ესპანეთის საუკეთესო კლუბი "ბარსელონა" თბილისშია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 10 აგვისტო 2015 16:04

რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთებით დაკომპლექტებული ესპანეთის საუკეთესო კლუბის "ბარსელონა" თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. 
"ბარსელონას" ფეხბურთელები და დელეგაციის წევრები ავტობუსით  სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაემგზავრებიან. 
თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

შეგახსენებთ, რომ კატალონიელების მეტოქე "სევილია" თბილისში უკვე ჩამოვიდა.  ანდალუსიელები დედაქალაქში გუშინ 21:00 საათზე ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ. კლუბის წევრებთან ერთად, თბილისში მათი გულშემატკივრებიც ჩამოვიდნენ. ესპანელები სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დაბინავდნენ. ათენიდან თბილისში ჩამოსული "სევილიას" დელეგაცია 230 წევრისგან შედგება

 

ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების შესახებ დღეს იმსჯელებენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2015 12:30

რამდენი თეთრით უნდა გაძვირდეს ელექტროენერგიის საფასური თბილისში - ამის საბოლოოდ გადასაწყვეტად საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) დღეიდან მონაცემების შეგროვებას იწყებს. სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება,  თელასის წარმომადგენლები დარგის სპეციალისტებთან ერთად ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიულ დანაკარგებს დაიანგარიშებენ, რის შედეგადაც ახალი მაჩვენებლები უნდა დადგინდეს.

სემეკ-ის  დღევანდელ შეხვედრა საჯარო იქნება. 

 

13 ივნისის სტიქიით დაზარალებული 150 ოჯახი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 აგვისტო 2015 20:36

2015 წლის 4 აგვისტოს, 11 საათზე, ფალიაშვილის ქუჩა 41-ში მდებარე ვაკის მუნიციპალიტეტის შენობაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება  ვაკის გამგეობასთან ერთად ჰუმანიტარულ დახმარებას დაარიგებს.
სტიქიით დაზარალებული 150 ოჯახი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს. პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგდება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 150 ოჯახს.
დაზარალებულთა დახმარება შესაძლებელი გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მეშვეობით.
დაზარალებულებს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე.

 

ოლიმპიური ცეცხლი უკვე თბილისშია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 19 ივლისი 2015 11:30

ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ათენში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აანთეს, თბილისში 17 ივლისის საღამოს, ზუსტად 21 საათზე შევიდა. დედაქალაქამდე მან ქვეყნის 67 მუნიციპალიტეტი მოიარა.

ევროპის მოედანზე, საგანგებოდ აღმართულ სცენაზე, ოლიმპიური ცეცხლი „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა მიიტანა და ქალაქის მერს, დავით ნარმანიას გადასცა. მოხალისეების, მას-მედიისა და თბილისელების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ დავით ნარმანია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ალექსი ახვლედიანი. მათ ხაზი გაუსვეს ფესტივალისა და საქართველოს დედაქალაქისთვის მისი მასპინძლობის მნიშვნელობას. შემდეგ, საგანგებოდ შერჩეულმა მეჩირაღდნეებმა, რომელთა შორის იყვნენ სპორტსმენები, ჟურნალისტები და კულტურის მოღვაწეები, ცეცხლი თავისუფლების მოედნისკენ წაიღეს, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

პრემიერ მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დიდი ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო, რომელიც 26 ივლისამდე თავისუფლების მოედანზე იგიზგიზებს, შემდეგ კი "თბილისი 2015"-ის გახსნის ცერემონიალზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გადაინაცვლებს.

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 19 ივლისი 2015 11:07

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მოქალაქე აკაკი კარტოზია დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამდივნოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, აკაკი კარტოზია თურქეთის მოქალაქეს თურქეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 6000 აშშ დოლარი მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა აკაკი კარტოზია თბილისში, მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3000 აშშ დოლარის აღების დროს დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

პრემიერმა დიღომში სპორტული კომპლექსი "ახალი თბილისი" გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 ივლისი 2015 11:59

დიღმის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი "ახალი თბილისი" გაიხსნა, რომელშიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი გაიმართება. 
სპორტული კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ცერემონიას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. სტუმრებს მასპინძლობა გაუწია "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა. 
კომპლექსი ოთხ სპორტულ ობიექტს შეიცავს, ესენია: საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი (როგორც ბიჭების, ასევე გოგონების შეჯიბრისთვის) და მძლეოსნობის ახალი სტადიონი. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, თითოეული არენა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს სასტუმრო, რომელიც თავის მხრივ, სამომავლოდ, ქართველ თუ უცხოელ სპორტსმენებს ყველა საშუალებას აძლევს გაიარონ შეკრებები მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში. 
"ახალი თბილისის" გახსნის ცერემონიაზე ასევე გაიხსნა ოლიმპიური თემატიკის ქანდაკება "ოლიმპიური ალი", რომლის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა. ქანდაკება ქართული დროშის ფერებშია წარმოდგენილი, იგი შესრულებულია წითელი და თეთრი ქვისგან, აქვს პირამიდის მსგავსი ფორმა, რგოლების ჯაჭვში ადის ოლიმპიური ცეცხლი (ალი). ქანდაკების ირგვლივ გაშენდება პარკი, სადაც განთავსდება ბეტონის კონსტრუქციის სკამები და სპეციალური განათება, რასაც ასევე ითვალისწინებს არქიტექტურული კომპოზიცია. 
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" თბილისში 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის მსვლელობის დროს საქართველოს 18 წლამდე ასაკის 4 000-მდე სპორტსმენი ევროპის 50 ქვეყნიდან ეწვევა, საერთო სტუმრების რაოდენობა კი 10 000-ს მიაღწევს. ღონისძიებას გააშუქებს 300 ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენილი. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი. 

 

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პირველ შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 10:20

თბილისი 24-25 აგვისტოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს უმასპინძლებს. საქართველოს 57 ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები და ახლად დაფუძნებული ბანკის გენერალური მდივანი ეწვევიან.
ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდა.

ახალი ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტს ხელი 28-29 ივნისს, პეკინში მოეწერა. ბანკი მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და მისი კაპიტალი დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი იქნება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჩინეთში გამართული ორმხრივი შეხვედრებისას დაუდასტურეს, რომ საქართველო მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა და მზად არიან, როგორც ახალი ბანკის, ისე სხვა ინსტიტუტების მეშვეობით ხელი შეუწყონ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით კი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას.

ნოდარ ხადურმა მთავრობის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეა ქართული ღვინის ექსპორტით დაინტერესდა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 ივნისი 2015 21:27

საზოგადოება “მოქალაქე” თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს: მასში კერძოდ ნათქვამია: “ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს. საზოგადოება “მოქალაქე” სწავლობს არსებულ მდგომარეობას, მუშაობს ქალაქის თანადგომისთვის კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმაზე და ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. საზოგადოება ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში”, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

სტიქიით დაზარალებულთა დროებით საცხოვრებლებში განთავსების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 ივნისი 2015 19:17

სტიქიის შედეგად დაზარალებულები თბილისში მდებარე სხვადასხვა სასტუმროში განთავსდნენ. სასტუმროებში „მერლინი“, „ხიბლი“, „ბახტრიონის 11ა“, „444“, აისბერგი“, „ტეხასი“ და „ლევილი“ 165-მდე ადამიანი განთავსდა.
260-ზე მეტ ადამიანს კი ვაკისა და საბურთალოს რაიონის გამგეობები პირველ ეტაპზე ქირით უზრუნველყოფენ. სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა და მათი განთავსების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
სვანიძისა და წყნეთის ქუჩაზე სტიქიამ მოსახლეობა გუშინ ღამით დააზარალა. უსახლკაროდ 40-ზე მეტი ოჯახია დარჩენილი.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, პარალელურად, იწმინდება სახლები და სადაც შესაბამისი პირობები იქნება, მოსახლეობა ეტაპობრივად დაბრუნდება.
სურსათით და პირველადი მოხმარების საგნებით მოსახლეობა უზრუნველყოფილია.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში მუშაობს 50 ერთეული ტექნიკა, იწმინდება გზები, ესტაკადები და სახლებამდე მისასვლელი ბილიკები.
ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ნაწილი დაკავებულია, მათ შორის დათვის ორი ბელი ვარკეთილში იპოვეს.

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მოხალისეების სია დგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 ივნისი 2015 13:12

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მოხალისეების სია დგება. თბილისის მოსახლეობას შეუძლია დარეგისტრირდეს შემდეგ მისამართზე, სადაც მიუთითებს, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია დაზარალებულებისათვის - https://docs.google.com/forms/d/18UeTz-i667-WaAhHLZqmDqn49rIa0Y4cDyeE1UhQZM8/viewform?c=0&w=1

მოხალისეები ასევე წევრიანდებიან Facebook ჯგუფებში, სადაც დაზარებულთა დასახმარებლად საკვებს, ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და თანხას აგროვებენ (https://www.facebook.com/events/433179903520987/).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური