ვლადიმერ იმნაძემ თურქეთის ელჩს და TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 01 ივნისი 2018 16:02

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან და თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორთან, ჰუსეინ სანლისთან, შეხვედრა გაიმართა.

თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ, TIKA -მ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის საკონფერენციო დარბაზი, ტექნიკურად, უსასყიდლოდ აღჭურვა, რომელიც დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

შეხვედრას, ასევე, დაესწრო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარის მოადგილე, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე.

“მოგესალმებით თქვენო აღმატებულებავ! დღეს ჩვენ ნამდვილად საზეიმო დღე გვაქვს, თურქეთის რესპუბლიკის დახმარებით, ჩვენ შევძელით, ასეთი მშვენიერი საკონფერენციო დარბაზის გახსნა. თურქეთთან ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაშინ დაიწყო, როცა 2004 წელს, თურქმა ექიმებმა ანკარაში, მეორე სიცოცხლე მაჩუქეს.

თურქეთთან ჩვენ სხვადასხვა სფეროში გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. გვეგმავთ დელეგაციის გაგზავნას, ჩემი ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკაში, რათა გავეცნოთ მათ გამოცდილებას ვეტერანებთან მიმართებაში.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სააგენტო TIKA-ს თანადგომისა და დახმარებისთვის.” – აღნიშნა ვლადიმერ იმნაძემ სიტყვით გამოსვლისას.

” თქვენ ხართ წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დიდი მეგობრის და ძლიერი სახელმწიფოსი – თურქეთის რესპუბლიკის. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა, თქვენთან მეგობრობა. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო და შორსმხედველი მიზნები.

მინდა, მოგახსენოთ, რომ სახელმწიფომ ჩვენ,  ვეტერანებს გადმოგვცა ტერიტორია, რომელზეც მიზნობრივად არის განსაზღვრული ვეტერანებისთვის სამხედრო ჰოსპიტალის აშენება. ჩვენ ვიცით, რომ თურქეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მედიცინაში, სამედიცინო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების დარგში და ამ მიმართულებითაც, იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის.”- მიმართა კობა კობალაძემ ფატმა სერენ იაზგანს მისასალმებელ სიტყვაში.

”ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფებოდი აქ თქვენთან ერთად. ვეტერანების და ომში დაღუპულების თემა, ერთ-ერთი უმთავრესია ჩვენთვის თურქეთში, ისევე როგორც საქართველოში. სისხლი, რომელიც დაიღვარა სამშობლოსთვის იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც შვილების დამოუკიდებლობა. საქართველოს შვილები ჩვენი შვილები არიან.

დიდი მადლობა TIKA-ს თანამშრომლობისთვის, ამ მშვენიერი დასაწყისისათვის, რომელიც განხორციელდა ასეთი მშვენიერი საკონფერენციო დარბაზის აღჭურვით.

ურთიერთობა საქართველოსა და თურქეთს შორის, ყველა სფეროში მართლაც საოცარი ტემპით ვითარდება. თავდაცვის მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლისთავისთვის ჩვენი თავდაცვის მინისტრი აქ იმყოფებოდა. ერთხელ ვინც იყო სამხედრო, ის ყოველთვის სამხედრო იქნება. ვეტერანი არ არის თადარიგის სამხედრო პირი.  როდესაც თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზეა საუბარი, ის მდიდარი გამოცდილება, რომელიც აქვთ ვეტერანებს, აუცილებლად უდნა იყოს გათვალისწინებული და გადაცემული შემდგომი თაობებისთვის.

ის ყველაფერი რაც ვეტერანებმა გაიღეს ქვეყნისათვის მათ უნდა დაუბრუნდეთ თუნდაც ეკონომიკური კუთხით. ყველა იმ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს სიყვარული გაღვივებას ახალგაზრდა თაობაში, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის! თუ რაიმე იქნება საჭირო ყოველთვის გქონდეთ ჩვენი იმედი.”- განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

” მეც დიდი მადლობა მინდა გითხრათ თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA-ს სახელით ბატონ ვლადიმერს, ბატონ კობას და ყველა აქ დამსწრე საზოგადოებას.

თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA უკვე 24 წელია მოღვაწეობს საქართველოში. საქმიანობის სფერო მრავალმხრივია, განათლება ჯანდაცვა სოფლის მეურნეობა და.ა.შ ის პროექტი, რომლის გამოც აქ ვიმოყოფებით, სოციალური მიმართულებისაა და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ჩვენ წვლილი შევიტანეთ საზოგადოების განვითარებაში.  ჩვენი ორგანიზაცია მზად იქნება მომავალშიც ითანამშრომლოს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან. ჩემთვის დიდი პატივია ჩემი ორგანიზაციის სახელით ვიმყოფებოდი დღეს აქ გახსნაზე.

ვიცით, რომ საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახური პატრონაჟს ახორციელებს 70 ათასამდე ვეტერანზე, ღმერთმა ქნას, რომ ეს რიცხვი არ გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ქალბატონი ელჩის სახელით  სოციალური და იურიდიული გარანტიებით, რომელიც ამ მიზნობრივი ჯგუფისთვის გაქვთ დაგეგმილი, ვეცდებით მუდამ თქვენს გვერდით ვიყოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ თქვენ საქმიანობაში.”- განცხადა ჰუსეინ სანლიმ.

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ჰამი აქსოის განცხადება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 10:59

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ჰამი აქსოის განცხადება, სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე

საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას.

ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს თურქეთის საელჩო საქართველოში. 

თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს პრესრელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 03 აპრილი 2018 12:57

თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო და კომუნიკაციების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გუშინ, 2 აპრილს, თბილისში, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ტრანსპორტის სფეროში ორ ქვეყანას შორის R&D-ის (კვლევა და განვითარება) ფორმატში კოორდინაციის მექანიზმის შემუშავებას.

აღნიშნულის ფარგლებში, გამოვლინდება მზარდი R&D-ის პოტენციალის მქონე პროექტები, რომელიც ითვალისწინებს: ტექნოლოგიების ურთიერთგაცვლას, ერთობლივი საწარმოო პოტენციალისა და თანამედროვე ფინანსური მოდელების განვითარებას ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. ასევე, R&D-ისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით, გარკვეულ სფეროებში მოხდება სახელმწიფოს-საგანმანათლებლო-სამრეწველო სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარება და განათლების პროგრამების დაგეგმვა.

კოსოვოს პრემიერმა თურქეთის მოქალაქეების დაკავების გამო დაზვერვის სამსახურის უფროსი და შს მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 31 მარტი 2018 10:34

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, გიულენის ორგანიზაციასთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით თურქეთის ექვსი მოქალაქის დაკავების შემდეგ დაზვერვის სამსახურის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრის რამუშა ხარადინაჯის თქმით, კოსოვოში განხორციელებული სპეცოპერაციის შესახებ მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

″დღეს, კოსოვოს დაზვერვის სამსახურის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად 6 თურქეთის მოქალაქე იქნა დეპორტირებული. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ამ სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი და კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად ვიმოქმედებ,″ - ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

მომხდართან დაკავშირებით კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ ″ამ ექვს ადამიანს, უსაფრთხოების მიზნით დაკავების შემდგომ ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვები გაუუქმდათ″.

თურქული საინფორმაციო სააგენტო ″ანადოლუ″, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის (MIT) და კოსოვოს დაზვერვის სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაციით დააკავეს და თურქეთს გადასცენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, AKP-ს პროვინციის თავმჯდომარეების გაფართოებულ შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

″ბოლოს ჩვენმა ეროვნული დაზვერვის სამსახურმა, კოსოვოს დაზვერვის სამსახურთან შეთანხმებით, ბალკანეთის ტერიტორიაზე გიულენის ორგანიზაციის ექვსი წარმომადგენელი დააკავეს და ჩვენი პოლიციის განყოფილებას ჩააბარეს. სადაც არ უნდა იყვნენ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ მათ დავიჭერთ და აქ ჩამოვიყვანთ. აქ კი პასუხს მოვთხოვთ,″ - განაცხადა ერდოღანმა.

წყარო: http://www.bbc.com/turkce/haberler-dunya-43595392

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 30 მარტი 2018 12:44

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის პირველ დღეს ლევან იზორია თურქ კოლეგასთან ნურეთინ ჯანიქლისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ქალაქ ანკარაში თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართება. საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვის შემდეგ, მინისტრები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ.

ვიზიტის მეორე დღეს, ქალაქ გირესუნში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება. ლევან იზორია, ნურეთინ ჯანიქლი და გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

სამმხრივი მინისტერიალი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდება.

პროკურატურამ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 თებერვალი 2018 17:44

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე:

„თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ძებნილი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის 24 მაისს იქნა დაკავებული. მისი დაკავება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციისა და „საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად მოხდა. ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას განიხილონ სისხლის სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ ძებნილ პირთა ექსტრადიციის საკითხები და შემაფერხებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში ერთმანეთს გადასცენ ისინი.

როგორც ცნობილია, საექსტრადიციო პროცედურების პარალელურად, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობდა საქმისწარმოება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა მას ხსენებული სტატუსის მინიჭებაზე ეთქვა უარი, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებებით. ამდენად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსტრადიციის შემაფერხებელი ხსენებული გარემოება დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს.

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პროკურორი ვალდებულია ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომელიც ექსტრადიციის დასაშვებობის განსახილველად სხდომას კანონით დადგენილ ვადაში ნიშნავს.

ამასთან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ექსტრადირების თაობაზე გადაწყვეტილებას შეჯიბრებითობის პრინციპით, მხარეთა არგუმენტირებული პოზიციების მოსმენის შემდგომ იღებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მიხეილ ჩხენკელი თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 14:33

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თურქეთის რესპუბლიკის ახლადანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. 

მინისტრმა ელჩს მისიის დაწყება მიულოცა, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას ხაზი გაუსვა და განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოხატა.

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობა გადაუხადა თურქულ მხარესთან ჩამოყალიბებული განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებისა და მხარდაჭერისათვის და განათლებისა მეცნიერების სფეროს ყველა მიმართულებით ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და პროფესიულ განათლებაში თურქული მსხვილი კომპანიების ჩართულობაზე იმსჯელეს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებას განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ხელმოსაწერად მზად იქნება.

2017 წელს საქართველოს 7.5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 იანვარი 2018 11:22

2017 წელს საქართველოს 7,554,936  საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ტურიზმის მაჩვენებლები შეაჯამა.

მისი ინფორმაციით, იანვარი - დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი - დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) ირანიდან 322,938 (+118.3%) შედგა.  

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - დეკემბერში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო (39.9%), ნიდერლანდები (31.1%), ესპანეთი (29.9%), საფრანგეთი (29.6%) და გერმანია (25.7%). განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია (316.1%), საუდის არაბეთი (164.6%), ქუვეითი (154.3%), ირანი (118.3%), ინდოეთი (64.1%), ჩინეთი (54%) და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს 600,004 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 113,402-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +23.3%). 

დეკემბრის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 234,969 შეადგინა, რაც 56,591-ით მეტია 2016 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +31.7%).

2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შემოსავალი შეადგენს 2,174,481,448 დოლარს (ზრდა +29%), რაც 489 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.

2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,927,566 ათასი ლარი შეადგინა. აქაც  წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  +30.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2017 წელს საქართველოს ცნობადობის ამაღლების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • მონაწილეობა 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. 
  • ონლაინმარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში. 
  • სარეკლამო კამპანიები : BBC, Euronews, Discovery , Tripadvisor, Expedia.
  • 99 საერთაშორისო პრესტური (საქართველოს ესტუმრა 683 უცხოური მედიის წარმომადგენელი)
  • 14 ინფოტური (საქართველოს ეწვია 239 ტუროპერატორი) 
  • საქართველოს შესახებ სტატიები მოამზადეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: BBC, National Geographic, National Geographic Traveller India, Forbes,  Le Monde, The Independent, The Guardian, Elle, Observer, Birdwatching Magazine UK; Thrilist, Conde Nast; Daily Mail, Vogue; Huffington Post და ა.შ.

"შემოსავლების ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. თუ 2016 წელი იყო პირველი წელი, როდესაც შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან  2 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია, 2017 წლის ბოლოს ქვეყანამ უკვე 2.7  მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მივაღწევთ 2 მნიშვნელოვან ციფრს: პირველად გვეყოლება 8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს"-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. 

თურქული ოჯახი რომელიც საბერძნეთში გაქცევას ცდილობდა ეგეოსის ზღვაში დაიხრჩო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 25 ნოემბერი 2017 13:03

თურქეთიდან საბერძნეთში გაქცევისას 5-სულიანი ოჯახი ნავის ჩაძირვის შედეგად ეგეოსის ზღვაში დაიხრჩო. ბერძნული პრესის ინფორმაციით, ბავშვების ცხედრები კუნძულ მეტელინეს სანაპიროზე იპოვეს. შემთხვევის დროს დაღუპულთა სახელებია: ჰუსეინ მადენი (40), ნურ მადენი (36) ნადირე მადენი (13), ბაჰარ მადენი (10), და ფერიდუნ მადენი (7).

გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკის მასწავლებელი მამა ჰუსეინ მადენი 15 ივლისის შემდეგ გამოქვეყნებული განკარგულებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. მადენეების ოჯახის კასტამონში მცხოვრები ნათესავები განმარტავენ, რომ წყვილს უფრო ადრე ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხეს და მათ ქონება ჩამოართვეს. ნათესავების ინფორმაციით, დედა ნურ მადენის წინააღმდეგ დაკავების ორდერი იყო გაცემული და პოლიციის ზეწოლის გამო საზღვარგარეთ წასვლა სურდათ.

სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) დეპუტატმა მერალ დანიშ ბეშთაშმა საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში დააყენა და თურქეთის ეროვნული ასაბლეის(TBMM) თავმჯდომარეს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გადასცა იმ მოტივით, რომ ამ კითხვებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უპასუხებდა.

წყარო: http://tr.euronews.com/2017/11/23/yunanistana-kacmaya-calisan-turk-aile-egede-can-verdi

Wall Street Journal: თურქეთმა, გიულენის მოსატაცებლად მაიკ ფლინს 15 მილიონი დოლარი შესთავაზა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 21:03

აშშ-ში, ბოლოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის, საქმის გამომძიებელი პროკურორი რობერტ მიულერი, ფეთჰულაჰ გიულენის გატაცების და თურქეთის მთავრობისთვის გადაცემის სანაცვლოდ, თეთრი სახლის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ფლინს და მის შვილს მილიონობით დოლარის სავარაუდო შეთავაზებასაც იძიებს.

ამერიკულ გაზეთ Wall Street Journal- ის (WSJ) ინფორმაციით, მაიკ ფლინისთვის და მისი შვილისთვის, ამ სამუშაოს შესასრულებლად 15 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადათ. გაზეთმა სტატია „გამოძიებასთან ახლოს მყოფ წყაროებზე“ დაყრდნობით გამოაქვეყნა.

აშშ-ს წამყვანმა გამოცემამ NBC-მაც, WSJ- ს ბრალდებების მხარდამჭერი სტატია მთავარ გვერდზე გამოაქვეყნა.

NBC-ი გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ ამ მოლაპარაკებისას ასევე იმსჯელეს თუ როგორ შეიძლებოდა აშშ-ში, ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით თაღლითობისთვის, საბანკო თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული წარმოშობით ირანელი ოქროს მოვაჭრის რეზა სარრაფის გათავისუფლება.

 WSJ- ის ინფორმაციით, აშშ-ს ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა, გასული წლის დეკემბერში ნიუ-იორკში ″21″ სახელწოდების კლუბში, ფეთჰულაჰ გიულენის საკითხთან დაკავშირებით ფლინსა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის შემდგარი შეხვედრის შესახებ სულ ცოტა 4 ადამიანი დაკითხეს.

FBI-ის მიერ დაკითხული პირებიდან ერთ-ერთი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრაზე გიულენის სპეციალური თვითმფრინავით გატაცება და თურქეთში იმრალის კუნძულზე არსებულ კერძო ციხეში გადაყვანის წინადადება განიხილებოდა, სადაც ამჟამად "ქურთისტანის მუშათა პარტიის"( PKK) ლიდერი აბდულა ოჯალანია დაპატიმრებული.

რობერტ მიულერი ამ გამოძიებას როგორც, გასულ წელს აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპის მრჩევლებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კვლევის ნაწილი, ისე აწარმოებს.

მიულერის პრესსპიკერმა WSJ- ში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

გაზეთი ასევე წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაიკ ფლინის და მისი შვილის ადვოკატებმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

წყარო: http://www.bbc.com/turkce/haberler-dunya-41943157

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური