საქართველომ ფინეთს მე-3 პერიოდში 19 ქულა გაუბათილა, მაგრამ მოგებამდე ვეღარ მივიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 12:52

ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის 4 გამარჯვებით დაწყების შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ბოლო 2 შეხვედრა წააგო და E ჯგუფში საბოლოოდ მე-2 ადგილი დაიკავა. აღნიშნული ადგილი ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოუტანდა, თუმცა ილიას ზუროსის გუნდს  ეს მისია თამაშების დაწყებამდე შესრულებული ჰქონდა, რადგან ჩვენი ქვეყანა მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და ისევე როგორც გერმანიას, იტალიასა და ჩეხეთს, კონტინენტის პირველობაზე თამაში საქართველოსაც გარანტირებული აქვს. 

ბოლო 2 მატჩი საქართველომ თბილისში გამართა. ესე არ იყო თავიდან დაგეგმილი, თუმცა ფიბა-ს კოვიდ-პანდემიის გამო ფორმატის შეცვლა მოუხდა და იზოლირებულ გარემოში, ეგრედწოდებული “ბაბლის” სისტემით უკვე მეორე ფანჯარა ჩაატარა. პირველ იზოლირებულ ფანჯარაში, გეხსომებათ, ზუროსის გუნდმა ფინეთში ორივე მატჩი მოიგო (ფინეთი და შვეიცარია დაამარცხა), მეორე “ბაბლს” კი თბილისმა უმასპინძლა და საკუთარ კედლებში საქართველოს არ გაუმართლა. ჩვენმა გუნდმა ვერ შეკრიბა ოპტიმალური შემადგენლობა და პლუს ამას, პირველ მატჩში დაშავდა კონერ ფრენკამპი – ახალი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი, რომელმაც სერბეთთან მატჩი ვერ ჩაამთავრა და, ცხადია, ფინეთთნაც ვერ ითამაშა.

ფრენკამპის ტრავმის შემდეგ ჩვენი გუნდის უკანა ხაზი მთლიანად სუპერლიგის მოთამაშეების იმედად დარჩა. ძირითადი გამთამაშებლის ამპლუა მწვრთნელებმა “ვერას” წევრ გივი ბაქრაძეს უბოძეს, რომელთან ერთადაც სასტარტოს უკანა ხაზში რუსთაველი მერაბ ბოქოლიშვილი დადგა. საქართველოს ნაკრებს თავიდან გაუჭირდა ფინელებთან პაექრობა, რადგან სკანდინავიელებს შორი სროლები წაუვიდათ, დაცვაში კი უფრო მობილურად თამაშობდნენ და სწრაფ კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. 

პირველ პერიოდში ფინელებმა 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდეს და დამსახურებულად გალიდერდნენ – 30:17. მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრების დაცვა კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ფინელებს პერიმეტრიდან ჩაგდება გაუჭირდათ.

ბოლო წუთებზე ზუროსის გუნდს არაერთხელ ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი, მოსაგებ ბრძოლაში ისევ ჩაბმულიყო, თუმცა ხან არ გაუმართლა, ხანაც ტექნიკური ხარვეზი დაუშვა და ფინელებმა გამარჯვება გაინაღდეს – 78:70 (სტატისტიკა). სკანდინავიელთაგან 14-14 ქულით საუკეთესო შედეგი ელიას ვალტონენმა და ერიკ მერფიმ აჩვენეს. 

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 18 ქულა და 5 მოხსნა დუდა სანაძემ მოაგროვა, ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე კი 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაგროვდა. 4-დან 3 სამიანი ჩააგდო და 9 ქულას გაიფორმა მიხეილ ბეიშვილმა, მერაბ ბოქოლიშვილი კი ჩვენს ნაკრებს 6 ქულით შეეწია.

შედეგად, E ჯგუფში 4 მოგება და 2 მარცხი საქართველომ და სერბეთმა მოაგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე სერბეთი პირველ ადგილზე გავიდა. სანამ საქართველო 2022 წელს ევრობასკეტს უმასპინძლებდეს, ჩვენი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში მომავალ აგვისტოში ჩაებმება.

სულ ზევით, ზევით – საქართველოს ნაკრები ევროპაში წონას და პრესტიჟს იმატებს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020 13:16

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ფინეთში ჩატარებული ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მეორე მატჩიც მოიგო და E ჯგუფს კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს. და ეს მაშინ, როცა ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ევრობასკეტზე თამაში მასპინძლის სტატუსის გამო განაღდებული აქვს, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი სახელიანი სერბეთის ნაკრები ჯგუფში ჩვენს ზურგსუკანაა და კონტინენტის პირველობაზე გასასვლელად იბრძვის.

2 დღის წინ ფინეთთან მოგებულ მატჩში ილიას ზუროსმა თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაამტკიცა, რომ გუნდის შერჩევა და თამაშის წაყვანა კარგად ეხერხება. ძირითადი შემადგენლობის 7 კალათბურთელის გარეშე მოთამაშე ქართველებმა მასპინძელ ფინეთს მოუგეს, 2 დღეში ის შვეიცარიაც დაამარცხეს, რომელმაც ქალაქ ესპოოს არენაზე 28 ნოემბერს სერბეთს 92:90 სძლია.

ფინეთში მოპოვებულ ორივე გამარჯვებაში უდიდესი იყო საქართველოს სუპერლიგის მოთამაშეების წილი. ჩვენს გუნდში 3 გამოკვთილი ვარსკვლავი თამაშობდა – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი, დანარჩენები კი სუპერლიგის წიაღიდან იყვნენ, რომლებმაც თავი ფინეთთან გამარჯვების შემდეგ, კიდევ ერთხელ, უფრო მკაფიოდ წარმოაჩინეს.

შენგელიას მარჯვენა ფეხი აწუხებდა და ილიას ზუროსმა მხოლოდ 20 წუთი ათამაშა. მწვრთნელმა ისე გაუნაწილა თორნიკეს სათამაშო დრო, რომ გუნდის კაპიტანი და ევროპული კალათბურთის ვარსკვლავი მოედანზე იმ დროს ყოფილიყო, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს დრო იყო მატჩის დასაწყისი, შუაწელი და რაღა თქმა უნდა, ბოლო წუთები. შენგელიამაც, ფინეთთან მატჩის მსგავსად, შეხვედრის ბოლო წუთზე მებრძოლი სული გამოავლინა, ბურთი შვეიცარიელებს აართვა და ზუსტი საჯარიმოებით საქართველოს ნაკრებს მოგება გაუნაღდა.

შენგელიაზე მთელი 9 წუთით მეტი ითამაშა და “ცხუმ-აფხაზეთის” ფორვარდმა ალექსანდრე ფევაძემ, რომელიც კვლავ ძალიან სარგებლიანი იყო. ჩვეული სიდინჯით და კვლავ საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა გივი ბაქრაძე, რომელსაც ბურთი ხომ საიმედოდ გადაჰქონდა მეტოქის ნახევარზე და შედეგიანადაც უტევდა.

ბექა ბექაურმა სანაკრებო კარიერაში უმეტესი – 18 წუთი ითამაშა და 2 სამქულიანი ჩააკალათა, საბა ლობჯანიძემ კი 12 წუთში კარგი დაცვა ითამაშა, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს ნაკრებმა, რის ფონზეც შვეიცარიელებმა მხოლოდ 5 სამქულიანი ჩააგდეს. სწორედ შორი სროლებით სძლიეს 2 დღის წინ შვეიცარიელებმა სერბეთს, როცა 23 ცდიდან 13 სამიანი ჩააგდეს. ილიას ზუროსმა კარგი დასკვნები გამოიტანა აღნიშნული მატჩიდან და შვეიცარიელებს სამქულიანების სასროლი სივრცეები ხომ გადაუკეტა და მეტოქეს სწორედ შორი სროლებით გატეხა. თად მაკფადენმა, რომელმაც ფინეთთან 6 ცდიდან ყველა სამიანი ააცილა, შვეიცარიასთან 9-დან 6 ჩააგდო.

წინა მატჩში ტრავმირებულმა მერაბ ბოქოლიშვილმა შვეიცარიასთან სასტარტოში დაიწყო და გუნდს საწყის წუთებში დაცვითი მუხტი შემატა, ხოლო ილია ლონდარიძემ, რომელიც ფინეთთან მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, იმ 3 წუთში, რაც მოედანზე იყო, თავი არ შეურცხვენია.

დაბოლოს გიორგი კორსანტია, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და საკმაოდ შედეგიანი იყო. არასრულ 13 წუთში კორსანტიამ 9 ქულა მიითვალა და ქართველების დაცვით ჯაჭვშიც მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ჰელსინკი დიდი პატივისცემით დატოვა. ილიას ზუროსს და მის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მოგებული ფინური ბაბლის შემდეგ პრესტიჟი კიდევ უფრო მოემატა და ევროპაში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. საქართველო უმიზნებს მომავალი ბაბლის მასპინძლობას, რომელიც 2021 წლის თებერვლის ბოლო კვირაში გაიმართება და რის ფარგლებშიც ზუროსის გუნდს სერბეთთან და ფინეთთან დაპირისპირება მოუწევს. ქართველებს, რომლებსაც ევრობასკეტის საგზური ჯიბეში აქვთ,  1 მოგება ჯგუფში პირველ ადგილს გაუნაღდებს. ასეთ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურებს E ჯგუფიდან 2-3 ადგილებზე გასული გუნდები მოიპოვებენ.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება ლიტვასთან - 79:77

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 11:09

საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ლიტვის ნაკრები 79:77 დაამარცხა! საქართველოს და ლიტვის ნარკების ბოლო დაპირისპირებები უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. (იხილეთ ფოტოგალერეა)

ასე იყო ახლაც და საბედნიეროდ გამარჯვებული ამჯერად საქართველო გამოვიდა, რომელმაც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში განცდილი მწარე მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო! თამაშის საწყისი წუთები და მეორე ნახევარიც ლიტვის ნაკრების უპირატესობით წარიმართა, რომელიც პერიმეტრიდანაც კარგად თამაშობდა და სამწამიანშიც აგროვებდა ქულებს, ძირითადად იონას ვალანჩუნასის დახმარებით.

ამ ყველაფერს გიორგი ცინცაძის ტრამვა დაემატა და ისე ჩანდა, რომ ჩვენი გუნდი მატჩის გადარეჩენას ვერ შეძლებდა. მაგრამ, საოცარი, ზღაპრული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ვერც მოტეუნასმა და ვერც კუზმინსკასმა ვერ შეაჩერეს, ორივემ მატჩი 4-4 პერსონალური შენიშვნით დაასრულა. თორნიკემ 29 ქულა ჩააგდო და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

მესამე პერიოდის მიწურულს ზუროსმა მოედანზე ორი მაღალი - ფაჩულია და შერმადინი შემოუშვა, რამაც გაამართლა - ის მონაკვეთი საქართველომ მოიგო და საერთოდაც ბერძენმა სპეციალისტმა მთელი თამაში უმაღლეს დონეზე წარმართა, ლიტველთა თავკაცს დაინიუს ადომატისს ულაპარაკოდ აჯობა. საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებმა წააგო მოხსნებში 32:38, უარესი ბალანსი ჰქონდა სამქულიანებში 3:8, მაგრამ თამაში მაინც მოიგო. მოიგო გამართული, დალაგებული დაცვის ხარჯზე.

ჩვენს გუნდს ასეთი მაღალი დონის თამაში დაცვაში აქამდე არ უჩვენებია, რაც ცხადია ილიას ზუროსის დამსახურებაა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია და საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.

ლიტვის დამარცხება, რომელიც ჩვენი ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა და ევროპის ჩემპიონატზე დიდი ამბიციებით არის ჩამოსული აბსოლუტურად ცვლის საერთო სურათს ბ-ჯგუფში და ჩვენს გუნდს აძლევს საუცხოო შანსს, რომ პლეი ოფში ბევრად უკეთესი ადგილით გავიდეს. ეს კი თავის მხრივ პლეი ოფში შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის წინაპირობაა. თუმცა, მანამდე ჯგუფური ეტაპის 4 თამაშია, რომელიც საქართველომ ასევე მაღალ დონეზე უნდა ჩაატაროს.

ხვალ, 1 სექტემბერს გუნდები ისვენებენ. 2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს უკრაინას იოლად 75:63 მოუგო. თელ ავივში ისტორიულ შეხვედრას 400-მდე ქართველი დაესწრო და საქართველოს ნაკრებს უქომაგა. ქართველი კალათბურთელები ტრიბუნებიდან გაამხნევეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ისრაელში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):" ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით, ყველა ვინც მოედანზე იყო 100% დაიხარჯა. ცინცაძის დაშავების შემდეგ ისე გამოვიდა, რომ ძირითადი ხუთეულის წევრებს სათამაშო დრო კიდევ უფრო გაეზარდათ და გარკვეულწილად გავრისკეთ იმაზე გათვლით, რომ ხვალ დასვენების დღეა და იმედია ბიჭები ძალების აღდგენას მოასწრებენ. ეს გამარჯვება კარგია, მაგრამ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ, წინ კიდევ 4 მძიმე მატჩია და ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი მიზანი გასვლაა.  მადლობა კიდევ ერთხელ გუნდს ასეთი თავგანწირული ბრძოლისთვის"

ლექსო მაისურაძე

ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბი დაკომპლექტდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016 16:14

ნობილი გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა. ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გუნდში შევიდნენ: კოტე ტუღუში, ირაკლი ხოშტარია, იურიცა გოლემაცი, ტიხომირ ბუიანი და მილოშ გრიგოლიევიჩი.

შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრების აქამდელმა სამწვრთნელო შტაბმა მთავარ მწვრთნელთან ერთად 2 ცვლილება განიცადა. დავით უსტიაშვილისა და ჯეისონ სტოდტის ადგილები ირკლი ხოშტარიამ და იურიცა გოლემაცმა დაიკავეს.

ხოშტარია ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგადაა ნაცნობი - ის „დინამო თბილისს“ თავკაცობდა, ხოლო 20-წლამდელთა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. იურიცა გოლემაცი კი გულშემატკივართათვის უფრო კარგად კალათბურთელის კარიერითაა ცნობილი.

39 წლის ხორვატ ცენტრს თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრებში არ უთამაშია. მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და სლოვენიის ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი გახლდათ 2003, 2005 და 2007 წლების ევროპის ჩემპიონატებზე. მისი საკლუბო კარიერა კი 1995 წელს ხორვატიულ „ჟრინიევაცში“ დაიწყო და 2013 წელს სლოვენიურ „კრკაში“ დასრულდა. 212 სანტიმერტი სიმაღლის ცენტრი თურქულ, რუსულ, ებრაულ, ბერძნულ, გერმანულ, ხორვატიულ, იტალირ და ფრანგულ ტოპ-კლუბებში თამაშობდა. სამწვრთნელო კარიერა იურიცა გოლემაცმა 2013 წელს, ხორვატიის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ციბონაში“ დაიწყო, რის შემდეგაც ამ გუნდის ასისტენტი მწვრთნელია.

იგორ კოკოშკოვის სამწვრთნელო შტაბში მყოფი კოტე ტუღუში, ხორვატი ტიხომირ ბუიანი და სერბი მილოშ გრიგოლიევიჩი მთავარი მწვრთნელის ასისტენტებად დარჩებიან და საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის ამჯერად ილიას ზუროსთან ერთად იმუშავებენ. 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ილიას ზუროსმა ჩაიბარა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 10:33

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ილიას ზუროსი გაწვრთნის. ბერძენმა სპეციალისტმა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან კონტრაქტი  გააფორმა. ფედერაციის მხრიდან კონტრაქტს ხელი პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერა.

ხელშეკრულება 1+1 წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართელოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება. ილიას ზუროსი საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებისა და ტიტულების მქონე სპეციალისტია. ის საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებსა და რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს თავკაცობდა.

 

სამწვრთნელო კარიერა
2000-2002       ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
2003-2004       საგესი (ლიბანი)
2004-2005       პერისტერი (საბერძნეთი)
2005-2006       არისი (საბერძნეთი)
2006-2007       პარიზ-ლევალი (საფრანგეთი)
2007-2010       პანელინიოსი (საბერძნეთი)
2011                ჟალგირისი (ლიტვა)
2011-2012       საბერძნეთის ეროვნული ნაკრები
2012                ეფესი (თურქეთი)
2013                ჟალგირისი (ლიტვა)
2014-2015       თოფაში (თურქეთი)

მიღწევები და ტიტულები
ლიბანის ჩემპიონი (2004)
ფიბა-აზიის ჩემპიონთა თასის მფლობელი (2004)
ევროთასის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი (2010)
ლიტვის თასის მფლობელი (2011)
ბალტიის ლიგის ჩემპიონი (2011)
ლიტვის ჩემპიონი (2011)

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური