უმცროსი ბორჯღალოსნები გაისადაც 12-გუნდიან ელიტაში ითამაშებენ

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 10:37

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფში ‘პუმიტასი’ 26:25 დაამარცხა და გაისადაც 12-გუნდა ელიტაში ითამაშებს.

რეალობიდან გამომდინარე ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბი გათვლას თავიდანვე მეოთხე თამაშზე აკეთებდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მოვლენები ისე განვითარდა, რომ სავარაუდო მეტოქეებს ავცდით და მე-9 ადგილის ნახევარფინალში არგენტინა გვერგო. ‘პუმიტასი’ საქართველოში საჩემპიონოდ ჩამოვიდა, თუმცა ჩვენზე მეტად არ გაუმართლა და სამი თამაშის შემდეგ ქვედა ოთხეულში მოხვდა.

სიტუაციის შემობრუნების მიუხედავად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გეგმას არ გადაუხვიეს, ‘მიხეილ მესხზე’ მეტოქეს, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 26:37 ჩამოვრჩით დიდი ბრძოლა გავუმართეთ, ანგარიშში თავიდანვე დავწინაურდით და ეს უპირატესობა საფინალო სასტვენამდე შევინარჩუნეთ. ეს იყო იმ თამაშის და ბრძოლის შედეგი, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ შეხვედრაში აჩვენა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უფრო ძლიერ და გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს, ამ დღეს იღბალიც ჩვენს მხარეს აღმოჩნდა და საფინალო სასტვენმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა: შერკინებიდან არსენ მაჩალაძემ შეუტია და იერიში გელა აფრასიძემ გააგრძელა, შეტევაში შუამარბი გიორგი კვესელაძე ჩაერთო, რომელმაც ბურთი ბექა საღინაძეს ამოუგდო და ჩვენმა მეორეხაზელმა მცველი ერთი-ერთზე დაჯაბნა. აფრასიძე გარდასახვიდან არ შეცდა. სტუმრებმა მალე გვიპასუხეს და ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა შემტევს დამიწებამდე ბურთი ხელიდან გაუსხლტა. არგენტინას ჯარიმის უპირატესობა ჰქონდა და ტომას ალბორნოზმა ახლოდან გაიტანა - 7:3.

მე-12 წუთზე მეორე ლელო დავდეთ. არგენტინელებმა 22-ში შეტანილი ბურთი პირდაპირ აუტში დაარტყეს და ჩვენი დერეფანი დარტყმის ადგილას დაინიშნა, მოლიც კარგად დადგა, დაახლოებით 12 მეტრი იარა და გუნდის კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა ბურთი ლელოში დაამიწა. აფრასიძე კვლავ ზუსტი იყო. ორიოდე წუთში რეფერიმ ლაშა ტაბიძე საკამათო ეპიზოდში სახიფათო ბოჭვაში დაადანაშაულა და მეტოქემ მეტობა 1 წუთში ლელოში ასახა. ალბორნოზს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა მალევე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა.

შესვენებამდე დარჩენილ 20 წუთში ბურთს უმეტესად უმცროსი ბორჯღალოსნები აკონტროლებდნენ და რამდენჯერმე ჰქონდათ კარგი შეტევა, მაგრამ მეტოქე ჯარიმდებოდა და აფრასიძემაც ზუსტი დარტყმებით მონაგარს კიდევ 9 ქულა შემატა. ამ პერიოდში ერთი კარგი შეტევა მეტოქესაც ჰქონდა, თუმცა დავით მესხის ბოჭვის შემდეგ არგენტინელს ჩვენს 5-მეტრიანთან ბურთი წინ დაუვარდა - 23:11.

მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრებმა ლელო დადეს და ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს (გარდასახვა არაზუსტი იყო). უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და ძალიან დიდი დრო შეტევაში გაატარეს. დაახლოებით 10 წუთი მეტოქის წითელ ზოლს ვუტრიალეთ, 3-ჯერ არ დავარტყით ჯარიმა, მაგრამ ლელოს დადება ვერ შევძელით. 67-ე წუთზე მეტოქის შეცდომის შემდეგ ლელო მირიან მოდებაძემ დაამიწა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ მანამდე გვერდით ხაზს შეეხო.

თამაშის ბოლო ახლოვდებოდა, სხვაობა ისევ 5 ქულა იყო და ცხადია, დაძაბულობაც მატულობდა. საბედნიეროდ, სიტუაცია აფრასიძემ დააწყნარა, რომელმაც თავისი ნახევრიდან ჯარიმა კი ააცილა, თუმცა, 76-ე წუთზე დაახლოებით 43 მეტრიდან უშეცდომოდ დაარტყა და საქართველო 26:18 დააწინაურა.

გადამწყვეტი მომენტი სწორედ ეს გახლდათ. სამხრეთამერიკელებს 8-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრისთვის უბრალოდ დრო აღარ რჩებოდათ და უკვე გაწითლებულ დროზე დადებული ლელოთი მხოლოდ გულები გაიგრილეს.

26:25 და 18 ივნისს მე-9 ადგილისთვის ირლანდიას ვეთამაშებით, რომელმაც სამოა 52:26 დაამარცხა. გვაქვს შანსი, რომ შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესოთ და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ, თუმცა უმთავრესი ისაა, რომ 2018 წელს კვლავ ელიტაში ვიქნებით (ჩემპიონატს შოტლანდია მასპინძლობს) და 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ვითამაშებთ.

პრესკონფერენცია

ილია მაისურაძე (მთავარი მწვრთნელი): „გასაგებ მიზეზთა გამო, ტურნირის დასაწყისიდანვე გათვლა მე-4 მატჩზე გვქონდა და ვიცოდით, რომ მის მოსაგებად მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მხოლოდ მეორედ ვიღებთ მონაწილეობას და ცხადია, რომ უპირველესი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნება იყო. ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ძლიერი მეტოქეები გვერგო, ამდენად, შეჯიბრზე ძალების გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მატჩი ცუდად ნამდვილად არ დაგვიწყია, ფაქტობრივად, საწყისი 20 წუთი ვდომინირებდით და კარგი შეტევები გქვონდა, თუმცა, განსაკუთრებით დაცვით ხაზში ხარვეზებიც შეინიშნებოდა. არგენტინელებმა ეს ჩინებულად გამოიყენეს და რამდენიმე ეპიზოდში ლელოსთან ახლოს იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით და ალბათ, მეტი ქულის გაკეთებაც შეგვეძლო, თუმცა, მთავარია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და ვერავინ იტყვის, რომ ეს დაუმსახურებელი იყო. მატჩის მიწურულს აფრასიძის მიერ გატანილმა ჯარიმამ ამოგვასუნთქა. კარში დარტყმა მანამდეც შეიძლებოდა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ლელოზე გვეთამაშა. არგენტინამ განვლილ მატჩებში დიდი ენერგია დახარჯა, მათ მოთამაშეებს დიდი სათამაშო დრო დაუგროვდათ და გახშირებული ჯახებით მათი დაღლა გვსურდა. 

ასეთ მეტოქესთან წარმატება დიდი სტიმულია და ბიჭებს ეს დამატებით ენერგიას შესძენს. მომდევნო მატჩისთვის მათ 1-2 დღეს აუცილებლად დავასვენებ და შემდეგ ირლანდიასთან შეხვედრისთვის დავიწყებთ მზადებას”.

ილია სპანდერაშვილი (კაპიტანი): „დღეს დავამტკიცეთ, რომ დანარჩენ თამაშებშიც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. მაგრამ ჩვენ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება, ეს გამოცდილება სწორედ განვლილ სამ შეხვედრაში მივიღეთ და შედეგიც სათანადო დადგა“.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური