საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 15:06
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების  ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.
აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პროკურატურას.
ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა  შესაბამისი რეაგირება.
ხოლო საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 
გამოძიებით დადგენილია, რომ  2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა,  ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს.  2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს  სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ.

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითრების ბანკმა 50 მლნ აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 13 აგვისტო 2018 13:25

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა ქართულ კომპანიას გამოუყო. აღნიშნული თანხა ზოგად კორპორაციულ მიზნებს მოხმარდება და თიბისი ბანკს საქართველოს ბაზარზე ფინანსური ოპერაციების გაფართოებაში შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტში და ჩინეთთან  სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ მომხმარებლებს.

ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2017 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად, ქართული პროდუქცია თავისუფლად არის წარმოდგენილი ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა - 2017 წლის მონაცემებით, ექსპორტის, უცხოური ინვესტიციების, ფულადი გადარიცხვებისა და ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების წილმა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8% შეადგინა (იგივე მაჩვენებელი 2012 წელს 0.7% იყო).

„ვამაყობთ, რომ ჩინეთის განვითარების ბანკთან პირველი ტრანზაქცია განვახორციელეთ. ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელი პოზიტიური ეკონომიკური მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა. ეს პირველი ტრანზაქცია  წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია. შესაბამისად, მომავალში ნაყოფიერი პარტნიორობის არაერთ წელიწადს ველით“, - განაცხადა თიბისი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ.

ჩინეთის განვითარების ბანკის შესახებ:

ჩინეთის განვითარების ბანკი 1994 წელს მთავრობის დაფინანსებით დაარსდა და ოპერირებს როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი სახელმწიფო საბჭოს უშუალო ზედამხედველობით. ის წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფინანსური განვითარების ინსტიტუტსა და ჩინეთის უმსხვილეს ბანკს უცხოური ინვესტიციებისა და ფინანსური თანამშრომლობის სფეროში. ჩინეთის განვითარების ბანკი ემსახურება „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას. ბანკი ხელს უწყობს უცხოეთის მთავრობებთან, საწარმოებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის, მანქანა-დანადგარების წარმოების, ფინანსურ, სოფლის მეურნეობისა და სხვა წამყვან სფეროებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური