პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თ. შაშიაშვილმა ღია ბარათი გაუგზავნა ბიძინა ივანიშვილს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018 16:12

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა ღია წერილი გაუგზავნა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. "ნიუს დეი საქართველო" ამ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

ბატონო ბიძინა,

ეს მიმართვა თქვენდამი პატივისცემის დადასტურებაა - უპირველესად, ფიქრია იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ჩვენ რეალურად აღმოვჩნდით!

მდგომარეობა კი იმაზე უარესია, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ.რათქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ამ ექვსი წლის შედეგი. თუმცა, ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ სიყალბე, სიცრუე, ტაშისკვრა, ქება-დიდება, პარტიიდან პარტიაში მომთაბარეთა პარპაში, რომელთა გამოც ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ, უკვე აპოგეას აღწევს.

დიახ, მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. მინდა ვცდებოდე ამ შეფასებაში, მაგრამ ნაბიჯები, რომელსაც თქვენი თავმჯდომარეობით დგამს მმართველი პარტია, ამას ადატურებს. ამას ადატურებს ის თვითკმაყოფილებაც, რომლითაც ადრეც ავად იყო ყველა პოლიტიკური ძალა. ახლანდელი თვითკმაყოფილება ზომიერების ყველა ფარგლებს გაცდა. თქვენ არ შეიძლება  გქონდეთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე თუნდაც იმის გამო, რომ ხართ ადამიანთა ორი გუნდის გარემოცვაში: ერთია ოპოზიცია, რომელიც ჩასაფრებულია და ყველაფერს მუქ ფერებში წარმოადგენს, მეორეა - თქვენი პოლიტიკური გუნდი და თქვენი მაქებარ-მადიდებელი ინტელიგენცია. გიფრთხილდებიან, ეტყობა გიმალავენ იმ რეალობას, თქვენი მსახური სპეცსამსახურები და არც თქვენი ოჯახის წევრებიც, რაც მათ იციან არსებულ მდგომარეობაზე. მათ იმის მეასედიც არ  იციან, რაც რეალურად  ხდება.

ყველამ გაიგო თქვენი სუსტი მხარე - თქვენ ვერ იტანთ მართლისმთქმელებს. ამიტომ არავინ დაკარგავს სკამს თქვენთვის სიმართლის თქმის გამო. ისიც იციან, რომ სიმართლის მთქმელის ყიდვაც ხერხდება.  ვხედავ, თქვენს ირგვლივ ბევრი როგორ გელაქუცებათ ტელევიზიით საჯაროდ გამოსვლისას და იგივე ხალხი რას გვესაუბრება პირადი შეხვედრებისას.

ეს რეალობაა! სიყალბე ჭამს ქვეყანას და ქართულ სულს.

ამ მომართვაში  არ ვაპირებ, მოგწეროთ ის, თუ როგორია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის  ჩემეული ანალიზი. როგორც წყლის ერთ წვეთში შეიძლება მთელი ცხოვრების ანარეკლი მოთავსდეს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზზე სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს ერთი ცნობილი მწერლისა და პუბლიცისტის მიერ დღეს გამოგზავნილმა ამ პატარა წერილმა: „ეს ცხოვრება კი არა, წამებაა, ტყიბულის სოფლებში კატასტროფული მდგომარეობაა, ბავშვებს ხმელა პური ენატრებათ. დახვრეტის მუხლის შემოღება მოგინდება, ამ სიღარიბის „ავტორთა“მიმართ!“

ამ წერილმა იმდენად შემაწუხა, ტყიბულში დავრეკე რამდენიმე პიროვნებასთან. მათ დამიდასტურეს, რომ ეს სინამდვილეა. წარმოიდგინეთ, რომ ტყიბულში, რომელიც ერთ-ერთი  მდიდარი რაიონი უნდა იყოს,  ასეთი მდგომარეობაა. ასეთივე  მდგომარეობაა იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა დღეს ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს: ჭიათურა, ზესტაფონი, ბოლნისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი, ბორჯომი, ბაღდათი, ჩოხატაური, თელავი და ა.შ. რომელთაც კარგი ბუნებრივი პირობები აქვთ. გარედან შესეულ სახელისუფლებო ძალების და მათ მიერ ხელდასმულ უცხოელ წამგლეჯთა მიერ ხალხი სიღატაკისკენ უფრო მიდის, ვიდრე ბედნიერი ცხოვრებისკენ. აქედან დავასკვნათ, რა მდგომარეობა იქნება შედარებით  მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე სხვა რეგიონებში.

ვთქვათ პირდაპირ, ამის შემოქმედი და ავტორი თვითოეული ჩვენთაგანია ყველა პოლიტიკოსი, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა თანამდებობის პირი, მიუხედავად იმისა, ვის როგორ ეკუთვნის ეს პასუხისმგებლობა და ვინ როგორ იზიარებს ჩემს ამ შეფასებას.

სწორედ ამ პასუხისმგებლობამ გადამაწყვეტინა მოგმართოთ ღია წერილით. მიმდინარე საპრეზიდენტო და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე წყდება ქვეყნის ბედი - ჩვენ ისევ სოროსული ძალებით გამაგრებული კლანების ხელში დავრჩებით საქართველოში, თუ გაიმარჯვებს ქართული სული, ქართული ძალა, ქართული აზროვნება.

პრინციპულზე პრინციპულია  კარსმომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე პოლიტიკური დაპირისპირება არ გაგრძელდეს და  ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

ვეთანხმები არაპოლიტიზირებულ მეცნიერთა და მოღვაწეთა წარმომადგენლებს, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება მხოლოდ ორი ძალის, (მე მათ პოლიტიკურსაც არ ვუწოდებდი): „ნაციონალური მოძრაობისა“ (თავისი დანაყოფებით) და „ქართული ოცნების“  (თუმცა მათ შემადგენლობაში არაერთი საინტერესო პიროვნებაა) წარმოჩენა. საინფორმაციო სივრცე ისეა „დამუშავებული“, რომ ხალხმა არც კი  იცის,  მათ გარდა თუ მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში ვინმე სხვა.

უამრავი ჭორ-მართალი ტრიალებს ხალხში: „ევროპულ საქართველოსთან“ თქვენი ურთიერთობის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოსასმენადაც კი შესაძლო მძიმე გარიგებების, იმის შესახებაც, თუ რატომ უჭერთ ამ არჩევნებზე მხარს პიროვნებას, რომელსაც პარტიაში 70-80 პროცენტიანი მხარდაჭერაც კი არ აქვს.

მე არაფრის  ბრალდებების დაჯერება არ მსურს. რომელიმე მათგანის გამარჯვება თქვენთვის იქნება უმძიმესი. (ეს ნაკლებად მაწუხებს), ხოლო ქვეყნისთვის  იქნება უბედურება!

უზნეობად ვთვლიდი და ვთვლი იმას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთა ერთი ნაწილი თქვენი მხარდაჭერის მოპოვებისთვის იბრძოდა, ხოლო მეორე ნაწილი თქვენი ლანძღვა გინებით ცდილობდა თქვენზე განაწყენებული ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას.

მე მძიმე შემოთავაზებები გავიარე, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ამერიკული და რუსული სამთაავრობო ჯგუფებისგან. 2003 წელს, თქვენს მიერ დაფინანსებული ე.წ. “ვარდების რევოლუციის“  წინა პერიოდში, მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერიაც კი გამომიგზავნა ქუთაისში - უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებს და დიდ ფულს მთავაზობდნენ. მე  ხალხთან ყოფნა ვარჩიე! ახლაც ხალხის რჩეულის სახელის მოპოვებისთვის ვიბრძვი. მე თქვენი მხარდაჭერა არ მინდა!

ღიად ვაცხადებ: ჩემი გამარჯვების შემთხვევაში არც თქვენი ერთგული ვიქნები და არც თქვენი მორჩილი,მაგრამ ვიქნები ქვეყნის ერთგული და ხალხის მორჩილი!

გულწრფელად მინდა გირჩიოთ: დაწვით ეს მოსასმენი აპარატები, რომელიც სააკაშვილს შეუძინეთ თავის დროზე და რომელსაც  ქვეყნისთვის მსხვერპლისა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანია, როგორც ჩანს, დღესაც სრული დატვირთვით მუშაობს. მოაშორეთ უშიშროება არჩევნებს! ამ სისტემაში ბევრი კარგი ადამიანია დასაქმებული და ამ ცოდვას ნუ ჩაადენინებთ! გაათბეთ - გაალაღეთ ურთიერთობა ადამიანებს შორის ყოველგვარი თვალთვალისადა მოსმენის გარეშე!

თქვენს წინაშე დღეს მძიმე რეალობაა: ისეთივე, როგორიც ჰქონდათ თავის დროზე ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს, რომელთაც გამოუვიდათ საკუთარი თავის  ღალატი დასავლეთის სოროსული ძალებისადმი ერთგულების ფასად.

2001 წელს, როდესაც ბორჯომში ედუარდ შევარდნაძეს გადავეცი ჩემი წერილი-განცხადება გადადგომის თაობაზე, ასე დავამთავრე: „თქვენს წინაშე ორი არჩევანია, ან თქვენ რჩებით საქართველოს ისტორიაში დიდი განზომილების პიროვნებად, ან თქვენი მოღვაწეობის პერიოდი არარაობად იქცევა!“

რევოლუციამდე ორი დღით ადრე, თავისსავე მისაღებში, ჩემს კითხვაზე, რატომ არ პასუხობდა ბეიკერის ზარებს, მითხრა :“მომატყუეს, აღარ მინდა მათი მოსმენა, რასაც მთხოვენ,ის რომ გავაკეთო, მაინც არ ვუყვარვარ ხალხს და მარტო მე  კი არა, შევარდმნაძის გვარისას ერთს არ დატოვებენ მიწაშიო“ ბოლოს  დასძინა: „თემურ, მე რომ მათი მოთხოვნები შემესრულებინა, სიცოცხლის ბოლომდე ვიქნებოდი პრეზიდენტი. შენმართალი იყავი და დიდი მადლობა, იმისთვის, რომ ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდი!“

მე სააკაშვილის გადარჩენაც მინდოდა. მას დიდი ვალდებულებები ჰქონდა აღებული შევარდნაძესთან ერთად და ვერ შეძლებდა იმ ვალდებულებებიდან გამოსვლას და საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც დაღუპავდა. პირადად  ვუთხარი მას: „ბატონო მიხეილ, შენ ხომ მუდმივად სწერდი ჩემს პრეზიდენტობაზე, მუდმივად ლაპარაკობდი, რომ მე ვიქნებოდი შევარდნაძის შემდგომ პრეზიდენტი, ჩემი პრეზიდენტობა შენი გადარჩენაც იქნება და ქვეყნისაც-მეთქი“  არ გაიზიარა. 2004 წლის  საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა კონკურენტმა, როცა მეორე ადგილზე გავედი, ასე მივულოცე: „ეს გამარჯვება შენთვის დამარცხების ტოლფასია,  ჩემი დამარცხება კი, ჩემთვის გამარჯვების ტოლფასია“-მეთქი. ხალხმა შეაფასოს!

ეხლა კი თქვენ მოგმართავთ ბატონო ბიძინა, თქვენ ხელიდან გაუშვით უნიკალური შანსი- შექმნილიყო ქართული კონსტიტუცია ნამდვილი ზოგადსაკაცობრიო  იდეალებით.

 თქვენ ამჯობინეთ ნაცების მსგავსად, პარტიული კონსტიტუციის შექმნა.

თქვენ, ნაცების მსგავსად, თავზე მოირგეთ მთელი კანონმდებლობა.

არჩევნების დროს, ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვყოფილვარ, მაგრამ ისეთი მდარე წინასაარჩევნო სიტუაცია, როგორიც ჩვენთანაა, არსად მინახავს.

ნუთუ გჯერათ, რომ ადამიანები, რომლებიც ამდენ ფულს არ იშურებენ ათასგვარ უზარმაზარ ბანერებსა და პლაკატებში,  გამარჯვების შემთხვევაში, წესრიგს მოიტანენ ქვეყანას?! დღეს ისინი და მათი მხარდამჭერნი ყიდულობენ ხმებს, ანუ  არჩევნებს აყალბებენ - ყალბის მქნელს კი ღმერთი დასჯის!

დღეს თქვენს წინაშე, არის ნათელი  და ბნელი პერსპექტივა:  ნათელი ნამდვილად მართალ, დემოკრატიულ არჩევნებთან არის დაკავშირებული; ბნელი - არჩევნების გაყალბებასთან და თქვენს მიერ იმის დადასტურებასთან: რაც მინდა იმას გავაკეთებო. ქართველი ერი ამ განწყობას არასდროს, არავის პატიობს! ასეთივე განწყობა გამოხატა თქვენდამი მიმართვაში ბატონმა ლევან ვასაძემ. მე ვიზიარებ პათოსს, რომელიც მას ჰქონდა მერწმუნეთ, არ არიან თქვენი მტრები ისინი, ვინც  სიმართლეს გეუბნებიან. თქვენი დასაქართველოს მტრები არიან ისინი, ვინც თქვენ ტაშს გიკრავენ. გაქებენ, გადიდებენ და გვერდზე ქილიკობენ. ასე წაშალა საკუთარი თავი ჩემთვის საყვარელმა კონორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ, რომელმაც ჯერ ქება-დიდებით  აგავსოთ, მერე კი უწიგნური გამოგიყვანათ!

ბატონო ბიძინა, თქვენი გადარჩენა, ეხლა ხალხს შეუძლია. ხალხს შეუძლია თქვენი დახსნა თქვენი გარე ვალდებულებებისგან.

თუმცა, ხალხმა ეს რომ გააკეთოს, ამისთვის საჭიროა, ის მაინც იცოდეს, თუ ვინ იყრის კენჭს და რა პროგრამებით მოდიან.

სირცხვილია, ამ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება სივრცეში, სადაც მოქმედებს  დრაკონული კანონები კვალიფიციური და არაკვალიფიციური სუბიექტების შესახებ.

მძიმე, მაგრამ ლიტერატურული გამოთქმა მინდა გამოვიყენო: ცხვირაწეული გვიყურებენ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ბატონები გრიგოლ ვაშაძე,  დავით ბაქრაძე. ეს სენი  ბოლო ხანს ბატონ დავით უსუფაშვილსაც გადაედო,   მათ არაერთხელ შევთავაზე დებატები ამომრჩევლების წინაშე, ტელევიზიაში, ღია სივრცეში. ყოველთვის უარი მივიღე. პოლიტიკოსები, რომელთაც თანამემამულეებთან საუბრის ეშინიათ, უცხოელ პოლიტიკოსებს, გარე მტრებს დაუსხდებიან მაგიდასთან?!

მათ მთელი საინფორმაციო სივრცე უჭირავთ ხელში - საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ მე კენჭს ვიყრი საპრეზიდენტო არჩევნებში, მეტიც, ბოლო სამი დღეა ფეისბუქი დამიბლოკეს, და ხალხთან სრულფასოვანი ურთიერთობების საშუალებაც კი წამართვეს.

ბატონო ბიძინა,

 რომ ამბობთ, ფონდს ვქმნი, კეთილ საქმეთა შესასრულებლადო, დღეს უფრო კეთილი საქმე წარმოუდგენელია ვიდრე თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის და ამ გზით, საქართველოს მოსახლეობის  ნების სწორად გამოხატვის უზრუნველყოფა.

დახარჯეთ ეს თქვენი  მილიონები და თანაბრად შეუძინეთ სატელევიზიო ეთერი ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, რადგან სწორედ თქვენი და თქვენი წინამორბედი ხელისუფლებების დროს შეიკრა გორდიას კვანძი არათანაბარი პოლიტიკური პირობებით.

ბატონო ბიძინა,

დროულად გახსენით ეს კვანძი, თორემ როგორც ისტორია გვიჩვენებს - მას დაუნდობლად გაჩეხვა მოუწევს!

მინდა იცოდეთ რომ დღევანდელი კანდიდატების დიდი ნაწილი შექმნა თქვენმა ხელისუფლებამ და სააკაშვილის რეჟიმმა.

მე კი, ჩემი თავი თავად შევქმენი.

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი

11.10.2018 წ.

შაშიაშვილი ვაშაძისა და ზურაბიშვილის მხარდამჭერი ინტელიგენციისგან - დებატებზე შუამდგომლობას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 19:50

დღეს, 8 ოქტომბერს,  პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ  შაშიაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრესსკონფერენცია გამართა.

მან კიდევ ერთხელ მოითხოვა დანარჩენი  პრეზიდენტობის კანდიდატებისგან  ერთობლივი შეხვედრის ჩატარება ამომრჩევლის წინაშე. ისაუბრა შიშზე, რადგან ყოფილი და ახლანდელი მმართველი გუნდების წარმომადგენლები ძალიან უფრთხიან  მასთან  დებატებს.

თემურ შაშიაშვილმა მკაფიო მესიჯი გაუგზავნა ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ლადო კახაძეს, რეზო ამაშუკელსა და ზურა ყიფშიძეს ,  რომლებიც ღიად აფიქსირებენ  პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის  მხარდაჭერას და დანარჩენ საზოგადოებას ოცნების მიერ მხარდაჭერილი  ამ კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ  .

თეიმურაზ შაშიაშვილმა მოითხოვა, უშუამდგომლონ  მას, როგორც ძველ მეგობარს,  ქბ-ნ სალომე ზურაბიშვილთან , რათა ეს უკანასკნელი პირდაპირ  ეთერში  ბატონ თემურთან დებატებში დაჯდეს.

იგივე სახის გზავნილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა  სააკაშვილის კანდიდატის მხარდამჭერ ბასსაც აახლა და  მოითხოვა  პაატა ბურჭულაძისგან, იყოს შუამავალი   მის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძესთან, რათა თეიმურაზ შაშიაშვილმა  მისგანაც   მიიღოს დებატებზე თანხმობა. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ხვალ ბორჯომში  მისი პროგრამული ორიენტირების რეგიონალური წარდგენა დააანონსა, რომელზეც , ტრადიციულად,  კონკურენტი კანდიდატები  მიიწვია.

პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი დღეს ჟურნალისტების წინაშე წარსდგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 09:25

დღეს 25 სექტემბერს, 13.00 საათზე თეიმურაზ შაშიაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის რეგისტრირებული კანდიდატის რანგში საინიციატივო ჯგუფის ოფისში წარსდგება ჟურნალისტების წინაშე. მისამართი : კოსტავას 6 , მეორე სართული (რუსთაველის ზეგლის მიმდებარედ) საკონტაქტო ტელეფონი: 599 197 100.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა, მას შემდეგ რაც თ. შაშიაშვილმა მხარდამჭერთა იმაზე ბევრად მეტი ხელმოწერები წარადგინა, ვიდრე კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. 

ხელისუფლების კამპანია - ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 16 სექტემბერი 2018 19:17

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ამ წერილის ავრცელებს იმ გაუგონარი პოლიტიკის გამო, რომელსაც ასე ღიად და დაუფარავად, თითქმის  საკუთარი მოქალაქეების ჯიბრზე ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ნაცმოძრაობის რამდენიმე ნაწილად დაქსაქსულ, მისგანვე ხელდასმულ ოპოზიციასთან უნისონში. დიახ, ასეთი სახე აქვს მთავრობის ნარკოკამპანიას, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. კამპანია - ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - ასე დავარქმევდი. 

მე  არ მაინტერესებს ხელისუფლების შტოები და შიდადინებები, მე მაინტერესებს, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს ერთი სახე, ერთი პოლიტიკა და ერთი პირი. შიდა დაპირისპირებებით მანიპულირება და ბუტიაობის თამაში, განთავისუფლებულ, მაგრა არა კანონის ძალით გასამართლებულ ყოფილ მთავრობის წევრებთან, ვერ ჩამორეცხავს იმ შეცდომებს და დანაშაულობებს, რასაც მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავენ.

ჩვენ, ხალხმა, მათ შორის მათ,  ვის კისერზეც გადავიდა მოძალადე ნაციონალური ხელისუფლების გაშვება, ვერ მიიღო ვერაფერი ამ პროცესიდან. ვიღაცეებმა,  კი ბატონო, მიიღეს გავლენები, ჩაენაცვლნენ თუ კოჰაბიტირდნენ ნაციონალურ მოძრაობის სხვადასხვა ჯგუფებთან  და იმავე მეთოდოლოგიითა და რიტორიკით, უცვლელად ამართლებენ ყოვლად მიუღებელ უპატიებელ  პოლიტიკურ შეცდომებს თუ აშკარა დანაშაულობებს.

ჩვენ   ბევრი რამ ვაპატიეთ ხელისუფლებას - ბოლომდე ვერ მივყევით ვერც ქართული მიწის,

- მართლმადიდებლობის და ჩვენი დედა ეკლესიის საკითხებს.

ხალხის ღირსეული საქციელისა და მოთმინების  ხარჯზე  ასე თვალსა და ხელს შუა შეგვიბღალეს  ღირებულებები და  შეურაცხყოფას აყენებენ  ყველაფერს, რაც წმინდაა ქართველი კაცისთვის.

იმდენი პრობლემა დაგვახვიეს თავს,  რომ  ყოველდღიური რუტინით დაღლილი ადამიანების ყურადღება გაიფანტა და დაიქსაქსა.

ფაქტიურად გვართმევენ ქვეყანას და თან ურცხვად გვიმტკიცებენ, რომ ამას ჩვენთვის  სჩადიან და რომ ეს სწორია.

ჩვენ არ გვაქვს მეტი დრო. მეტს ეს ქვეყანა და ყოველდღიური პრობლემებით დაღლილი ხალხი, ვეღარ გაუძლებს.  დღეს და მხოლოდ დღეს უნდა დავდგეთ  ერთად და საბოლოოდ დავიბრუნოთ ყველაფერი. ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, ან ვიბრუნებთ ყველაფერს, რაც ღირებულ;ია და აუცილებელი ჩვენი ქვეყნის განვიტარებისთვის, ან ვკარგავთ და ხელს ვუწყობთ ხელისუფლებაში მოკლათებულ ავანტიურისტებს ქვეყნის და ჩვენი მომავლის დაღუპვის საშუალებას.

მე მოვუწოდებ ყველა მოძრაობას, ყველა პარტიას, მზად ვარ თანამშრომლობისთვის, პირველ რიგში ჩვენ ერის და ქვეყნის სულიერ მამას უნდა მოვუსმონოთ.

ჩემის მხრივ ვპირდები ყველას, ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მოხმარება არ იქნება დაჭერის საფუძველი, მაგრამ დაწესდება ჯარიმები და ნარკოტიკებს და მოსაწევს ვეტყვით უარს

 

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ - ნარკოტიკებზე !

გავიმარჯვოთ - უზნეობაზე ;  გაუნათლებლობაზე !

გავიმარჯვოთ - ჩვენი ქართული მიწისთვის !

დავიმარჯვოთ - ჩვენი დამსახურებული მოხუცების პატივსაცემად !

გავიმარჯვოთ -  ჩვენი ჯანსაღი მომავალი თაობებისთვის !

ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის !

 

პატივისცემით : თეიმურაზ შაშიაშვილი

პოლიტიკა

თეიმურაზ შაშიაშვილი - ჩვენ შეცდომის დაშვების დრო და უფლება აღარ გვაქვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 16 სექტემბერი 2018 03:20

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა მოსახლეობას ზუგდიდიდან მიმართა. "ნიუს დეი საქართველო" აღნიშნულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"მწამს და მჯერა, ზუგდიდში საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვექნება  - ყოველგვარი პომპეზურობის, ტაშისა და ფამილარობის გარეშე. ტაშმა და მოჩვენებითობამ, ხათრმა და იძულებითმა შეხვედრებმა ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა და ქართული სული ლამის ბოლომდე შეიწირა.

აშკარაა, რომ სხვა სტანდარტების პოლიტიკა და ურთიერთობა გვჭირდება -  თუ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე. წარსულს უნდა ჩაბარდეს  სოციალური დემაგოგია და ტყუილი პოლიტიკაში. წარსულს უნდა ჩაბარდეს გარედან დაფინანსებული და მართული,უცხოელი იმიჯმეიკერების მიერ შეფუთული და მათ მიერ ხალხის მოტყუებაში გაწვრთნილი პოლიტიკოსებიც! წარსულს უნდა ჩაბარდეს ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტებული მთავრობები, პარლამენტები, ადგილობრივი ხელისუფლებები.

წარსულს უნდა ჩაბარდეს დამკვიდრებული არაფორმალური მმართველობის სისტემა.

ქვეყანას ყველა დონეზე პიროვნებათა ხელისუფლება სჭირდება. ამის საფუძველი კი,  მაღალი რეპუტაციის ადამიანების შერჩევის სისტემის შემუშავება და დამკვიდრებაა. მისი გარანტი  ხალხთან  მუდმივი დიალოგის სისტემა და მეცნიერთა მონაწილებით შემუშავებული სახელმწიფო მოხელეთა, სახელმწიფო სამსახურების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები უნდა გახდეს.

ეს იქნება სისტემა, რომელიც ხელისუფლებაში არ გაიკარებს არაპროფესიონალს, გაუნათლებელს, გამოუცდელს, სუსტსა და  მატყუარას. სისტემა, რომელიც ძლიერზე - რწმენის კაცზე, საქმის კაცზე იქნება დამყარებული. სისტემა,რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოხელეს ანგარიშვალდებულს გახდის   არა მისი უცხოელი,თუ ჩვენებური პატრონის, არამედ,  ხალხის წინაშე.

ამ მძიმე დასკვნებში დამარწმუნა იმ შეხვედრებმა,რომელიც პირველი სექტემბრიდან -  15 დღის განმავლობაში (ხელმოწერების პარალელურად), გვქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით, მე და ჩემს მეგობრებს - საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და მის ხელმძღვანელს, ბატონ ზაურ ნაჭყებიას.

ამ საკითხებზე მძაფრი, მაგრამ გულწრფელი  საუბარი გვქონდა თბილისის უბნებში, ბათუმში, ოზურგეთში ქუთაისში. ამასვე გვწერენ სოციალურ ქსელში ჩვენი მხარდამჭერები, უბრალოდ,  გულშემატკივრები როგორც საქართველოს ყოველი კუთხიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან !

პოლიტიკის გასუფთავების პროცესი აუცილებლად  უნდა წარიმართოს  ყოველგვარი დაპირისპირების, ანგარიშსწორების -  ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფისა და  ქუჩის ბრძოლების გარეშე. საქართველოში საერთოდ ქუჩის პოლიტიკა და ქუჩის პოლიტიკოსების პარპაში უნდა დამთავრდეს. ეს ქართული გზა არ არის!

ქართული გზა არ არის ფულის გაფეტიშება არჩევნებში. ყველას გასაგონად ვამბობ: ვინც ხმას ყიდულობს, ქვეყანას გვიყიდის და ვინც ხმას ყიდის, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს ყიდის!

ამ ყველაფერზე გულახდილი საუბარი გვექნება. ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოსთვის სწორედ ზუგდიდიდან უნდა წამოვიდეს! ველოდები ადამიანებს,რომელთაც ბევრი შეკითხვა აქვთ, აწუხებთ დღევანდელობა და ფიქრობენ მომავალზე.

ზუგდიდი ბრძენკაცთა  ქალაქია, სამეგრელო  კი – ქვეყნის დიდი საყრდენი. უნდა დამთავრდეს სიბრძნესთან და საყრდენთან პოლიტიკური თამაში, რომელიც ათწლეულებია გრძელდება და უძლიერესი რეგიონი უმძიმესად დაასუსტა. ასეა დასუსტებული საქართველოს დანარჩენი რეგიონებიც.

ჩვენ ასე ღიად უნდა ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს - პრობლემებზე გულწრფელი საუბრებით აღვიდგინოთ მათი ნდობა. თუ ისინი  გვენდობიან, ჩვენც უნდა ვენდოთ მათ და ყველანი ერთად - შეუძლებელს შევძლებთ, გამოვიყვანთ ქვეყანას ერთ  წრეზე მოტრიალე 30 წლიანი პრობლემების კასკადიდან.

ერთი კაცი, თუნდაც მილიონების პატრონი, ბედნიერი ვერ იქნება პრობლემებით  სავსე საზოგადოებაში. მხოლოდ ბედნიერი მოქალაქეების გარემოცვაში გვექნება მშვიდი სინდისი. სინდისთან თანხმობაში ყოფნა - აი, რა სჭირდება დღეს ქართველ პოლიტიკოსს. საქართველოს ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსები გვაძლევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოყვანის საშუალებას, მხოლოდ სწორად მართვაა საჭირო. მართვის მექანიზმის დახვეწა კი სწორი და უტყუარი არჩევანის გაკეთების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

ჩვენ შეცდომის დაშვების დრო და უფლება  არა გვაქვს!

დიახ, მართალი საუბრით და პატრიოტი ადამიანების  თავგანწირული საქმიანობით შეუძლებელს შევძლებთ,  ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში!", აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური