„საქართველოს რკინიგზა“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 11:33

„საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს. როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისი-ზუგდიდის მიმართულებებით ახალი შემადგენლობა ემატება, ხოლო თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით - სხვადასხვა კლასის ვაგონები. 
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 13 აპრილიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (№878/877) თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე.
ოთხ ვაგონიანი ელექტრომატარებელი 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს რეისებს. რეისები შესრულდება ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:15 საათზე, ზუგდიდან გამოვა 19:15 საათზე და თბილისში ჩამოვა 00:35 საათზე.
ასევე, ღამის სამგზავრო მატარებელს თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (№602/601) და ღამის და დღის სამგზავრო მატარებლებს, რომლებიც მოძრაობენ თბილისი-ოზურგეთი-თბილისის (№654/653 და №12/11) მიმართულებით, ემატება სხვადასხვა კლასის სამგზავრო ვაგონები.
ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.

თბილისი მოდის კვირეულის მე-15 სეზონს უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 12:59

19 აპრილს თბილისი მოდის კვირეულის მეთხუთმეტე სეზონს უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო უკვე მეექვსედ უჭერს მხარს და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას. თბილისის მოდის კვირეული 5 დღეს გასტანს და 24 აპრილს დასრულდება, რომლის ფარგლებშიც 18 ქართველი დიზაინერი აუდიტორიას საკუთარ ნამუშევრებს გააცნობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით მოდის კვირეულს დაესწრება მყიდველების ჯგუფი (ე.წ „ბაირები“) ისეთი კომპანიებიდან როგორებიცაა: Harvey Nichols (Hong Kong) RIJOUX STORE (Tel-Aviv), Concept Store PORTA 9 (Russia), Al Duca D’acosta (Venice), United Legend (Strasbourg), Joseph Store (London), რომლებიც ქართველი დიზაინერების კოლექციებსა თუ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გაეცნობიან. კვირეულის შოურუმში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ქართული კომპანია, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე - ლაზეთი, ვოგი და ლევანტო.

საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის ფარგლებში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოში, შპს „ჯეო-ემ- ტექსში“ დიზაინერ მარიამ გვასალიას ჩვენებაც შედგა, რამაც მნიშვნელოვანდ შეუწყო ხელი ქართველი ახალგაზრდა დიზაინერის ცნობადობის ზრდასა და იტალიელ ბაიერებთან პროდუქტიულ თანამშრომლობას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები (ე.წ „ბაირები“) მუდმივად სტუმრობენ, რაც ქართველი დიზაინერების საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტის პოტენციალის წარმოჩენასა და საფეიქრო ინდუსტრიით დაინტერესების ზრდას ემსახურება.

თბილისის ინტერპოლმა ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 31 მარტი 2017 11:08

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ირანიდან საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ირანის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

დაკავებულს ბრალი ედება ბელგიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ადამიანებით ვაჭრობას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

შეხვედრა MEDEF International-ის დელეგაციასთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 27 მარტი 2017 17:03

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დღეს MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა.  შეხვედრაზე თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

28 კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან 22 სხვადასხვა კომპანიის, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის საბანკო საქმიანობა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, ურბანული სფერო, თავდაცვა, ენერგია, კონსალტინგი, სოფლის მეურნეობა.

„ჩვენ მივიღეთ საფრანგეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლთა საკმაოდ სოლიდური დელეგაცია.  მათ წარვუდგინეთ თბილისის საინვესტიციო პროფილის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა თბილისში დაგეგმილ ყველა პროექტს. გავაცანით ის პოტენციალი, რაც გააჩნია თბილისს საინვესტიციო მიმართულებით. კომპანიების ინტერესი არის ძალიან მაღალი და იმედი მაქვს, ამ შეხვედრას მოყვება კონკრეტული შედეგი საინვესტიციო აქტივობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დელეგაციას კომპანია Oberthur Technologies-ს Identité-ს განყოფილების  გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, MEDEF International-ის კომპანიათა ხელმძღვანელების საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ ფონტენი ხელმძღვანელობს.

MEDEF International-ის დელეგაცია საქართველოში ბოლოს 2015 წლის მაისში იმყოფებოდა. MEDEF International-ის დელეგაციის ვიზიტი რიგით მეხუთეა საქართველოში განხორციელებულ მისიებს შორის. ვიზიტის პროგრამა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი უშუალო მხარდაჭერით შემუშავდა. პროგრამა საშუალებას აძლევს ფრანგულ კომპანიებს პირადად შეხვდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს და ადგილობრივ კომპანიებს, ისევე როგორც ქვეყანაში აქტიურ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს.

MEDEF International 1989 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმოადგენს MEDEF-ს მთელს მსოფლიოში, ორმხრივი ურთიერთობების დონეზე. MEDEF International ხელს უწყობს ფრანგული კომპანიების გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას, სავაჭრო გაცვლას, ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, ხანგრძლივ პარტნიორობასა და ინვესტიციებს.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, კახა გვანცელაძე, ,,თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი, ლევან ჯღარკავა, ასევე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.

დავით ნარმანია აბანოთუბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 17:54
თბილისის მერი დავით ნარმანია აბანოთუბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისში მოქმედი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული აზერბაიჯანული ანსამბლები. თბილისის მერმა დავით ნარმანიმ აბანოთუბანში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. „ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ახალ დღეს, ახალ სიცოცხლეს, დღისა და ღამის გათანაბრებას ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამობა დაკავშირებულია სიახლესთან, სიკეთესთან. მე დღეს სიამოვნებით ვუერთდები ამ ზეიმს და მოვედი აქ, რათა მივულოცო ყველას და შევუერთდე საზეიმო განწყობას. კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერთან ერთად ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ქეთევან მამულაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ. ნოვრუზ ბაირამი ტრადიციულად 21 მარტს აღინიშნება. 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში უნდა იყოს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

ძლიერი ქარი თბილისში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 09:49
მთელი ღამის განმავლობაში თბილისში ძლიერი ქარი იყო, რის შედეგადაც სახლების სახურავები დაზიანდა. ქარმა მოგლიჯა ხეები და რამდენიმე სარეკლამო ბანერი. დიდუბეში, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ობიექტს ქარმა სახურავი ახადა. სანზონაში მდებარე საუნივერსიტეტო კლინიკის ეზოში ხე დააზიანა, უსაფრთხოების მიზნით დაზიანებული ხე მოჭრეს.

თბილისში ასფალტ-ბეტონის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 10 მარტი 2017 17:54
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ 228 საწარმოს სიას კიდევ ერთი,  ასფალტ-ბეტონის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეუ გრუპი“ შეემატება. ეს იქნება მობილური ასფალტ-ბეტონის ქარხანა, სადაც 24 ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 350 000 ლარია. შპს „ჯეუ გრუპის“ ინფორმაციით, კომპანიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით განვითარება შეძლო და მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა საგზაო მშენებლობის ინდუსტრიაში. ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიამ შეიძინა მობილური ასფალტ-ბეტონის ქარხანა, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის ასფალტის წარმოებაზე. ქარხანა შეძლებს მოამარაგოს საქართველოს ნებისმიერი წერტილი, რადგან ქარხანა არის მობილური და მის დისლოკაციას სჭირდება მხოლოდ ერთკვირიანი დემონტაჟისა და მონტაჟის სამუშაოები. ამასთანავე, ქარხნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო ნედლეულის მოსამარაგებლად შესაძლებელი იქნება კონკრეტული ადგილმდებარეობის პროექტებზე ადგილობრივი ინერტული მასალების კარიერების ამუშავებაც. შპს „ჯეუ გრუპი“, რომელიც 2017 წლის მაისის თვეში გაიხსნება, ქ. თბილისში, თვალჭრელიძის II ჩიხში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ, სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

თბილისს ესტონეთის კულტურის მინისტრი სტუმრობს

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 06 მარტი 2017 10:23
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, 6-7 მარტს თბილისს, ოფიციალური ვიზიტით, ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ინდრეკ საარი სტუმრობს. ვიზიტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს, ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ოფიციალური შეხვედრებისას შესაბამის პრიორიტეტულ საკითხთა შეჯერებასთან ერთად, წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2017-2020 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 17:49
კომპანია „თელასის“ ცნობით სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ჩუღურეთის რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის მაცხოვრებლებს. სამგორის რაიონი დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის № 23, 23ა, 25 და 27 მაცხოვრებლებს. დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის № 1, 3, 5, 6, 7, 8, 10, 12 და 18 მაცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დევნილთა საცხოვრებელი შენობის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 17:19
თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მცხოვრები 16 დევნილი ოჯახი დღეიდან ბუნებრივი აირით ისარგებლებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი მამუკა კობახიძე გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების პროცესს დაესწრნენ და ერთ-ერთ ოჯახში, სიმბოლურად, გაზქურა აანთეს. კონსტანტინე ჩაჩავას N6-ში მცხოვრებმა დევნილებმა, გაზიფიცირების თხოვნით, კახა კალაძეს მიმართეს. დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ შენობის გაზიფიცირების სამუშაოები განახორციელა, რომლის ღირებულებამაც 7000 ლარი შეადგინა. ჩაჩავას ქუჩაზე 16 დევნილი ოჯახი 1991 წლიდან კერძო მესაკუთრის შენობაში ცხოვრობდა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ობიექტი მესაკუთრისგან გამოისყიდა და დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 3717 დევნილი ოჯახის გაზიფიცირება მოხდა.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური