დღეს ხოჯალის ტრაგედიის 28-ე წლისთავია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 11:04

აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, ხოჯალის მსხვერპლს იხსენებენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ ხოჯალის გენოციდის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ტრაგედიის მსხვერპლს პატივი მიაგეს. ასევე, მემორიალს ესტუმრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, მილი მეჯლისის დეპუტატები, მინისტრები, კომიტეტების ხელმძღვანელები, დიპკორპუსის წარმომადგენლები, რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები და  ხოჯალის ტრაგედიისას გადარჩენილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი მიტინგები ჩატარდება, რომლის ლოზუნგია „სამართლიანობა ხოჯალისთვის“.

შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები, რუსეთის 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, ქალაქ ხოჯალის დაესხნენ თავს, რომელიც მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა. ქალაქის შტურმს საარტილერიო ქვემეხებიდან, მძიმე სამხედრო ტექნიკიდან მასშტაბური სროლა უძღოდა წინ, რომელიც ჯერ კიდევ 25 თებერვალს, საღამოს დაიწყო. შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 26 თებერვლის დილის 5 საათისთვის მთელი ქალაქი ალში მოაქცია. ხოჯალიში დარჩენილმა მოსახლეობამ, დაახლოებით 2500 ადამიანმა, გადარჩენის იმედით, უახლოეს დასახლებულ პუნქტს, აგდამს მიაშურა. თუმცა, სომხური ფორმირებები მათ სასტიკად გაუსწორდნენ. 

აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იყო 613 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის – 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. 1275 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჩავარდა. 150 ადამიანის, მათ შორის 68 ქალისა და 26 ბავშვის ბედი დღემდე უცნობია. 475-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა. 25 ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა, 130 კი – ერთი.

2018 წელს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ხოჯალის ტრაგედიასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქალაქ ხოჯალის ოკუპაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს 170 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა“.

28 თებერვალს ადგილობრივი ჟურნალისტების ჯგუფმა, ორი ვერტმფრენით, ტრაგედიის ადგილამდე მიღწევა მოახერხა. ხოჯალის მსხვერპლთა ფოტოებმა და ვიდეოებმა, რომლებიც ადგილობრივმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, მთელი მსოფლიო მოიარა.

1 მარტს ადგილზე უცხოელი ჟურნალისტები ჩავიდნენ. მსოფლიო მედია შოკისმომგვრელ სურათზე წერდა. ტერიტორია დასახიჩრებული ცხედრებით იყო სავსე. ჟურნალისტები წერდნენ, რომ მოკლულებს სკალპირება ჩაუტარეს, ყირები, კიდურები მოკვეთეს, თვალები და სხვა ორგანოები ამოაჭრეს. ცხედრების ნაწილი მძიმე ტექნიკით იყო გაჭყლეტილი, ან დამწვარი.

ცნობისთვის, 1994 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ინიციატივით გამოქვეყნდა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვით 26 თებერვალი „ჰოჯალის გენოციდის და ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავეები.

ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალები ბაქოში და სხვა ქალაქებშია აღმართული. „დედის ყვირილი“ („Ana harayı“) აზერბაიჯანის დედაქალაქში, ხათაის რაიონში დგას.

ბაქოს მე-6 საარჩევნო უბანზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 09 თებერვალი 2020 17:48

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები კანონის სრული დაცვით ტარდება.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 39,23% შეადგინა.

ბაქოში, მე-6 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, პირველმა ლედიმ მეხრიბან ალიევამ და ოჯახის სხვა წევრებმა.

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. არჩევნები 5573 საარჩევნო უბანზე ტარდება.

ქვეყანაში დარეგისტრირებულია 5.3 მილიონი ამომრჩეველი.

არჩევნებს აკვირდება 77 ათასი ადგილობრივი და 850-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. 

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში პირველად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას მმართველი პარტია ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების კურსის მხარდაჭერითა და მთავრობის „გაახალგაზრდავების“ სურვილით ხსნის.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში, სადაც არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით, მთლიანად მაჟორიტარული წესით ტარდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 125 მანდატისათვის 1314 კანდიდატი იბრძვის.

ავთანდილ ოთინაშვილი

ნათია ზუბაშვილი

ბაქოდან

აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აკრედიტირებულია 883 საერთაშორისო დამკვირვებელი - აზერბაიჯანის ცესკო-ს თავმჯდომარე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 თებერვალი 2020 18:23

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პარლამენტმა 2 დეკემბერს თვითდათხოვნის გადაწყვეტილებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ წარმოდგენილი რეფორმების მხარდასაჭერად შესაბამისი ინიციატივით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს (მილი მეჯლისი) მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ (ენი აზერბაიჯან) მიმართა.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში პირველად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას მმართველი პარტია ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების კურსის მხარდაჭერითა და მთავრობის „გაახალგაზრდავების“ სურვილით ხსნის.

 ავთანდილ ოთინაშვილი

ნათია ზუბაშვილი

ბაქოდან

აზერბაიჯანი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მშვიდ ვითარებაში ხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 თებერვალი 2020 12:46

6 თებერვალს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს საქართველოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტების და ხელმძღვანელების დელეგაცია ესტუმრა აზერბაიჯანის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში ორგანიზებულია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის მიერ, რისთვისაც მათ გულითადი მადლობა გვინდა გადავუხადოთ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 9 თებერვალი გამოაცხადა. აზერბაიჯანის პარლამენტმა 2 დეკემბერს თვითდათხოვნის გადაწყვეტილებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ წარმოდგენილი რეფორმების მხარდასაჭერად შესაბამისი ინიციატივით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს (მილი მეჯლისი) მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ მიმართა.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში პირველად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას მმართველი პარტია ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების კურსის მხარდაჭერითა და მთავრობის „გაახალგაზრდავების“ სურვილით ხსნის.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გამართულიყო. 

აზერბაიჯანის პარლამენტი 125 დეპუტატისგან შედგება. მოცემულ პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს. არჩევნებში სულ 18 პარტია მონაწილეობს. ერთი შეხედვით რაც ჩანს, ოპოზიცია აქ შედარებით სუსტია.
პოლიტიკური სუბიექტების აგიტაციის მთავარი იარაღი სოციალური ქსელები და ამომრჩევლებთან ინდივიდუალური შეხვედრებია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინა საარჩევნო პერიოდისთვის ბაქო საკმაოდ მშვიდია: არავინ არავის ერჩის, არ არის აქციებიც. არც სატელევიზიო სივრცეში იგრძნობა პოლიტიკური ტემპერატურის აწევა, და არც კანდიდატების პლაკატებით თუ ბილბორდებით არ არის აჭრელებული ბაქოს ულამაზესი ქუჩები.

წინასწარი მონაცემებით, ვინაიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის იდეა მმართველ პარტია „ენი აზერბაიჯანს“ („ახალი აზერბაიჯანი“) ეკუთვნის, მოსალოდნელია, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტიული მხრდამჭერები და ხელისუფლებასთან დაახლოებული რეგიონალური ლიდერები მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში, სადაც არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით, მთლიანად მაჟორიტარული წესით ტარდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 125 მანდატისათვის 1321 კანდიდატი იბრძოლებს.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აკრედიტაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ავთანდილ ოთინაშვილი

ნათია ზუბაშვილი

ბაქოდან

გიორგი გახარია დავოსში ილჰამ ალიევს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 იანვარი 2020 10:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

მოკლე პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის დინამიკაზე მიუთითებს.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, ასევე - ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს.

პრემიერ-მინისტრი გახარია  და პრეზიდენტი ალიევი შეთანხმდნენ, რომ ინტენსიური კომუნიკაცია მათ შორის მომავალშიც გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019 19:22

შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ლიდერს თბილი მიღებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია, ამდენად, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ორმხრივი ურთიერთობების შემდეგომ განვითარებას. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია ქვეყნების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო - ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზებას საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ, ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებას. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. კერძოდ, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა 9%-იანი წილით, ასევე 2018 წლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა 19%-იანი წილით. ასევე ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სექტორში. შარშან საქართველოში აზერბაიჯანიდან ვიზიტორების ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი ლიდერია. 

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი მაღალი დონით იქნება წარმოდგენილი აღნიშნულ ღონისძიებაზე. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 მაისი 2019 10:44

მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 11:12

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი" გამართულ ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.

,,თქვენი ასეთი დახვედრა არის დასტური იმისა, რომ მასპინძლობა ჩვენი ერების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია;
ეს არის კავკასიური კულტურის ძირძველი ნიშანი, უცვლელი ტრადიცია.
დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას.
მინდა გავიხსენო დიდი აზერბაიჯანელი, ისტორიული  ფიგურა ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის აღორძინების პროგრამა - „თურქიზაცია, ისლამიზაცია, ევროპიზაცია“.
ჩვენთვის - ქართველებისთვის ასეთი გმირი ილია ჭავჭავაძე იყო. მან ჩვენს ეროვნულ ლოზუნგად აქცია „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ევროპიზაციის იდეას ქადაგებდა.
ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გავიარეთ გზა თავისუფლებისკენ და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს გზა დღეს საერთო მიზნებს გვისახავს.
ჩვენ ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 1918 წელს, გამოვცადეთ ფედერალური წყობაც, შემდეგ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და გავიარეთ მძიმე საბჭოთა წნეხის პერიოდი. ბოლოს ჩვენ ასევე ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა.
საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა მძიმედ დაგვაწვა. კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ დღემდე ერთად ვიბრძვით საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაეროდან იუნესკომდე, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღდგენილი. ამ ტრაგედიების მიუხედავად,  ჩვენ შევძელით თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობა, თანამედროვე ეკონომიკის განვითარება და დიდი პროექტების განხორციელება.
ჩვენ კავკასია მსოფლიო რუკაზე გამოვაჩინეთ - თქვენ ამ რუკაზე ჩანხართ, როგორც გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ჩვენ კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ჩვენი სამეული - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ამ რეგიონის ენერგოგზების ქვაკუთხედი გახდა.
კავკასიის პოტენციალი მსოფლიოსთვის ამით არ იწურება. ამ რეგიონის გამორჩეული მდებარეობისა და უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, დიდი როლი გვაქვს შესასრულებელი.
ჩვენი ქვეყნები იმ გზაზე მდებარეობს,  რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას, ჩინეთსა და დასავლეთს, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ამ სატრანსპორტო დერეფნების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
იმისათვის, რომ ეს გზები მაქსიმალურად დაიტვირთოს და სათანადო მნიშვნელობა შეიძინოს, აუცილებელია, ჩვენმა რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. ყველას გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი პარტნიორი, მეტი ტურისტი, მეტი ბაზრები. ეს ყველაფერი ჩვენს სტაბილურობაზეა დამოკიდებული.

სტაბილურობისა და წინსვლის განუყოფელი ნაწილია კულტურა. ჩვენმა ქვეყნებმა ღირსეული ადგილი უნდა დაიკავონ მსოფლიო და ევროპულ თანამეგობრობაში, რომელიც, ეკონომიკის გარდა, სწორედ კულტურის სფეროს მოიცავს.
მიმაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი კულტურა სავიზიტო ბარათად უნდა აქციონ. ჩვენ ვფიქრობთ ახალ სტრატეგიებზე: ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, ვფიქრობთ მასშტაბურ კულტურულ პროექტებზე.
ახლახან, იუნესკოში ვიზიტის დროს, გამოიკვეთა რამდენიმე ასეთი მიმართულება. მათ შორის არის ინდუსტრიული მემკვიდრეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული გასული საუკუნის დასაწყისში ბაქოში ნავთობის აღმოჩენა და ინდუსტრიის განვითარება.
ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ გამოცდილება და, თუ თქვენი სურვილი იქნება, ერთობლივად წარმოვადგინოთ კავკასიის ინდუსტრიული მემკვიდრეობა (ბაქო, რკინიგზა და ფოთი).
ეს პირადად ჩემთვის იქნება დიდი პატივი, რადგანაც ჩემი წინაპარი - ნიკო ნიკოლაძე  უშუალოდ იყო ჩართული ამ წამოწყებებში და ურთიერთობდა კაპიტალისტებთან, რომლებიც მაშინ კავკასიაში საქმიანობდნენ. ესენი იყვნენ: ნობელები - თქვენთან, როტჩილდები კი - ჩვენთან.
არ დავივიწყოთ ისიც, რომ ნავთობის ინდუსტრიის ისტორია ჩვენი რეგიონის მშვიდობის ისტორიაცაა. მისი ახლებური წაკითხვა და მსოფლიოსთვის წარდგენა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს და შეცვლის ცრუ წარმოდგენას რეგიონზე, რომელიც მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში აღიქმება.
არსებობს მრავალი პროექტი კულტურის, ეკონომიკის სფეროებში. მათ შეუძლიათ ჩვენი ქვეყნების, ხალხების, ახალგაზრდების უფრო მჭიდროდ დაკავშირება.
ჩვენს დედაქალაქების შორის უფრო აქტიური გაცვლები უნდა მოხდეს: თქვენი ტრადიციული ხელგარჯილობის, მხატვრების, კომპოზიტორების, მწერლების წარმოჩენა; გაიმართოს ფორუმები აქტუალურ საკითხებზე, - მაგალითად, გარემოს დაცვაზე,  რამეთუ კავკასიის ბიოდივერსიფიცირებული ფლორა და ფაუნა ჩვენი დასაცავია.
ამისათვის უნდა ვიმუშაოთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე მსოფლიო კონფერეციებზე. ახალგაზრდებს შორის ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება და ამაღლება, ახალი მიდგომების დანერგვა შეიძლება გახდეს ძალიან ეფექტიანი დამაკავშირებელი ინსტრუმენტი.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენ კიდევ უფრო გვაახლოებენ ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ქართველები და აზერბაიჯანელები. 
ხვალ აქ ვესტუმრები ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს. მათ მიმართ ჩვენ  დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ და გვინდა, რომ ვიზრუნოთ მათზე - ისევე,  როგორც თქვენ გინდათ, ხელი გაუწოდოთ აზერბეიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანები ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებენ ჩვენს ქვეყნებს.
მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და დიდი თუ პატარა მეზობლების კეთილგანწყობით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარი იმ რეგიონში, რომელიც კულტურებისა და ცივილიზაციების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენ მსოფლიოს წინაშე ვალდებული ვართ, დავიცვათ მისი უნიკალურობა!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.
ილჰამ ალიევის განცხადებით, დღეს არსებობს კარგი შესაძლებლობები და პერსპექტივები აზერბაიჯანსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის, ესენია: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის სფეროები.

​საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019 12:35

ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს დახვდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნადირ ჰუსეინ ზადე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი.
 
საქართველოს პეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: აზერბაიჯანის პრეზიდენტთან,  პირველ ვიცეპრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
 
ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა. პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება ასევე კულტურული ურთიერთობების განვითარებაც.
 
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთნ, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.
 
საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა აზერბაიჯანის რამდენიმე მუნიციპალიტეტს: კახს ზაქათალას და ბელაქანს, სადაც  ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.
 
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენობაში შედიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე,
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი გიორგი მოსიძე,  პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ნინო წილოსანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ადა მარშანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.

მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 იანვარი 2019 13:38

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასა და საქართველოსა და აზრბაიჯანის ბიზნესებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებაზე.

ხაზი გაესვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც, ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით, როგორც  საქართველოში, ისე აზერბაიჯანში არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრეს TANAP-ის პროექტის შესახებ, ასევე ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური