თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, აქტიურ ფაზაშია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020 11:30

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავები საავიაციო ქარხანაშია გადატანილი და სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ საფრენი აპარატების კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. დღეს თავდაცვის მინისტრი მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალისტებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, სუ-25-ის გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების, UH-1-ების და L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება.

საავიაციო პარკის განახლების პროცესი „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილი თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს.

გაერთიანებული ძალების მხარდაჭერის ოპერაცია C-130 თვითმფრინავებით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 04 სექტემბერი 2020 13:44

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურ გახსნამდე, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გამართეს. ამის შესახებ თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იუწყება.

მათი ინფორმაციით, დესანტირების გადმოსხმის ოპერაციას ადგილზე დააკვირდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, ასევე სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. 

აშშ-ის ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის, 91-ე საკავალერიო პოლკისა და I ესკადრონის ორი ასეულის ზომის ქვედანაყოფმა პირველად რეგიონში სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის წვრთნა ჩაატარა.

დესანტირების გადმოსხმის ოპერაციის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქვეყნებს შორის არსებულ უნიკალურ ნდობაზე გაამახვილა. „მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ის შესანიშნავი პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, სამხედროებთან ერთად გაგვაჩნია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიცადა. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს უნიკალური ნდობა. წლევანდელი სწავლება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სწორედ ამ ურთიერთობას. ეს სწავლება ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე არსებული სტრატეგიული ურთიერთობების გამყარებას, გაძლიერებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროებისთვის ეს სწავლება უნიკალური შესაძლებლობა თავსებადობის კიდევ უფრო გაზრდისთვის და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას გავხდეთ ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. 

საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის ოთხი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. C-130 თვითმფრინავები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე რუმინეთიდან, მიჰაილ კოგელნიჩენუს საჰაერო ბაზიდან შავი ზღვის გავლით შემოვიდა. სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია ჩაატარეს შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით.

სირიის სამხედრო ოპერაციებში რუსეთის სტრატეგიული ავიაცია ჩაერთო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 14:26

სირიაში რუსეთის სამხედრო საჰაერო-კოსმოსური ოპერაციის დაწყების დღიდან რუსეთის მთავარსარდლობის ბრძანებით, პირველად გამოყენებული იქნა სტრატეგიული ავიაცია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თვითმფრინავებმა Ту-160, Ту-95МС и Ту-22М3 დაბომბეს მოწინააღმდეგეების სამიზნეები. მათ მასირებული სარაკეტო დარტყმები განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების პოზიციების მიმართულებით. ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
ამგვარად, ეს დღე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, ვინაიდან აქამდე სტრატეგიულ ბომბდამშენებს Ту-160 и Ту-95МС სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა არასოდეს მიუღიათ. განხორციელებული ოპერაციის შემდეგ, ბომბდამშენებმა სირიის ცაში პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღეს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური