოგადოების ფართო კონსენსუსით. ეს პირობა ჩვენ შევასრულეთ. საუბარი იყო აქ ვადებზე, თუმცა გუშინ, განსაკუთრებით ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ახლავე ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ასევე, გათვალისწინებულ იქნა სხვა კონფესიების წარმომადგენელთა და ზოგადად, საზოგადოების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაფორმდება.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ეკლესიის პოზიცია. ასევე, გავითვალისწინეთ, აღვნიშნავ, სხვა კონფესიების წარმომადგენლების პოზიცია და რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ, ზოგადად, საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან, კანონპროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც გაფორმდება მთავრობის შესაბამის, უახლოეს სხდომაზე. დღეს ეს ტექნიკურად ვერ მოესწრება, თუმცა მომდევნო კვირაში ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - უკავშირდება თუ არა კანონპროექტის გაწვევა საპრეზიდენტო არჩევნებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღების პირობა მმართველმა გუნდმა თავიდანვე დადო.

მისივე თქმით, „არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.”

„ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე. არჩევნებსაც უკავშირდება, შემიძლია გითხრათ. კერძოდ, გუშინ, როდესაც საუბრობდა ქალბატონი სალომე მის პოზიციასთან დაკავშირებით, მან, მათ შორის, თავისი პოზიცია დაასაბუთა იმ შეხვედრებით, რომელსაც ის ატარებდა რეგიონებში თუ ქალაქებში საარჩევნო პროცესში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ამას დავაკონკრეტებ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობას, საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება არის ჩვენი პასუხისმგებლობით აღსავსე და ამან განაპირობა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018 13:37

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს, მონსინიორ პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობასა და ქართულ ისტორიასა და კულტურაში კათოლიკური თემის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს.

თავის მხრივ, მთავარეპისკოპოსმა გალაჰერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყნის მნიშვნელობა ევროპული კულტურისთვის.

ყურადღება, ასევე, საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე გამახვილდა. ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კათოლიკური ეკლესია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მიმოიხილეს და იმ პრაგმატულ პოლიტიკაზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველო რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ახორციელებს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს განსაკუთრებული როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

შეხვედრის დასასრულს, მონსინიორ პოლ რიჩარდ გალაჰერმა პარლამენტის თავმჯდომარეს წმინდა საყდრისა და საქართველოს კათოლიკური თემის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. 

 

ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018 09:48

 

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აგვისტო 2018 18:01

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა.

როგორც ამერიკელი კონგრესმენების წამყვანმა მრჩევლებმა განაცხადეს, ვიზიტის მიზანია ქვეყნის უკეთ გაცნობა, რაც კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის საქართველოსა და ამერიკის კონგრესს შორის ურთიერთობას და შესაბამისად, მათი სტუმრობის პირველი ადგილიც საქართველოს პარლამენტი გახდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს გააცნო ქვეყნის საგარეო მდგომარეობა, უსაფრთხოების საკითხები, შიდა რეფორმები და ეკონომიკური ვითარება.

სტუმრები დაინტერესდნენ ქვეყნაში გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგებით და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, რაც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, პარლამენტის როლის გაძლიერებით მთავრობაზე კონტროლის თვალსაზრისით. დელეგაციის წევრებმა ამ მიმართულებით კონგრესის გამოცდილებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იყო. კონგრესის თანამშრომელთა შეკითხვები აღნიშნული საკითხის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ასპექტებს შეეხებოდა.

დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის როლით და რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელის შეშლისკენ მიმართული ქმედებებით.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის აშშ-ის კონგრესთან ურთიერთობის მნიშვნელობას და განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ერთობლივი ძალისხმევა ამერიკის კონგრესში მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მათი შეფასებით, „ეს ინიციატივა განსაკუთრებით ეფექტური მექანიზმია“.

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018 13:31

როდესაც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მან შეარჩია აჭარის მთავრობის პოსტზე კანდიდატი, ის ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში-ეს არის არასწორი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, გასათვალისწინებელია მარტივი დემოკრატიული პრინციპები. 
როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია არის 2/3-ით წარმოდგენილი კონკრეტულ წარმომადგენლობით ორგანოში, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, ამ შემთხვევაში მარტივად ევალებოდა პრეზიდენტს წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული თავმჯდომარეობის კანდიდატი. შესაბამისად, აქ საუბარი იმაზე, რომ მარგველაშვილმა შეარჩია კანდიდატი, არის უბრალოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაც არის არასწორი პრეზიდენტის მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და კომენტარებიც უნდა გააკეთოს კონსტიტუციის შესაბამისად”. 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ მარტივი მანიპულირებით, პრეზიდენტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 

არასწორია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი იტყუება ამ შემთხვევაში. პრეზიდენტს არავინ არ შეურჩევია. ამ შემთხვევაში, მარტივად აისახა აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ფორმალურად უნდა მიეღო ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მარგველაშვილს. ამ მარტივი მანიპულირებით პრეზიდენტი ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. მას არ ჰქონდა არავის შერჩევის უფლება და საშუალება. მას უნდა წარმოედგინა ის კანდიდატი, რომელიც არის დასახელებული აჭარის უმაღლესი საბჭოს 2/3 -ის მიერ. მან უნდა სცეს პატივი ინსტიტუტებს. მან უნდა პატივი სცეს, მათ შორის იმ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. მან ამ შემთხვევაში გამოავლინა ეს უპატივცემულობა და მან პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როდესაც თავის თავზე დაიბრალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის „შერჩევა“. ეს არის ტყუილი და სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი ასე ექცევა საკუთარ საზოგადოებას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე - საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 მაისი 2018 21:14

საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან - ამ მხრივ ნულოვანი შედეგია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.


როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციას უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ პრაგმატულ პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს და განაცხადა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროგრესის მიუხედავად, პოლიტიკური პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.

“ვახორციელებთ ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. ამ პოლიტიკას ფართოდ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ვიყენებთ დიალოგის ორ სხვადასხვა ფორმატს. მოვახერხეთ, რომ გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია ჰუმანიტარული ურთიერთობების მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ვიტყოდი, რომ ამ მხრივ ნულოვანი შედეგია. საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების მხრივ პრობლემები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გვაქვს ჰუმანიტარული პრობლემები, ცოტა ხნის წინ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე ცხინვალის რეგიონში, ციხეში მოკლეს და ამ შემთხვევამ ცხადყო, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, მას მოაქვს სიკვდილი ადამიანებისთვის, ადამიანის უფლებების მუდმივი ხელყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას საერთაშორისო საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ მათი ყურადღება ამ პრობლემების მიმართ, ოკუპირებული რეგიონების მიმართ. ჩვენი ძალისხმევა საკმაოდ წარმატებულია, გვაქვს საკმაოდ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის მთავარი გარანტორია.

“საგარეო პოლიტიკის თაობაზე საპარლამენტო რეზოლუციის მიხედვით, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე ურთიერთობა გვაკავშირებს და რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის მთავარი გარანტორი. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტმა კიდევ ერთხელ მოახდინა აშშ-ს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ამ მხარდაჭერისა და მეგობრობისა, ვამაყობთ ჩვენი მეგობრობით და მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში თანამშრომლობის დონე გაიზარდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას განაგრძობს.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური