საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 17:32

პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად თურქეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში,რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი.  მათ შორისაა  განახლებული, ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შეთანხმება, საქართველოსა და თურქეთს შორის  დამატებით ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შეთანხმება და ხელშეკრულებასარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის  განახლებული ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შეთანხმება უმნიშვნელოვანესია, ის პასუხობსდღევანდელ გამოწვევებსა და რეალობებს  და საქართველოს თურქეთიდან მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ბოლო 14 წლის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში თითქმის მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციააშემოსული.

რაც შეეხება ტრანსპორტის სფეროში დამატებით გაფორმებულ, კომბინირებული გადაზიდვების შეთანხმებას, როგორც  პირველი ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, ხელშეკრულება ჩვენიტერიტორიების გავლით მულტიმოდალური სატრანსპორტოგადაზიდვის შესაძლებლობას ქმნის.„ამ შემთხვევაში ერთ ხელშემკვრელ მხარესთან გვექნება საქმე, რაც ტვირთმფლობელებს საქმეს გაუიოლებს და  სარკინიგზო, სახმელეთო და უკვე საზღვაო ტრანსპორტით,  ერთიანი პრინციპით,  აღნიშნულ კორიდორში ტვირთის გატარების შესაძლებლობას მისცემს. რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებულ  სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებას, ის სატვირთო გადაზიდვების, მგზავრთა გადაყვანის, ბარგის გადაზიდვისა და საზღვრის გადაკვეთის სივრცეს მოაწესრიგებს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამბოხებისთვის დაკავებულები სიკვდილით უნდა დაისაჯონ, - ერდოღანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 17:04

„ამდენი ტერორისტული აქტის შემდეგ ხალხის სურვილია, რომ ტერორისტები ადგილზე განადგურდნენ. ისინი სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ,"  - თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფიქრობს, რომ სამხედრო ამბოხებისთვის დაკავებულები სიკვდილით უნდა დაისაჯონ, არნიშნული განცხადება ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა. 

გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 15:55

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ისმაილ ქაჰრამანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისმაილ ქაჰრამანს სამძიმარი გამოუცხადა თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს, დაღუპულთა გამო. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ძლიერი და დემოკრატიული თურქეთის როლს და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის განვითარებული წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.


ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ითქვა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტისა და თურქეთის ეროვნული მეჯლისის მეგობარი ჯგუფების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის შენობის ის ნაწილი დაათვალიერებინა, რომელიც თურქეთში გადატრიალების მცდელობის დროს დაზიანდა.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 12:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი დახვდა.

აჰმეთ არსლანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და მას რეგიონში სტაბილურობის კუთხით განიხილავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის სახელმწიფოს და თურქ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა და კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს გარდაცვლილთა გამო.
ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, ბინალი ილდირიმთან. დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისმაილ ქაჰრამანთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე.

გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 12:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შეხვედრების დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის საფლავი გვირგვინით შეამკო. 
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
“ათათურქმა, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მოღვაწემ და ლიდერმა, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა კაცობრიობის ისტორიაში,” - აღნიშნულია ჩანაწერში.

ფეთულაჰ გიულენი: სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 14:58

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ.
შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის თაობაზე.
“მე არ მგონია, რომ მსოფლიო საზოგადოებას სჯეროდეს იმ ბრალდებების სინამდვილის, რასაც ერდოღანი და მისი რეჟიმი მე მიყენებენ“ - განაცხადა გიულენმა. “შესაძლებელია სახელმწიფო გადატრიალება ინსცენირებული იყოს, რისი მიზანიც უნდა ყოფილიყო შემდგომი ბრალდებები (გიულენისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ).“
გიულენი, რომელიც ცხოვრობს გადასახლებაში, უძღვება საზოგადოებრივ მოძრაობას სახელით “Hizmet“ (“მსახურება“) და რომელიც განუდგა ერდოღანს 2013 წელს კორუფციის სკანდალის შემდეგ, ინტერვიუ მისცა მცირე სალოცავ ოთახში რომელიც მოფენილია ხალიჩებით, მორთული ისლამური კალიგრაფიის ნიმუშებითა და ტყავის ყდიანი რელიგიური შინაარსის წიგნებით. ჟურნალისტებს გაუმასპინძლდნენ თურქული ჩაითა და ტკბილეულით მის საცხოვრებელში, რომელიც მდებარეობს პენსილვანიაში, სადაც იგი დასახლდა 1999 წელს თურქეთიდან გადასახლების შემდეგ.
გიულენმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგია სამხერო გადატრიალებებისა და რომ იგი თავად გამხდარა გადატრიალებათა მსხვერპლი 90-იან წლებში.
“სამხედრო გადატრიალებების შემდგომ პერიოდებში ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დაპატიმრებულიც კი ვყოფილვარ. ყოველივე ამის შედეგად მრავალი ჩაგვრისა და შევიწროების ობიექტი გავმხადრვარ“ - განაცხადა გიულენმა თავის ინტერვიუში.
მან ასევე ისიც დაამატა, რომ: “ახლა, როდესაც თურქეთი უკვე მყარად დგას დემოკრატიულ რელსებზე, მისი შებრუნება სხვა მიმართულებით შეუძლებელია“.
Guardian-ის ჟურნალისტის შეკითხვას, დაბრუნდებოდა თუ არა იგი თურქეთში იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით დასრულდებოდა, გიულენმა უპასუხა: “რათქმაუნდა, მე ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო. მაგრამ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც, ეს არის თავისუფლება. მე ვიმყოფები აქ, შორს პოლიტიკური პრობლემებისგან თურქეთში და ვაპირებ თავისუფლად ცხოვრებას მომავალშიც“.
შაბათს, სტამბულში ხალხისადმი მიმართვისას ერდოღანმა მიმართა ბარაკ ობამას და მოთხოვა მას გიულენის დაკავება და მისი გადაცემა თურქეთის მხარისათვის. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს არასდროს უარუყვია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამა თუ იმ “ტერორისტის“ ექსტრადირების მოთხოვნა და დაამატა: “თუკი ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა შეასრულოთ ჩვენი მოთხოვნაც“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, ჯონ ქერის განცხადების მიხედვით, რომელიც მან ლუქსემბურგში ვიზიტისას გააჟღერა, თურქეთის მხრიდან ექსტრადირების თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა ამერიკულ მხარეს არ მიუღია. “ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ იქნება გარკვეული სახის კითხვები გიულენთან დაკავშირებით“ - აღნიშნა ჯონ ქერიმ.
“რასაკვირველია, ჩვენ მოვიწვევთ თურქეთის მთავრობას ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე იმ მიზნით, რომ მოვისმინოთ მათი არგუმენტები ლეგიტიმური მტკიცებულებების წარდგენის მხრივ, რათა დეტალურად შევისწავლოთ საკითხი და ნათელი მოვფინოთ არსებულ მდგომარეობას. ამის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით“.

საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებს ფეთულაჰ გიულენმა ბოლო ინტერვიუ 2014 წელს მისცა. იგი იშვიათად ტოვებს თავის ამჟამინდელ საცხოვრებელს სადაც იგი იძლევა რელიგიური შინაარსის დარიგებებს თავისი მიმდევრებისათვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. შაბათის ინტერვიუმდე მასთან იმყოფებოდა ექიმი, რომელმაც მას წნევა გაუზომა.
მისი საცხოვრებელი, რომელიც მდებარეობს პენსილვანიის პოკონოს რეგიონში, არაფრით არ ჰგავს კონსპირატორის ადგილსამყოფელს. გიულენი ცხოვრობს მცირე ზომის ოთახში, რომელიც მდებარეობს ორსართულიან სალოცავში, რომელსაც მნახველები სტუმრობენ რელიგიური რიტუალის აღსასრულებლად და დარიგებების მისაღებად. დიდი სურათი სტამბულის ხედით ფარავს მთელს კედელს.
დერეფნის ბოლოს მდებარეობს მცირე ზომის საძინებელი, რომელიც აჩვენეს ორ რეპორტიორს. საძინებლის მოწყობა მიუთითებს მასში მაცხოვრებლის ცხოვრების სპარტანულ წესზე: მცირე საწოლი, აგრეთვე მცირე თაროები არაბული კალიგრაფიის ნიმუშებით, მაღვიძარა საათი და კრიალოსანი ლოცვისთვის. ხის თაროზე ჩანს წიგნები სათაურებით: “სულიერი სამყაროს შესწავლა“ და “ისლამის განახლება მსახურების მეშვეობით“, მათთან ახლოს კი ნელსაცხებელთა ბოთლებია განთავსებული.
საძინებლის პირისპირ მცირე “ფიტნეს“ ოთახია სარბენი ბილიკითა და ორთოპედიული საწოლით.
შენობის გარეთ დაცვის პუნქტი მდებარეობს. ფართო ასფალტის გზა კი მიუყვება დიდი საცხოვრებელი სახლების ქუჩას. ინგლისურ და თურქულენოვანი წარწერები მიანიშნებენ, თუ სად შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების პარკირება.
ალფ ასლანდოღანის, ფეთულაჰ გიულენის მედია მრჩეველისა და საერთო ღირებულებათა ალიანსის (Alliance for Shared Values) აღმასრულებელი დირექტორის, მოძრაობა “Hizmet“ (“მსახურება“)-ის ამერიკის განყოფილების უფროსის თქმით დაცვის პერსონალი მობილიზების რეჟიმში იქნა გადაყვანილი სოციალურ მედიაში გიულენის მისამართით გაჟღერებული მუქარების გამო.
საცხოვრებლის ახლოს შეიკრიბა დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი, რომლებიც თურქეთისა და ამერიკის დროშებს აფრიალებდნენ.
“თქვენ მისი მომხრეები ხართ; ჩვენ არ გვსურს თქვენთან საუბარი“ - განაცხადა ერთერთმა დემონსტრანტმა, რომელმაც არ ისურვა საკუთარი ვინაობის გაჟღერება და დაამატა: “ის არის მეორე პოტენციური ბინ ლადენი და ამერიკა მას მფარველობს“.
ერთერთი ქალბატონი დროშას აქნევდა, რომელზეც ერდოღანის სურათი იყო დატანილი. მან შემდეგი რამ თქვა: “სენატორები მისგან (გიულენისგან) თანხებს იღებენ“.
შაბათს, გიულენის საცხოვრებელში შესვლამდე რეპორტიორები გააფრთხილეს არ გადაეღოთ იქ მაცხოვრებელთა სახეები.
“ისინი ან მათი ოჯახების წევრები შეიძლება გახდნენ დევნის ობიექტები, თუკი მათ ამოიცნობენ თურქეთში“ - განაცხადა ასლანდოღანმა.
ერდოღანის მიერ გიულენის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა აგრეთვე აღნიშნა ისიც, რომ: “ამერიკის მთავრობის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუკი არსებობს ბატონი გიულენის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქმე შესაბამისად განიხილებოდა. აქამდე კი თურქეთის მთავრობას არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება ამ მხრივ. მადლობა ღმერთს, ამერიკაში კანონის უზენაესობის პრინციპი მოქმედებს და ჩვენც სწორედ ამის იმედი გვაქვს“.
ერდოღანის მიერ სახელმწიფო გადატრიალების ინსცენირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა აღნიშნა, რომ პარასკევს განვითარებული მოვლენები არ ავლენენ მსგავსებას წინა გადატრიალებებთან, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ თურქეთში.
“სახელმწიფო გადატრიალება საკმაოდ არაორგანიზებულად ჩატარებული ოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებს“ - აღნიშნა ასლანდოღანმა და დაამატა შემდეგი: “როგორც დეტალები მიგვითითებს, ყველაფერი ერდოღანის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩნდება ბევრი კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ იქნა ჩატარებული სახელმწიფო გადატრიალების ხსენებული ოპერაცია“.
ფეთულაჰ გიულენის მიმდევრები გაოცებით შეხვდნენ მათი ლიდერის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს.
“ეს არის ჩვეულებრივი შეთქმულება გიულენის წინააღმდეგ“ - განაცხადა ჰარუნ გულთექინმა რომელიც მოხალისედ მსახურობს გიულენის ცენტრში და ცხოვრობს მახლობელ დასახლებაში.

https://www.theguardian.com/world/2016/jul/16/fethullah-gulen-turkey-coup-erdogan

 

ანკარაში კვლავ სროლის ხმა ისმის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 14:21

ანკარაში სასამართლო შენობასთან, სადაც ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გენერლები მიიყვანეს, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ის თურქული რედაქცია იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. მას სამხედრო ფორმა ეცვა. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გიორგი კვირიკაშვილი ხვალ თურქეთში გაემგზავრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 13:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ხვალ თურქეთში გაემგზავრება. პრემიერი ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას დაესწრება. 

სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 13:53

საერთაშორისო სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ:

”გასულ კვირას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი სკოლები: რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, თბილისის ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი სსკოლა-ლიცეუმი ,,სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ ერთობლივად ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებსა და ბრალდებებს. ჩამოთვლილი სკოლებისთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი ჩვენი ერთ-ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა ტერორიზმი. 

როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ბოლოს ორი ქვეყნის უერთიერთშეთანხმების საფუძველზე თურქული მხარის ინიციატივით თბილისში დაფუძნდა პირველი საერთაშორისო ტიპის სკოლა, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, განათლებისა და კულტურის გაზიარება. 20 წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ ღირსეული ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიო ასპარეზზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. ცნობისთვის, ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 

გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულმა არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობის“ მისამართით გაჟღერდა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელს გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს. მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული ბრალდებები შეურაცხმყოფელია სკოლისთვის და მისი პარტნიორებისთვის და იმ რეგიონისთვის სადაც სკოლა ფუნქციონირებს. 

ჩვენი მოთხოვნაა დაცული იქნას თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის კანონიერი უფლება და აღიკვეთოს დისკრიმინაციული ბრალდებები თურქეთის საკონსულოს მხრიდან. მოხდეს გაკეთებულ განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ჩვენის მხრივ ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობას და ვგმობთ მცდელობას გარე პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც იარაღი პოლიტიკურ ბრძოლაში, რადგან სასწავლო ინსტიტუტები გახლვათ აპოლიტიკური ორგანო, სადაც მთავარი ღირებულება განათლებული, თავისფლად მოზაროვნე და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე," - ნათქვამია საერთაშორისო სკოლების განცხადებაში.

16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე კომენტარი გააკეთა. მანვე ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმზეც ისაუბრა.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან,“ - განაცხადა კონსულმა.  კომენტარის ქართულ თარგამანს TV25 ავრცელებს.

თურქეთში დაკავებულები სასამართლოში უნდა გადაიყვანონ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 10:45

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები სასამართლოში უნდა გადაიყვანონ. ბოლო მონაცემებით, აღნიშნული ბრალდებით,  პოლიციამ 2700-მე მეტი ადამიანი დააკავა.

დაკავებულებს შორის სამხედროები და 400-ზე მეტი მოსამართლეა. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური