ლიბერთისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი იწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020 15:52

დღეს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის მიზანია კოორდინირებული საქმიანობით, თხილის მწარმოებელ ფერმერთა ხელშეწყობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, ქართველი მეთხილე ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები.  აგრო ბარათის საშუალებით ფერმერები შეძლებენ წლის განმავლობაში ნებისმიერ ეტაპზე იქონიონ ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეღავათიანი პირობებით, შეიძინონ საბრუნავი საშუალებები და დააფინანსონ საოპერაციო ხარჯები აგროტექნიკური ვადების სრული დაცვით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს, შეამცირებს რისკებს და დანაკარგებს.  ასოციაციის მიზანს წარმოადგენს ახალი ბაღების გაშენებით და უკვე არსებული თხილის ბაღების მოდერნიზაციის საშუალებით გავაორმაგოთ ექსპორტირებული თხილის მოცულობა (100 000 ტონაზე მეტი) და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ხარისხი, რაც ყოველწლიურად დამატებით 1 მლრდ ლარის შემოსავალს მოუტანს ქართველ ფერმერებს და ქვეყნის ეკონომიკას. - გიორგი თოდუა,  ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი.  

,,ლიბერთი განაგრძობს მცირე ბიზნესისა და აგრო სექტორის მხარდაჭერას, რაც ბანკის ახალი სტრატეგიის ერთერთ მნიშვნელოვან  მიმართულებას წარმოადგენს. მეთხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვანი სექტორია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარტნიორობა ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია აგრო სექტორის მომსახურების მიმართულებით. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ 25 000-მდე ქართველ მეთხილე ფერმერს გავუმარტივოთ ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ერთი ფანჯრის პრინციპით, ძალიან მარტივად შევთავაზოთ სხვადასხვა საბანკო და სადაზღვევო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. თავის მხრივ, იაფი ფინანსური რესურსი საშუალებას მისცემს მეთხილე ფერმერებს კიდევ უფრო გააფართოვონ თავისი საქმიანობა, ბიზნესი გახადონ რენტაბელური, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ყველამ ერთად კი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.’  - ირაკლი აბაშიძე, ლიბერთი ბანკის MSME მიმართულების დირექტორის მოადგილე.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 25,000-მდე წევრს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და კახეთის მაშტაბით, ფერმერები გაერთიანებულნი არიან 2600 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. დღეის მდგომარეობით თხილის მწარმოებელ ფერმერებს ემსახურებიან ასოციაციის კვალიფიციური აგრონომები, რომლებიც სეზონის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულნი ფერმერების კონსულტირების პროცესში, აძლევენ მათ რეკომენდაციებს და აკვირდებიან მათ მიერ თხილის ბაღებში შესრულებულ სამუშაოებს. გარდა აგრონომის მომსახურებისა, ასოციაციის წევრები სარგებლობენ შეღავათებით სხვადასხვა სერვისების მისაღებად, მათ შორის: ნიადაგის გამოკვლევა, პესტიციდები, შესაწამლი ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის გარჩევა/შრობა/შენახვა და ა.შ. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 2020 წლის სეზონზე მიღებული მოსავლის მოცულობამ გადააჭარბა პროგნოზირებულ 50 000 ტონას, რითაც საქართველომ მსოფლიო ბაზარზე დაიბრუნა აზიური ფაროსანას ინვაზიამდე არსებული პოზიციები.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 570 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING   (R)

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დახმარებით, უნიკალური ქართული ჯიშის თხილი მალე კონკურენტუნარიანი გახდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 12:01

ქართველ ფერმერთა ინიციატივით, 2013 წელს დაფუძნდა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, რომელიც დღეისათვის უკვე 700-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს.  ამის შესახებ ზუგდიდში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ასოციაციის რეგიონალურმა კოორდინატორმა თამარ სორდიამ განაცხადა.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება, წარმოების გაზრდა და რაღა თქმა უნდა უნიკალური ქართული ჯიშის თხილის ექსპორტზე გატანა. ასოციაციის მუშაობა გამოირჩევა იმითაც, რომ მასში გაწევრიანებული ფერმერები იყენებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდს, რაც მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება, შეიძინონ ცოდნა და ერთად მონახონ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზები“, - აღნიშნა თ. სორდიამ.

მისივე თქმით, თითოეულ ჯგუფს ემსახურება კვალიფიციური აგრონომი, რომელიც ყოველთვიურად რეკომენდაციებს აძლევს ფერმერებს და აკვირდება მათ თხილის ბაღებში მიმდინარე ცვლილებებს. გარდა ამისა, ასოციაციის წევრები სარგებლობენ შეღავათებით სხვადასხვა სერვისების მისაღებად, მათ შორის არის: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის გაფცქვნა და შრობა. აგრეთვე, მათთვის ხელმისაწვდომია აგრო-კრედიტები სასუქებისა და შხამქიმიკატების შესაძენად, და სხვა სერვისები.

შემდეგი სახის პროექტი, რომელიც USAID/REAP–ის, შპს აგრიჯორჯიასა და აგრარული უნივერსიტეტის ინიციატივით განახორციელა ასოციაციამ გახლავთ  საქართველოს თხილის სექტორის მომავალი ლიდერების სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს თხილის მოვლა-მოყვანის სრულ ციკლს. პროგრამის ფარგლებში, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა აგვისტოში გაიარეს პროგრამის პირველი ნაწილი, რომლის ფარგლებში აგრიჯორჯიას საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს თეორიული და პრაქტიკული სწავლება. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გაცნობოდნენ თხილის მოსავლის აღებასა და შემდგომ პროცესებს, როგორიცაა, მაგალითად, თხილის შრობა და ხარისხის კონტროლი. სასწავლო პროგრამის მეორე ეტაპი ჩატარდება დკემბერში, რომლის დროსაც სტუდენტები თხილის ახალი პლანტაციების გაშენებას ისწავლიან. ეს პროგრამა მომავალი წლის ზაფხულამდე გაგრძელდება და ასევე მოიცავს პლანტაციების მართვას, პარაზიტების წინააღმდეგ მიმართულ კომპლექსურ ღონისძიებებს და სხვა საკითხებს. თეორიული და პრაქტიკული სწავლება ტარდება აგრიჯორჯიას პლანტაციებში, ახლადშექმნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე და ადგილობრივ მეთხილეთა ბაღებში.
„აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ თხილის სექტორის სპეციალისტების მომზადებას, არამედ ეს იქნება საქართველოში კვალიფიციური აგრონომების ნაკლებობის დაძლევისკენ მიმართული ქმედება“, – დაამატა რეგიონალურმა კოორდინატორმა.

Thiliასოციაციამ მონაწილეობა მიიღო მიმდინარე წლის 15 მაისს ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩში“ ჩატარებულ საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმში. ფორუმი ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამ“-ის ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით მოეწყო. 

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სპიკერი გოჩა მესხი სიტყვით გამოვიდა ფორუმზე და საზოგადოებას მოკლედ გააცნო ასოციაციის შექმნისა და მუშაობის შესახებ. მან ისაუბრა 2011-2013 წლებში USAID/EPI-სა და აგრიჯორჯია/ფერეროს მიერ ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში ფერმერთა ტრეინინგში მონაწილეობის შესახებ, სადაც მან ასოციაციის სხვა წევრებთან ერთად მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ასოციაციაში ჩამოყალიბებულ ფერმერთა ჯგუფებზე, რომლებიც იყენებენ არგენტინული ასოციაციის მოდელს „კრეას მოძრაობა“, რომელიც მათ ეხმარება მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებაში, პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში და საკუთარი თხილის ბაღების გაუმჯობესებაში.

ასოციაციის სპიკერმა ასევე ისაუბრა ასოციაციის მიერ განხორციელებულ თხილის შრობის ძალიან წარმატებულ პროექტზე, სადაც მათ გაუწიეს მომსახურება ასოციაციის წევრ ფერმერებს. „ფერმერები დარწმუნდნენ, რომ აღებული მოსავლის შრობისა და დასაწყობების ნორმების დაცვის შემთხვევაში მათ უფრო მეტი მოგების მიღება შეუძიათ. გარდა ამისა, პლანტაციების სწორი მოვლით, თხილის საშრობებისა და საწყობების შექმნით საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა ხარისხიანი თხილი გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე მთელი წლის განმავლობაში - ეს არსებული მოსავლის უცვლელად ექსპორტის მაჩვენებელს გაზრდის 50%-ით და ქვეყნის შემოსავალი 150-180 მილიონიდან მარტივად შეიძლება გახდეს 220-270 მილიონი“, - აღნიშნა გოჩა მესხმა. 

თავის გამოსვლაში იგი ასევე შეეხო ამ მომენტისათვის ყველა ფერმერისთვის აქტუალურ და საჭირბოროტო პრობლემას - კვირტის ტკიპას, თუ რამდენად საზიანოა ის თხილის ბაღებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ მავნებლის წინააღმდეგ ჩასატარებელმა ღონისძიებებმა მასობრივი სახე მიიღონ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მან სოფლის მეურნეობის მინისტრს დახმარება სთხოვა.

გამოსვლის დასასრულს სპიკერმა აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ასოციაციაში დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, დადგენილია სხვადასხვა პრობლემების მოგვარების გზები და დაანგარიშებულია შესაბამისი ხარჯები, მომზადებულია თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგების მასალები თხილის წარმოების სხვადასხვა ეტაპებზე მომუშავე ფერმერების ცოდნის ასამაღლებლად. ამის საფუძველზე, ფორუმის მონაწილეები მიიწვია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში და შესთავაზა პერიოდული საკოორდინაციო შეხვედრების მოწყობა, რათა მოხდეს მიმდინარე და მომავალი პროექტების ფერმერთა რეალურ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგება და ძალთა კოორდინირება.

Txiliრაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც თამარ სორდიამ განაცხადა, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ანაკლიაში, სასტუმრო „ოქროს საწმისში“ და 25 ნოემბერს, ზუგდიდში, რესტორან „სამეფოში“ ჩატარდება ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია.

დაგეგმილი კონფერენციის მიზანია ფერმერებმა და თხილის სექტორში მოღვაწე სხვა პირებმა შეიტყონ ასოციაციის მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კონფერენციას დაესწრება დაახლოებით 300 ფერმერი - როგორც ასოციაციის წევრები, ასევე სხვა ფერმერები; აგრეთვე თხილის გადამამუშავებლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები, სასუქებისა და შხამქიმიკატების მომწოდებლები, ფინანსური ინსტიტუტებისა და სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლები და თხილის სექტორში მოღვაწე სხვა პირები.

„კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა მიიღოს უახლესი ტექნიკური ინფორმაცია თხილის დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მავნებლებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება, მოსავლის დაზღვევა. ასევე განხილული იქნება თხილის სფეროში მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა და სხვა საკითხები“, - დასძინა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცის რეგიონალურმა კოორდინატორმა.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

 

 

არჩილ ვეკუას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 11:57

ბიზნესმენ არჩილ ვეკუას ადვოკატები და ბიზნეს ასოციასიის თავმჯდომარე ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ, მათი განცხადებით თურქი ბიზნესმენისა და არჩილ ვეკუას საქმეზე სასამართლომ არჩილ ვეკუა გაამტყუნა ,რასაც უფლებადამცველები უკანონოდ მიიჩნევენ. ადვოკატები ამბობენ,რომ ამ ყველაფერს წინ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან პოლიტიკური განცხადებები უძღოდა.

საქმე ეხება თურქი ბიზნესმენისა და არჩილ ვეკუას თხილის ერთობლივ ბიზნესს . წილებთან დაკავშირებული უთანხმოება სასამართლომდე მივიდა, ვეკუა თავდაპირველად საქალაქო სასამართლომ გაამართლა თუმცა სააპელაციოს გადაწყვეტილებით მას თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ახლა სარჩელი უზენაეს სასამართლოშია. არჩილ ვეკუა კი შვეიცარიას პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს.  

თხილის ფასი ბაზარზე მკვეთრად დაეცა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 13:28

ქართულ თხილს მძიმე დრო უდგას. გლეხებსა და მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ. თხილის ფასი მკვეთრად დაეცა. ჯერ კიდევ აგვისტოში, მიმღებ პუნქტებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 6-დან 7 ლარამდე მერყეობდა. გლეხების ვარაუდი, რომ წელს მცირე მოსავალია და თხილზე ფასი კიდევ მოიმატებდა, არ გამართლდა. ამჟამად, ერთი კილოგრამის ფასი 5, 80-დან 6 ლარამდე მერყეობს. მწარმოებლები თხილზე ფასის დაწევას თურქეთის ფაქტორით ხსნიან.
"თურქეთში წელს თხილი კარგი მოსავალი მოვიდა. 700 ათას ტონაზე მეტი. ამიტომ, თურქი ბიზნესმენები ჩვენს თხილს არ ყიდულობენ. თავისი იაფად აქვთ, თანაც გაცილებით უკეთესი ხარისხის, ვიდრე ჩვენი. ჩვენი თხილი კი წელს უხარისხო და მცირეა", - ამბობენ მწარმოებლები.


ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური