ზექი ლევენთ გუმრუქჩუ,,თურქეთი დემოკრატიული ქვეყანაა, ის იმართება კანონის მიხედვით და ჩვენი ხელისუფელბა პასუხისმგებლიანი ხელისუფლებაა''

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 23 ივლისი 2016 14:16

ბატონო ელჩო, მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში.

ელჩი - გამარჯობა, მადლობა მობრძანებისთვის, ყოველთვის, როდესაც თქვენ ინტერვიუს გაძლევთ, ცუდ ამბებზე გვიხდება საუბარი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს კარგ ამბებზეც მოგვიწევს საუბარი.

ჟურნალისტი - დიახ, მეც ვიმედოვნებ, რომ კარგ თემებზეც მოგვიწევს საუბარია, თუმცა ახლა მინდა განვიხილოთ თურქეთში განვითარებული მოვლენები. თქვენ ახლახან დაბრუნდით თურქეთიდან, სადაც რამდენიმე დღის წინ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რა ვითარებაა ახლა თურქეთში?

ელჩი- ვითარება ამ დროისთვის საკმაოდ სტაბილურია. თქვენ იცით, რომ სამხედროთა ნაწილმა, რომლებმაც ინსტრუქციები მიიღეს ფეთჰულაჰ გულენის ტერორისტული ორგანიზაციიდან, სამხედრო გადატრიალება სცადა. მადლობა ღმერთს, რომ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მე თურქეთში  ვიმყოფებოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით. გაიმართა პირველი შეხვედრა მაღალი რანგის სტატეგიული თანამშრომლობის საბჭოში. ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო. ყველა შეხვედრამ მაღალ დონეზე ჩაიარა.

ჟურნალისტი - თურქეთის ხელისუფლება ცდილობს მკაცრად დასაჯოს გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორები და მათთან კავშირში მყოფი პირები. ისინი საუბრობენ სიკვდილით დასჯის აღდგენაზე. რამდენად მოდის ეს შესაბამისობაში საერთაშორისო მოთხოვნებთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებები შესახებ?

ელჩი - ის რაც მოხდა თურქეთში ერთი კვირის წინ, ეს წარმოუდგენელია. იმ ადამიანების დასჯა, ვინც დგას ამ გადატრიალების მცდელობის უკან არის არა მხოლოდ თურქეთის ხელისუფების სურვილი, არამედ თავად თურქი ხალხის სურვილი. სამხედრო გადატრიალების ადგილი არ არის 21-ე საუკუნის თურქეთში.  ისინი, კი  ვინც მსგავსი რამ გადაწყვიტეს და მისი განხორციელება დაგეგმეს აუცილებლად უნდა წარსდგნენ კანონის წინაშე და ისინი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. თურქეთი დემოკრატიული ქვეყანაა, ის იმართება კანონის მიხედვით და ჩვენი ხელისუფელბა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ვიცავთ საერთაშორისო ნორმებს, ასე, რომ როგორც გინდა მოხდეს ამ ადამიანების დასჯა, ეს მოხდება კანონისა და დემოკრატიის ნორმების სრული დაცვით. არავინ არ უნდა იფიქროს, რომ აქ რამე რევანშს ექნება ადგილი. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ცივი გონებით და დემოკრატიული ნორმების სრული დაცვით გავაკეთებთ. სიკვდილის დასჯის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებაც ასეთი გზით იქნება მიღებული.

ჟურნალისტი - ბატონო ელჩო, თურქეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს გარკვეული რეგულაციები. რანდენად უსაფრხოა დღეს ტურისტებისთვის  და საქართველოს მოქალაქეებისთვის იქ მოგზაურობა, მაგალითად მე მაქვს თურქეთში დასვენება დაგეგმილი რამდენიმე დღეში, მაგრამ არ ვიცი წავიდე თუ არა?

ელჩი - აუცილებლად წადით, თურქეთი უსაფრთხოა ტურისტებისთვის. საგანგებო მდომარეობასთან დაკავშირებით მოქმედებს გარკვეული რეგულაციები, მაგრამ საგანგებო მდოგამრეობაა საფრანგეთშიც მაგალითდ  და ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ტურისტები ვერ ჩადიან. ამიტომ, ეს ყველაფერი თურქეთში გამიზნულია უფრო მეტ უსაფრთხოებსა და წესრიგზე.  სხვა მხრივ იქ ცხოვრების წესი არ შეცვლილა. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად იმოგზაუროთ, არ არის არანაირი შეზღუდვა ადამიანების გადაადგილებასთან დაკავშირებით არც დღისით, დეა არც ღამით, ეს რეგულაციები გულისხმობს მეტ კონტროლს ქვეყანაში შესვლისას და გასვლისას, სადაც საპასპორტო კონტროლი ხდება. საგანგებო მდოგმარეობა არ ნიშნავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას. ასე რომ, ჩამობრძანდით თურქეთში, ეს სრულიად უსაფრთხოა.

დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 15:09

თურქეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან, ნიჰათ ზეიბექჩისთან.

შეხვედრის დასაწყისში, საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ღრმა მწუხარება გამოხატა თურქეთში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების გამო და საქართველოს მთავრობის სახელით, მიუსამძიმრა გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მისი განცხადებით, ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი უკიდურესად მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის. მისი თქმით, თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ თურქეთი უკანასკნელი წლების განმავლობაში წარმოადგენს საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. 2015 წლის სავაჭრო ბრუნვამ 1 517 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით შემცირდა 23%-ით. საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი, საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ს შეადგენს, რითაც კვლავაც დასტურდება წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის დამკვიდრებული სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის ზრდის ტენდენცია.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელიც უკვე დღეს თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს და აუცილებელია მისი განახლება. როგორც აღინიშნა, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, თურქეთის მხრიდან განხილულ იქნას ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა: თაფლი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, ხორცი, ყურძენი, ჩირი, ჩაი, ხილის წვენები, ბოსტნეული და ა.შ. ეს ხელს შეუწყობს ქართული წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდას თურქეთის ბაზარზე.

„შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ რეალურად გავხსნით ორმხრივ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, რომ იმ პროდუქციას, რომელსაც დღეს აქვს ძალიან მაღალი საბაჟო გადასახადი თურქეთში, ასეთია, მაგალითად, ხორცი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, თურქეთის ბაზარზე შევიტანთ ტარიფის გარეშე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ოფიციალური პოტენციალზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღეს საქართველოს ექსპორტი თურქეთში დაახლოებით 189 მილიონი აშშ დოლარია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შემდეგ კი ექსპორტი 200 მილიონით გაიზრდება.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებასა და მის განუყოფელ ნაწილზე, შეთანხმებაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA). აღინიშნა, რომ ეს შეთანხმების საქართველოს კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის თურქული ბიზნესისათვის.

პირველი ვიცე–პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ თურქეთთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, თურქული ნედლეულის საქართველოში გადამუშავების შედეგად, შესაბამის სქემით დამზადებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე დაბეგვრის გარეშე შევა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული სქემა, იგივე დიაგონალური კუმულაცია საქართველოს მისცემს საშუალებას, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და განვითარდეს ახალი დარგები.

 

 

 

 

 

თურქეთთან ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა,-გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 15:27

თურქეთთან ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა, პრინციპულად, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში ოფიციალური ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

უპრეცედენტოდ წარმატებული ვიზიტი - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანკარაში გამართული პოზიტიური შეხვედრები, რომლებზეც საქართვლოს ხელისუფლებამ თურქეთში დემოკრატიისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია თურქეთიდან ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი შედეგებით დაბრუნდა.

„ხელი მოეწერა ხუთ ხელშეკრულებას და დეკლარაციას, რომლითაც სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი საბჭო დავაფუძნეთ. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი რთული თემები, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკების გახსნა და იმ პროდუქციის ჩამონათვალის გაფართოება, რომელიც შეიძლება, საქართველოდან თურქეთის ბაზარზე შევიდეს. ეს არის ძალიან დიდი რამ საქართველოში წარმოებისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გაიხსნება კიდევ ახალი მოლაპარაკება ქართული პროდუქციის თურქულ ბაზარზე შეტანისათვის. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართველი პრობაციონერები პრობაციას გაივლიან საქართველოში და პირიქით. ეს არის მართლაც ძალიან დიდი შეთანხმება. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა, პრინციპულად, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი პოზიტიური შეხვედრა შედგა გუშინ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თურქულ მხარესთან ეკონომიკური შინაარის რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 14:37

საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით,  უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველო–თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ სხდომას, რომელიც 19 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. საბჭოს ხელმძღვანელობდნენ საქართველოსა და თურქეთის პრემიერ–მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი. საბჭოს მუშაობაში ორივე მხრიდან 15 მინისტრი მონაწილეობდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ სხდომაზე განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მისი დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა 6 დოკუმენტს. მათგან სამი ეკონომიკური შინაარსისაა,ესენია:შეთანხმება ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ,  საქონლის კომბინირებული გადაზიდვის შესახებ შეთანხმება და რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის ჩარჩო–ხელშეკრულება. სამივე მათგანს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე–პრემიერის შეფასებით, შეთანხმება ინვესტიციების დაცვის შესახებ საქართველოს მისცემს საშუალებას, მოიზიდოს მეტი თურქული ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში. მისი ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოვიდა 113 პროცენტით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე ეს იყო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში. ჯამურად,  2000–2014 წლებში თურქეთიდან ინვესტიციების ოდენობა დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარსაღწევს.

რაც შეეხება შეთანხმებებს ტრანსპორტის სფეროში, ისინი შეეხება საერთაშორისო ტვირთების კომბინირებულ გადაზიდვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ ხელშემკვრელ მხარესთან იქნება ხელშეკრულების გაფორმებისშესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუკი ტვირთმა უნდა გაიაროს როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით.

დიმიტრიქუმსიშვილის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება გააუმჯობესებს ტვირთმფლობელებისთვის ჩვენი კორიდორის მიმზიდველობას, იქნება ერთიანი ტარიფი და შესაბამისად, ის მიზნები, რომლებიც გაგვაჩნია აღნიშნული სატრანზიტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, იქნება მიღწეული.

რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების ჩარჩო–ხელშეკრულებას, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პრაქტიკულად, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ როგორც კი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა ამუშავდება, ჩვენ უკვე გვექნება შეთანხმებული წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს ტვირთების გადაზიდვა, მგზავრების გადაყვანა, მატარებლების მიერ საზღვრის კვეთა და აწყობილი იყოს  ასეთ დროს აუცილებელიპროცედურები.

თურქეთში სამსახურებიდან სულ მცირე 45 ათასი ადამიანი დაითხოვეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 10:48

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში  სამსახურებიდან  სულ მცირე 45 ათასი ადამიანი დაითხოვეს. დათხოვილებს შორის არიან მასწავლებლები, უნივერსიტეტის მუშაკები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ოფიციალური ანკარის აზრით ფეტულა გიულენის მოკავშირეები არიან.

გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან ორი ქვეყნის პარტნიორობის შესახებ ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 18:03

ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის შეხვედრის მთავარი თემები. 

შეხვედრა თურქეთში განვითარებული მოვლენების შეფასებით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და თურქი ხალხისადმი. მისი განმარტებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთში სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თურქეთის სტაბილურობის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის და საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. 

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების აუცილებლობა და თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტი გაზრდის პერსპექტივები. საუბარი შეეხო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ერთობლივ პროექტებს. 

ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა შეაფასეს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების საკითხების განხილვას და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. 

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას.

 

საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 17:32

პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად თურქეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში,რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი.  მათ შორისაა  განახლებული, ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შეთანხმება, საქართველოსა და თურქეთს შორის  დამატებით ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შეთანხმება და ხელშეკრულებასარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის  განახლებული ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შეთანხმება უმნიშვნელოვანესია, ის პასუხობსდღევანდელ გამოწვევებსა და რეალობებს  და საქართველოს თურქეთიდან მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ბოლო 14 წლის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში თითქმის მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციააშემოსული.

რაც შეეხება ტრანსპორტის სფეროში დამატებით გაფორმებულ, კომბინირებული გადაზიდვების შეთანხმებას, როგორც  პირველი ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, ხელშეკრულება ჩვენიტერიტორიების გავლით მულტიმოდალური სატრანსპორტოგადაზიდვის შესაძლებლობას ქმნის.„ამ შემთხვევაში ერთ ხელშემკვრელ მხარესთან გვექნება საქმე, რაც ტვირთმფლობელებს საქმეს გაუიოლებს და  სარკინიგზო, სახმელეთო და უკვე საზღვაო ტრანსპორტით,  ერთიანი პრინციპით,  აღნიშნულ კორიდორში ტვირთის გატარების შესაძლებლობას მისცემს. რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებულ  სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებას, ის სატვირთო გადაზიდვების, მგზავრთა გადაყვანის, ბარგის გადაზიდვისა და საზღვრის გადაკვეთის სივრცეს მოაწესრიგებს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამბოხებისთვის დაკავებულები სიკვდილით უნდა დაისაჯონ, - ერდოღანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 17:04

„ამდენი ტერორისტული აქტის შემდეგ ხალხის სურვილია, რომ ტერორისტები ადგილზე განადგურდნენ. ისინი სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ,"  - თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფიქრობს, რომ სამხედრო ამბოხებისთვის დაკავებულები სიკვდილით უნდა დაისაჯონ, არნიშნული განცხადება ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა. 

გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 15:55

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ისმაილ ქაჰრამანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისმაილ ქაჰრამანს სამძიმარი გამოუცხადა თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს, დაღუპულთა გამო. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ძლიერი და დემოკრატიული თურქეთის როლს და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის განვითარებული წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.


ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ითქვა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტისა და თურქეთის ეროვნული მეჯლისის მეგობარი ჯგუფების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის შენობის ის ნაწილი დაათვალიერებინა, რომელიც თურქეთში გადატრიალების მცდელობის დროს დაზიანდა.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 12:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი დახვდა.

აჰმეთ არსლანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და მას რეგიონში სტაბილურობის კუთხით განიხილავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის სახელმწიფოს და თურქ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა და კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს გარდაცვლილთა გამო.
ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, ბინალი ილდირიმთან. დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისმაილ ქაჰრამანთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური