ასათიანზე 50 ერთეული ხე-მცენარეს სხვლა-ფორმირება ჩაუტარდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 15:28

თბილისში, ასათიანის N10-ის მიმდებარედ ორმოცდაათ მრავალწლიან ნარგავს სხვლა-ფორმირება ჩაუტარდება. ტერიტორია კომპანია „ბი-დი ფროფერთის“ ეკუთვნის, ტერიტორიაზე  კომპლექს “თბილისი გარდენის“ მშენებლობა მიმდინარეობს.  

სხვლა-ფორმირება და მოვლითი ღონისძიებები უტარდება, როგორც წიწვოვან ნარგავებს, ისე ვერხვებსაც, რომელთა მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, არასახარბიელოა. ხმელი ტოტებისგან გაიწმინდება ასათიანის ქუჩის გასწვრივ არსებული ხეებიც, რადგან ისინი საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს.

სხვლა-ფორმირების სამუშაოებს ახორციელებს „პროფესიონალთა გაერთიანება ხის მოვლისათვის საქართველოში“ მისი ხელმძღვანელის, დავით სამხარაძის უშუალო მეთვალყურეობით.  

ასათიანის N10-ში ნარგავების მოვლითი ღონისძიებების ჩატარების თხოვნით, ინვესტორმა მერიას რამდენიმე კვირის წინ მიმართა. შესაბამისი ნებართვა კი თბილისის გამწვანების სამსახურმა გასცა.

ფერადი მარათონი თბილისში 11 სექტემბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 16:28

 11 სექტემბერს  თბილისში, რუსთაველის გამზირზე ფიუზ ჩაის ფერადი მარათონი გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, რბენაში  10 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ფერადი მარათონი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. რბენის დროს გამოყენებული იქნება სპეციალური, ეკოლოგიურად სუფთა ფერადი ფხვნილი.

თბილისში ფერადი მარათონი „კოკა-კოლას“ ინიციატივით იმართება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და ახალგაზრდა თაობის წახალისებას ისახავს მიზნად.

მარათონი სტარტს 17:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან აიღებს და ვარდების რევოლუციის მოედანზე, ჯგუფი სვანსიხის კონცერტით და ფიუზ ჩაის დეგუსტაციით დაგვირგვინდება.

მარათონზე ონლაინ დარეგისტრირებული პირველი 900 მონაწილე საჩუქრად ბრენდირებულ მაისურს მიიღებს. მაისურის მიღება შესაძლებელი იქნება პუშკინის სკვერში, 11 სექტემბერს, 13:00-დან 16:00 საათამდე.

ფიუზ ჩაი “კოკა-კოლას” საფირმო პროდუქტია და საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან იყიდება.  აღსანიშნავია, რომ 2015 წელსშ.პ.ს. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ფიუზ ჩაის ადგილობრივად ჩამოსხმის უფლება მოიპოვა და ის უკვე ერთი წელია საქართველოში იწარმოება.  საქართველოს გარდა,ქართული ჩამოსხმის ფიუზ ჩაი ექსპორტზე აზერბაიჯანში, ყაზახეთსა დათურქეთში გადის. 

თბილისში მალე ახალი ავტობუსები ივლის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 12:19

ახალი ავტობუსები, რომლებიც სულ მალე დედაქალაქში შორ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებში ივლის, გერმანული კომპანია Man Truck and Bus AG-ის  ქარხნებში ეწყობა. თბილისის მერი დავით ნარმანია პროცესის პირადად გაცნობის მიზნით, გამთენიისას პოლონეთში გაემგზავრა.

"ადგილზე ვნახავთ ავტობუსების დამზადების პროცესს, ვეწვევით ორ ქარხანას, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. შევთანხმდებით მიწოდების გეგმა გრაფიკზე, ვნახავთ იმ ტექნიკურ პარამეტრებს, რაზეც ვართ შეთანხმებულნი "Man"-ის ქარხანასთან. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში კრინიცაში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვალ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ბოლო პერიოდში განხორციელებულ იმ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია საზოგადოების ჩართულობასთანგადაწყვეტილების მიღების  პროცესში და ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერთან ერთად პოლონეთის რესპუბლიკაში მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე ორ ქარხანას ეწვევიან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანია და ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობას მიიღებენ რიგით 26-ე ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრინიცა-ზდრუიში 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

დაგეგმილია სხვადასხვა თემატურ პანელებზე სიტყვით გამოსვლები, კერძოდ, დავით ნარმანია ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება პანელზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამედროვე და სამომავლო მოდელებზე, ასევე, არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრებენ. ირაკლი ლექვინაძე კი პანელზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამომავლო ურთიერთობებსა და ორი ქვეყნის ევროპასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას შეეხება დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს და დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების,  ასევე, ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური დინამიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

თბილისის მერის პოლონეთში ვიზიტი 8 სექტემბერს დასრულდება.

დავით ნარმანია საცობების განმუხტვის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 15:45

თბილისის მერიაში საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერმა დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები წარუდგინა, რის შემდეგაც, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ დამსწრე საზოგადოებას არსებული მდგომარეობის, ტრანსპორტის გენერალური გეგმისა და ურბანული მობილობის სტრატეგიის, ასევე, საცობების მართვის 5 პუნქტიანი სქემის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.

დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის 5 პუნქტიანი სქემის მიმართულებებია: ინფრასტრუქტურის მოწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეგულაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ცნობიერების ამაღლება. სქემა ეყრდნობა თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის ძირითად პრინციპებს, რომელიც შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.

თბილისის განახლებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია, ასევე, განსაზღვრავს იმ მიდგომებსა და პრიორიტეტებს რომელიც მოიცავს მულტიმოდელურ და ინტეგრირებულ მიდგომას და ხორციელდება ეტაპობრივად, 2015-2030 წლებში. ეტაპები დაყოფილია მოკლევადიან (2016-2017), საშუალოვადიან (2018-2021) და გრძელვადიან (2021-2030) ფაზებად. საცობების მართვის 5 პუნქტიანი სქემა არის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017), რომელმაც უნდა უპასუხოს თბილისში საცობების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

თბილისის განახლებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია, ძირითადად, ფოკუსირებულია ეკოლოგიურად სუფთა და დაბალი ემისიის მქონე სატრანსპორტო სისტემაზე, რომელზეც გადაეწყობა თბილისის ურბანული მობილობა და შეიქმნება ეფექტური, ინოვაციური, უსაფრთხო, ფინანსურად მდგრადი მოდელი.

ირაკლი ლექვინაძემ პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა საცობების გამომწვევ მიზეზებზე, მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მათ შორის, საცობებისგან განტვირთვის მიზნით ხაზი გაესვა პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელ გზას, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეა. ბარათაშვილისა და გულიას ხიდების რეაბილიტაციას, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქციას. ასევე, სააკაძის მოედანზე ნაკადების ორგანიზების მიზნით ახალი პროექტის განხორციელებას - შუქნიშნების დაყენებას. დარგის სპეციალისტებმა დედაქალაქის მთავრობას ახალი ინიციატივებიც წარუდგინეს.

სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მათ შორის ავტობუსებს, მეტროსა და საბაგიროს. მიმდინარე თვიდან თბილისში ეტაპობრივად 143 ახალი, ევროსტანდარტებზე მორგებული და ადაპტირებული ავტობუსები შემოვა, უკვე დასრულდა კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია და მეტროს 4 ვაგონის მოდერნიზაცია, 8 ვაგონის კაპიტალური შეკეთება.

სასტიკი მკვლელობა ვაკეში

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 15:34

სასტიკი მკვლელობა თბილისში. ვაკეში, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. ის ავტომობილში იჯდა, როცა უცნობმა პირმა რამდენჯერმე ესროლა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელს სახეზე მაისური ჰქონდა მოხვეული. 

მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 17:35

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის  შედეგად დაშავებული არავინაა. რამდენიმე ადამინმა, რომელებიც ნგრევის დროს სახლში იმყოფებოდნენ, შენობის დატოვება დროულად მოახერხეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე  სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. 

დღეს დავით ნარმანიას საკრებულოში ელოდებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 აგვისტო 2016 09:50

დღეს, 16:00 საათზე თბილისის საკრებულოში  დედაქალაქის მერს ელოდებიან.  დავით ნარმანია საკრებულოში  რიგგარეშე ანგარიშით წარდგება. ის დეპუტატებმა ყაზბეგის გამზირზე 50-მდე ხის მოჭრის გამო დაიბარეს.

დედაქალაქის მერი საკრებულოში ანგარიშით ბოლოს 17 მაისს, ბოტანიკური ბაღის მიწის მონაცვლეობის საკითხთან დაკავშირების წარსდგა.  

ალიბეგაშვილმა თვითმმართველობის კოდექსს გადახედოს, - ალეკო ელისაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 10:14
"საკრებულოს თავმჯდომარე, კარგი იქნება, უფრო მეტად დაკვირვებული თუ იქნება და გადახედავს თვითმმართველობის კოდექსს. იქ არსად წერია, რომ დედაქალაქის მერის დაბარება მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. საჭიროა ამისთვის საკრებულოს დეპუტატების ერთი მეოთხედი ხმა, რომელიც უკვე არსებობს,"- აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. დეპუტატის თქმით, დავით ნარმანიასთან უამრავი კითხვა არსებობს, რასაც დედაქალაქის მერმა პასუხი უნდა გასცეს. შეგახსენებთ, საკრებულოს ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერს იბარებს. გამოცხადდება თუ არა დავით ნარმანია, ჯერჯერობით უცნობია. საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, თბილისის მერის საკრებულოში მისვლის თარიღს თავმჯდომარე და წევრები გადაწყვეტენ.

ამაღლების ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 13:31
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთწამინდის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა რაიონის გამგებელთან გელა არჩვაძესთან, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და კომპანია “GWP“-ს წარმომადგენელთან მამუკა კიკალიშვილთან ერთად ამაღლების ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა განმარტა ამაღლების, იაშვილის და ასათიანის ქუჩებზე 1200 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მთლიანად შეიცვალა წყალკანალიზაციის სისტემა, რის შედეგადაც რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგების ხარისხი ბევრად გაუმჯობესდება. „ეს არის თბილისის მერიის და კომპანია “GWP”-ს ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ აღნიშნულ ქუჩებზე შეიცვლება გზის საფარი და აღარ განმეორდება წინა ხელისუფლების დროინდელი მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ჯერ გზის საფარი იგებოდა და შემდეგ ხდებოდა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა. წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია ამაღლების ქუჩაზე დღეს დასრულდება.

დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით ხეების ჭრის პროცესი შეჩერებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 11:29
ქალაქ თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შეჩერებულია ყაზბეგის N 22-ში ხეების ჭრის პროცესი, ვინაიდან, მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს “ფორესთ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის მასალების საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნის თაობაზე. ამასთან, ვავრცელებთ შპს “ფორესთ კომპანის” დასკვნას და ამავე დასკვნის საფუძველზე თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ ნებართვას, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ გამწვანების სამსახურის მიერ თანხმობა გაიცა მხოლოდ ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადი ხეების მოჭრაზე. ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ შპს “ორბი ჯგუფი თბილისი”-სთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე უნდა შენარჩუნდეს 18 ძირი საღი კვიპაროზი, 5 ძირი ხე კი აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით გადაირგოს მიმდებარედ, ისე, რომ არ დაირღვეს მათი სასიცოცხლო ფუნქცია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, შპს “ფორესთ კომპანის” დასკვნის თანახმად, ყაზბეგის N22-ში 68 ხიდან 45 ხე ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადია, სწორედ აღნიშნული დასკვნის მიხედვით მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურმა გასცა ნებართვა 45 ხის მოჭრის თაობაზე. რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი პროექტის მშენებლობას, დაგეგმილია 150 მილიონიანი უცხოური ინვესტიციის განხორციელება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2000 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა, ამავე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის განვითარება. უნდა აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა და განხორციელებაა, შესაბამისად, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვითა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, თბილისის მერია ახლაც და მომავალშიც ხელს შეუწყობს ურბანიზაციას, ქალაქის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. თბილისის მერია საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულად ყაზბეგის N 22-ში და სხვა მსგავსი მასშტაბური პროექტების მიმდინარეობის შესახებ. მოსახლეობას შევახსენებთ, რომ ახალი გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, რომელიც არის ძალიან სერიოზული და მასშტაბური პროექტი და რომელშიც 200-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი და მოწვეული ექსპერტია ჩართული, მერიამ შეაჩერა ე.წ. კ-2 კოეფიციენტით - ანუ მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი თბილისის ცენტრში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების აქტიურობა მხოლოდ თბილისის მოსახლეობისა და ქალაქის მომავალი განვითარებისთვის სასიკეთო შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური