ახალი ინვესტიცია ფარმაცევტულ წარმოებაში საქართველოში

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 07 მაისი 2020 11:26

კახაბერ ოქრიაშვილის სახელთან დაკავშირებულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია GM Pharma-მ დაასრულა ინვესტირების მორიგი ეტაპი, რაც გამოიხატა გერმანული  Bosch-Hüttlin-ის (www.boschpackaging.com) ინოვაციური, დახურული, ავტომატიზირებული, გრანულაციის პროცესის ტექნოლოგიური ხაზის დანერგვაში.

GM Pharma-ს საწარმოში აგრეთვე ფუნქციონირება დაიწყო დამატებითმა კორშის (www.korsch.de) ახალმა სატაბლეტე ხაზმა XL 400.

კომპანიები, Bosch-Hüttlin და Korsch, წარმოადგენენ გერმანულ, მსოფლიოში აღიარებულ და ყველაზე მოთხოვნად ინდუსტრიულ კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ფარმაცევტული მრეწველებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნით.

ახალი ტექნოლოგიები, კერძოდ, Korsch XL 400 სატაბლეტე ხაზი, GM Pharma-ს  საშუალებას მისცემს  აწარმოოს ინოვაციური, 2- და 3-შრიანი ტაბლეტები (რომლებშიც შესაბამისად 2 ან 3 აქტიური ინგრედიენტია მოთავსებული), ასევე „ტაბლეტი ტაბლეტში“ (აღნიშნული ტექნოლოგია ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული აქტიური სუბსტანციების ერთ ტაბლეტში მოთავსების კიდევ უფრო მეტ საშუალებას იძლევა) და აგრეთვე ე.წ. „ჭკვიანი ტაბლეტები“ (რომლებიც ზუსტად იმ დროს ახდენენ წამლის გამოთავისუფლებას ორგანიზმში, როცა პაციენტს სჭირდება, მისი ჰორმონული ფონის დღე-ღამური მერყეობის მიხედვით).

აღნიშნული ხაზი ამავე დროს გამოირჩევა მაღალი წარმადობით (340.000 ტაბლეტი საათში), რაც კორპორაციას მისცემს საშუალებას, რომ დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნები, განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრების მხრიდან.

Bosch-Hüttlin-ის ახალი გრანულაციის სისტემის მთავარი დანიშნულებაა ადამიანური რესურსის მინიმალური ჩარევით მიიღოს ევროკავშირის GMP სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ნებისმიერი სახის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით გამოიყენება ეგრეთ წოდებული "სრულიად ავტომატიზირებული და დახურული სისტემის" პრინციპი. აღნიშნული სველი გრანულაციის ავტომატური ტექნოლოგიური ხაზი იძლევა მაქსიმალურად ჰომოგენურ გრანულებს და კაფსულაში მოსათავსებელი გრანულებისა და პელეტების გარსით დაფარვის აბსოლუტურ სტანდარტიზაციას.

Bosch-Hüttlin-ისა და Korsch-ის  ტექნოლოგიური ხაზები სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სათანადო წარმოების პრაქტიკისა და ამერიკული FDA-ს მოთხოვნებს.

ინვესტიციის მიმდინარე ეტაპზე განხორციელდა 5 მლნ ევროს დამატებითი ინვესტიცია თბილისის საწარმოში, რაც კორპორაციას მისცემს საშუალებას გაზარდოს წარმოების მოცულობა და მიაღწიოს წარმადობის ახალ დონეს - 500 მლნ ტაბლეტი და კაფსულა წელიწადში.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რომ სახელმწიფოში კარგად იყოს განვითარებული ეკონომიკის რეალური სექტორი და შეძლოს საჭირო რაოდენობის პროდუქციის წარმოება სხვადასხვა მიმართულებით და ეს ეხება ფარმაცევტულ მრეწველობასაც. შესაბამისად, ამ პრინციპის გათვალისწინებითაც მოხდა 5 მლნ ევროს დამატებითი ინვესტიცია GM Pharma-ს ფარმაცევტულ საწარმოში.

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP - სერტიფიცირებულ საწარმოებში.

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018 09:40

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება - Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018. კონფერენციის მიზანია, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები.

კონფერენციის თემები:

  • მაინინგის თავისებურებები: აპარატურა, მომგებიანობა;
  • ბლოკჩეინი ბიზნესისთვის - ქეისები;
  • ბლოკჩეინის პერსპექტივები სახელმწიფო ადმინისტრირებაში;
  • კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის რეგულაცია;
  • ICO კამპანიები: ინვესტიცია, მარკეტინგი, ტენდენციები;
  • თოქენიზაცია.

ვისთვის: ხელმძღვანელი პირებისთვის, ფინანსისტებისთვის, დეველოპერებისთვის, იურისტებისთვის, მარკეტერებისა და PR მენეჯერებისთვის.

რატომ: იმისათვის, რათა გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ მოგება კრიპტოვალუტებიდან და მაინინგ ფერმის გახსნისას; მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია, გაზარდოთ ICO-ს მომგებიანობა, იპოვნოთ პარტნიორები, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია, მოიზიდოთ ახალი კლიენტები; იმისათვის, რათა გაიგოთ, რომ თქვენი ბიუჯეტის დახარჯვა ისეთ რამეზე, რაც არ მუშაობს, არ არის კარგი აზრი.

კონფერენციის სპიკერები: გაიცანით ქართველი მოაზროვნე ლიდერები, საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები, მაინერები, ქართველი და საერთაშორისო იურისტები, ეკონომისტები, ICO კონსულტანტები და ანალიტიკოსები, რომლებიც თავიანთ ქეისებს გაგიზიარებენ.

აი რამდენიმე მათგანი:

ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო;

მარიამ ტურაშვილი, პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახური - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

ვანო ნარიმანიძე, ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველო;

ალექს სუდაძე, ბიტკოინის საელჩო საქართველოში;

დავით კიზირია, Innovation and Development Foundation;

დენის ალეინიკოვი, Aleinikov & Partners;

კატარინა გაიზელჰართი, PwC Germany;

გორდონ აინშტაინი, CKR LAW LLP;

სრული პროგრამა ხელმისაწვდომია ვებსაიტზე.

შეხვედრის ადგილი

ღონისძიება ჩატარდება თბილისის ცენტრში, ფეშენებელურ სასტურმო Radisson Blu Iveria Hotel-ში. მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1 (ყოფილი ვარდების რევოლუციის მოედანი).

ორგანიზატორი

საერთაშორისო კომპანია Smile-Expo ბლოკჩეინ ღონისძიებებს მასპინძლობს მსოფლიოს 20 ქვეყანაში. 12 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მანძილზე Smile-Expo-მ მოიპოვა რეპუტაცია როგორც დიდი ინდუსტრიული ღონისძიებების ორგანიზატორმა, როგორც ევროპასა და აზიაში, ასევე ავსტრალიაშიც კი.

ღონისძიებების პარტნიორები არიან ბლოკჩეინ ინდუსტრიის დამფუძნებლები საქართველოში: ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველო, ბიტკოინის საელჩო საქართველოში და ბლოკჩეინ სისტემების ინსტიტუტი.

კონფერენციაში მონაწილეობას გეგმავს 300-მდე დამსწრე საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ააშენეთ თქვენი კრიპტო ბიზნესი საქართველოში. https://goo.gl/WfkMXW

ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 28 აპრილი 2017 13:34

ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა, - ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ომარ ჰუსეინ ალფარდანმა საქართვლოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

Alfardan Group-ის ძირითადი ინტერესის სფეროს საქართველოში ტურიზმი და ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს.

შეხვედრისას ისაუბრეს ცალკეულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც, შესაძლოა, Alfardan Group-მა განახორციელოს.

კომპანიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულებაა და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

გიორგი გახარიამ უნგრეთის მხარესთან ურთიერთგაგებისა და ინვესტიციების წახალისების მემორანდუმებს მოაწერა ხელი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 14:34

საქართველოში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის  ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროებს შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა  მიჰაი ვარგამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

გიორგი გახარიამ გაფორმებული დოკუმენტების მნიშვნელობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მისი განცხადებით, უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი, ხელმოწერილი დოკუმენტები და მაღალი დონის შეხვედრები კარგ საფუძველს ქმნის სამომავლოდ უფრო მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. „დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ აუცილებლად იქნება კონკრეტული ბიზნესაქტივობები, რასაც ხელს უწყობს დღეს ბიზნესებს შორის გამართული შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების მხარდაჭერით“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

14 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია საქართველოში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 09:22

16 თებერვალს 13:00 საათზე საქართველოში 14 მილიონიანი ინვესტიციის განხორცილების შესახებ პრეზენტაცია, სასტურმო ამბასადორში (შავთელის ქ 17) გაიმართება.
ინვესტორი თბილისში დაბადებული, სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე იური სარქისიანია, რომელსაც ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს ბიზნესის მართვაში.

„ახალი თბილისი“- ამ ბრენდით შემოვიდა ინვესტორი ქართულ სამშენებლო სექტორში. „ახალი გლდანი“- ეს არის კომპლექსური განაშენიანება უნიკალური ინფრასტრუქტურით, რომლის საერთო მოცულობა 53 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ინვესტორმა ამჟამად ადგილობრივი 150 ადამიანი დაასაქმა.

ღონისძიბას გახსნის ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მშენებლობის და სივრცული დაგეგმის დეპარტამენტის ხელმძვანელი ნინო გვენცაძე.

###

„ახალი თბილისსი“ ამ ეტაპზე სამშენებლო ბიზნესში უკვე ჩადებულია 5 მილიონი ა.შ.შ დოლარი და შემდეგი სამი წლის მანძილზე განხორციელდება კიდევ 9 მილიონიანი ინვესტიცია. ამჟამად „ახალ გლდანში“ დასრულებულია ყველა კვლევითი სამუშაო და აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი.
პირველი რიგის მშენებლობა სრულდება 2018 წელს გაზაფხულზე, ამ ეტაპზე კი აღნიშნული კორპუსების მე-8 სართულია დასრულებული. კომპანია ეკონომ კლასის უსაფრთო და ხელმისაწვდობ ბინებს აშენებს მომავალი თაობისთვის და დიდ აქცენტს აკეთებს ხარისხზე, ინფრასტრუქტურაზე და გამწვანებაზე. მთლიანად კომპლექსი დასრულდება 2020 წელს.

 

,,ერთი სარტყელი, ერთი გზა"

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 15:27

პროექტ ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აძლიერებს - დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობასა და ჩინურ კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და „CEFC China Energy Company Limited“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიანჟუნ ჟანგმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მემორანდუმის მიზანია ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც განიხილება უმსხვილესი კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ის მიერ შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შეძენა.

კომპანია გეგმავს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას - ჩინეთის განვითარებული ინდუსტრიული ზონების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და გადამამუშავებელი წარმოების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სასაწყობე მეურნეობისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვით.

„CEFC China Energy Company Limited“-ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში. შემოსავლების მიხედვით, იგი შედის მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების ხუთასეულში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება გამომცემლობა „Fortune“-ს მიერ (Fortune Global 500).

გამოცდილებიდან, საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომპანია „CEFC China Energy Company Limited“-ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, არამედ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის გაძლიერებაში.

SES-ი O3b ქსელების100%-იანი წილის მფლობელი ხდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 16:50

O3b ქსელების შეძენა და სრული კონსოლიდაცია 2016 წლის 1 აგვისტოდან არის მოსალოდნელია SES-ის ზრდის ტემპთან ერთად კომპანიის შემოსავლებიც მოიმატებს და 2021 წლისათვის 106 მლნ ევროს შეადგენს

ლუქსემბურგი, 4 ივლისი, 2016 წ. – SES S.A.-ი (Euronext Paris and Luxembourg Stock Exchange: SESG) აცხადებს, რომ 2016 წლის 1 ივლისს კომპანიამ შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოებისგან თანხმობა მიიღო, გამოეცხადებინა ტენდერი O3b ქსელების შესყიდვასთან დაკავშირებით და წამოეყენებინა გარკვეული შეთავაზებები აქციონერებისათვის. აქციონერების ნაწილმა მიიღო SES-ის შეთავაზება, ხოლო ისინი, ვინც ტენდერში არ იღებდნენ მონაწილეობას, წილის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებენ. გარიგების დასრულება სავარაუდოდ, ამა წლის 1 აგვისტოსათვის არის დაგეგმილი.

SES-ი 730 მლნ-ი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, არსებული 49.1%-იანი წილის 100%-მდე გასაზრდელად; გარიგების განხორციელების შემთხვევაში, SES-ი მოახდენს 1.2 მლრდ აშშ დოლარის კონსოლიდაციას, რაც მთლიანად მიმართული იქნება O3b ქსელების ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხებისა და წარმოშობილი ვალების ანაზღაურებაზე.
O3b-ს უნიკალური და გლობალური მაღალი გამტარიანობის მქონე ქსელი აფართოებს SES-ის გლობალური დაფარვის არეალს და სატელიტურ სერვისებს, ამასთანავე ხელს უწყობს და აძლიერებს SES-ის მდგრადი ზრდის ტემპს.

გარიგება უზრუნველყოფს SES-ის მიერ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული თანხების გარკვეულწილად დაბრუნებას. გარდა ამისა, SES-ი 2017 წლისათვის გეგმავს წლიური 53 მილიონი ევროს გენერირებას კომერციული, ოპერაციული, პროდუქტების განვითარებისა და ფინანსური საქმიანობის სინერგიის გზით, რომელიც გაიზრდება წლიურ 106 მილიონ ევრომდე 2021 წლისათვის.

კარიმ მიშელ საბბაჰი, SES-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს: “O3b ქსელების 100%-იანი წილის ფლობა კომპანიისათვის მეტად მომგებიანი იქნება, როგორც სტრატეგიული ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.”

პადრეგ მაკკარტი, SES-ის ფინანსური დირექტორი აცხადებს: “O3b ქსელების – ყველაზე სწრაფად მზარდი სატელიტური ქსელის შეძენა - მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის განვითარების შესაძლებლობებს გრძელვადიან პერსპექტივაში; ასევე, მოსალოდნელია კომპანიის შემოსავლების ზრდა 32 მლნ-დან 36 მლნ აშშ დოლარამდე ყოველწლიურად, მხოლოდ სატელიტური ბიზნესიდან. ვიმედოვნებთ, რომ ორივე - SES-ი და O3b მიიღებენ სარგებელს მოსალოდნელი შერწყმისგან.“

SES-ის შესახებ
კომპანია SES-ი (Euronext Paris და Luxembourg Stock Exchange: SESG) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ს გააჩნია გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობები, ხარისხიანი მომსახურება და წარმოადგენს საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელს მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებლებთან, რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები. დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: www.ses.com

ჩვენ მივიღებთ ახალ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში, - დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 06 ივნისი 2016 13:33

სასტუმრო „რედისონში“ ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ფორუმის გახსნის ღონისძიებას ასევე თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები, სს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

საინვესტიციო ფორუმი Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით ტარდება. ფორუმს მოდერაციას უწევდა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და მმართველი პარტნიორი გიორგი ისაკაძე.

ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან  მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები.  ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორია Forbes Georgia-ს აქციონერი და Forbes Kazakhstan-ის გამომცემელი არმანჟან ბაიტასოვი, რომელიც „ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის” რეიტინგში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ყაზახეთის ეროვნული სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე,  Kusto Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე,  Altyn Kyran Group-ის დირექტორი, Raimbek Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, RG Brands-ის თავმჯდომარე და სხვა მსხვილი ყაზახი ბიზნესმენები.

„ყაზახეთი არის, იყო და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ყაზახეთს ჩვენს ქვეყანაში აქვს 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიციები განხორციელებული, მათ შორის არის ბევრი წარმატებული პროექტი. ჩვენ სტუმრებთან ვისაუბრებთ ლოჯისტიკურ პროექტებზე, ტრანსპორტზე, იმ გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოზე, რომელიც დღეს ჩვენთან არის. ინვესტორებს შევთავაზებთ იმ პოტენციალს, რომელიც გვაქვს უძრავ ქონებაში, დეველოპმენტში, ტურისტული ბიზნესის განვითარებაში. ასევე დეტალურად გავაცნობთ იმ წამახალისებელ პროგრამებს, რომელიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში იქნება მიღებული კარგი გადაწყვეტილებები, კიდევ ერთხელ მოხდება დამეგობრება ყაზახურ ბიზნესსა და ქართულ ბიზნესს შორის და შესაბამისად ჩვენ მივიღებთ ახალ ინვესტიციებსა და ახალ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვე აისახება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

ფორუმზე საინვესტიციო პროექტები წარდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, ლოგისტიკის, რიტეილისა და ეკონომიკის სხვა სფეროებიდან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფორუმის მთავარი მიზანია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო იმიჯის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებში ყაზახური ინვესტიციების მოზიდვას.

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გარდა, ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

 

 

ახალი შენობა თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 04 მარტი 2016 12:43
2016 წლის პირველი დიდი გერმანული ინვესტიცია საქართველოში განათლების სფეროში გაკეთდება: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა მომდევნი თვეებში მთლიანობაში 4,5 მილიონი ევროს ოდენობის თანხის დახარჯვას აპირებს  ბაგებში სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად. გერმანიის ფედერალური მთავრობა მშენებლობისათვის 3,2 მილიონ ევროს გამოჰყოფს. გერმანიის ელჩმა ბეტინა კადენბახმა და თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ 2016 წლის 3 მარტს საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ელჩის რეზიდენციაში  შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წელს დაარსდა და მას ამჟამად ექვსი კლასი აქვს. სკოლასა და მის ბაღში დღესდღეობით 109 ბავშვი სწავლობს. სკოლის კავშირს დაგეგმილი აქვს, 2022 წლამდე სკოლა აქციოს სრულყოფილ გერმანულ საზღვარგარეთის სკოლად, რომელსაც ექნება 12 კლასი და რომელშიც სამასამდე ბავშვი ისწავლის. საბავშვო ბაღში კი სამოცამდე ადგილი იქნება.სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი 2014 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცა სკოლას. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით. გერმანიის ფედერალური მთავრობის გარდა სკოლის შენობის მშენებლობას კრედიტით ხელს უწყობს ასევე პროკრედიტ ბანკიც.
„თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა არაჩვეულებრივი მაგალითია განათლების სფეროში ჩამოყალიბებული გერმანულ-ქართული ურთიერთობებისა“, აღნიშნა გერმანიის ელჩმა ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. „გერმანიის  ფედერალური მთავრობის მიერ 3,2 მილიონი ევროს გამოყოფა სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვენდობით საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას. სკოლისათვის გაწეული დახმარებით ჩვენ შეგვაქვს წვლილი საქართველოს განათლების სფეროს შემდგომ განვითარებასა და გერმანელი ინვესტორებისათვის საქართველოს მიმზიდველობის გაზრდაში.“ სკოლის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ბატონმა საშა ტერნესმა მადლობა გადაუხადა ელჩს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა საზღვარგარეთის გერმანული სკოლის მუდმივი მხარდაჭერისათვის. ამავე დროს მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ბაგებში გამოყოფილი ნაკვეთისათვის, რამაც შესაძლებელი გახადა სკოლის ახალი შენობის მშენებლობის დაწყება. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ  თანამედროვე გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენებული სკოლის ახალი შენობა იქნება ეკოლოგიური და ენერგოეფექტური, რათა რაც შეიძლება ნაკლები ზემოქმედება მოხდეს გარემოზე. ასე მაგალითად შენობის კომპლექსი ფერდობიან ნაკვეთზე ისე დაიგეგმა, რომ არ იქნება აუცილებელი დიდი ცვლილებების შეტანა ლანდშაფტში. მშენებლობის დაწყება დაგეგმილია გერმანული ენის თვის ფარგლებში 2016 წლის მაისში.

ყაზბეგში 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 12:58

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მძიმეწონიანი მანქანების ავტოსადგომისა და სასაწყობე მეურნეობის მოწყობის პროექტის განხორციელების  მიზნით შპს „მერფი ყაზბეგს“  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 49 წლის ვადით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფანშეტში მდებარე 52 932 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  საინვესტიციო პირობებით გადასცა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე 200 სატვირთო ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და სასაწყობე მეურნეობა მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს  20 საწოლზე  გათვლილ სასტუმროს მშენებლობას და არანაკლებ 300 კვ.მ. ფართის მქონე სწრაფი კვების ობიექტის მოწყობას. ჯამში  კომპანია  2 500 000 აშშ დოლარის  ინვესტიციას განახორციელებს.

პროექტი ხელს შეუწყობს ფასანაური-ნატახტარის მონაკვეთზე ტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდას და უზრუნველყოფს სტიქიური მოვლენების, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს ავტოსატრანსპორტო ნაკადის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას.შპს „მერფი ყაზბეგი“ ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფოს სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული კონფიგურაციით არანაკლებ 2000 კვ.მ. ფართობზე მოაწყოს ასფალტის ან/და ბეტონის საფარი საჭირო კომუნიკაციებით (მათ შორის: ელექტრო ენერგიით, წყლით და ბუნებრივი აირით) და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. ამავე ვადაში კომპანია სახელმწიფოს სასრგებლოდ, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან სარგებლობაში გადასაცემ უძრავ ქონებამდე მისასვლელი ბეტონის ან/და ასფალტის საფარიანი საავტომობილო გზის და ხიდის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან - საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური