შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”ჰეროინი” ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019 15:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული დ.კ. და 1968 წელს დაბადებული თ.ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 327 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

პოლიციამ ზესტაფონის რაიონის სოფელ წევის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მეორე ბრალდებულის - თ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

​საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019 15:23

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონს 9 თებერვალს ეწვევა.
სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.
პრეზიდენტს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია უმასპინძლებენ.
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისსა და წყალტუბოს ესტუმრება. სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას, ისტორიულ ძეგლს, ბოტანიკურ ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჰესს დაათვალიერებს, რომელიც საინჟინრო და ინდუსტრიული არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.
პრეზიდენტი რეგიონში ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა: რამდენიმე სანატორიუმს, საწურბლიეს მღვიმეს და გაბაშვილის გორას დაათვალიერებს, რომელზეც ქართულ- პოლონური ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელები პრეზიდენტს არქეოლოგიური გათხრების შედეგებს გააცნობენ.
სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში მცირე ბიზნესის განვითარებით დაინტერესდება და ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობას მოინახულებს, რომელიც თაფლისა და ქვევრის ღვინის წარმოების ტრადიციებს აგრძელებს. პრეზიდენტი ასევე ეწვევა კომპანიას "ჰერბია“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.
წყალტუბოში პრეზიდენტი ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრსაც ეწვევა და ბენეფიციარებს მოინახულებს.

„იმერეთი გრინერი“ - ევროკავშირის მხარდაჭერის წარმატებული მაგალითი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 07 მარტი 2018 18:14

ქართული ბოსტნეულის ევროპული ტექნოლოგიებით მოყვანა - იმერეთი გრინერის მთავარი მიზანია. ქართულ-ჰოლანდიურმა საწარმომ, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, მიიღო დაფინანსება ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რის შედეგადაც გაზარდა წარმოება და შესაბამისად მოგებაც.
დაარსებიდან, საწარმო მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაფართოვდა. სამტრედიაში მდებარე სასათბურე მეურნეობა უკვე 2 ჰექტარზეა გაშენებული. სალათის ფურცელი და კიტრი აქ ჰიდროფონიკის სისტემაზეა აგებულ სათბურში მოჰყავთ. ეს უკანასკნელი სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მეთოდია და მცენარის უნიადაგოდ მოყვანას გულისხმობს. სათბურში ბუნებრივ რესურსებსაც პასუხისმგებლობით ეკიდებიან: აქ გასათბობად გეოთერმულ წყაროებს იყენებენ. იმერეთი გრინერის სათბურში მოყვანილი სალათის ფურცლითა და კიტრით ცნობილ სუპერმარკეტების ქსელებსა და მაღალი კლასის სასტუმროებს ამარაგებს.
EU4Business და EBRD კომპანიის წარმატების ნაწილია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამის - კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის საქართველოში, დახმარებით, 2016 წელს, კომპანიამ დანერგა ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სისტემა, რამაც ფინანსური ანგარიშგება გაცილებით ეფექტური, ხოლო ბანკებთან ურთიერთობა პროდუქტიული გახადა.
პროექტის ფარგლებში კომპანიის შემოსავალი გაიზარდა 380%-ით, წარმოება 75%-ით და თანამშრომლების რაოდენობა 129%-ით.
ჩვენი პროექტის შემდეგ, კომპანიამ მიიღო დაფინანსება, რითიც შესაძლებელი გახდა სათბურში LED განათების დამონტაჟება, რაც მოსავლის მოყვანის მდგრადობას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში.კომპანია გეგმავს სასათბურე მეურნეობის გაფართოებას იმერეთში და მსგავსი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მეურნეობის აშენებას სამეგრელოში.
„განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი კომპანია გაფართოებასთან ერთად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ეს რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“ ამბობს ნათია ხელაია, იმერეთი გრინერის დირექტორი. კომპანიის ერთ-ერთი გეგმა თურქეთიდან იმპორტირებული სალათის ფურცლის ჩანაცვლებაა, ასევე, ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში.

კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის საქართველოში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
EBRD-ის პროგრამამ „კონსულტაცია მცირე ბიზნესისათვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება რომ გაფართოვდნენ და მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ ეკონომიკის კატალიზატორები, ჯერ ადგილობრივად, შემდეგ კი რეგიონის მასშტაბით. პროგრამა საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო მეწარმეებს მიიღონ 10,000 ევრომდე გრანტი და საკონსულტაციო მომსახურება თანადაფინანსებით.

იმერეთში მაჟორიტარობის კანდიდატები პრემიერმა წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 09:50

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო კამპანიას იმერეთიდან იწყებს, - რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში წარადგინა.

"ქუთაისის 47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი - იგი კომაროველია, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა სკოლაში, ამჟამად სკოლის დირექტორია. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დირექტორია. წელი არ გავა, რომ მან ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის რამდენიმე აღზრდილი რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებზე არ წარადგინოს და არ მოიპოვოს გამარჯვება. ის ქვეყნის სიამაყეს ზრდის ქუთაისში. იგი აქ დაბადებული და გაზრდილი კაცი ადა დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მოაკლებს ქუთაისს და ქუთათურებს. 
ქუთაისის 48-ე ოლქში - დიმიტრი მხეიძე, რომელიც პროფესიით ექიმია. ის ისეთ პროფესიას ემსახურება, დარწმუნებული ვარ, ყველა ქუთაისელისთვის კარგად ნაცნობი და პატივსაცემი ადამიანია. მჯერა, რომ ძველ ქუთაისს მისი სახით ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში;

ქუთაისის 49-ე ოლქში - კობა ნარჩემაშვილი. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. იგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ცნობილი მოვლენების დროს. ბატონი კობა, პირადად ჩემთვის, ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. იგი გახლავთ სამართალმცოდნეობის მაგისტრი და ეკონომიკის მაგისტრი. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტარი იქნება.

წყალტუბოში წარმოგიდგენთ ცოტნე ზურაბიანის კანდიდატურას. იგი პროფესიით იურისტი გახლავთ. მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ბრემენის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად არის იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ცოტნეს სახით წყალტუბოს ეყოლება ახალგაზრდა და ენერგიული წარმომადგენელი, რომელიც წყალტუბოელების სათქმელს მიიტანს პარლამენტამდე.
ზესტაფონში წარმოგიდგენთ შალვა კიკნაველიძის კანდიდატურას. ბატონი შალვა, მართალია, ახალგაზრდაა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, უკვე გამოცდილი პარლამენტარია. ახლახან შემოგვიერთდა პარტიაში, ,,ქართული ოცნების“ წევრი გახდა. ზესტაფონელია, კარგად იცის ზესტაფონელების ყველა პრობლემა და ისიც იცის, რომ უნდა მიხედოს ამ პრობლემებს პარლამენტიდან.
თერჯოლა-ტყიბულში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ელგუჯა გოცირიძე, იგი გახლავთ მედიცინის დოქტორი, ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი. ბატონი ელგუჯა თერჯოლიდან არის და კარგად იცნობს ამ კუთხეს. წარმატებული ადამიანია თავის საქმეში და მჯერა, რომ ასეთივე იქნება პოლიტიკაშიც. თერჯოლასაც და ტყიბულსაც ნამდვილად ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში. 
საჩხერეში ჩვენი წარმომადგენელი იქნება პაატა კვიჟინაძე, იგი გახლავთ პარლამენტის წევრი. პატრიოტი, მებრძოლი კაცია, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ომის მონაწილე. ვფიქრობ, საჩხერელებს მისი განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდებათ. 
ვანი-ხონის ოლქში წარმოგიდგენთ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას. იგი გახლავთ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი, ამჟამად თბილისის მერის მოადგილეა. ბატონი გრიგოლი იყო ,,ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საბაჟო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მოადგილე. იგი წარმატებული იყო ყველა პოზიციაზე, სადაც მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება იგი პარლამენტარის რანგშიც. 
ჭიათურაში ჩვენი წარმომადგენელი იქნება სულხან მახათაძე, იგი გახლავთ ჭიათურის გამგებელი. არც ერთი პრობლემა, რომელიც ჭიათურასა და ჭიათურელებს აქვთ, მისთვის უცხო არ არის. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ბატონი სულხანი საუკეთესო კანდიდატურაა.
ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში ჩვენ ვასახელებთ კობა ლურსმანაშვილის კანდიდატურას. იგი გახლავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, იყო ხარაგაულის რაიონის კიცხის თემის საკრებულოს თავმჯდომარე. პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ბატონი კობას სახით ბაღდათელებს და ხარაგაულელებს პარლამენტში ეყოლებათ ნამდვილი გულშემატკივარი. 
სამტრედიაში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს გია მიქელაძე. ბატონი გია პოლიტიკაში ბიზნესიდან მოდის. ის წარმატებული ბიზნესმენია. მას სამტრედიაში არაერთი საქველმოქმედო საქმე აქვს გაკეთებული - დაგებული გზები, სკოლების რეაბილიტაცია, დაფინანსებული აქვს ახალგაზრდების სწავლა უცხოეთში. დარწმუნებული ვარ, იგი ასევე ნაყოფიერად იმუშავებს, როგორც პარლამენტარი. ბატონი გია სამტრედიელი გახლავთ და ყურადღებას არ მოაკლებს სამტრედიელებს,"- განაცხადა პრემიერმა მაჟორიტარობის კანდიდატების წადგენისას. 

 

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური