თბილისის ინტერპოლმა ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 05 მაისი 2017 13:34

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1963 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ე. დააკავეს.

დაკავებული დამნაშავედ არის ცნობილი ბელგიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 461-ე და 473-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობას და თავდასხმით ქურდობას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ირაკლი ლექვინაძე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 მაისი 2017 16:50

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული ხე-მცენარეების შესახებ ბრიფინგი გამართა.

,,გვინდა განვმარტოთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე  ხეებს  დაზიანების კვალი 2012 და 2016 წლის ხანძრის შედეგად აღენიშნება, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ხე-მცენარეები უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია სიმართლეს არ შეესაბამება.

გარდა ამისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ის ტერიტორია, სადაც დაზიანებული ხეებია „ლისი დეველოპმენტის“ კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რასთან დაკავშირებითაც კერძო მესაკუთრემ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.

ამასთან, არსებობს ფოტომასალა, რომელიც 2016 წლით თარიღდება და ზუსტად იმ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს, ასევე, დაზიანებულ ხე-მცენარეებს ასახავს, რომელსაც „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო“-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, როგორც ახალ ამბავს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და თბილისის მერია ქალაქში ხე-მცენარეების დაზიანების არც ერთ ფაქტს რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ამასთან, გვინდა მოვუწოდოთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ნუ შეეცდებიან საზოგადოებისთვის სენსიტიური თემებით მანიპულირებას'', - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

თბილისმა კონტაქტური კარატეს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 01 მაისი 2017 13:16

30 აპრილს, დიღმის ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი კონტაქტურ კარატეში ბავშვთა და მოზარდთა შორის. ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის კარატისტები. საერთო ჯამში მედლებისთვის 220 ვაჟი და გოგონა იბრძოდა.

საერთაშორისო ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი ასპარეზობდა. გამარჯვებულები 20-ზე მეტ კატეგორიაში გამოვლინდნენ. ჩემპიონები და პრიზიორები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარმანეტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ დააჯილდოვეს, რომელიც ამავდროულად ევროპის კარატეს ორგანიზაციის პრეზიდიუმის წევრია. 

 

თბილისში ლათინოამერიკული ფილმების ფესტივალი გაიმართება

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 13:56

საქართველოსა და არგენტინის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშრებით  24 აპრილს ეროვნული მუზეუმის კინოდარბაზში საზეიმო მიღება და ლათინოამერიკული ფილმების კინოფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება. საიუბილეო დღეების ფარგლებში 24 აპრილს საქართველოს ეწვია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გუსტავო სლაუვინენის ხელმძღვანელობით.

კინოფესტივალზე 29 და 30 აპრილს  წარმოდგენილი იქნება, არგენტინის, ბრაზილიის, პერუს, კუბის, ეკვადორის, ჰონდურასის, იამაიკის, ჩილეს, მექსიკისა და გვატემალის ფილმები. ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან საქართველოში ესპანური ენის შემსწავლელი ცენტრების, უნივერსიტეტის და კინო ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები და კინოკრიტიკოსები. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული საზოგადოებისთვის კინოფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

საიუბილეო დღეების ფარგლებში  არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის, საქართველოში ვიზიტის დროს გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს იუსტიციის სახლში და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. 

თბილისი - სტამბოლის რეისი გადაიდო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 11:45

უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისი გადაიდო. Turkish Airlines-ის რეისი 04:30 საათზე უნდა შესრულებულიყო. 

მგზავრთა ნაწილი Turkish Airlines-ის უახლოეს ავიარეისზე გადაანაწილეს, რომელიც 06:10 საათზე სტამბოლის გოქჩენის აეროპორტის მიმართულებით შესრულდა. 

 

„თბილისის ჩაის ფესტივალი“ მთაწმინდის პარკში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 11:01

ჩაის საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით „თბილისის ჩაის ფესტივალი“ წელს მთაწმინდის პარკში გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

ფესტივალში მონაწილეობა ქართული და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელმა ისეთმა კომპანიებმა მიიღეს, როგორებიცაა: „გეოპლანტი“, „თერნალი ჩაი“, „ტყიბული ჩაი“, „შემოქმედის ჩაის ფაბრიკა“, „კესანე“, „ანასეულის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკა“, „აგროექსპორტი“, „ხურჯინი“, LTD Bitadze „Georgian Tea 1847”, „Georgian Organic Tea

Producers Association”, „Georgian-Chinese Tea Cluster”, კოოპერატივი „ნაგომარი“, კოოპერატივი „არაგველები“, „Ahmad Tea”, კოოპერატივი „კონა”; ი/მ „ჩაი უშარო“. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო შავი, მწვანე და მცენარეული სამკურნალო ჩაი; გაიმართა სხვადასხვა ნუგბარის, ასევე, თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქციის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, მოეწყო კონკურსები და დაჯილდოება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იაპონური ენისა და კულტურის ცენტრმა, ჩინეთის საელჩომ საქართველოში, ჰენთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგ ჯგუფმა (კონფუცის ინსტიტუტი), დიდი ბრიტანეთის საელჩომ, ინდურმა კომპანიამ „დიახ“, კომპანიამ შრი- ლანკადან Zaid Tea Ceylon (PTV) Limited. Royal Sulaiha.

როგორც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე აღნიშნავს, ფესტივალი ქართული და საერთოდ ჩაის, როგორც კულტურის პოპულარიზაციისა და ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერის მიზნით დაარსდა. თბილისის ჩაის ფესტივალი მთაწმინდის პარკისა და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

თბილისის ინტერპოლმა ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 11:12

შსს-ს თბილისის ინტერპოლისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბაქოს ინტერპოლის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული გ.ი. თბილისში დააკავეს.

გ.ი.-ს ბრალი ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდებას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ესპანეთის მოქალაქე დაკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 12:20

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ესპანეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ც.გ.ლ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან 4 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 56 აბი და 7,19793 გრ კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

16-17 აპრილს თბილისისში გზებზე შეზღუდვები იქნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 14 აპრილი 2017 17:43

16-17 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ: საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩის და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ. კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება საბჭოს მოედნიდან, ნორიოს აღმართის და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ. მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა იქნება წრიული – აღმაშენებლის ხეივნიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩის გავლით. თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის და ხუდადოვის ქუჩებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს.

თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 14 აპრილი 2017 12:13

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური  ავტობუსები  თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ  „დიდუბიდან“ გაიყვანს,  კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის  N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ  მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური