EU-მ და FAO-მ 800-ზე მეტი დევნილის დახმარების პროგრამა შეაჯამეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 11:29

დღეს, ევროკავშირის (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დახურეს ორწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს დახმარება გაეწია.
ორწლიანი საგრანტო პროგრამა - „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ - ევროკავშირის დაფინანსებით, FAO-ს და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, UN Women-თან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას. სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ამასთანავე დაუფინანსდათ ინიციატივები სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით. გრანტის თანადაფინანსებით დევნილებმა შეიძინეს  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოაწყვეს ბაღები, ვენახები, წამოიწყეს თაფლის, რძის წარმოება და ა.შ. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივა საერთო ჯამში 830 დევნილს დაუფინანსდა, რამაც 4 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაიცა ქვეყნის მასშტაბით 48 საბავშვო ბაღზე, რომლებშიც ჯამში 2700-ზე მეტი აღსაზრდელია. გრანტის მოცულობამ თითოეულ საბავშვო ბაღზე 10 000 ლარი შეადგინა, რამაც გადაჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორებიცაა: ღია სათამაშო მოედნების არარსებობა, არასაკმარისი საწოლები ბავშვებისთვის, გაუმართავი სამზარეულო ოთახები, გათბობა და სხვა.
ღონისძიებას დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

„ევროკავშირი უკვე მრავალი წელია საქართველოში დევნილებს დახმარებას უწევს. ჩვენ გვეამაყება ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც 800-ზე მეტ უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს დავეხმარეთ რომ გაეუმჯობესებინათ ცხოვრების დონე. ეს პროგრამა კარგად ასახავს ევროკავშირის მონდომებას, რომ გაუმჯობესდეს თითოეული ქართველის ცხოვრების დონე, განსაკუთრებით კი მათი, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროება“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
პროგრამა წარმოადგენდა მესამე ფაზას EU/FAO-ს ინიციატივის, რომელიც საქართველოში 2009 წელს დაიწყო. პირველი ორი ფაზის ფარგლებში 5000-ზე მეტ დევნილს გაეწია ფინანსური დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი (5.4 მილიონი ევრო) შეადგინა.
შემაჯამებელ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ დევნილებიც, რომლებმაც თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.  კობა უგრეხელიძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი, ხონიდან სპეციალურად  ჩამოვიდა დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად. მას პროგრამის ფარგლებში 2 450 ლარის თანადაფინანსება გადაეცა საფუტკრე მეურნეობის გასაფართოებლად. მიღებული გრანტით 30 ოჯახი ფუტკარი, 150 ჩარჩო, 150 ფიჭა და მეფუტკრის აღჭურვილობა შეიძინა.
,,2017 წლის აგვისტოში 200 კილოგრამი თაფლი მივიღე, რამაც ჩემი შემოსავალი დაახლოებით 30%-ით გაზარდა. მიღებული მოგებით სკების რაოდენობის გაზრდას ვაპირებ.  მადლობელი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ჩემი ბიზნესი გამეფართოებინა“, - განაცხადა მეფუტკრემ.
ღონისძიების მონაწილეებს ასე საშუალება ჰქონდათ, რომ პროექტის ბენეფიციარების ფოტოპორტრეტების გამოფენაც დაეთვალიერებინათ.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აჯამებენ საარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 21:52

პოლიტიკური პროგრამების ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობა, პოლარიზების ტენდენციები მედიის გარკვეულ სეგმენტებში, სიძულვილის ენის შემთხვევები არჩევნების გაშუქებისას - ასეთია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით განხორციელებული 2016 წლის საპარლამნეტო არჩევნების მედიამონიტორინგის მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები.

მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშების განხილვა შედგა 16 დეკემბერს გამართულ პრეს კონფერენციაზე. ანგარიშებში ხაზგასმულია როგორც საქართველოს მედიის მიღწევები უკანასკნელი წლების მანძილზე, ასევე გამოწვევები პროფესიული, ხარისხიანი და ეთიკური მედიის განვითარების გზაზე.

„მედიის თავისუფლება და პლურალიზმი ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის ფუნდამენტური ღირებულებებია. მოხარული ვარ, რომ არჩევნების გაშუქებისას გამოიკვეთა პოზიტიური ტენდენციები - მეტი დაბალანსებულობა და მრავალფეროვნება. ამ დადებით დინამიკას წვლილი შეაქვს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგი მიმდინარეობდა 2016 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე. მედიამონიტორინგმა მოიცვა ორმოცზე მეტი მედია საშუალება - ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია. მედიამონიტორინგში ჩართული იყო სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, რომელთაც პროფესიულ დახმარებას უწევდა სლოვაკური ორგანიზაცია „მემო’98“.

„მედიამონიტორინგის შედეგები ეყრდნობა ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესრულებულ უდიდეს სამუშაოს, 300 ათასამდე შემთხვევის დოკუმენტირებასა და ანალიზს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მედიამონიტორინგი საქართველოს საარჩევნო ციკლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის შედეგებითაც თანაბრად სარგებლობს როგორც მედია, ასევე მთლიანად საზოგადოება“, - თქვა ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ყველა ანგარიში განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.mediamonitor.ge

იანოშ ჰერმანი მედიას ევროკომისიის ანგარიშს წარუდგენს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 11:51

დღეს, 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი მედიას წარუდგენს ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ, რომელიც დღეს ბრიუსელში გამოქვეყნდება. ანგარიში შეეხება ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ანგარიშის პრეზენტაცია 5 საათზე, სასტუმრო რედისონ-ბლუ ივერიაში გაიმართება. ასოცირების ხელშეკრულება ფართო ჩარჩო ხელშეკრულებებია ევროკავშირსა და მის წევრ ან არაწევრ სახელმწიფოებს შორის, რომელიც პოლიტიკის, ვაჭრობის, სოციალური საკითხების განვითარებას, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას გულისხმობს. 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში, ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი "სტარვიზიის" რუსულენოვან სპეცპროექტში Пограничная ZONA.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 14:14

ორშაბათს, 7 ნოემბერს - „სტარვიზიის“ სპეციალური პროექტი „სასაზღვრო ზონა“ /Пограничная ZONA/ . რა წინააღმდეგობები არსებობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე? როგორ აფასებენ ევროპელი პარტნიორები საპარლამენტო არჩევნებს? გადაცემის სტუმარია ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. ყოველ ორშაბათს, 21:30-ზე, „ ევროპა ფოკუსში“ გადაცემის დამთავრებისთანავე, „სტარვიზიის“ სპეცპროექტი რუსულ ენაზე სასაზღვრო ზონა / Пограничная Зона/.

Смотрите в понедельник 7 ноября спецпроект Старвижн - Пограничная Зона. Какие преграды стоят на пути Грузии в Евросоюз? Как оценивают западные партнеры результаты прошедших выборов? Гость программы – посол Евросоюза в Грузии Янош Херман. Каждый понедельник в 21:30 сразу после программы «Европа в Фокусе», спецпроект Старвизии на русском языке «Пограничная ZONA ».

იანოშ ჰერმანი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე დღეს მოგვიანებით განცხადებას გამოაქვეყნებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 11:28

არჩევნებზე კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა. მისი განცხადებით, ის ეუთოს და ევროპის პარლამენტის წევრების ანგარიშს დაელოდება, რის შემდეგაც გააკეთებს შეფასებას.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოგვიანებით თავადაც გამოვაქვეყნებს განცხადებას.

"მეც ველოდები ეუთოს ანგარიშს არჩევნებთან დაკავშირებით. ევროპის პარლამენტის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა დაკვირვების პროცესში. ასე რომ დაველოდები ამ შეფასებას და ეუთოს ანგარიშის გამოქვეყნებას. დღეს მოგვიანებით კი მეც გამოვაქვეყნებ განცხადებას, ევროკავშირის შეფასებით," - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. 

იანოშ ჰერმანი: შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს პერიოდში მოხდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 17:14

ვიზალიბერალიზაციის საკითხს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. იანოშ მისი თქმით, შენგენის ზონაში უიზოდ მიმოსვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს პერიოდში მოხდება. შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიმართა ევროკავშირის საბჭოს მოწოდებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მიზნით, დაიწყოს მოლაპარაკებები „შემდგომი გადავადების გარეშე“.

ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოს შესახებ პროექტების შუალედურ შედეგებს წარადგენენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 14:54

სტრასბურგი/თბილისი, 24 ოქტომბერი 2016 – პარასკევს, 28 ოქტომბერს ევროპის საბჭო და ევროკავშირი მედიას წარუდგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პროექტების შუალედურ შედეგებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში არსებულ რვა პროექტს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებს ციხეებში, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტ თავისუფლებას, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე არჩევნების მხარდაჭერას და ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.

საქართველოში აღნიშნული 8 პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს დაფინანსებით არსებული "პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს" (PCF) 2015-2017 ფარგლებში და მათ ახორციელებს ევროპის საბჭო. საქართველოში განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტი 3.6 მილიონ ევროს შეადგენს და გარდა იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც საქართველოშია დაგეგმილი, საქართველო ასევე 14 რეგიონალურ პროექტშიც იღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე მომხსენებლები იქნებიან ბ-ნი კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ბ-ნი იანოშ ჰერმანი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქ-ნი თეა მაისურაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქ-ნი ინგა კუბეცია - პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ეროვნული კოორდინატორი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ქ-ნი ევა კონეჩნა - პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების კოორდინატორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატში. ჟურნალისტებს შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ შესვენების განმავლობაში.

ღონისძიება გაიმართება 2016 წლის 28 ოქტომბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტის ბოლრუმში, მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #13, თბილისი 0108, საქართველო. პროექტების პრეზენტაციის ნაწილი მედიისთვის ღია იქნება 10:00-დან 10:30 საათამდე. უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კონფერენციაზე დასასწრებად, სავალდებულოა მედიის წარმომადგენლებმა გაიარონ წინასწარი აკრედიტაცია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის თანამშრომელთან ქ-ნ ქეთევან სახელაშვილთან (JLIB_HTML_CLOAKING ან ტელ: +995 322913870/71/72/73)

ზოგადი ინფორმაცია:

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://eap-pcf-eu.coe.int

გარდაქმნები საქართველოში, რომლებიც ქვეყნის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 18:13

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი თავის ინტერვიუში განმარტავს იმას, თუ როგორ უწყობს ხელს საერთო ღირებულებები და ინტერესები საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობას

რომელია ის საერთო ღირებულებები, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის ურთიერთობებს საქართველოსთან?

საქართველოში ჩვენ მიერ მხარდაჭერილი ღირებულებები იგივეა, რაც ევროკავშირში მხარდაჭერილი ღირებულებები. არანაირი განსხვავება არ არსებობს. ეს ღირებულებებია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, საბაზრო ეკონომიკა. შეიძლება ითქვას, ეს ის ღირებულებებია, რომლებზეც დგას ევროკავშირი.

სინამდვილეში, ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ ვაფუძნებთ ამ ღირებულებებს საქართველოში: უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ საქართველოს სურს დაახლოება ევროკავშირთან და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ამის გაკეთება საერთო ღირებულებების საფუძველზე. საერთო ღირებულებები ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული პერსპექტივის მხრივ, რადგან, როცა ვამყარებთთანამშრომლობას, ასოცირებას საქართველოსთან, ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზარში - ეს პროცესი უფრო მყარია, თუ ეფუძნება საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთგაგებას და ფუნდამენტური ღირებულებების გაზიარებას.

ხედავთ თუ არა განსხვავებას ევროპაში და საქართველოში არსებულღირებულებებს შორის?

არა, ასე არ მგონია. ვფიქრობ, საქართველოს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი ჩადოს აღნიშნული ღირებულებები ჩვენი თანამშრომლობის საფუძველში. ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც კი არსებობს განსხვავებული მიდგომა ზოგიერთი ღირებულებების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ. რაც შეეხება საქართველოს, აქ მოცემული ღირებულებების არსებობა ჩვენ შორის ზოგადი დაახლოების ნაწილია;ისწინააღმდეგობები ან სირთულეები ზოგიერთ სფეროში, რომლებსაც საქართველო აწყდება, დიდად არ განსხვავდება იმ წინააღმდეგობებისგან ან სირთულეებისგან, რომლებიც შეიძლება არსებობდეს ევროკავშირის შიგნით. თუმცა,  რა თქმა უნდა, საქართველომ დაიწყო უფრო გვიან, ამიტომ, ამ მხრივ ის უფრო შორიდან მოდის და აწყდება ისეთ პრობლემებს, რომლებიც ევროკავშირმა უკვე გადაწყვიტა.

ამიტომ, სხვაობა მდგომარეობს არა ღირებულებების არსში, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის შინაარსში. ის უფრო დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ინსტიტუციონალური სისტემა და სამართლებრივი საფუძველი აღნიშნული ღირებულებების შემდგომი რეალიზებისათვის საქართველოში ოდნავ უფრო გვიან ინერგება, ვიდრე ჩვენ წევრ სახელმწიფოებში.

რატომ ფიქრობთ, რომ საქართველოსთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია ევროპისთვის?

ის მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. კარგი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ორივე მხარის ინტერესებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის არასწორი იქნებოდა თანამშრომლობის დამყარება ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებიც არ იზიარებენ ევროკავშირის ინტერესებს.

ევროკავშირის ძირითადი ინტერესები მკაფიოდ გამოხატულია ჩვენ საბაზისო დოკუმენტებში- ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა: ჩვენ დაინტერესებული ვართ დემოკრატიაში, კეთილდღეობაში, კანონის უზენაესობაში და უსაფრთხოებაში ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით. საქართველო დაინტერესებულია ამაში?

რა თქმა უნდა, კი, და ვფიქრობ, ეს წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის საფუძველს.

არსებითად, ხდება ის, რომ საქართველო გვეუბნება, ‘ვისურვებდით თქვენთან დაახლოებას’, ჩვენ კი ვპასუხობთ, ‘დიახ, თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ჩვენ დაგეხმარებით’, და ეს ეფუძნება ჩვენ ღირებულებებს და ინტერესებს.

არის ევროკავშირი დაინტერესებული წარმატებულ, დემოკრატიულ და სტაბილურ საქართველოში, რომელსაც შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი პარტნიორი არა მხოლოდ ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობაში, არამედ გავლენა იქონიოს მთელ რეგიონში პროგრესის და სტაბილურობის მხრივ, შეასრულოს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ფუნქცია აზიასა და ევროპას შორის თავისი ენერგეტიკული კავშირებით, მილსადენებით, ტრანსპორტით, გზებით, ახალი ნავსადგურებით და სხვა ეკონომიკური შესაძლებლობებით ჩვენი კომპანიებისთვის? დიახ, ჩვენ დაინტერესებული ვართ ამაში, ამიტომ ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ინტერესებს და ღირებულებებს, ასევე ურთიერთგაგებას იმის თაობაზე, რომ ორივე მხარე მნიშვნელოვნად დაინტერესებულია ამ თანამშრომლობით. 

როგორია ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერის რეალური გავლენა?

გავლენა აშკარად შესამჩნევია. თუმცა, თუ შეხედავთ ქვეყნის გარდაქმნას, ეს არ არის ევროკავშირის გავლენა, ეს არის ქართველების გავლენა და მათი გადაწყვეტილება ევროკავშირთან დაახლოების შესახებ. ამ ნიშნით, საქართველოში მიმდინარეობს ამბიციური გარდაქმნის პროცესი - სამართლებრივმა სისტემამ, მმართველობის სისტემამ, სასამართლო სისტემამ, საჯარო ადმინისტრირებამ უკვე განიცადეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, რაც აშკარად ჩანს. 

იმედი მაქვს, ახლა შევდივართ ჩვენი ასოცირების მეორე ფაზაში. ვინაიდან  ხდება ხელშეკრულების ყველა კომპონენტის განხორციელება, ჩვენ ვთვლით, რომ დადგა დრო, რომ საქართველოს უფრო ფართო მოსახლეობამ იგრძნოს ეს გავლენა; ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა, ჩვენ შორის ვაჭრობის სფეროს განვითარება, ხდება საქართველოს ექსპორტის გაზრდა ევროკავშირის ბაზარზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზეგავლენა განიცადა სოფლის მეურნეობის განვითარების სფერომ, შეიქმნა ასობით და ათასობით კოოპერატივი ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სფეროში გამოჩნდა ახალი ქართული პროდუქტები. დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უშუალო მხარდაჭერა გავუწიოთ კერძო სექტორს, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო საწარმოებს, უზრუნველვყოთ კრედიტის გამოყოფა მათთვის ხელსაყრელი პირობებით. საქართველოს მოსახლეობისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზა ლიბერალიზაციას.

ისეთი სფეროების ხელშეწყობა, როგორიცაა უკეთესი პირობები, სამუშაო ადგილები, ვაჭრობა, ეკონომიკური განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოები, მეტი მობილურობა ჩვენ შორის, ადამიანებს შორის კონტაქტები, ახალგაზრდებისთვის სწავლის შესაძლებლობები ევროკავშირში და უფრო მარტივი მოგზაურობის პირობები, როგორიცაა ვიზა ლიბერალიზაცია, განაპირობებს ჩვენი თანამშრომლობის მეორე ფაზაში შესვლას, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ გარდაქმნას, არამედ ახალი საქართველოს შექმნას, რომელიც უკეთ იზრუნებს თავის მოქალაქეებზე.

ინტერვიუ გაქვეყნდა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროექტის ფარგლებში

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 19:55

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობის მისაღებად და აჭარაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გასაცნობად 14 ივლისს საქართველოს ეწვევა

ევროკავშირის საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ნიშნად, 14 ივლისს, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში ჩამოვა და ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ერთად ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-13 ყოველწლიურ კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა 2016” სიტყვით გამოვა. ასევე, იგი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გიორგი ჯანელიძესთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან.

ბათუმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2007 წლიდან ევროპულ საკითხებზე მსჯელობის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. კონფერენცია საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, პარტნიორებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს ევროკავშირთან დაკავშირებულ გამოწვევებთან მიმართებით მიმდინარე აქტუალური თემები გააანალიზონ და მოსაზრებები გაცვალონ.

კონფერენციის შემდეგ, ევროკომისარი ჰანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან ნილს სკოტთან ერთად, აჭარაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო პროექტებს დაათვალიერებს.

15:45 საათზე, ევროკომისარი ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, კენკროვანების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ლურჯა 2015“ ეწვევა. კოოპერატივის დამფუძნებელი და მისი რამოდენიმე წევრი უსინათლოა. ევროკომისარი ჰანი კოოპერატივს საჩუქრად გადასცემს პერსონალურ კომპიუტერებს უსინათლოთათვის შექმნილი სპეციალური კომპიუტერული პროგრამით.

16:20 საათზე, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალს ეწვევა. სტუმრები მოინახულებენ აგროსერვისცენტრის ტერიტორიაზე მდებარე ENPARD-ის სადემონსტრაციო სათბურს, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას, ნახავენ აგროსერვის ცენტრში მეცნიერ თანამშრომლების მუშაობისა და ტრენინგის პროცესებს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ვიზიტი და მცირე ფერმერებთან გასაუბრება შესაძლებლობას მისცემს ევროკომისარს თავად გაეცნოს ფერმერთა წარმატებულ კოოპერატივებს და მათ როლს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ორივე პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ. 2013 წლიდან, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის დახმარება 250 მილიონი ლარს შეადგენს.

დანართი

• ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა 2016“
ბათუმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება. წელს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის დისკუსიის ძირითადი თემებია: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, მისი მომავალი, გამოცდილება და მთავარი გამოწვევები; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხების ჩათვლით. კონფერენციაზე ასევე განხილული იქნება რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შესაძლებლობების ფონზე.

• სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „ლურჯა-2015“
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ლურჯა-2015“ გაშენებული აქვს მარწყვის პლანტაცია 0,5 ჰა ფართობზე და ჟოლოს პლანტაცია 1 ჰა ფართობზე. ორივე ნაკვეთის მოწყობა განხორციელდა ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა მცენარეთა ნერგების გადაცემას, უახლესი ტექნოლოგიებით წვეთობრივი მორწყვის სიტემისა და სხვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებების შეძენა-დამონტაჟებას. სრული მსხმოიარობის შემთხვევაში მოსავლიანობა შეადგენს 10 ტონას 1 ჰექტარზე. კოოპერატივის თავმჯდომარე, ალექსი წველიძე უსინათლოა. იგი ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული, პროფესიონალი და წარმატებული ENPARD-ის ბენეფიციარი ფერმერია.

• აჭარის ა/რ აგროსერვის ცენტრი (www.agrosc.ge)

ENPARD-ის პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, სულ მალე კი სტარტს აიღებს პროგრამის მეორე და მესამე ფაზა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 15:55


ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის) პროგრამის მიღწევები აჭარის რეგიონში, საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. ამის შესახებ ქობულეთში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გაერო-ს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეისათვის ENPARD-ის პროგრამის პირველი ფაზა დასასრულს მიუახლოვდა. „მიუხედავად ამისა, ჩვენ ველოდებით მომდევნო, ახალი ეტაპის დაწყებას, რათა გავაგრძელოთ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში და საქართველოს სხვა რეგიონებშიც“, - დასძინა მან.
„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ - ეს არის პროგრამა (2013 წელი -2020 წელი), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურენობის სექტორის გამოცოცხლებას - ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ფერმერებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 182 მილიონი ევროა.
2016 წლის 27-30 ივნისს აჭარაში გაიმართა მედია ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო წამყვანი სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებების 40-მდე ჟურნალისტმა. მედია ტურის ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის ხელშეწყობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით.
როგორც „ნიუსდეისთან“ საუბარში გაეროს განვითარების პროგრამის „ENPARD-აჭარა“ პროექტის მენაჯერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, „ENPARD-აჭარა“
ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ENPARD-ის ფარგლებში და ეს პროგრამა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013-2016 წლებში განხორციელდა. მთლიანობაში, „ENPARD-აჭარას“ ბიუჯეტმა 3,3 მილიონი ევრო შეადგინა. „სულ მალე დაიწყება ENPARD-ის პროგრამის მეორე (საერთო ბიუჯეტი 50 მილიონ ევრო) და მესამე ფაზა (საერთო ბიუჯეტი 80 მილიონი ევრო), რომელიც ვიმედოვნებთ, რომ ასეთივე წარმატებული იქნება, როგორც ეს მოხდა ENPARD-ის პირველი ფაზის (საერთო ბიუჯეტი 52 მილიონი ევრო) შემთხვევაში“, - აღნიშნა ლაშა კომახიძემ.
მისივე თქმით, პროგრამის მეორე ფაზის დაწყებამდე, აჭარის მთავრობის ინიციატივით შესრულდება ახალი 18-თვიანი პროექტი „სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება აჭარაში“, რომლის ბიუჯეტი 1,3 მილიონი ლარია.
აჭარაში გამართული მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა მოინახულეს ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილი კოოპერატივები. გაეცნენ
„ევროპის სამეზობლო პროგრამას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინიციატივად სოფლის მეურნეობის სფეროში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაცნობამ და მცირე ფერმერებთან გასაუბრებამ შესაძლებლობა მისცა ჟურნალისტებს, თავად შეეფასებინათ ფერმერთა კოოპერატივების როლი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
28-29 ივნისს ჟურნალისტები ესტუმრნენ მაღალმთიანი აჭარის, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებს: ჯაბნიძეებს, ახოს, ოქტომბერსა და ზენდიდს, სადაც დაათვალიერეს თხილის პლანტაციები, საკალმახეები, ფიჭების მწარმოებელი კოოპერატივი და სასათბურე მეურნეობები.
როგორც თხილის მწარმოებელთა კოოპერატივი ”პერსპექტივა თხილის” ხელმძღვანელმა ნოდარ ზოსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებამ 12 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა მიიღო, რისი დახმარებითაც მან შესძლო წარმოების გაზარდა.
ამავე პროგრამის ფარგლებში, 38 ათასი ლარის ღირებულების სპეც ტექნიკით აღიჭურვა საკალმახე მეურნეობა ”პერანგა”, რომელიც, წლის განმავლობაში, 20 ტონაზე მეტ თევზს აწარმოებს.
ფიჭების მწარმოებელმა კოოპერატივმა ”ნატურგიფტმა” თავისი წარმოება ამავე პროგრამის დახმარებით საგრძნობლად გაზარდა. როგორც კოოპერატივის ერთ-ერთმა წევრმა გია ლომანაძემ განაცხადა, წარმოების ზრდა ფიჭის ჩამოსასხმელი აპარატის შეძენამ განაპირობა, რომელიც მისმა კოოპერატივმა ENPARD-ის პროგრამის დახმარებით შეიძინა. ”ფიჭა ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტია მეფუტკრეობისთვის. ორი წლის წინ 2-2,5 ტონა ფიჭას ვაწარმოებდით. დღეისათვის, უკვე 4 ტონაზე მეტი გვაქვს ნაწარმოები და სეზონის ბოლომდე მას კიდევ 2,5 ტონა დაემატება”, - აღნიშნა გია ლომანაძემ. მისივე ინფორმაციით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივს 15 000 დოლარის ღირებულების ფიჭის საბეჭდი დანადგარი გადაეცა. სამომავლოდ, ”ნატურგიფტი” 4 მეფუტკრე კოოპერატივთან ერთად თაფლის დაფასოებისა და საცალო ქსელში რეალიზაციის განხორციელებისათვის მეორე დონის კოოპერატივის შექმნას გეგმავს. ”ნატურგიფტის” პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
30 ივნისს ჟურნალისტები შეხვდნენ იანოშ ჰერმანს - ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ნილს სკოტს - გაეროს ელჩს საქართველოში, არჩილ ხაბაძეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზაურ ფუტკარაძეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს,ნოდარ კერესელიძეს - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით გალეგაშვილს - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს და საერთაშორისო ექსპერტებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს პროგრამების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი და „ENPARD-აჭარა“ პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე.დელეგაციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მასპინძლობდა.
მათ ერთად მოინახულეს კენკროვანების პლანტაცია სოფელ ოჩხამურში, რომელიც ENPARD-ის დახმარებით გააშენა ფერმერთა კოოპერატივმა „ლურჯა“, ხოლო შემდეგ ეწვივნენ აჭარის აგროსერვისცენტრის ქობულეთის ფილიალს.სტუმრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტისა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, ასევე მოინახულეს მაღალტექნოლოგიური ტკბილიწიწაკის და მარწყვის სასათბურე მეურნეობა. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოთიგაუმასპინძლდნენ, სტუმრებისთვის მოეწყო აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლში დამზადებული ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია. როგორც ცნობილია, ბოლო სამი წლის მანძილზე აგროსერვის ცენტრი სარგებლობს ევროკავშირისა და UNDP-ის მრავალმხრივი ხელშეწყობით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი მომსახურების სპექტრი და შექმნა პირობები ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოცდისა დაფერმერთა განათლებისათვის.
„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ხელშეწყობას და გაეროს განვითარების პროგრამასთან, საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობას ქმედითი წვლილი შეაქვს მცირე ფერმერთა კოოპერაციის დანერგვაში და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.მხოლოდ აჭარაში ENPARD-ის მეშვეობით გაიხსნა 70-ზე მეტი წარმატებული კოოპერატივი, ხოლო საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებით 10 ათასზე მეტმა მცირე ფერმერმა ისარგებლა“,- განაცხდა ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.
შეგახსენებთ, რომ ENPARD-ის პირველი ფაზა ძირითადად სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. დღისათვის, საქართველოს მოსახლეობის 43% სოფლად ცხოვრობს, ხოლო ქვეყნის სამუშაო ძალის ნახევარი სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. შესაბამისად, აღნიშნული სფეროს გამოცოცხლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი სოფლების ასაღორძინებლად.მოსახლეობის გადინება მტკივნეული საკითხია,რომელიც უმძიმესი სოციალური პრობლემების წინაშე გვაყენებს როგორც სოფლად, ისე ქალაქებში. ამ კუთხით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) სპეციალურ კომპონენტს ითვალისწინებს, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი თემების წარმომადგენლები შეიმუშავებენ და ახორციელებენ სოფლის საჭიროებებზე მორგებულ განვითარების სტრატეგიებს. ENPARD-ი ასევე ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას, რათა მან მოახდინოს სოფლის განვითარების მკაფიო გეგმის ჩამოყალიბება, ევროპულ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით. ყოველივე ეს კი, საბოლოო ჯამში, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ავთანდილ ოთინაშვილი

ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP/

 

 

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური