"ნიუ ჰოსპიტალსის" განცხადება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 20 მარტი 2019 10:12

„ნიუ ჰოსპიტალსი“ გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

2019 წლის 18 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია გურჯაანის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც დაპირისპირება მოხდა ექიმსა და პაციენტს შორის. ტექსტში ნახსენები იყო „ნიუ ჰოსპიტალსი“, თითქოს ეს შემთხვევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოხდა.

„ნიუ ჰოსპიტალსის” ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „ნიუ ჰოსპიტალსს“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ზემოაღნიშნულ, გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ხსენება მედიაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით წარმოადგენს შეცდომას.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით შექმნილი ინფრასტრუქტურის,  ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან თბილისში, კრწანისის ქ. 12 ნომერში მდებარეობს და უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. უსაფრთხო და კომფორტული გარემოს,  გამოცდილი სამედიცინო პერსონალისა და  ტექნოლოგიების შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტების მკურნალობისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.

ჩინეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი ინციდენტის განმარტება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 13 ნოემბერი 2016 11:36

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება სოფელ ზვარეში ჩინელ და ქართველ მუშებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"2016 წლის 2 ნოემბერს ღამით, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის #9 გვირაბის პორტალის სამშენებლო ობიექტზე ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ ჩინეთისა და საქართველოს მოქალაქეებსა და სოფელ ზვარეში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას შორის ადგილი ჰქონდა სამწუხარო ინციდენტს. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური ორმხრივი მოლაპარაკებები ინციდენტში მონაწილე მხარეებს შორის და არსებული საკითხი ძირითადად გადაწყვეტილია.
მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, გვინდა გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და ღრმა მწუხარება ჩხუბის დროს დაშავებული ჩვენი კომპანიის ქართველი და ჩინელი თანამშრომლებისა და ასევე სოფელ ზვარეს მოსახლეობის მიმართ, ამავდროულად მომხდარი ინციდენტის შემდგომ აქტიური მოლაპარაკებებისა და გაწეული დახმარებისათვის, გვინდა გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ჩვენი დამკვეთის საქართველოს რკინიგზის, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზესტაფონისა და ხარაგაულის პოლიციის მიმართ.
მომხდარი ინციდენტი ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ არაერთგვაროვნად გააშუქა, რამაც გამოიწვია საზოგადოების შეშფოთება. ინციდენტის წამოჭრის მიზეზის სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა ახალ ამბებში გაკეთდა საკითხის არასწორი ფორმულირება, საზოგადოებისათვის საზიანო და არაობიექტური კუთხით.
როგორც უშუალოდ ჩართული მხარე ვფიქრობთ რომ, ჩინელი და ქართველი ხალხის მეგობრობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია მომხდარი ფაქტის მიზეზის გამოვლენა, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას უკეთ გაერკვეს მომხდარში.
ინციდენტის მიზეზი და პროცესი
პირველი ინციდენტი:
2016 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 21:00 საათზე, ჩვენი კომპანიის ჩინელი თანამშრომლები ჟენიუენ ჩენი, შანიუნ ჭანი და იუმინ შ, სულ 3 ადამიანი აწარმოებდა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის #9 გვირაბის შესასვლელის სანაყაროს რეგულარულ შემოწმებას, შემოწმების დროს შენიშნეს, რომ 3 ქართველი (ადგილობრივი) ბენზოხერხით ჭრიდა სანაყაროზე დაწყობილ ხეებს. აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ხეების მოჭრა განხორციელდა ჩვენი კომპანიის მიერ სანაყაროს მოწყობის დროს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი ხეები წარმოადგენს საქართველოს სატყეო სააგენტოს საკუთრებას. მოჭრილი ხეები დროებით ინახება ჩვენი კომპანიის მიერ და შემდგომ უპირობოდ გადაეცემა სატყეო სააგეტოს.
თუმცა იმ მომენტში ხეების მჭრელი ქართველები ჩვენი კომპანიის ჩინელ თანამშრომლებს ესაუბრებოდნენ ქართულ ენაზე, ენის ბარიერის გამო და ასევე იმ მიზეზის გათვალისწინებით, რომ ხის მჭრელ ქართველებს ასდიოდათ მძაფრი ალკოჰოლის სუნი, მხარეებს შორის ვერ მოხერხდა კომუნიკაციის დამყარება. სანაყაროს შემოწმების დასრულების შემდეგ, ჟენიუენ ჩენმა და დანარჩენებმა ბანაკისაკენ მიმავალ გზაზე შენიშნეს ავტომანქანა, რომელიც სამი ხის მჭრელს განზრახ ჰყავდა გაჩერებული ჩვენი კომპანიის ბანაკისაკენ მიმავალი გზის გადაკვეთაზე. ხსენებულ ავტომანქანას დაკეტილი ჰქონდა ბანაკის გზის ბოლო. ჩვენი კომპანიის ჩინელი თანამშრომლები გადმოვიდნენ მანქანიდან და მოთხოვეს ქართველებს მათი ავტომანქანის გზიდან გაყვანა, ქართველების მხრიდან იგნორირების შემდეგ, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთმა ჩინელმა თანამშრომელმა პოლიციის გამოძახებისა და მტკიცებულების გადაღების მიზნით ამოიღო მობილური ტელეფონი.
მტკიცებულების გადაღების დროს, ერთ-ერთმა ხის მჭრელმა ქართველმა მტკიცებულების გადამღებ ჩინელს ხელი ჰკრა და გამოსტაცა მობილური ტელეფონი, ამ დროს დანარჩენი ორი ჩინელი თანამშრომელი წინ წამოიწია მის შესაჩერებლად, რასაც მოჰყვა შეტაკება. შეტაკების შედეგად ჩვენი კომპანიის ორმა ჩინელმა თანამშრომელმა მიიღო დაზიანებები სახისა და თავის არეში, ხოლო ერთმა ქართველმა მიიღო დაზიანება თავის არეში.
შეტაკების დროს, ერთ-ერთი ქართველი გაიქცა ადგილიდან და უკან დაბრუნებული ნაჯახით ხელში თავს დაესხა ჩვენი კომპანიის სამ ჩინელ თანამშრომელს. მათ გაქცევის დროს ქართველებმა ნაჯახი ჩაარტყეს უსაფრთხოების ჩაფხუტში, რის გამოც მიიღეს მსუბუქი დაზიანებები.
მას შემდეგ რაც ჩვენი კომპანიის ბანაკში მყოფმა ჩინელმა თანამშრომლებმა შეიტყვეს მომხდარის შესახებ, მათი ნაწილი პიკაპის სატვირთო მანქანითა და მტვირთავებით მივიდნენ ინციდენტის ადგილას პოლიციის მოსვლამდე ობიექტის დაცვის მიზნით. პოლიციის მოსვლამდე, ინციდენტის ადგილას შეგროვდა დიდი რაოდენობით სოფლის მაცხოვრებელი ქართველი მოსახლეობა და ჩვენს კომპანიაში დასაქმებული ქართველები. მაშინ როდესაც ორი ჩინელი თანამშრომელი პიკაპის სატვირთო მანქანით ბანაკში დაბრუნებას აპირებდა, მათ გზა გადაუკეტეს ქართველებმა და ერთ-ერთმა მათგანმა ჩინელ მძღოლს მუშტი ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც მას დაეწყო სისხლდენა სახიდან და საბოლოოდ გამოიწვია ორმხრივი ჩხუბი. ჩხუბის შედეგად დაზიანება მიიღო 1 საქართველოსა და 1 ჩინეთის მოქალაქემ.
ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ, ინციდენტის ადგილზე ჩატარდა ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარებისა და მტკიცებულებების შეგროვების დროს, ქართველი ვაგონეტის მძღოლები გაიფიცნენ, რომლებიც ობიექტის ზედამხედველის მხრიდან ორი გაფრთხილების მიუხედავად დღემდე არ გამოცხადებულან სამუშაოდ.
სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიის ქართველი თანამშრომლების ნაწილი შეგროვდა საკონფერენციო დარბაზის შესასვლელთან, სადაც ჩვენი კომპანიის სამშენებლო ობიექტის ზედამხედველთან მოლაპარაკებების წარმოების შემდეგ დაიშალნენ.
მეორე ინციდენტი:
2016 წლის 3 ნოემბერს დაახლოებით დილის 10 საათზე, ჩვენი კომპანიის სამშენებლო ობიექტის ჩინელი ხელმძღვანელი გვირაბიდან მანქანით ბრუნდებოდა ბანაკში, მანქანიდან გადმოსულს მოულოდნელად თავს დაესხა სამი საქართველოს მოქალაქე (მათ შორის ორი ჩვენი კომპანიის ქართველი თანამშრომელი და ერთი უცნობი პირი). რის შემდეგაც ბანაკიდან ერთი მეორის მიყოლებით გამოსულმა არმატურითა და ჯოხებით შეიარაღებულმა ქართველებმა სასტიკად სცემეს სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი. ამ ფაქტის შემსწრე რამდენიმე ჩინელი მივარდა საშველად, რომლებსაც ასევე დაესხნენ თავს, რის შედეგადაც მრავალმა მათგანმა მიიღო დაზიანებები.
ბანაკსა და გვირაბში მყოფი სხვა ჩინელი თანამშრომლები ყვირილის გაგონებაზე მივიდნენ დაშავებულების დასახმარებლად, რის შემდეგაც მათსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ყველა მათგანმა მიიღო დაზიანებები. ინციდენტის ადგილას პოლიციის მისვლის შემდეგ, ორ მხარეს შორის ისევ მოხდა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. ინციდენტი გაგრძელდა 3 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე. ჩვენი კომპანიის ბანაკი გარშემორტყმული იყო საქართველოს მოქალაქეებისა და სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.
3 ნოემბერს დაახლოებით 14:00 საათზე, ადგილზე მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და დაშავებული 5 ჩინეთის მოქალაქე გადაიყვანა ზესტაფონის საავადმყოფოში, მთლიანობაში პოლიციის მიერ დაკავებული და დაკითხულ იყვნენ 7 ჩინეთის მოქალაქე.
მომხდარი ინციდენტის შესახებ ჩვენი კომპანია აკეთებს შემდეგ განმარტებას:
ჩვენ ვგმობთ მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგად დაშავდა ორივე მხარე. დაპირისპირებაში ჩართული ორივე მხარე იქცეოდა არაგონივრულად, მათ მიიღეს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. პოლიციის მიერ პირველ რიგში დაკითხვაზე დაბარებულ იქნენ ჩხუბში მონაწილე პირები. ამჟამად, დაპირისპირების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ინციდენტის შემდეგ, ჩვენი კომპანიის მხრიდან განხორციელდა აქტიური მოლაპარაკებები სოფელ ზვარეს გამგებელსა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და ჩვენს დამკვეთ - საქართველოს რკინიგზას შორის, 7 ნოემბრის საღამოს მოვინახულეთ ჩვენი კომპანიის დაშავებული ქართველი თანამშრომლები და სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა, ხოლო 8 ნოემბერს ჩვენი კომპანიის ხაშურის ოფისში გაიმართა შეხვედრა სავაჭრო პალატას, საქართველოს რკინიგზას, ქართველ მუშახელსა და სოფლის წარმომადგენლებს შორის, ინციდენტი გადაწყვეტილ იქნა წინასწარი კონსესუსის საფუძველზე.
ჩვენი კომპანიის მიერ ინციდენტის სათანადოდ და გონივრულად გადაჭრის მიზნით, ქართველი მუშახელისა და სოფლის ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:
1.ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მრავალეროვნული კომპანია, კეთილგანწყობითა და მეგობრული სულისკვეთებით, თანახმა ვართ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის #9 გვირაბის პორტალის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს როგორც ჩვეულებრივ გადავუხადოთ დაპირისპირების მიზეზით შეფერხებული სამუშაოების დროს გასაცემი ხელფასები. ჩვენი კომპანიის მხრიდან წინასწარი შეტყობინების მიღების შემდეგ, 2016 წლის 9 ნოემბერს პროექტში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები განაგრძობენ სამუშაოებს.
2.ინციდენტში დაშავებული ჩვენი კომპანიის ქართველი თანამშრომლები და სოფელ ზვარეს მაცხოვრებლები გაივლიან მკურნალობას და მკურნალობის პერიოდში უზრუნველყოფილ იქნებიან ჰუმანიტარული დახმარებით.
3. დაპირისპირებს პროვოცირებაში დამნაშავე და ჩხუბში მონაწილე ქართველი თანამშრომლები, პოლიციის მიერ გამოძიების საბოლოო შედეგების გამოვლენამდე, არ იქნებიან დათხოვილნი სამუშაოდან, იმ პირობით, თუ უზრუნველყოფენ კომპანიის წესების დაცვას და შემდგომში აღარ მიიღებენ მონაწილეობას მსგავს დაპირისპირებებსა თუ ინციდენტებში.
4. ინციდენტის შემდეგ, ისეთი აღმაშფოთებელი და პროვოკაციული ქმედებებისათვის რომელსაც მზაკვრული მიზნების მქონე თანამშრომლებმა არაერთხელ მიმართეს, გაავრცელეს კომპანიის შეურაცხმყოფელი განცხადება, უფრო მეტიც, სამშენებლო მოედანზე გაფიცვისკენ მოუწოდეს ქართველ თანამშრომლებს და განახორციელეს უარყოფითი მოქმედებები ჩვენი კომაპნიის წინააღმდეგ, ჩვენი კომპანია იტოვებს უფლებას მათ წინააღმდეგ გამოიყენოს სამართლებრივი ზომები.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საწუხარო ინციდენტზე ჩვენი მხარე არ არის პასუხისმგებელი, თუმცა მთლიანობაში ჩინურ-ქართული მეგობრობის შენარჩუნების მიზნით, ამ ინციდენტში მონაწილე ჩვენი კომპანიის ჩინელი თანამშრომლების მიმართ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
1. #9 გვირაბის პორტალის სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი დათხოვილ იქნას თანამდებობიდან და დანიშნულ იქნას ობიექტის ახალი დროებითი ხელმძღვანელი და ორი თანაშემწე, ასევე დანიშნულ იქნას ქართველი კოორდინატორი. ახალი სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი, მისი თანაშემწეები და კოორდინატორი სამშენებლო ობიექტის სპეციფიკური გარემოებების მიხედვით შეიმუშავებენ მართვის ახალ სისტემას, სათანადოდ დაარეგულირებენ ურთიერთობებს ჩინეთის მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
2. სამსახურიდან დათხოვილ იქნან მოდერნიზაციის პროექტის #9 გვირაბის პორტალის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული, ჩხუბში მონაწილე ჩინეთის მოქალაქეები.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტის შემდეგ, ჩვენი კომპანიისათვის მიყენებული ზარალი, ყოველდღიურად შეადგენს 60 000 ლარს.
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წარმოადგენს ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროექტს, აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. მხოლოდ #9 გვირაბის სამუშაოების ფარგლებში, ჩვენმა კომპანიამ ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყო ასობით სამუშაო ადგილით, შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის წარმატებით დასრულება წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის ინტერესს, არამედ მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობისა და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესს.
ამ სამწუხარო ინციდენტის შემდეგ, არაერთმა ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების დამცველმა მედიასაშუალებამ თუ საზოგადოების ნაწილმა გამოხატა გულისტკივილი და მწუხარება, რითაც ზიანი მიადგა არამარტო ჩვენი კომპანიის ინტერესებს, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასაც. ვიმედოვნებთ, რომ ეს ფაქტი დროულად და სათანადოდ იქნება დარეგულირებული.
ჩინეთისა და საქართველოს მეგობრული თანამშრომლობის შენარჩუნების მიზნით, ჩვენი კომპანია მზადაა გაწიოს აქტიური ძალისხმევა, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რკინიგზის, სავაჭრო პალატის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა შესაბამისი ორგანოების დახმარებით ამ ფაქტის სათანადოდ დარეგულირება, სამშენებლო სამუშაოების დროული განახლება შეამცირებს ინციდენტით მხარეებისათვის მიყენებული ზარალს.
ჩვენ გვჯერა, რომ სოლიდარობისა და ურთიერთგაგების გზით, ჩვენი სამშენებლო ობიექტის ახალი ხელმძღვანელი გუნდი აუცილებლად შეძლებს საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებასა და გაღრმავებას. ერთიანი ძალისხმევით მოდერნიზაციის პროექტის დროული დასრულება, კეთილდღეობის მომტანი იქება ქართველი ხალხისთვის.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით იმ მედიასაშუალებებსა და პრესას, რომელთაც ყურადღება დაუთმეს აღნიშნულ ფაქტს".

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“

ინციდენტი სოფელ ზვარეში

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 03 ნოემბერი 2016 13:48

 

 ჩხუბი არმატურებით და ნაჯახებით. ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებსა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის მოხდა. შემთხვევა ჩინურ კომპანია ჩინეთის 23-ე ბიუროს ტერიტორიაზე მოხდა. 

როგორც ცნობილია ჩხუბის მიზეზი ადგილობრივების მიერ მოჭრილი ხის მასა გახდა, მოსახლეობასთან სიტყვიერი კამათი ჩინური კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დაიწყო, რასაც შემდეგ ამავე კომპანიის ქართველი თანამშრომლები გამოეხმაურნენ. 

სიტყვიერი კამათი რკინიგზის პროფკავშირებისა და ჩინური კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პირველი ჩხუბი გვიან ღამით მოხდა და 3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიღებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. 

ადგილზე საპარტულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა როგორც რკინიგზელთა პროფკავშირების წარმომადგენლები ამბობენ, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. შემთხვევის ადგილიდან პოლიციის წასვლის შემდეგ მორიგი დაპირისპირება უკვე გამთენიისას მოხდა. 

ინციდენტის დროს საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე დაშავდა, ისინი ზესტაფონში გადაიყვანეს. დაშავებულების ინფორმაციით მათ ჩინური კომპანიის ხელმძღვანელები ნაჯახებითა და არმატურით გაუსწორდნენ. ამ შემთხვევაშიც დაშავებულებს დაზიანებები თავის არეში აქვთ მიყენებული. 

ცნობილია, რომ მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს. 

ინციდენტი "კრწანისში"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 25 ოქტომბერი 2016 09:52

სასწავლო ცენტრ კრწანისში თავდასხმის დროს გარდაცვლილის ოჯახმა არ არის გამორიცხული საპროტესტო აქციები დაიწყოს. შენგელიები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.ისინი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც აპირებენ. დაღუპული ახალგაზრდის მამის თქმით, საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ, დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ.რომან შენგელიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება ეფექტურად და სამართლიანად არ წარიმართება, ცხედარს ის ზუგდიდის ცენტრში გადაასვენებს და საპროტესტო აქციას დაიწყებს.„ველოდები ხვალ დილამდე. გამოძიება უნდა ჩაატარონ ისე, როგორც საჭიროა. ისე არა, როგორც თვითონ უნდათ. თუ არა და, მე დილით ავიყვან ჩემ ბავშვს, გავიყვან ქუჩაში,“ - აცხადებს რომან შენგელია

უკვე ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც "კრწანისის" ინციდენტს ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 09:58

უკვე ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის კრწანისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ემსხვერპლა. ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა.ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს ქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან. სამხედრო პოლიციის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადებით, სამი პირი დაცულ ტერიტორიაზე კვირას გამთნიისას აპირებდა გადასვლას რა დროსაც ისროლა გუშაგმა. ერთი დაიღუპა დანარჩენმა ორმა კი გაქცევა შეძლო.ამ დროისთვის უცნობია, რა მიზნები ქონდად მათ. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია გაზის იარაღი და ფარანი.გარდაცვლილს თან არ ქონდა საბუთები, რის გამოც გაჭიანურდა მისი ვინაობის დადგენა.გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლთ მიმდინარეობას.

მარნეულის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 15:00 საათზე ჩაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 14 ოქტომბერი 2016 12:35

სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

მარნეულში დაკავებულების ადვოკატებმა საქმის მასალები უკვე ჩაიბარეს. 

ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარინციდენტში მონაწილე 6-ვე პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. 

საქმე აღძრულია სსკ-ს 163-ე და 353-ე მუხლებით, რაც საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

ინციდენტი თბილისში

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 10:05

ინციდენტი მოხდა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე. ერთ-ერთმა მონაწილემ ბესო ხუციშვილმა ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები პერფორმანსის გამართვას აპირებდნენ. როგორც დაშავებულის ახლობლები აცხადებენ, ის არის ნარკოდამოკიდებული და მის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მათივე თქმით, ხუციშვილი პოლიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლაზე საუბრობს. დაჭრილი აქციიდან ნიუჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმის განმატრებით, პაციენტს  მსუბუქი ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ირაკლი კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 19:54

ჩვენს ინტერესებშია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან, სამართლიან გარემოში ჩატარება და ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით პროვოკაციების საშიშროებაზე, სამწუხაროდ, ორი მცირე ინციდენტი მოხდა დღეს, ორ სხვადასხვა რეგიონში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ  ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ჩვენ კიდევ ერთხელ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები. კარგია, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ მსუბუქი პროვოკაციებით შემოიფარგლა და რაიმე მძიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.კიდევ ერთხელ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ მომავალში მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები.

მერსი სულხანიშვილი "ნიკორაში" მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პირველ კომენტარს აკეთებს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 11 ივლისი 2016 23:47

მერსი სულხანიშვილი ნიკორაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პირველ კომენტარს აკეთებს:
"სამი დღის წინ გავრცელებულმა ვიდეომ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვიდეო ფრაგმენტულია და არ ასახავს ყველაფერს, რაც შპს „ნიკორას“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. მე გამამტყუნეს იმის გამო, რომ უხეშად მივმართავ მაღაზიის კონსულტანტებს, ამის შემდეგ კი, უკვე რამდენიმე დღეა, სრულიად უცნობი ადამიანებისგან ბევრად უარესი ტექსტები მოვისმინე, რაც ცოტა პარადოქსულია.
ასეა თუ ისე, მინდა საზოგადოებას მოვუყვე ის, რაც „ნიკორაში“ მართლა მოხდა. ვინც დაინტერესებულია, ამ ტექსტს ბოლომდე წაიკითხავს.
ხუთშაბათს, დაახლოებით დღის 12 საათისთვის „ნიკორაში“ ვყიდულობდი პროდუქტებს. ერთ-ერთმა კონსულტანტმა შემომთავაზა დახმარება, გადავუხადე მადლობა და უარი ვუთხარი. რამდენიმე წამში, მეორე მხრიდან დამეჯახა ახალგაზრდა ბიჭი და იოგურტის ბოთლზე მიმითითა, შენ ეგ არ გეყოფა, დიდი ბოთლი აიღეო. სრულიად უცნობი ადამიანი მომმართავდა შენობით და თან ყვირილით. არ ეცვა ფორმა, თუმცა ეკეთა ბეჯი, რითიც მივხვდი, რომ საწყობის თანამშრომელი იყო. მას არ ჰქონდა უფლება, ეკონტაქტა მაღაზიის კლიენტებთან, მითუმეტეს ასეთი ფორმით. მშვიდად ავუხსენი, რომ ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს და არ შეეძლო, ჩემთვის ასე მოემართა. ბიჭმა ირონიული ტონით მიპასუხა, ამერიე და იუმორზე აცრილი ხარო. ასე შენიანებს მიმართე-მეთქი. გავბრაზდი და მივაძახე, ძონძი ხარ, ზრდილობა არ გაქვს, მიმართვა ისწავლე-მეთქი. პასუხად მივიღე სიტყვა „გააჯვი“.
ეს ყველაფერი ვიდეოში არ ჩანს. არსებობს „ნიკორას“ სათვალთვალო კამერებით გადაღებული მასალა, მაგრამ არ ისმის ხმა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვარ გაბრაზებული, შესაბამისად ვერ ვაკონტროლებ ვერც ემოციას, ვერც ლექსიკას. ვითხოვდი, ეთქვათ თანამშრომლის სახელი და გვარი, რომ გადამეცა სათაო ოფისისთვის. უკვე გამწვავებულ ვითარებაში ჩაერთო მენეჯერი, რომელთანაც ანალოგიური მოთხოვნა მქონდა. მან არც თანამშრომლის გვარი მითხრა, არც თავისი, რამაც კიდევ უფრო გამაღიზიანა.
საჯაროდ ვუხდი ბოდიშს მას, ასეთი უხეში მიმართვისთვის, რადგან იმ სიტუაციაში ის დამნაშავე ნამდვილად არ ყოფილა.
შემთხვევიდან 40 წუთში მოვიდა შპს „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა ბატკუაშვილი, რომელიც მოწმეა, როგორ აგრძელებდა ჩემთან უხეშად საუბარს საწყობის თანამშრომელი. იმეორებდა ფრაზას: „როგორც მინდა, ისე დაგელაპარაკები.“
ნამდვილად არ ვიცი, რა დავუშავე ამ ადამიანს. იმედი მქონდა, რომ მომხდარის შემდეგ, შპს „ნიკორა“ გააკეთებდა შესაბამის განცხადებას, თუმცა კომპანია იცავს მხოლოდ საკუთარი თანამშრომლის, და არა კლიენტის უფლებებს.
მე მესმის, რატომ გაღიზიანდა საზოგადოება, არ ვამტყუნებ არავის. მეც ანალოგიური რეაქცია და აგრესია მექნებოდა. ვემიჯნები და ვგმობ უცენზურობას, შეურაცხყოფას.
((ვიდეოში ისმის ჩემი ფრაზა: “მე იცი ვინ ვარ?” ვგულისხმობ იმას, რომ შპს „ნიკორაში“ მე ვარ რიგითი მომხმარებელი. თუმცა, მათ არ იციან, რომ თუკი დავინახავ რაიმე არასწორს, საჭირო ადამიანი აუცილებლად შეიტყობს. ამ კომპანიაზე გული შემტკივა თუნდაც იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი. სამწუხაროა, რომ ხალხმა კონტექსტი არასწორად გაიგო. მე ნამდვილად არ მაქვს განსაკუთრებული ამბიცია. ვარ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვცემ უდიდეს პატივს. ჩვენ ყველანი, პირველ რიგში, მოქალაქეები ვართ და შემდეგ უკვე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
ბოდიშის მოხდა არასდროს მეუხერხულება. მე ძალიან კარგად ვიცი, დამნაშავე ვარ თუნდაც იმის გამო, რომ ჩემმა არასწორ კონტექსტში გაჟღერებულმა ფრაზამ გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება. მე არასდროს გამოყენებია ჩემი სახელი ბოროტად და არც ვაპირებ ასე მოქცევას.
მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი შემეკავებინა ყველანაირი კომენტარისგან, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მომეყოლა სიმართლე. არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ბოდიშს ვუხდი იმ მედია ჰოლდინგსაც, რომელსაც წარმოვადგენდი. რადიო „აფხაზეთის ხმას“ ჩემ გამო შეექმნა პრობლემები. ბოდიშს ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ბოდიშს ვუხდი მსმენელებსაც. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ, გაიგონ სიმართლე. თითოეული თქვენგანის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია" - წერს მერსი.

ინციდენტი გურჯაანში

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 11 მაისი 2016 13:13

გურჯაანში, 30 წლამდე მამაკაცმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ მისი ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პატრულის თანამშრომლები მამაკაცისთვის საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმის გამოწერას გეგმავდნენ. გასროლა პოლიციის მისამართით არ მომხდარა და მამაკაცმა ის ჰაერში განახორციელა.მომხდარზე გამოძიება ”სისხლის სამართლის კოდექსის” 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11-წლამდე.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური