შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018 12:44

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს, კონტრ-ადმირალ აჰმედ ქენდირს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ სტუმარს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, უწყების პრიორიტეტები გააცნო. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს სანაპირო დაცვის და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალი, კონტრ-ადმირალი აჰმედ ქენდირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, თემურ კეკელიძეს და ერთობლივი კომისიის წევრებსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018 12:22

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთს პირველი ადგილი უკავია და ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თურქეთის რესპუბლიკის 95-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

პრემიერმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ 95 წლის განმავლობაში, თურქეთმა ბევრ გამოწვევას გაართვა თავი და მსხვილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალად იქცა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს და თურქეთს ერთად ბევრი რეგიონული და ისტორიული პროექტი აქვთ განხორციელებული, მათ შორის ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსი.

„მე ძალიან მახარებს, რომ ამ ბოლო ძალიან მნიშვნელოვან პროექტში თავად მაქვს მონაწილეობა მიღებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თურქეთის გვერდით დგომას.

„თურქეთი ჩვენს სტრატეგიულ მეგობრად მიგვაჩნია. ამავდროულად, თურქეთი წარმოადგენს ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებების იდეას, რადგან საქართველოს ნატო-ში სრულუფლებიანი წევრობა სურს და თურქეთი ამ იდეის გულმხურვალე მხარდამჭერია. ამიტომ, ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ მსურს ჩვენს თურქ მეგობრებს ეროვნული დღესასწაული მივულოცო და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვლადიმერ იმნაძემ თურქეთის ელჩს და TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 01 ივნისი 2018 16:02

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან და თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორთან, ჰუსეინ სანლისთან, შეხვედრა გაიმართა.

თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ, TIKA -მ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის საკონფერენციო დარბაზი, ტექნიკურად, უსასყიდლოდ აღჭურვა, რომელიც დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

შეხვედრას, ასევე, დაესწრო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარის მოადგილე, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე.

“მოგესალმებით თქვენო აღმატებულებავ! დღეს ჩვენ ნამდვილად საზეიმო დღე გვაქვს, თურქეთის რესპუბლიკის დახმარებით, ჩვენ შევძელით, ასეთი მშვენიერი საკონფერენციო დარბაზის გახსნა. თურქეთთან ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაშინ დაიწყო, როცა 2004 წელს, თურქმა ექიმებმა ანკარაში, მეორე სიცოცხლე მაჩუქეს.

თურქეთთან ჩვენ სხვადასხვა სფეროში გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. გვეგმავთ დელეგაციის გაგზავნას, ჩემი ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკაში, რათა გავეცნოთ მათ გამოცდილებას ვეტერანებთან მიმართებაში.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სააგენტო TIKA-ს თანადგომისა და დახმარებისთვის.” – აღნიშნა ვლადიმერ იმნაძემ სიტყვით გამოსვლისას.

” თქვენ ხართ წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დიდი მეგობრის და ძლიერი სახელმწიფოსი – თურქეთის რესპუბლიკის. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა, თქვენთან მეგობრობა. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო და შორსმხედველი მიზნები.

მინდა, მოგახსენოთ, რომ სახელმწიფომ ჩვენ,  ვეტერანებს გადმოგვცა ტერიტორია, რომელზეც მიზნობრივად არის განსაზღვრული ვეტერანებისთვის სამხედრო ჰოსპიტალის აშენება. ჩვენ ვიცით, რომ თურქეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მედიცინაში, სამედიცინო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების დარგში და ამ მიმართულებითაც, იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის.”- მიმართა კობა კობალაძემ ფატმა სერენ იაზგანს მისასალმებელ სიტყვაში.

”ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფებოდი აქ თქვენთან ერთად. ვეტერანების და ომში დაღუპულების თემა, ერთ-ერთი უმთავრესია ჩვენთვის თურქეთში, ისევე როგორც საქართველოში. სისხლი, რომელიც დაიღვარა სამშობლოსთვის იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც შვილების დამოუკიდებლობა. საქართველოს შვილები ჩვენი შვილები არიან.

დიდი მადლობა TIKA-ს თანამშრომლობისთვის, ამ მშვენიერი დასაწყისისათვის, რომელიც განხორციელდა ასეთი მშვენიერი საკონფერენციო დარბაზის აღჭურვით.

ურთიერთობა საქართველოსა და თურქეთს შორის, ყველა სფეროში მართლაც საოცარი ტემპით ვითარდება. თავდაცვის მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლისთავისთვის ჩვენი თავდაცვის მინისტრი აქ იმყოფებოდა. ერთხელ ვინც იყო სამხედრო, ის ყოველთვის სამხედრო იქნება. ვეტერანი არ არის თადარიგის სამხედრო პირი.  როდესაც თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზეა საუბარი, ის მდიდარი გამოცდილება, რომელიც აქვთ ვეტერანებს, აუცილებლად უდნა იყოს გათვალისწინებული და გადაცემული შემდგომი თაობებისთვის.

ის ყველაფერი რაც ვეტერანებმა გაიღეს ქვეყნისათვის მათ უნდა დაუბრუნდეთ თუნდაც ეკონომიკური კუთხით. ყველა იმ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს სიყვარული გაღვივებას ახალგაზრდა თაობაში, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის! თუ რაიმე იქნება საჭირო ყოველთვის გქონდეთ ჩვენი იმედი.”- განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

” მეც დიდი მადლობა მინდა გითხრათ თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA-ს სახელით ბატონ ვლადიმერს, ბატონ კობას და ყველა აქ დამსწრე საზოგადოებას.

თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA უკვე 24 წელია მოღვაწეობს საქართველოში. საქმიანობის სფერო მრავალმხრივია, განათლება ჯანდაცვა სოფლის მეურნეობა და.ა.შ ის პროექტი, რომლის გამოც აქ ვიმოყოფებით, სოციალური მიმართულებისაა და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ჩვენ წვლილი შევიტანეთ საზოგადოების განვითარებაში.  ჩვენი ორგანიზაცია მზად იქნება მომავალშიც ითანამშრომლოს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან. ჩემთვის დიდი პატივია ჩემი ორგანიზაციის სახელით ვიმყოფებოდი დღეს აქ გახსნაზე.

ვიცით, რომ საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახური პატრონაჟს ახორციელებს 70 ათასამდე ვეტერანზე, ღმერთმა ქნას, რომ ეს რიცხვი არ გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ქალბატონი ელჩის სახელით  სოციალური და იურიდიული გარანტიებით, რომელიც ამ მიზნობრივი ჯგუფისთვის გაქვთ დაგეგმილი, ვეცდებით მუდამ თქვენს გვერდით ვიყოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ თქვენ საქმიანობაში.”- განცხადა ჰუსეინ სანლიმ.

ბათუმის პორტში თურქეთის საზღვაო ძალების გემები შემოვლენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 29 მარტი 2018 20:14

საქართველოში თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში, 30 მარტიდან - 1 აპრილამდე, ბათუმის პორტში შემოვლენ თურქეთის საზღვაო ძალების გემები: „TCG ფათიჰი„ და „TCG ვოლკანი“, ხოლო 2 აპრილს, საქარველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩატარდება სწავლება „PASSEX-ი“. ბათუმის პორტში ვიზიტი და სწავლება ემსხურებაორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას.    

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 11:01

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 20:19

თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც შეეხება ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) მიერ  თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდგომ დაკავებული პირების  წამებასა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებს.

2016 წლის 24 ივლისს ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდგომი დაკავებების დროს ადგილი ჰქონდა ეჭვმიტანილების წამებასა და ცუდ მოპყრობას, რაც არარეალური და უსაფუძვლო ბრალდებებია.
„საერთაშორისო ამნისტია“ ამტკიცებს, რომ არის ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დამცველი ორგანიზაცია, თუმცა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არაა დაგმობილი და გაკიცხული გადატრიალების მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა მთავრობისა და პრეზიდენტის იარაღის ძალით ჩამოგდებას, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის დაშლას და კონსტიტუციის გაუქმებას. აგრეთვე, არანაირი შეფასება არ გაკეთებულა დემოკრატიის საფუძველის -თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის- დაბომბვის ფაქტზე, ტანკების წინ მდგარი სამოქალაქო პირების მისამართით ცეცხლის გახსნასა და ასობით სამოქალაქო, სამხედრო პირისა და პოლიციელის მკვლელობაზე, რაც მის არაობიექტურობასა და არანეიტრალურობას გვიჩვენებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთში აღარ ფუნქციონირებს „თურქეთის ადამიანის უფლებების ორგანიზაცია“ და არ არსებობს რაიმე უწყება, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ „საერთაშორისო ამნისტია“ არ ფლობს ინფორმაციას თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. აღსანიშანვია, რომ მოხდა „თურქეთის ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ რესტრუქტურიზაცია და უფრო ფართო კომპეტენციით ჩამოყალიბდა და ამჯამად ფუნქციონირებს „თურქეთის ადამიანთა უფლებებისა და თანასწორობის ორგანიზაციის“ სახელწოდებით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებული პირების წამების ბრალდებები არამც და არამც არ შეეფერება სინამდვილეს. თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფოა, რის გამოც საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი დაკავებისა და დაპატიმრების პროცედურები ხორციელდება ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი კანომდებლობის თანახმად, პირებს მათი დაკავებისა და შემდგომი სამართლებრივი მოქმედებების პროცესში უტარდებათ სამედიცინო შემოწმება, რადგანაც „დაპატიმრების, დაკავებისა და ჩვენების ჩამორთმევის შესახებ შინაგანაწესის“ მე-9 მუხლში, აღნიშნულია შემდეგი: „პირის დაკავებისას ან ძალის გამოყენებით დაპატიმრების შემთხვევების დროს ხდება მისი სამედიცინო შემოწმება და დაკავების მომენტში მისი ჯანმრთელობის მდგომარების განსაზღვრა.“
რაიმე მიზეზით, დაკავებული პირის ადგილის შეცვლის, წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების, გათავისუფლებისა თუ სასამართლო უწყებებში გადაყვანის პროცედურების დაწყებამდე ეჭვმიტანილის ჯანმრთელობის მდგომარების დადგენა ხდება ექიმის ცნობის საფუძველზე. „შესაბამისი მუხლის საფუძველზე პირის დაკავებისა და დაპატიმრების პროცედურების დროს ხდება ეჭვმიტანილი პირების სამედიცინო შემოწმება. სასამართლო ექპერტიზის დროს თუკი დადგინდება „#5237 თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის“ 94-ე მუხლში აღნიშნული წამების, 95-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი ნიშნით წამებისა და 96-ე მუხლში აღნიშნული არაადამიანური მოპყრობის რაიმე ნიშანი, კანონი შემმოწმებელს ავალდებულებს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს რესპუბლიკის პროკურორს და ამგვარი ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში, რესპუბლიკის პროკურორი გამოძიებას იწყებს შესაბამისი თანამშრომლების წინააღმდეგ. ამგვარად, ეჭვმიტანილის დაკავების შემდგომ ტანჯვის შესახებ ბრალდება არის არარეალური და უსაფუძვლო.
ასევე, რესპუბლიკის პროკურორების მხრიდან ხორციელდება პერმანენტული მონიტორინგი წინასწარი დაკავების იზოლატორებზე. ყველა ადგილი, სადაც ხდება თავისუფლება აღკვეთილი პირების განთავსება, ღიაა როგორც ადგილობრივი ორგანიზაციების ასევე, ხელშეკრულების მონაწილე მხარეების: განსაკუთრებით, ევროპის წამების აღკვეთის კომიტეტის, სხვა საერათშორისო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მონიტორებისათვის.
აგრეთვე, თურქეთმა წამებისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგად, ამ კატეგორიის დანაშაულისათვის გააუქმა ხანდაზმულობის ვადა, რითაც იგი გამოირჩევა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან.
აღნიშნულ განცხადებაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაკავებულების გაუპატიურების მცდელობის შესახებ გამოთქმული ბრალდებები კი, მთლიანად ფანტაზია და ცილისწამებაა. „საერთაშორისო ამნისტია“ თავის ანგარიშში არ უნდა აქვეყნებდეს ამგვარ უსაფუძვლო ცილისწამებას და არ უნდა ემსახურებოდეს, ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიების მიზნით წარმოებულ უსაფუძვლო და მახინჯ პროპაგანდას.
დაკავებისა და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს მოკვლვის შედეგად იღებენ რესპუბლიკის პროკურორები. არ ხდება ყველა დაკავებული პირის პატიმრობაში მიცემა, უდანაშაულო პირები თვისუფლდებიან.
პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ მოკვლევის ჩატარებისას არავითარი შეზღუდვა არაა დაწესებული, სასამართლო პროცესის დაწყების ან მოწმის, ეჭვმიტანილის ან დაცვის მხარის მოსაზრების გაზიარების კუთხით. ამ საკითხში, სრული კომპეტენცია გააჩნია შესაბამის მოსამართლესა და სასამართლოს.
FETÖ-მ (ფეთულაჰ გულენის ტერორისტული ორგანიზაცია) სისხლიანი გადატრიალების მცდელობით აჩვენა, რომ იგი წარმოადგენს საფრთხეს თურქეთის რესპუბლიკისათვის და ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული რეფლექსების გამომჟღავნება არის მისი ბუნებრივი უფლება. სახელმწიფო უწყებებში ჩანერგილ ამ არალეგალურ სტრუქტურებთან ბრძოლის ფარგლებში დაწყებული სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება მიმდინარეობს სამართლებრივი წესების სრული დაცვით.

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 10 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 06 მარტი 2016 13:09

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) და N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთებზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანის და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური