მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ინკლუზიური განათლების მეთოდური გზამკვლევები შემუშავდა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 16:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ფსიქოლოგებისა და ოკუპაციური თერაპევტების ჩართულობით, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის დამხმარე გზამკვლევები შეიქმნა.

სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური რესურსი მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის პრაქტიკული სახის რეკომენდაციებს მოიცავს და როგორც მშობლებს, ასევე სფეროს სპეციალისტებს დახმარებას გაუწევს მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური, ფუნქციონალური, ქცევითი, ემოციური, კომუნიკაციური და სხვა უნარების განვითარების მიზნით აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

გზამკვლევის შექმნის მიზანს წარმოადგენს ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერის შესახებ სკოლის პერსონალის ინფორმირება, რომელიც ტრადიციული სასკოლო დისციპლინისგან განსხვავებით, აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ არასასურველ ქცევაზე სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე, არამედ ქცევითი სირთულეების პრევენციაზე. დასჯის ნაცვლად კი, იყენებს მასწავლებლის მხრიდან მოსწავლისთვის სასურველი ქცევის მოდელირების, წახალისებისა და სწავლების მეთოდს.

გზამკვლევში დეტალურადაა წარმოდგენილი კლასის მართვის რეკომენდებული ტექნიკა და განხილულია ქცევის პოზიტიური მხარდაჭერის პროგრამის სპეციფიკა და მახასიათებლები, ასევე ინდივიდუალური შემთხვევები და კრიზისული სიტუაციებისისას სკოლებში ქცევის მართვა.

ეს გზამკვლევებია: ინტელექტუალური სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; მოტორული შეზღუდვის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; აუტიზმის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; სმენის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; მხედველობის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერა სკოლებში - პრევენციული აქტივობები; ქცევის მართვის ინდივიდუალური ქეისები; ქცევის მართვა სკოლებში კრიზისულ სიტუაციების დროს.

 

სამინისტრომ ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში მიღწეული შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 16:13

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ინკლუზიური პროფესიული განათლების საკითხების განსახილველად საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას შეჯამდა როგორც 2018 წელს ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული პროგრესი და არსებული გამოწვევბი, ასევე წლის განმავლობაში პროფესიულ სასწავლებლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სწავლა - სწავლების პროცესის მონიტორინგის შედეგები. გაიმართა დისკუსია პროცესების დახვეწისა და სტანდარტიზებული მექანიზმების დანერგვის სკითხებზე.

ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში 2019 წლისათვის დაგეგმილია მარეგულირებელი დოკუმენტების შექნა, პროფესიული ორინატიაციის კომპონენტის გაძლიერება და სასწავლო პრორცესის მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესება.

კონფერენცია ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 13:05

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს ბენეფიციარების - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისა და მოხალისეების - საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

ქვეპროგრამის მონაწილეებმა (საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და სსსმ მოზარდებმა, მათ შორის, ბოშებმა) დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები ბოშების ისტორიისა და კულტურის, მათი ყოველდღიური ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ.

კონფერენციის მიზანი იყო სოციალური ინკლუზიის აუცილებლობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისათვის კეთილგანწყობილი საგანმანათლებლო გარემოს შექმნის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებული ძალისხმევით ზრუნავს ეთნიკური უმცირესობებისა და, მათ შორის, ბოშა მოზარდების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვაზე. სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებისა და თანატოლებთან სოციალიზაციის მიზნით, შემუშვებულია „სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს სკოლაში, თავისუფალ დროს, ინკლუზიის პრინციპებზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებას. ეს აქტივობები (კითხვისა და თეატრის კლუბები; სათემო შეხვედრები და აქციები; კონფერენციები) საერთო ინტერესის ფარგლებში იზიდავს ბენეფიციარებსა (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდები, მათ შორის, განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მესხი, ქისტი, ბოშა მოზარდები) და მოხალისე თანატოლებს. სწორედ მოხალისე თანატოლებთან თანაცხოვრებითა და ურთიერთთანამშრომლობით მოხდა: ერთი მხრივ, ბენეფიციარ მოზარდებში მათი თანატოლებისა და სასწავლო პროცესის მიმართ ნდობის გაზრდა და განათლების მიღების მოტივაციის ამაღლება და, მეორე მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათ მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა.

პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს საჯარო სკოლის მოხალისეების გადამზადება ბენეფიციარებთან სათანამშრომლოდ; გადამზადებული ბენეფიციარები მოხალისეებთან ერთად ერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში; მონაწილეობენ ახალი ბენეფიციარების მოზიდვასა და მათ წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაში.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მნიშველოვანია, სახელმწიფოს მხრიდან ეთნიკური უმცირესობებისა და, მათ შორის, ბოშათა უფლებების დაცვისათვის უფრო ქმედითად ხორციელდებოდეს ისეთი პროგრამები, რომლებიც ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებასთან ერთად უზრუნველყოფს დომინანტ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.

ინკლუზიური განათლების განხორციელების დოკუმენტი

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 10:07

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე  ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების განხორციელების წესთან დაკავშირებული დოკუმენტი განიხილეს.

დოკუმენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მომზადდა და იგი საჯარო სკოლებში  ინკლუზიური განათლების მიმდინარეობის პროცესებს დაარეგულირებს, აღწერს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის და მოხსნის მიზნით შეფასების პროცედურებს, ასევე სკოლების, მასწავლებლის და სპეციალური მასწავლებლის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.

ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო პრეზენტაციაზე წარმოდგენილ შენიშვნებს და რეკომენდაციებს განიხილავს და ასახავს დოკუმენტში, რომელიც შემდგომში მინისტრის საკანონმდებლო აქტით დარეგულირდება.

დოკუმენტის შემუშავებაზე იმუშავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველომ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყო სხვადასხვა ორგანიზაციები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, სპეც მასწავლებლები და მულტიდისციპლინური გუნდის წევრები.

ინკლუზიური განათლება ჩეხეთში

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 12:23

ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები, ბევრ წარმატებულ პროექტთან ერთად, ჩეხი კოლეგების ინკლუზიური განათლების მიმართ განსაკუთრებულ მიდგომებსა და მიღწეულ შედეგებსაც გაეცნენ. მათ, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩეხეთის კონსერვატორიასთან არსებული სპეციალიზირებული სამუსიკო სკოლა და  სკოლა-პანსიონი დაათვალიერეს.

ჩეხეთის კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო სკოლაში, რომელიც განკუთვნილია უსინათლო და სუსტადმხედველი  მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, სურვილის შემთხვევაში, სწავლის შესაძლებლობა ნებისმიერ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არმქონე ახალგაზრდასაც შეუძლია. განსაკუთრებულია ასეთი მიდგომა და ის მეთოდები, რაც ამ სასწავლებელშია დანერგილი. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ პედაგოგთა ნაწილი თავად უსინათლო ან სუსტადმხედველია, აქ მოსწავლეები სხვადასხვა მუსიკალურ საკრავზე დაკვრასთან ერთად, ინსტრუმენტის აწყობასაც სწავლობენ და პროფესიასაც იძენენ. ამავე დღეს, ქართული დელეგაციის წევრებმა სპეციალიზირებული სკოლა-პანსიონიც დაათვალიერეს და იმ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს გაეცნენ, რასაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას სპეცმასწავლებლები და ფსიქოლოგები იყენებენ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდები ჩეხეთის ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრის რეკომენდაციით ხვდებიან, რომელიც ასამდეა მთელ ჩეხეთში.

მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის ლევან ზარდალიშვილის განცხადებით, ჩეხეთის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იყო და იგი აუცილებლად აისახება ქართველი კოლეგების საქმიანობაზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური