საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 10:17

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს  ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ქადაგებების დროს  გაჟღერებული უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის.

„მინდა მადლობა გითხრათ, იმ უდიდესი ღვაწლისათვის, რაც თქვენ გაქვთ, - ერში და საზოგადოებაში მშვიდობის, შეწყნარების, ერთმანეთის პატივისცემის და სიყვარულის ღირებულებების დამკვიდრებისათვის.

დიდი მადლობა იმ უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის, რომელიც მოდის ხოლმე თქვენი ქადაგებების დროს.  ამ ბოლო ქადაგებისას თქვენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ, რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა ერთმანეთთან დარბაზებში.  დიდი მადლობა ამ ძალიან  მნიშვნელოვანი გზავნილისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი თქვენს სიტყვას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და  ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მოახდენს მომავალშიც ჩვენს ცხოვრებაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრაზე.

„ჩვენ ხმაურიანი ხალხი ვართ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დამშვიდდება, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა“, -აღნიშნა პატრიარქმა.

საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 10:05

რელიგიური უმცირესობის ნაწილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად წარმოგიდგენთ:

"როგორც გუშინ საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, რელიგიური უმცირესობის ნაწილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ისინი ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების გაუქმებას, რომელიც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს ჩვენს ეკლესიას. კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერი დისკრიმინაციულია სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში.

ერთი ან რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისათვის საგადასახადო ან სხვა სახის შეღავათების მიცემა ჩვეულებრივი პრაქტიკაა ევროპის კავშირის წევრი მრავალი ქვეყნისთვის. ამ სივრცეში არსებობს სხვადასხვა მექანიზმები რელიგიური გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერისათვის: იქნება ეს პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება, საგადასახადო შეღავათები თუ საეკლესიო გადასახადები. დანიის, საბერძნეთის, ფინეთის, ესპანეთის თუ სხვა ქვეყნების მაგალითები ამის ნათელი დადასტურებაა. საერთაშორისო აქტებსა თუ რეკომენდაციებშიც ამგვარი პრაქტიკა დისკრიმინაციად არაა მიჩნეული. მაგალითად, 2004 წლის ,,რეკომენდაციებში რწმენისა და აღმსარებლობის სფეროში კანონმდებლობის ანალიზისათვის", რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისაგან და მოწონებულია ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის მიერ, აღნიშნულია: "ბევრ ქვეყანაში გარკვეულ რელიგიურ ინსტიტუტებს შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფოს მიერ დაწესებული მრავალი შეღავათი - გადასახადების გადახდა იქნება ეს თუ პირდაპირი სუბსიდიები. როგორც წესი, არც ერთი ზემოაღნიშნული პრივილეგიის უბრალო მინიჭება არ ეწინააღმდეგება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უფლებას". ამასთან მითითებულია, რომ მისაღებია ქვეყნის ისტორიაში ამა თუ იმ რელიგიის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა: "კანონმდებლობა რომელიც აღიარებს სხვადასხვა რელიგიის ისტორიულად განპირობებულ როლს გარკვეული ქვეყნის ისტორიიის ჩამოყალიბებაში, დასაშვებია იმ პირობით, რომ ეს არ იქნება დისკრიმინაციის საბაბი".

ყოველივე ამის გათვალისწინებითაა, რომ გერმანიაში, ავსტრიაში, ლიტვაში სახელმწიფოს მხრიდან შეღავათები დაწესებულია მაღალი და არასაბაზისო სტატუსის მქონე რელიგიური გაერთიანებებისათვის, ხოლო სხვა რელიგიური გაერთიანებებისათვის ეს დაშვებული არ არის.

შეგახსენებთ ეუთოს 1999 წლის საცნობარო დოკუმენტსაც "რელიგიისა და რწმენის თავისუფლება: კანონი, რომელიც გავლენას ახდენს რელიგიური გაეთიანებათა სტრუქტურაზე", სადაც წერია რომ: "დღეისათვის ამგვარი განსხვავება არ არღვევს თანასწორი მოპყრობის კანონებს, ალბათ, იმის გამო რომ თვით ასეთ სისტემაში არსებული შეხედულებები ბუნებრივად გამომდინარეობს ისტორიიდან, ტრადიციებიდან, დაგროვილი გარემოებებიდან...".

ასევე შეგახსენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე - "იგლესია ბაუტისტა და ორტეგა მორატილა ესპანეთის წინააღმდეგ", სადაც სასამართლომ დისკრიმინაციად არ მიიჩნია ის საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ესპანეთში სარგებლობს მხოლოდ კათოლიკური ეკლესია. მაგალითების მოყვანას აღარ გავაგრძელებთ.

ყოველივე ეს ვფიქრობთ თვალნათლივ მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ჩვენთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათები რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს, არამედ ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკას და ბუნებრივია, დისკრიმინაციასთან საერთო არაფერი აქვს.

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ რელიგიური უმცირესობებისათვის კომუნისტურ პერიოდში მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების საკითხს. დიდი ხანია საუბარია ტრადიციული რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში გარკვეული, მათ შორის საგადასახადო, შეღავათების მინიჭებაზეც.

ამ ფონზე სრულიად გაუგებარია რიგი რელიგიური უმცირესობების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად კი არ ისახავს მათთვის მსგავსი შეღავათების დაშვებას, არამედ ჩვენი ეკლესიისათვის შეღავათების გაუქმებას. საქართველოს საპატრიარქო მომავალ კვირას ამ საკითხის განსახილველად ინტერრელიგიური საბჭოს ფორმატში დიალოგისათვის იწვევს რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

8 ოქტომბერს ბათუმს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 13:48
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების დედათა მონასტერში წირვა-ლოცვას აღავლენს. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შეასრულებს სამების დედათა მონასტრის ტაძრის კურთხევას, რის შემდეგაც აღასრულებს ღამისთევით საღმრთო ლიტურღიას. ხოლო ხუთშაბათს 8 ოქტომბერს 2 საათზე მობრძანდება უწმინდესი და უნეტარესი“, - აღნიშნულია განცხადებაში. სამების ტაძრის მშენებლობა 8 წლის წინ დაიწყო. მონასტრის მშენებლობას ფინანსურად მხარს რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი შალვა ბრეუსი უჭერდა.
გვერდი 4/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური