თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს, - პატრიარქი მინისტრებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 13:02

„მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად, წმინდა ილია წინასწარმეტყველი ძლიერი წმინდანია, თვით სახელში ორჯერ არის ნახსენები ღმერთი. თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო,“ - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში სადღესასწაულო წირვაზე მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს.
 დღეს ჩვენ სამი ილიას დღესასწაული აღინისნება, ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია პირველის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღე. 

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 ივნისი 2016 11:08

დღეს საქართველოს საპატრიარქოში  წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სადაც საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებული დეტალებს განიხილავენ.   სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უხელმძღვანელებს. 

მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს გაიმართება. კრებაზე განსახილველი საკითხებია:  მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. 

„ხარება შთაგვაგონებს იმას, რომ ვიყოთ მახარობლები"-პატრიარქის ქადაგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 14:03

დღეს მართმადიდებლური სამყარო ხარებას აღნიშნავს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა. მან განაცხადა, რომ კურთხევა ეძლევა მრევლს ადამიანებს სასიხარულო ამბები უთხრან.

„ხარება შთაგვაგონებს იმას, რომ ვიყოთ მახარობლები. კურთხევა გეძლევათ, რომ ადამიანებს სასიხარულო ამბავი უთხრათ და არა სამწუხარო და ნეგატიური, როგორც ჩვენ ტელევიზიებში არის. თითქმის არ გავა დღეს, რომ ჩვენთან არ მოვიდნენ და არ გვითხრან, რომ ვიღაცამ თავი მოიკლა. ვეღარ იტანს ადამიანი ამდენ სიმძიმეს, ამიტომ სასიხარულო უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. მსოფლიოში არის დაძაბული ურთიერთობა და კაცობრიობა ამის მიზეზს ეძებს. ყოველმა ჩვენგანმა გულში უნდა ჩავიხედოთ.

ბედნიერი ვარ, რომ წირვას ოსები, რუსები, აფხაზები და სხვა ერის წარმომადგენლები ესწრებიან, თქვენ ისეთივე სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ“, - განაცხადა ილია II-მ. 

ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესმა პარაკლისი აღავლინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 15:12

სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით , სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილ მრევლს და სასულიერო პირებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებით მიმართა.

საქართველოში ამერიკის ელჩმა და მისმა მეუღლემ ილია მეორეს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 11:27

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ და მისმა მეუღლემ ფრანჩესკამ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს უმასპინძლეს.
შეხვედრა ელჩის რეზიდენციაში გაიმართა და აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.
 პატრიარქმა ელჩს საჩუქრად ნახატი გადასცა, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული.-განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
“ ელჩ კელისა და მის მეუღლე ფრანჩესკას მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის მასპინძლობის პატივი ხვდათ. შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ფრანჩესკა ოპერის პროფესიონალი მომღერალია. სადილისას მან და ილია მეორემ პატრიარქის მუსიკალურ კომპოზიციებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ელჩს საჩუქრად გადასცა ნახატი, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

ილია მეორე საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 10:38
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების 11 წლისთავთან დაკავშირებით, ილია მეორე ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს, მეურვეებს, შემომწირველებს და საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში, მადლობის სიგელები გადაეცათ იმ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებმაც ბოლო წლებში ქმედითი და ფინანსური წვლილი შეიტანეს ფონდის საქმიანობაში. დაჯილდოებულთა შორის იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად, მინისტრი თამარ სანიკიძე.
კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის საქმიანობა ძალზე მრავალმხრივია, მათ შორის ბევრი კეთდება განათლების, კულტურისა და მეცნიერების განვითარების კუთხით. ამ მიმართულებით, ფონდთან აქტიურად თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხორციელდება ერთობლივი შემეცნებით - ინტელექტუალური კონკურსები, კონფერენციები, სემინარები და სხვ.

პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 იანვარი 2016 18:35

"მინდა ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მომავლის რწმენა" - ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას.
გიორგი კვირიკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.
"ჩვენმა პატრიარქმა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა ეპისტოლეში. როგორიც არის ოჯახის მნიშვნელობა, ოჯახის სიმყარის მნიშვნელობა, როგორიც არის სიყვარულის ნაკლებობა დღევანდელ მსოფლიოში, როგორიც არის რწმენის და სასოების ნაკლებობა. დღეგრძელობას გისურვებთ და ბედნიერი, მშვიდობიანი და მომავლის რწმენით განსმჭვალული 2016 დამდგარიყოს ყველა თქვენგანისთვის" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საზეიმო წირვის დაწყებამდე, გიორგი კვირიკაშვილი საპატრიარქოს ეწვია და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დამდეგი შობა პირადად მიულოცა.

გიორგი მღებრიშვილი უწმინდესს საპატრიარქოში ეწვია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 15:25

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში ეწვია და დაბადების დღე მიულოცა. უწმინდესა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს დღეს 83 წელი შეუსრულდა.

საქართველოს პატრიარქს მუსლიმური ორგანიზაცია დაბადების დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 14:21

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს "აჰლი-ბეითის "კულტურული და საგანმანათლებლო მუსლიმური ორგანიზაცია ულოცავს. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 83 წლის გახდა. 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი.
უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ვუსურვებთ დღეგრძელ ცხოვრებას და თავის ღვთიურ საქმეებში წარმატებებს. ერებსა და რელიგიებს შორის ერთიანობაში ასევე ნამდვილი ტოლერანტობაში მისი განსაკუტრებული წვლილისათვის მადლობას ვუხდით!!!
პატივისცემით აჰლი-ბეითის "კულტურული და საგანმანათლებლო მუსლიმური ორგანიზაცია."- აღნიშნულია ორგანიზაციის მიმართვაში.

საქართველოს პრეზიდენტი უწმინდესს დაბადების დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 13:06

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს იუბილეს ულოვცავს:

"თქვენო უწმინდესობავ,

გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს!

ბედნიერებაა, როდესაც ერს ჰყავს ისეთი  სულიერი წინამძღოლი, როგორიც თქვენ ბრძანდებით.

თქვენი მრავალწლიანი, დაუღალავი მოღვაწეობა გზამკვლევია შინაგანი სრულქმნის გზაზე თქვენი მრევლისათვის.

თქვენი პირადი ღვაწლი  უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში  გვეხმარებოდა განსაცდელთაგან გაძლიერებულნი გამოვსულიყავით და მეტი შემართებით გაგვეგრძელებინა სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ.

კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ჩვენ ქვეყანას!" - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადების დღეა.

ილია II, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში , გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

პატრიარქმა 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა,შემდეგ კი სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.ერისკაცობაში ის ირაკლი შიოლაშვილი იყო.  

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11წლის განმავლობაში იმყოფებოდა. 

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ს გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური