ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
კვირა, 22 მარტი 2020 11:24

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

კლინიკა განმარტავს, რომ "პლაქვენილი" გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით, რის შესაბამისადაც მოსახლეობას სთხოვს, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს.

ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩინეთსა და რიგ სხვა ქვეყნებში ხდებოდა სხვადასხვა მედიკამენტების კლინიკური გამოცდა, მათ შორის:

  • რემდესივირი
  • ლოპინავირ/რიტონავირი
  • დარუნავირ/კობიცისტატი
  • ატაზანავირ/რიტონავირი
  • ფავიპირავირი
  • ქლოროქინ ფოსფატი (დელაგილი)
  • ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი)
  • რიბავირინი
  • ოსელტამივირი
  • ალფა-ინტერფერონი
  • არბიდოლი
  • და სხვ.

არცერთ ზემოთჩამოთვლილ მედიკამენტს არა აქვს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ოფიციალური რეკომენდაცია COVID-19-ის სამკურნალოდ.

ყველა ზემოთაღნიშნული მედიკამენტი, რემდესივირის და ფავიპირავირის გარდა ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია და გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა კვლევებსა და სხვადასხვა ექსპერტებს შორის ამ მედიკამენტების შედარებით ეფექტიანობაზე არსებობდა განსხვავებული აზრი. აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთ გაიდლაინებში რეკომენდებული აქვთ სხვადასხვა მედიკამენტები და/ან მათი კომბინაციები.

ჩვენ ცალკეული კვლევების შედეგების, ექსპერტთა მოსაზრებების, ზემოთაღნიშნული მედიკამენტების მოქმედების მექანიზმების და COVID-19-ის პათოგენეზის ანალიზის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზემოთაღნიშნული მედიკამენტებიდან არჩევის პრეპარატად ჩაგვეთვალა ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი), რაც ასახულია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.

პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) აქამდე მალარიის და ზოგიერთი რევმატიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა და ხელმისაწვდომია საქართველოში.

საქართველოში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯერ კიდევ ა.წ. თებერვალში და ამ დღიდან დაწყებული ყველა ავადმყოფი (უსიმპტომო ავადმყოფების გარდა) იღებს მკურნალობას ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით).

ა.წ. 19 მარტს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ COVID-19-ის სამკურნალოდ და რომ ეს მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ.

პარალელურად ზოგიერთმა ქვეყანამ და წამყვანმა სამედიცინო ცენტრმა ეს გადაწყვეტილება ასახეს თავიანთ ოფიციალურ რეკომენდაციებში.

ამდენად, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ სრულად დაადასტურა, რომ ჩვენმა ცენტრმა თავის დროზე სწორი არჩევანი გააკეთა, რაც შესაძლოა იყოს ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ძალიან წარმატებულად ხორციელდება COVID-19-ით პაციენტების, მათ შორის 80 წელს გადაცილებული ასაკის და სერიოზული თანხმლები დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობა და მენეჯმენტი (საქართველოში სადღიოსოდ არ არის დაფიქსირებული COVID-19-ის არცერთი ლეტალური შემთხვევა).

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პლაქვენილი გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით და არ გამოიყენება ამ დაავადების საპროფილაქტიკოდ.

შესაბამისად, კატეგორიულად ვთხოვთ მოსახლეობას, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან მედიკამენტის არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ამ პიროვნების ჯანმრთელობას.

გვინდა გავაკეთოთ კომენტარი აგრეთვე მედიკამენტ რემდესივირზე (Remdesivir), რომელზეც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

მედიკამენტი რემდესივირი თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია Gilead-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა. ამჟამად ძალიან სერიოზული ჯგუფების მიერ, მათ შორის აშშ ნაციონალური ინსტიტუტის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორის Anthony Fauci-ის მიერ, შეისწავლება ამ მედიკამენტის ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდ და წინასწარი კვლევებით მიღებულია დამაიმედებელი შედეგები.

Gilead Science სწორედ ის კომპანიაა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს უფასოდ აწვდის მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს და შესაბამისად, აქვს საქართველოსთან მჭიდრო და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ უკვე მიმართეს კომპანია Gilead Science -ს, მოაწოდოს საქართველოს მედიკამენტ რემდესივირის გარკვეული რაოდენობა და გვაქვს იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს“, - ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 11 მარტი 2020 11:49

კორონავირუსით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ამისშესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 41 ადამიანი წევს.

„გუშინ ორ ეტაპად ჩატარდა 29 პაციენტის გამოკვლევა, 28-სთან მივიღეთ უარყოფითი პასუხი, მხოლოდ ერთის მივიღეთ დადებითი. დღეს დილისთვის ექვსი პაციენტის ტესტირება არის ჩასატარებელი. ეს ერთი პაციენტი დაემატა 14-ს და გახდა 15. მოგვიანებით შემოყვანილია დადასტურებული ხუთი შემთხვევა, ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 20 დადასტურებული შემთხვევა. მათზე გვაქვს ოთხი წყარო. ერთი არის ირანის ისტორია და გვყავს ორი პაციენტი. მეორე პაციენტი არის იტალია და გვყავდა ერთი პაციენტი, რომელსაც შემოემატა ხუთი პაციენტი და ამ წყაროდან გახდა ექვსი პაციენტი. შემდეგი წყარო არის იტალიის ერთ-ერთი ქალაქი, ჩვენთან შემოსული ექვსი პაციენტი, ორი ოჯახი და ამათთან კონტაქტში მყოფი ხუთი ადამიანი. 11 ადამიანი არის ერთი წყარო. ერთი პაციენტია ესპანეთის ისტორია. ჯერ რჩება უცვლელი სიტუაცია, ერთი მძიმე პაციენტი გვყავს. მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ არ უარესდება. სტაბილური სიტუაციაა. დანარჩენ შემთხვევებში გვაქვს სამი პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა მეოთხე პნევმონია და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქად გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით. მათი მდგომარეობა არ პროგრესირებს და არ უარესდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებული ბავშვის მდგომარეობას, ეზუგბაია აცხადებს, რომ ეს დაავადება ბავშვებში მსუბუქად ვითარდება და შესაბამისად, დაავადებული ბავშვის მდგომარეობაც მსუბუქია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.

ცნობისთვის, ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა იყო დადასტურებული. შესაბამისად, შემთხვევების რიცხვი 8-ით არის გაზრდილი.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 28 თებერვალი 2020 16:11

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.

გამყრელიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეჭვი არსებობს კიდევ ერთ მოქალაქეზე, რომლის შესახებ პასუხი საღამოსთვის გახდება ცნობილი.

„29 პაციენტია ინფექციურ საავადმყოფოში. დღეს აღებულია 24 სინჯი. მიმდინარეობს მათი კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში. დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს დადებითი შემთხვევა. ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის კარანტინში 87 ადამიანი იმყოფება.

„დღევანდელი რიცხვით, საქართველოში კარანტინში იმყოფება 87 პირი. აქედან საჩხერეში – 31, აბასთუმანში – 21. ასევე, გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, რომელიც იზოლირებულია ძირითადი შენობიდან, სადაც დღეს იმყოფება 35 ადამიანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეზობელ აზერბაიჯანში ასევე გამოვლინდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი კორონავირუსი ირანიდან ჩასულ რუსეთის მოქალაქეს დაუდგინდა. ის ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ ბლოკში განათავსეს. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, აზერბაიჯანის მთავრობა შესაბამის ზომებს იღებს. მათ შორისაა, იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებთანაც რუსეთის მოქალაქეს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვი საერთაშორისო მასშტაბით 79 ათასს აღწევს. დაღუპულია 2 778 ადამიანი. ვირუსისგან 36 ათასზე მეტი პირი განიკურნა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური