არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული,... ვემსახურები საქართველოს! - თინა ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 13:40

ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული, -  არჩევნებთან დაკავშირებით,  "რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

”ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო! სულ სულ სულ ყველაზე დიდი მადლობა, იმათ ვინც მგულშემატკივრობდა, მეხმარებოდა, 24/7 ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა და ამ სრულიად ფანტასტიური კამპანიის ენერგიას მაძლევდა. ჩვენ მართლა ძალიან მაგარი თვეები გავატარეთ ერთად! 
დიდი მადლობა ჟურნალისტებს, ვინც ამ პროცესში ყველაფერს აკეთებდით, რომ შესაძლებლობა მიგეცათ იმათთვისაც, ვისაც თავად არ გულშემატკივრობდით. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთები უფრო მეტი იყავით ვიდრე პირიქით! 
განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელიც უბნებზე მივიდა და ხმა მოგვცა. დიახ, აღმოჩნდა რომ ჩვენ იმაზე უფრო ცოტა ვართ, ვიდრე გვეგონა და განსაკუთრებით მიყვარხართ! 
როგორ მინდა 2-3 კაცი მაინც ვიცოდე ბიზნესიდან, ვისაც მადლობას ვეტყოდი, მაგრამ ასეთები უბრალოდ არ გამოჩნდნენ. გამბედაობა არ ეყოთ მთავარ მტრად დანიშნული პოლიტიკური ძალისთვის თუნდაც მცირედი დახმარება აღმოეჩინათ. ალბათ ეს ყველაზე სამწუხარო ამბავია ამ არჩევნების.
ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ქონდა ფული. გარეთ დარჩა ყველა დანარჩენი. არაფერია გასაოცარია, სრულიად ლოგიკურია ღარიბი ქვეყნისთვის, სადაც პარტიებისადმი ნდობა დაბალია და არჩევნებს ადამიანების ნაწილი უყურებს, როგორც შესაძლებლობას ერთჯერადად მაინც მოიპოვოს პურის ფული. არჩევნების ბედი იმ სამრშრუტო ტაქსებში გადაწყდა მთელი დღე ამომრჩეველს რომ დააქროლებდა. 
პროცესის დასასრულამდე აღარ შეგაწუხებთ. ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ეხლა ახალი რესპოდენტები გყავთ, ხალხის ახალი რჩეულები და მათ მიეცით შანსი და ასპარეზი!
სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე ქვეყნის სამსახურში ვარ. სულ ასე იყო და ასე იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ საინეტერესო, ბობოქარი 24 წლისთვის ქვეყნის სადარაჯოზე. ვემსახურები საქართველოს!”- წერს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელი პედაგოგების დაშანტაჟებასა და დაშინებაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 16:14

საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი   პედაგოგების დაშანტაჟებასა და დაშინებაზე საუბრობს. ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავასა და ხელისუფლებას მიმართავს.
"მინდა მივმართო განათლების მინისტრს ბატონ ჯეჯელავას, ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორიც იყო 2012 წლის არჩევნებამდე, რეგიონებში რესურსცენტრების მხრიდან. ზუსტად ისევე მიმდინარეობს პედაგოგების შანტაჟი, დაშინება, ზუსტად ისევე ძალით მიჰყავთ პედაგოგები სხვადასხვა შეხვედრებზე და იძულებულს ხდიან, იმის შიშით, რომ მათ დაატოვებინებენ სამსახურს, გააკეთონ ხელისუფლებისთვის სასურველი არჩევანი. მე მინდა ბოლომდე მჯეროდეს, რომ ბატონი ჯეჯელავა ამ ყველაფრის თანამონაწილე არ არის, მაგრამ განათლების რესურსცენტრები მის დაქვემდებარეობაშია და ჩემი ამოცანაა, გავაფრთხილო განათლების სამინისტრო, რომ არჩევნების დღეს ყველა მსგავსი შემთხვევა იქნება ძალიან მკაცრად პასუხგაცემული. ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წელში დავტოვეთ ის დრო, როდესაც ადამიანებს აშინებდნენ სამსახურებიდან გათავისუფლებით, აშინებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანის გაკეთების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სოციალური, თუ თანამდებობრივი პასუხისმგებლობით, ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, სააკაშვილის გადმონაშთებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე მძიმე მახასიათებლებს ნუ გაიმეორებენ. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომ მათ არჩევანს არ უტოვებენ, მე კარდკარს ვატარებ ზესტაფონში და პირადად შევესწარი ამ ფაქტს, რომ ჩემი თანდასწრებით იღებენ პედაგოგები მსგავს სატელეფონო ზარებს. განათლების მინისტრს მინდა პირადად მივმართო, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და მისი დიდი იმედი მაქვს, რომ ის პრინციპულად განსხვავებული თვისებების, ხასიათის, ღირებულებების მატარებელი ადამიანია და ძალიან მკაცრად მოკიდოს ხელი მის დაქვემდებარებაში მყოფ რესურსცენტრებს. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ დავალებები ბატონი ჯეჯელავასგან არ მიუღიათ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სუს-ია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ადამიანები განათლების სამინისტროს სისტემის თანამშრომლები არიან და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო”, - ნათქვამია თინა ხიდაშელის მიმართვაში.

ამბასადორიალები საუკეთესო საშუალებაა ერთობლივად დავგეგმოთ განსახორციელებელი ღონისძიებები,- თინათინ ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 12:08

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - ამბასადორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს. 

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ამბასადორიალი სამუშაო სესიებით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. სესიებზე მომხსენებლის სტატუსით, მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ეს ღონისძიება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველწელს გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ვისაუბროთ განვლილი წლის შედეგებზე და ხარვეზებზე, რომელიც მარტივად გამოსწორებადია. ასევე, რაც ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია გვაქვს შესაძლებლობა დავგეგმოთ შემდეგი წელი. ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტის ფონზე და ვიზალიბერალიზაციის გზაზე ჯერ კიდევ გადასადგმელი ნაბიჯების გათვალისწინებით, სამი დღის განმავლობაში სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა, ისევე როგორც უწყებებმა ადგილზე, უკვე ხვალიდან, დავიწყოთ მზადება ბრიუსელის მომავალი წლის სამიტისთვის. ეს დრო ძალიან სწრაფად გარბის და ასეთი ამბასადორიალები საუკეთესო საშუალებაა ერთობლივად დავგეგმოთ განსახორციელებელი ღონისძიებები, ვინაიდან ეს პროცესი მხოლოდ ბრიუსელში არ იმართება. უზარმაზარია ორმხრივი ფორმატების როლი და როდესაც ყველა ელჩი ადგილზეა, გაცილებით უფრო ადვილია შედეგზე ორიენტირებული დაგეგმვის განხორციელება,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კონფერენციის მეორე დღეს, მეოთხე პანელი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმობა. აღნიშნულ სამუშაო სესიაზე, მომხსენებლის სტატუსით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი წარსდგება.

ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები დაესწრებიან.

წელს პირველად ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან. ელჩების შეხვედრა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან და ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ სამუშაო სესია გაიმართება საქართველოს ტექნოლოგიური პარკში. ელჩებისთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ასევე სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ამბასადორიალი 29 ივლისს დასრულდება.

„ჯარში სამსახური არ უნდა იყოს დაკავშირებული მსხვერპლთან, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 12:10

 თინათინ ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანებით, ჯარისკაცს, რომელიც შეიარაღებულ  ძალებში  საცხოვრებელი ადგილიდან  შორ მანძილზე  მსახურობს და პირველი კონტრაქტიც დამთავრებული აქვს, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელ  ადგილთან ახლოს მსახურის შესაძლებლობა ეძლევა.

ეს დაპირება ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ მისცა. ორი დღის წინ კი თინათინ ხიდაშელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და  მიცემული პირობის აღსრულება პირადად აცნობა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარში სამსახური არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ ტიპის მსხვერპლის გაღებასთან, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი და არ ემსახურება არც სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას და არც საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას.

 „ჩვენ რამოდენიმე თვის წინ ვიყავით ამ ბატალიონში. შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფების მსგავსად,  ამ ბატალიონის ერთ-ერთი პრობლემა სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ადგილიდან შორს ყოფნაა, რადგან დანაყოფი საზღვრის უკიდურეს ნაწილშია განთავსებული. პრობლემა,  რომელიც პირად შემადგენლობას ჰქონდა, ეს  იყო მანძილი საცხოვრებელ ადგილსა და სამხედრო ნაწილს შორის. ბუნებრივია,  ყველა სამხედრო მოსამსახურეს თანაბარი ანაზღაურება აქვს. ეს ანაზღაურება არათანაბრად ნაწილდება მგზავრობის დროს, რადგან სამხედროს, რომელიც მოშორებით ცხოვრობს,  მნიშვნელოვნად მეტი ეხარჯება. გარდა ამისა,  არიან ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემები აქვს - ზოგს მშობლები ჰყავთ ავად, ზოგი კი მრავალშვილიანია. ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ ბიჭებს შევპირდით, რომ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც ძალიან კონკრეტული პრობლემა ჰქონდათ და, პრაქტიკულად, თვეების განმავლობაში ვერ ნახულობდნენ საკუთარ ოჯახებს,  დავეხმარებოდით. ორმოცდათორმეტივე სამხედრო მოსამსახურე უკვე გადანიშნულია  საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან  უფრო ახლოს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გამოიცა ბრძანება, რომლითაც პირველი კონტრაქტის დამთავრების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, არჩევანის მიხედვით საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ. „როცა ადამიანი ერთი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ  ჯარში რჩება,  ეს ნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის მისი უფლება-მოვალეობები და ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რატომ უნდა ქვეყნის სამსახური სამხედრო ფორმაში. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ მათ ხელოვნური ბარიერების მოხსნაში და არ დავაშოროთ  ოჯახებს არასაჭირო ვითარებაში, არასაჭირო გარემოებების გამო“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს თავდაცვის მინისტრი  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძესთან და სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალ, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად ესტუმრა.

 

თინათინ ხიდაშელი აშშ-ში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 13:47

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს პენტაგონში გამართავს. ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი კონსულტაციების გამართვა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის დროს გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შესრულების დაწყებაა. 

„ამოცანა მარტივია - ვიწყებთ მემორანდუმის შესრულებას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჯონ კერის თბილისში ვიზიტის დროს გაფორმდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთკვირიანი მუშაობის შედეგად ჩვენ მოვახერხებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებები და ჩვენი ქვეყნის ინტერესები სრულად იყოს დასახული. მემორანდუმმა ახალი პრიორიტეტი გაითვალისწინა - საქართველოს ტერიტორიული თავდაცვა, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ამ პროცესში, ბუნებრივია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები გაძლიერდეს იმ ამოცანებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ემსახურება. ეს იქნება გრძელი, მაგრამ ფუნდამენტური მუშაობა იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი  სრულყოფილი სახით მივიღოთ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში გამგზავრებამდე.

ვაშინგტონში, ასევე დაგეგმილია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაც, რომელსაც თანათავმჯდომარეობას  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში უილიამ მონაჰენი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშეწმე მაიკლ კარპენტერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია გაუწევენ. კომისიის სხდომაზე მხარეები რეგიონული და მრავალმხრივი უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, მათ შორის იქნება ოკუპირებული ტერიტორიების, კონტრტერორიზმის, საზღვაო უსაფრთხოების, კრიზისების მართვისა და კიბერუსაფრთხოების თემები.

"საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 ივლისი 2016 17:19

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. თინათინ ხიდაშელი დღეს ვიშეგრადის ჯგუფის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) წარმომადგენლებს და რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანა ბირჩალის შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრაზე  მხარეებმა სლოვაკეთის,  როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის პროგრამაზე  და ვიშეგრადის თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის პროგრამაზე ისაუბრეს. ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და აღიარებენ პროგრესს, რომელსაც  ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას უახლოეს მომავალში მიიღებს.

შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ მიგრაციისა და „ბრექსიტის“ ფონზე ევროკავშირში ბევრი პრობლემაა, თუმცა საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების სრული მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებთან ვარშავის სამიტის შედეგებზე და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოსთვის შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და  ამ მიმართულებით  პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს. თავდაცვის მინისტრმა ვიშეგრადის ჯგუფის წევრებს ასევე მოუწოდა, აქტიურად დაუჭირონ მხარი „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას“.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლებთან. ისინი ცალსახად გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის, როგორც ვარშავის სამიტზე, ასევე ევროკავშირის ფორმატში და, ბუნებრივია, რომ ვსაუბრობთ იმაზე თუ კიდევ რისი გაკეთება შეიძლება და სად შეიძლება უფრო მეტად დავეხმაროთ ამ პროცესს წარმატებაში,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანა ბირჩალისთან შეხვედრის დროს თინათინ ხიდაშელმა რუმინელ სტუმარს პირადად გადაუხადა მადლობა ვარშავის სამიტის მოსამზადებელ პროცესში შეუფასებელი მხარდაჭერისთვის.

„რუმინეთის დაუღალავი შრომის შედეგია შავ ზღვაზე უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერება და ვარშავის სამიტი ამ მხრივაც წარმატებული იყო. ერთი წლის განმავლობაში, სწორედ, რუმინეთთან მუშაობის შედეგად გახდა საქართველო ამ პლატფორმის წევრი. გამოვიყენე  შესაძლებლობა, პირადად გადამეხადა მადლობა ქალბატონი ანასთვის. მან საკომიტეტო მოსმენები  ჩაატარა თავის ქვეყანაში და რუმინეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე მხარდამჭერი რეზოლუციაც გამოაქვეყნა,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.  

შეხვედრის დროს ანა ბირჩალმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს რუმინეთისგან ნატოში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა აქვს. მისი განცხადებით, რუმინეთი მზად არის,  ამ პროცესში საქართველოს ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. მან  შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის მნიშვნელობასაც  გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუმინეთი არ დაიშურებს ძალისხმევას დასავლელ პარტნიორებთან ამ იდეის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.  

 

თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 11:12

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ფარნეზინას სასახლეში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა. ბენედეტო დელა ვედოვასთან შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და მოახლოებული ნატოს ვარშავის სამიტი იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) მხარდაჭერის საკითხიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხსა (Brexit) და მის შესაძლო შედეგებზე. იტალიის მხარემ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს და შეეცდება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებაში გარკვეული წვლილი შეიტანოს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით და რუსეთის ქმედებებითაც დაინტერესდა.

“ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და ხედვა გავუზიარეთ. იტალია სრულად უჭერს მხარს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. პოლიტიკური თუ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე საქართველო რეგიონში მთავარი პარტნიორია და ვფიქრობ, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები კიდევ უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ბენედეტო დელა ვედოვამ.

შეხვედრის შედეგებით კმაყოფილი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრიც: „ვისაუბრეთ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანაა, ვარშავის სამიტზე. გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა ყოველი სიტყვა, რომელსაც საქართველო ელოდება დეკლარაციისგან. იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში იტალიას ჰქონდა კითხვები ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ერთად ვახერხებთ, დავარწმუნოთ პარტნიორი ქვეყანა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ისინი მზად არიან, პირველივე შესაძლო შემთხვევაში, როგორც კი ბრიტანული ეპოპეის გამო გადადებული პროცესი აღდგება, მხარი დაუჭირონ სრულად ჩვენი ქვეყნისთვის ვიზების ლიბერალიზაციას. თავად აცხადებენ, რომ გაცნობიერებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს არჩევნებამდე“.

დღესვე თავდაცვის მინისტრი იტალიელ კოლეგას რობერტა პინოტის და იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს როზა ვილეკო კალიპარის შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი იტალიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტსა და ნატოს თავდაცვის კოლეჯსაც ესტუმრება. 

თინათინ ხიდაშელმა ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 15:38

საქართველოს თავდაცვის მინისტრი  ნატოს ვარშავის სამიტის წინ  ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა და ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.

თავდაცვის მინისტრმა საკუთარ ანგარიშში დეტალურად ისაუბრა ერთი წლის განმავლობაში უწყებაში განხორციელებულ  და დაგეგმილ რეფორმებზე - ნატოსთან ინტეგრაციისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე; ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანამშრომლობაზე; სამხედრო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებზე; ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებაზე, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით:  ერთი წლის წინ დადებული პირობები შესრულებულია, დღეს ქვეყანა უფრო დაცულია -  საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით  საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერებულია;

JTEC - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გახსნილია;

NRF  ნატოს მიერ სერტიფიცირებულია პირველი ქართული ასეული;

ამოქმედებულია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის თვისობრივად ახალი ეტაპი - მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის გაძლირებისათვის;

საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სრულფასოვანი პარტნიორია;

ქართველი ჯარისკაცები  პირველად მონაწილეობენ ევროკავშირის საწვრთნელ მისიებში;

DIB - ნატო-საქართველოს  თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა დაფუძნებულია;

მეტი წვრთნები პარტნიორებთან ერთად - ჩატარებულია უპრეცედენტო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ ამერიკული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით;

ქართულ ჯარი იკვებება ქართული პროდუქტით და ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია რჩება ქართულ ეკონომიკაში;

ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმებულია - ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან;

ამოქმედდება სრულიად ახალი, ნატოს სტანდარტების ქართული რეზერვი;

განახლდა ჯარში საკონტრაქტო გაწვევა - 2016 წელს 1000-მდე ახალი ჯარისკაცი შეემატა შეიარაღებულ ძალებს;

ჰაუტვახტები გაუქმებულია;         

სპეცუბნები გაუქმებულია;

თანასწორობა ჩვენთვის უპირველესია - კადეტთა ლიცეუმში გოგონები ისწავლიან; სამხედრო ნაწილებში ამოქმედდა მუსლიმთა სამლოცველოები; ათეულობით პანკისელი ჩაირიცხა ქართულ ჯარში;

აქ გმირები მსახურობენ - აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ფსიქოლოგიურ ტრავმასთან  - ამოქმედდა პროგრამა „მხარი მხარს“, ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრაციის სპეციალური პროგრამები; სამხედრო მოსამსახურეთა  ცერებრალური დამბლით და აუტიზმით დაავადებული შვილების რეაბილიტაცია;

შემუშავებულია ახალი, 7 მილიონდოლარიანი პროექტი დაჭრილების სრულყოფილი რეაბილიტაციის ცენტრის განვითარებისთვის;

შემუშავებულია „არმიქარდი“ -  ფასდაკლების და ბონუსების სისტემა ჯარისკაცებისთვის;

სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სამხედრო განათლება -  ამოქმედდა პროფესიული ზრდის და განვითარების ახალი სისტემა, დაინერგა ახალი სამაგისტრო პროგრამა თავდაცვის აკადემიაში;

თავდაცვის მინისტრის ანგარიში მედიასთან დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. თინათინ ხიდაშელმა თითოეული შესრულებული დაპირების შესახებ ვრცლად ისაუბრა, ანგარიშის შემდეგ კი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

თინათინ ხიდაშელი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 ივნისი 2016 10:24

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონეთის სახელმწიფო მდივანს, ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს პაველ სოლოხს შეხვდა. ერთსაათიან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს და ნატოს ვარშავის სამიტის წინ არსებულ ვითარებას დაეთმო. საქართველოსა და პოლონეთის წარმომადგენლებმა სამიტზე განსახილველ საკითხებსა და ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ვარშავის სამიტის წინ ასეთი მაღალი რანგის სტუმარი გვყავს პოლონეთიდან. პრაქტიკულად, ყველა საკითხი განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პოლონეთთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხს - უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. ეს ურთიერთობა ძალიან ღრმა და ფართოა, ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. პოლონეთი სამიტის მასპინძელი ქვეყანაა, მოგეხსენებათ ის ისედაც აქტიურია,  საქართველოს თხოვნების, მოთხოვნების, საქართველოს პოზიციების ცალსახად მხარდამჭერია. ბუნებრივია, ჩვენც  ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გავაცნოთ მათ ყოველი სიტყვა და წინადადება, რომელიც გვინდა აისახოს ვარშავის სამიტის საბოლოო შემაჯამებელ დოკუმენტებში, იმისათვის, რომ სამიტის დასრულების შემდეგ მოგვეცეს კონკრეტულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დეტალებზე. პოლონეთის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრებს მართავს.  

 

თინათინ ხიდაშელი ფრანგ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 16:13
ვარშავის სამიტის მოლოდინები და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე. ჟან-ივ ლე დრიანმა თინათინ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან ფაზაშია შესული და საფრანგეთი საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარებისა და ავიაციის დარგში აქტიურად ეხმარება.
 
„ვისაუბრეთ ვარშავის სამიტზე, იმ თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებზე, რომლის განვითარებაში და პროგრესის მიღწევაში საფრანგეთის სახელმწიფო ჩვენ გვერდით დგას და გვეხმარება. იმედია, 2017 წლიდან, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
 
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტიც იგეგმება. ჟან-ივ ლე დრიანი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, სწორედ, ფრანგული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.
 
ოფიციალურ შეხვედრამდე, თინათინ ხიდაშელი ფრანგმა კოლეგამ თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში მიღებაზე მიიწვია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური