აფეთქება ვარკეთილში

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 12:56

აფეთქება მოხდა ვარკეთილში. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა იმ ავტოფარეხში მოხდა, რომელიც საცხოვრებლად გამოიყენებოდა. სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი და საპარულო პოლიცია მუშაობს.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის დელეგაცია თბილისს ეწვია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 10:12

თბილისს საქმიანი ვიზიტით აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის (SRCIC) დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებს შორის არიან: პალატის თავმჯდომარე ლუ იანზონგი, გენერალური მდივანი ლი ჯონჯანი და სხვა ხელმძღვანელი პირები. მათი მასპინძელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა. 
საქმიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ჩინეთის ელჩს და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს შეხვდნენ. 
”აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატა 2015 წლის დეკემბერში ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა. მასში გაერთიანებულნი არიან 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები. საჯაროობის, ინკლუზიურობის, განვითარებისა და გლობალიზაციის კონცეფციიის გათვალისწინებით, SRCIC-ში შეიქმნა თანასწორი, ეფექტური და პრაგმატული თანამშრომლობის მექანიზმი და სერვისის პლატფორმა. იგი ფოკუსირებულია “ერთი სარტყელი და ერთი გზა” სტრატეგიასა და წევრი კომპანიების საჭიროებებზე. ქმნის საერთაშორისო და შიდა ეკონომიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის ახალ მოდელსა და ახალ პლატფორმას. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა SRCIC-ს წევრი 2016 წლის აპრილში გახდა, როდესაც თბილისს საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი პირველად ეწვია. 2016 წლის 5 აპრილს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ პალატას შორის. ამასთანავე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი არჩეულ იქნა საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიცე-პრეზიდენტად”, - აცხადებენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. 

თბილისში დათვის ძებნა უშედეგოდ დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 09:57

წუხელ თბილისში დათვის ძებნა უშედეგოდ დასრულდა.  ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის, თემურ ფხალაძის განცხადებით, ცხელ ხაზზე იყალთოს ქუჩის მაცხოვრებელმა დარეკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ დათვის ბელი დაინახა. 
„ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც მოქალაქემ აღნიშნა, რომ შეამჩნია პატარა დათვი იყალთოს ქუჩაზე. შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რამდენიმე მობილური ჯგუფი. ინფორმაცია გადავამოწმეთ ზოოპარკთანაც. ზოოპარკიდან გამოქცეული არ არის მტაცებელი ცხოველი“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ.

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 18:58

კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს 18 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.


გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის VII მიკრორაიონის, ბარისახოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბილბაოს ყოფილ მერს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 17:27

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე და ფრაქციის „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე ესპანეთის ქალაქ ბილბაოს ყოფილ მერს იბონ არესოს და გენგეგმის მართვის ოფისის ტექნიკურ დირექტორს სუზანა რუიზს შეხვდნენ.
შეხვედრაში, რომელიც საკრებულოში დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებიც მონაწილეობდნენ.  
გენგეგმის საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ უცხოელ კოლეგებს ის ძირითადი გამოწვევები და  მიმართულებები გააცნო,  რომლებზეც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს უწევს მუშაობა. 
იბონ არესომ თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობა დადებითად შეაფასა  და აღნიშნა, რომ წლების წინ ბილბაოსაც მსგავს პრობლემებთან მოუხდა გამკლავება. 
მისივე  თქმით, ეს არის საცობები და მოუწესრიგებელი პარკირების საკითხი.
ბილბაოს ყოფილი მერის განცხადებით, პრობლემის აღმოფხვრა ორი ძირითადი გზით-მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგებითა და მიწისქვეშა პარკირების სისტემის მაქსიმალურად განვითარებით არის შესაძლებელი. 
შეხვედრაზე, რომელიც  კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა,  იბონ არესომ ქალაქის ურბანულ დაგეგმარებასთან დაკავშირებით თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
იბონ არესო და სუზანა რუიზი თბილისში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით ოთხდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ.
ვიზიტის მიზანი თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან კონსულტაციების გამართვა და ჯგუფის წევრებისთვის გენგეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მიცემა იყო. 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები თბილისის მერიაშიც გაიმართა, სადაც  უცხოელი სტუმრები თბილისის მერს დავით ნარმანიასაც შეხვდნენ.

 

„თბილისზე მზრუნველი“ 7 ადამიანი დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 11:32

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველი“ 7 ადამიანი დააჯილდოვა. „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო, წელს, რესტავრატორ ლელა ნინოშვილს, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმ მაია სვანიშვილს, 41-ე ბაღის დირექტორ  მაყვალა ჩუბინიძეს, ბიბლიოთეკარ ნანა ხომერიკს, მეტროს მემანქანე შაქრო ხვედელიძეს,  N19 ხელოვნების სკოლის დირექტორ თამაზ მოლაშვილს და რესტავრატორ ზაზა ჯალალს გადაეცათ.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველებს“ სიმბოლური საჩუქრები - სიგელები და მედალიონები გადასცა.

„გილოცავთ! თითოეული თქვენგანი დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია! თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით ჩვენი ქალაქის წინაშე!  რომ არა თბილისისა და საკუთარი საქმის დიდი სიყვარული, პროფესიონალიზმი, თავდადება, ალბათ, ვერ შეძლებდით  გეცხოვრათ ასე ღირსეულად და ყოველდღიურად გეზრუნათ თბილისზე,“- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

უკვე მესამე წელია, დედაქალაქის მერიამ „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო დააწესა. ჯილდო, ყოველწლიურად, იმ მოქალაქეებს გადაეცემა, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს დედაქალაქის განვითარებაში.

ღონისძიება, "თბილისობა 2016"-ის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში გაიმართა.

 

საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 11:01

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016“- დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიალი პროექტის ინიციატორმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა და კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, კონკურსის „თბილისი“ მიზანი ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირების ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და წახალისებაა. წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი საავტორო ნაწარმოები განიხილებოდა და კონკურსანტს ნებისმიერ თემატიკაზე თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარდგენა შეეძლო. 

,,სწორედ, ბარიერების არარსებობამ მისცა ხელოვანებს უპრეცედენტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა’’,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და ამასთან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას აფხაზი და ოსი კონკურსანტებიც მიიღებენ. 

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში „თბილისი 2016“ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში - წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები, წლის საუკეთესო ესსე, წლის საუკეთესო სიმღერა, წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები, წლის საუკეთესო ქანდაკება, წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები, ასევე წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაშრომი გამოვლინდნენ. 

კონკურსის „თბილისი“ წლევანდელმა შვიდკაციანმა ჟიურიმ ფინალისტები კოდიფიცირებული სამასზე მეტი ნაშრომიდან გამოავლინა და თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი გამარჯვებული დაასახელა. 

წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები - კვირტია ბაჩო – „ბამბის ნამცეცი“; 

წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები - დანელია ბათუ - „თოვლის მეფე“; 

წლის საუკეთესო ესსე („ჩემი ვეფხისტყაოსანი“ - სკოლის მოსწავლეთათვის) - ბუდაღაშვილი ლიზი - „ჩვენ და ვეფხისტყაოსანი“;

წლის საუკეთესო სიმღერა - ჩაჩავა ნინო - „ჩვენ მოვდივართ“; 

წლის საუკეთესო ფერწერა - შხვაცაბაია ლილი - „შეხვედრა ოაზისში“; წლის საუკეთესო ქანდაკება - ზაქარაია გენადი;

წლის საუკეთესო ფოტოხელოვნება - ბენდელიანი სალომე - „მიტოვებული სახლი“;

წლის საუკეთესო არქიტექტურა - მოსულიშვილი გიორგი - „არქიტექტურული ოფისი ჭონქაძეზე“; 

ჟიურის სპეციალური პრიზი - ლებანიძე შორენა - „მანანა ანუა - ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“. 

თითოეულ გამარჯვებულს კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის - ხოხბის - გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი) გადაეცა, რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის გიორგი (გია) ჯაფარიძემ შექმნა. 

ამათან, გამარჯვებული ავტორებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთჯერადი ფულადი განაცემი (ჯილდო) 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით დააწესა. 

ქართული მუსიკის განვითარებისთვის სპეციალური დიპლომები რევაზ ლაღიძეს, ლიანა ისაკაძეს და მარიკა კვალიაშვილს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გადასცეს.

სპონსორებმა ასევე კონკურსის ფინალისტებიც დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც ,,თბილისობის’’ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მერიის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, დიასპორის სამინისტროებისა და მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისს თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი სტუმრობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 16:07

თბილისში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოწვევით, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი, ბიულენთ თუფენქჯი ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დახვდა.

თორმეტკაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის, საბაჟო, ევროკავშირთან და საგარეო თანამშრომლობის დირექტორატების ხელმძღვანელები.

თბილისში იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტები გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 სექტემბერი 2016 11:10

18 და 20 ოქტომბერს, თბილისში, იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ორ კონცერტს გამართავს. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობისა და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება. 

კონცერტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. სიმფონიურ ორკესტრს ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს, სოლისტი კი პიანისტი ალექსანდრე თორაძე იქნება. 

თბილისში იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ვიზიტთან დაკავშირებით  თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც  თბილისის მერი დავით ნარმანია, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი ესწრებოდნენ. 

„დარწმუნებული ვარ, მუსიკის მოყვარულებს, ძალიან საინტერესო საღამოებს ვაჩუქებთ. ასეთი მასშტაბის უცხოური სიმფონიური ორკესტრს, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ჩვენს ქვეყანაში არ დაუკრავს. სწორედ ამიტომ, პირველსავე შემოთავაზებაზე გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა ამ პროექტისთვის. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ  თბილისს რეგიონში კულტურულ ცენტრად ვაქცევდით. 18 და 20 ოქტომბრის კონცერტები, ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

კონცერტები თბილისის მერიისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება. 

იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი პირველი უცხოური სიმფონიური ორკესტრია, რომელიც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, 1991 წლის შემდეგ,  თბილისში კონცერტებს გამართავს.  

საზოგადოებრი ტრანსპორტის სპეციალური ზოლი თბილისში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 16:22

კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. ,,ბასლეინები’’ (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის- ”Bus Lane”) დაიხაზა.

საგზაო მონიშვნები ყვითელ ფერში შესრულდა და ზოლში გაკეთდა წარწერები ”Bus Lane“. გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში “Bus Lane”-ები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. უშუალოდ “Bus Lane”-ში მოძრაობა მათთვის აკრძალულია.

ტრანსპორტის სამსახურმა თბილისში ”Bus Lane-ის“ დახაზვა ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვიტა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტად უსაფრთხოდ და სწრაფად იმოძრავებს.

”Bus Lane-ის“ დახაზვა აღმაშენებლის გამზირზეც იგეგმება. აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით, კომპანია „მოტ მაკდონალდი“ თბილისში ”Bus Lane-ის“ მოწყობის შესაძლებლობებს იკვლევს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფას ქალაქის მასშტაბით გეგმავს.

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური