მამუკა ბახტაძე - შანხაის ფორუმში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ვმონაწილეობდით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 14:31

ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს შანხაიში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ძალიან მნიშვნელოვან ფორუმში, რაც ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის კარგი საშუალებაა. 

"ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჩინეთი აპირებს, მნიშვნელოვანწილად გაზარდოს  იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მოწვეული იყვნენ სპეციალურად ამ ფორუმისთვის და საქართველო მათ რიგშია, რისთვისაც მინდა, პირადად პრეზიდენტ სი ძინპინს და ჩინეთის მთავრობას მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვაქვს უნიკალური უპირატესობა - საქართველო  ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ისტორიული შანსი ჩვენთვის, რომ გავზარდოთ ექსპორტი  ჩინეთში. ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი. ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოში მთავარი ეკონომიკური სიძნელის - სიღარიბის დამარცხებასთან. აქედან გამომდინარე, მივდივართ ძალიან კონკრეტული გეგმით და ვფიქრობთ, შემდეგი 2 წლის განმავლობაში შევძლებთ, მნიშველოვნად გავზარდოთ საექსპორტო პოტენციალი. გვექნება ამოცანა, მინიმუმ ორჯერ გაიზარდოს ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 14:22

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს. 
გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა. პრემიერმა, ჩინეთის პრეზიდენტსა და გამოფენაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა საერთაშორისო გამოფენის ქართულ პავილიონში, სადაც ქართულ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები. ისინი დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებს აცნობს. ქართულ პავილიონში თავიანთი პროდუქცია ასევე წარმოდგენილი აქვთ დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, ე.წ სტარტაპერებს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად შანხაიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

საქართველო მონაწილეობას მიიღებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 17 აპრილი 2018 16:53

ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის შემოთავაზება უპრეცედენტოა და ის ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ჯგუფები იმუშავებენ, რაც შეიძლება მეტი ჩინური კომპანიისთვის მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა და შეთავაზება, და იმ ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაა აუცილებელი. 

შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აღნიშნულ შეხვედრაზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. 

„შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთან პირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია და ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისა და მის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში, მიმდინარე წლის ზაფხულში შესთავაზა. 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია წარმოადგენს ეფექტურ ბერკეტს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

შეხვედრა ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შანხაის გამოფენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 10:50

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდა ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენის „China International Import Expo“-ს შესახებ, რომელიც 5-10 ნოემბერს გაიმართება. საქართველო გამოფენაზე მიწვეულია, როგორც სტუმარი ქვეყანა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი. 

1.5 მილიონი კვ. მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში მომსახურების 5 და საქონლის 6 საგამოფენო ლოკაცია მოეწყობა, სადაც ქართველი ექსპორტიორებს ექნებათ შესაძლებლობა ჩინეთში დაინტერესებულ პირებს საკუთარი პროდუქცია  და მომსახურება  გააცნონ.

"ეს არის ჩინეთში იმპორტირებული საქონლის უდიდესი გამოფენა და მის შესახებ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით ამ საწყის ეტაპზე, რათა უკვე დაიწყონ მზადება გამოფენისთვის,“ - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თავის მხრივ, გეგმავს ამ ინფორმაციის გავრცელებას როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონებში არსებული კომპანიებისთვის. „როგორც იცით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ძალაში შევიდა ამ წლის პირველი იანვრიდან ძალაში. ეს არის რეგიონში პირველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ქართველ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. ამდენად, ქართული კომპანიების ორგანიზებული მონაწილეობა ასეთ გამოფენებში ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

„ვფიქრობ, დაინტერესება გამოფენაში მონაწილეობის მხრივ იქნება საკმაოდ მაღალი. ჩვენ ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ უკვე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებისგან, რის საფუძველზეც მოვახდენთ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ინფორმირებას და გამოფენაში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული კომპანიების გამოვლენას,“ - აღნიშნა  საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა. 

საქართველოს საექსპორტო პროდუქციას შორის ჩინეთში ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა ქართულ ღვინოს აქვს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, „ჩინეთის ბაზარი მევენახეობა-მეღვინეობისთვის მნიშვნელოვანია, წელსაც ძალიან დიდი ზრდა იყო ექსპორტის მიმართულებით და 2018 წელს, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა ძალაში, გაცილებით შთამბეჭდავ ზრდას ველოდებით. მისი თქმით, გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიები ძალიან აქტიურობენ, რომ რაც შეიძლება მეტ გამოფენაში მიიღონ მონაწილეობა და ზოგადად, უფრო კარგად წარმოაჩინონ ქართული ღვინო, მეღვინეობის დარგი და ქვეყანა.

„მსგავსი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია. იმ კომპანიებისთვის, რომელთაც საკუთარი პროდუქციის ექსპორტის განხორციელების სურვილი აქვთ, ეს არის უნიკალური შანსი. ჩინეთი ძალიან დიდი ქვეყანაა. ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია პროდუქციის რეალიზების კუთხით და ვფიქრობ, ასეთი გამოფენები ხელს შეუწყობს სწორედ ბიზნესების განვითარებას, ასევე დამწყები ბიზნესისთვის იქნება მოტივაცია იმისთვის, რომ თავიანთი პროდუქტი გაიტანონ ქვეყნებს გარეთ და გააცნონ მსოფლიოს“ - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ. 

საქონლის 6 საგამოფენო სივრცე მოიცავს სპეციალურ დარბაზებს მაღალი წარმადობის ინტელექტუალური ტექნიკის, სამომხმარებლო ელექტრონიკისა  და მოწყობილობების, ავტომობილების, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სამომხმარებლო ნივთების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობებისა და სამედიცინო მომსახურების პროდუქტების გამოფენისათვის. მომსახურების 5 სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში კი შესაძლებელია ტურიზმის, განვითარებადი ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების, შემოქმედებითი დიზაინისა და მომსახურების აუთსორსინგის წარმოდგენა. 

საგამოფენო სივრცის დაჯავშნის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივნისია. 

გამოფენის ოფიციალური მასპინძლები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო და ქ. შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობა. აღნიშნული გამოფენის მხარდაჭერები არიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია.

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის ამკრძალავი კანონის ამოქმედება 1 წლით გადაიდო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 17:52

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონის ამოქმედების ვადებზე საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპორტიორი, იმპორტიორი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.  

ბიზნესომბუდსმენმა ექსპორტიორების არგუმენტები მოისმინა და მათ აღნიშნული საკითხის მთავრობასთან განხილვას დაჰპირდა. გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კანონის ამოქმედებამდე განიხილება ვერსიები, როგორ მოხდეს მისი იმპლემენტაცია ისე, რომ იმპორტიორებს პრობლემები არ შეექმნათ და ამავე დროს შენარჩუნდეს ის სარგებელი, რაც კანონის ამოქმედებას უნდა მოჰყვეს. გიორგი გახარიას განცხადებით, პრაქტიკულად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კანონი ერთი წელი არ ამოქმედდება.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ექსპორტიორები და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები სამუშაო რეჟიმში მოლაპარაკებებს განაგრძობენ, რათა ერთობლივად შეიმუშაონ გეგმა, რომელიც შემდგომ განსახილველად მთავრობას წარედგინება.

 

ღორის აფრიკული ჭირი საქართველოში? - "როსსელხოზნადზორის" ახალი შეზღუდვა საქართველოსთვის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:48

„როსსელხოზნადზორმა" საქართველოდან ცოცხალი საქონლისა და იმ პროდუქციის შეტანა აკრძალა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სამმართველო რიაზანისა და ტამბოვის ოლქებში იტყობინება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ცხელებისა და დაავადება "თურქულის" კუთხით არსებული არასტაბილური ეპიზოოტური სიტუაციის გამო, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცოცხალი საქონლის, ასევე ქართულ საწარმოებზე შექმნილი იმ პროდუქციის შეტანა იკრძალება, რომელიც სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს (ზედამხედველობას) ექვემდებარება. გარდა თევზის, ზღვის პროდუქტების და თევზის ფქვილისა “ - ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური