194 დაღუპული და 1 100 დაშავებული - თურქეთის ხელისუფლება ახალ ცნობებს ავრცელებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 13:01

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 194-ს შეადგენს, დაშავებულია 1 100 ადამიანი. ამის შესახებ abcnews-ი თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.
თურქეთის მთავრობის განცხადებით, დაღუპულთაგან 41 პოლიციელი, 2 ჯარისკაცი, 47 სამოქალაო პირი და 104 აჯანყებულია.

სულ დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 1563 ადამიანი.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს.

ქვეყანაში კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს.

 

სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი.

მომხდარის გამო რამდენიმე საათით შეჩერებული იყო სტამბოლში ათათურქის აეროპორტის მუშაობა. ამჟამად აეროპორტს ქვეყნის არმია აკონტროლებს.

ქართველი მგზავრების თურქეთიდან გადმოსაყვანად სპეციალური რეისი დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 13:02

თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა:

„მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ქვეყნის შიგნით ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული და მუშაობს გამართულად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მეც მინდა დავადასტურო, რომ საზღვარზე, ამ წუთში, ჩვენი ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით დაწესებულია შეზღუდვები, თუმცა პირიქით გახსნილია. ჩვენ გვქონდა მოსაგვარებელი საკითხები რამდენიმე მიმართულებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველაფერი კეთდება“ - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სტამბულის აეროპორტში არიან ქართველი მგზავრები და მათ გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ მიიღო გადაწყვეტილება დღეს, 16.20 საათზე დანიშნოს ფრენა და ჩამოიყვანოს ჩვენი მოქალაქეები.

„ამავე დროს, იქ არის ორი პატარა ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობაზეც ახლაც ვზრუნავთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თავად აეროპორტში, აეროპორტის თანამშრომლებსაც არ აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკვები და წყალი იყოს მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 16 ივლისი 2016 12:21

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
სხდომას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი უძღვება, ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესწრებიან.

 

თურქეთის ხელისუფლება მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 12:09

ამ წუთებში, პარლამენტის შენობაში, თურქეთის ხელისუფლება მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს. სხდომა  თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მოიწვია. 

შეგახსენებთ, 15 ივლისს ღამით თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი კი1100-ს აჭარბებს.  

”ატლასგლობალი” დღეს სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით სპეციალურ ავიარეისს შეასრულებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 11:54

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძე ინფორმაციით, ავიაკომპანია ”ატლასგლობალი” 16 ივლისს, ანკარის დროით 16:20 საათზე, სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ავიარეის განახორციელებს. 

”ავიაკომპანია ”ატლასგლობალი” საგანგებო მდგომარეობაში ნიშნავს რეისს დღეს, 16 ივლისს მიმართულება: სტამბოლი-თბილისი. ადგილობრივი დროით გამოფრენის დრო 16:20”,- წერს ნინო კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 11:53

თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავცელებს: 

"საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით - თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში - შეუფერხებლად ხორციელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. მობილიზებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა, განსაკუთრებით კონტროლდება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულება. ასევე, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ.

შსს-ს არსებული სიტუაციისადმი ადეკვატური ზომები აქვს მიღებული, რათა უსაფრთხოების დონე კვლავ დარჩეს მაღალ ნიშნულზე"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ქართული ანსამბლი საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 11:28

პრობლემები აქვთ ანსამბლ ,,ქართული გენის” წევრებს. ცნობილია, რომ ანსამბლი ბულგარეთიდან ბრუნდებოდა და ამ დროისთვის სტამბოლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით პატარა ქალაქში იმყოფებიან. მშობლები აცხადებენ, რომ შესაბამისი უწყებები მათ ვერანაირ ინფორმაციას ვერ აწვდიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მყოფ ანსამბლის წევრთა მშობლებთან უწყებიდან ამ დრომდე არავინ გამოსულია. შესაბამისად, მათ შვილების შესახებ ბოლო ინფორმაცია არ მიუღიათ.

ანსამბლის 32-მდე მოზარდი სტამბოლთან ახლოს იმყოფება. მშობლები განმარტავენ, რომ თურქეთში სტამბოლის საკონსულოს მათი შვილებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

თურქეთში სამხედრო გადატრიალებასთან შესაძლო კავშირში ეჭვმიტანილი 13 ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 04:51

თურქეთში სამხედრო გადატრიალებასთან შესაძლო კავშირში ეჭვმიტანილი 13 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. არსებული ინფორმაციით, ისინი ანკარაში მაშინ დააკავეს, როცა პრეზიდენტის სასახლეში შეღწევას ცდილობდნენ. დაკავებულთა შორის სამი ოფიცერია.

სროლა, პრაქტიკულად, მუდმივად ისმის - კოტე მათითაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 04:30

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში სროლა მუდმივად ისმის. ,,რუსთავი2”-ის გადაცემა ,,ექიმების” წამყვანის, კოტე მათითაშვილის, თქმით, სროლის პარალელურად არის აფეთქებებიც.

“ბოსფორის ხიდთან არის შეჯგუფებული დიდი რაოდენობა  ხალხის და ავტომობილების. სადღაც ერთი 10 წუთის წინ იყო ძლიერი სროლა, აფეთქებები. ახლაც უწყვეტი ხმა ისმის სირენების. საკმაოდ შეჯგუფულად არის მთელი ხიდი გადაჭედილი. აქედან არ ჩანს არც სამხედრო ტექნიკა და ვერ ვახდენთ იდენტიფიცირებას, რა ტიპის ძალები არიან. სროლა, პრაქტიკულად, მუდმივად ისმის სხვადასხვა აფეთქებების ფონზე,“ – განაცხადა მათითაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადება - თურქეთთან სახმელეთო და საჰაერო საზღვარი საქართველომ ჩაკეტა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 04:23

თურქეთთან სახმელეთო და საჰაერო საზღვარი საქართველომ ჩაკეტა - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

"სხდომაზე ვიმსჯელეთ საფრთხეებზე რაც შეიძლება საქართველოზე მომდინარეობდეს. მნიშვნელოვანია რომ მეგობარ თურქეთში დემოკრატიული განვითარების საფრთხე არ შეიქმნას. ჩვენ ვისაუბრეთ საზღვრებზე არსებულ ვითარებაზე. გავაანალიზეთ არსებული ვითარება. საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ როგორც საჰაერო ასევე საზღვაო,"- განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური